ხევსურებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და |არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.[1]

ხევსურები

ჩაბალახსა და ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი ხევსური მეომარი.
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ქართული ენა
რელიგიები ქრისტიანობა

ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.

ძველ ქართულ მატიანეში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფხოვის“ სახელწოდებით, თვით ფშავლები და ხევსურები კი „ფხოველებად“ იწოდებიან. ამას მოწმობს გეოგრაფ ვახუშტის ცნობაც. იგი ჰერეთ-კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის აღწერაში ამბობს:

ვიკიციტატა
„...არამედ აწ უწოდებენ ფშავ ხევსურსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი[2].“

შემდეგ ვახუშტი ამასვე იმეორებს ფშავის აღწერაშიც:

ვიკიციტატა
„არამედ ძველად ამ ორთა ხეობათა (ფშავ-ხევსურეთს) ფხოელნი და აწ უწოდებენ ესრეთ[3].“

აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის მოსაზღვრე ქისტები ხევსურებს დღესაც „ფხია“-ს ან „ფხჲე“-ს[4] უწოდებენ, რაც იგივე ფხოელს ნიშნავს[5]. რომ ისტორიული ფხოეთის ქვეშ ფშავ-ხევსურეთი იგულისხმება, ეს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერიდანაც ჩანს:

ვიკიციტატა
„გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთაზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა[6].“

საისტორიო წყაროების მიხედვით „ფხოვის“ სახელწოდებით ჩვენ გვაქვს მოცემული ფშავ-ხევსურეთი, რომელიც გეოგრაფიულად და კულტურულ-ისტორიულად, როგორც დღეს, წინათაც ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ამიტომ ისტროიული წარსული და თავგადასავალი ამ ორი კუთხისა ერთგვარია.

საისტორიო წყაროები

რედაქტირება

თეიმურაზ ბატონიშვილის ივერიის ცხოვრებაში ხევსურები იხსენიება კავკასიაში პომპეუსის შემოსვლისას ჩვ. წ. I საუკუნეში და ვხვდებით შემდეგ ცნობებს:

 
„არამედ ვინაჲდგან შინაგანი კახეთი განმაგრებულ იყო და არა ძალ იდებოდა შესლვად მათ შორის სიმაგრისაგამო ძნელთა გზათასა ამისთვის განვლო ჱერეთისა და ერწოს გზით გარე-კახეთი და შევიდა მთათა კავკასიისათა, არამედ მოეგებნეს მას არაგველნი, ფშაველნი და ხევსურნი, ფხოველნი, შეკრებულნი ერთად და ბრძოდეს იგინი ფიცხელად რომაელთა მხედრობასა, ხოლო არაგველთა და ფხოველთა ემოსათ მოკლე ჩოხანი წითელნი და ესრეთ ებრძოდეს მტერთა წითლითა ჩოხებითა; ხოლო ოდეს იხილა სიკეთე მათი პომპეიმ, მიუვლინა ამათ მოციქულნი და სთხოვა მათ, რათა მოვიდნენ მისთანა და არწმუნა ფიცითა, „რომელ არცა ერთსა მათგანსა არა რაჲსა ავნებს და ანიჭებსცა ნიჭთა და აგნუტევებს და თჳთცა მიიქცევის მხედრობითა თჳსითა და დაუტევებს მათ მშჳდობით.“ მაშინ მოვიდენ იგინი პომპეისთანა ძღვნითა და მოჰგვარნეს ცხოვარნი და ზროხანი და ჯორნი, და ანიჭა მათ პომპეიმ ნიჭნი მრავალნი, რამეთუ იყვნეს იგინი ვიდრე სამასამდე კაცთა რჩეულნი ვაჟკაცნი და გამოჰკითხა პომპეიმ მათ ზნენი მათნი, თუ ვითარ ცხოვრობენ იგინი მთათა შინა და თუ ვითარნი განწესებანი აქვსთ სახლთა შინა მათთა ანუ მხედრობათა და სთხოვა მათ, რათა აჩვენონ ვარჯიშნი მათნი, თუ ვითარ ხმარობდენ იგინი საჭურველთა საომართა და ჰყვეს მათ ვარჯიშნი მათნი, ჴრმლითა, თუ ვითარისა სახითა ჯერ არს ბრძოლასა შინა ხმარება ხრმლისა და ფარისა (ხოლო ხრმლისა ვარჯისსა იგინი უხმობენ კეჭნაობასა და აქვთ წესი ესე ჴლმის ვარჯიშისა ვიდრე აქამომდე); ხოლო დამოსნა იგინი პომპეიმ რომაულითა შესამოსლებითა და ფრიად სთნდა სიმხნე და მამაცობანი მათნი და ჰკითხა მათ, მორჩილებენა იგინი მეფესა მათსა საქართველოჲსასა? ხოლო მათ მიუგეს: „ჩვენ ვართო ერთგულნი ყმანი ხელმწიფისა ჩვენისანი და სანდონი და მარადის განუშორებლად ვართ მეფისათა, რამეთუ მარადის გვამის მცველად მეფისა საწოლთა შინა მისთა შინა და გარე ჩვენ ვართო დადგენილნი“[7].“

ხევსურული სამოსი

რედაქტირება

ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშავური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი „ჩაქურა“.

ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით, მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა. ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისაგან.

ხევსურულ ტანისამოსს ტალავარი ეწოდება. ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება, რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ. ტალავრის შეკერვა და მორთვა აქ თითქმის ყველამ იცის, ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერვა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია და დიდსა და პატარას ერთნაირი ტალავარი აცვია. სატალავრო ტოლი სქელია და მოუხეშავი მას მანქანის ნემსი ვერ შეკერავს, ამიტომ მანქანით იკერება ბამბის ქსოვილი, ხოლო ტალავარს კი ხელით კერავენ.

ქალის ტალავარი

რედაქტირება
 
ხევსური ქალი ნაციონალურ სამოსში, 1920 წ.

ქალის ტალავერი თავისი ქსოვითა და გამოჭრილობით ემსგავასება თუშურ ტალავერს. ორივე კი წარმოადგენს ქართული ქალის კოსტუმის ძველ ფორმას.

ქალის ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა — „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი — „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“.

ქალის ტალავარში მთავარია სადიაცო — კაბა, რომელსაც ქალები პირდაპირ ტანზე იცვამენ. სადიაცო შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერება. ის მთლიანია და მოკლე. სადიაცოს საყელო წინ ამოღებული აქვს, გულისპირი, ფარაგი კი ფერადი ძაფით არის მოქარგული და მძივ-ღილებით შემკული. ფარაგს აკერია ფერადი შალის ზიკებით და ჭრელანა ზოლებით მოქარგული სამწყვეტლო. სამწყვეტლო და ზიკი ჯერ ცალკე იკერება და იქარგება, შემდეგ მას ფარაგზე აკერებენ.

სადიაცოს ფარაგი გასათხოვარ ქალს მაგრად აქვს შეკრული, მისი გახსნა სირცხვილია და ის ქალს უნამუსობაში ჩამოერთმევა. გათხოვებისა და შვილოსნობის შემდეგ ქალს შეუძლია გახსნილი ფარაგი ატაროს. სადიაცოს ქვეშ შემოკერებული აქვს ფერადზოლიანი ქოქომო, რომელიც უკან ლამაზად არის ასხმულ-დაკეცილი და ეწოდება ნაჩაფი. ეს ნაჩაფი მოძრაობის დროს იშლება. სადიაცოს წელზე შალის სარტყელს შემოიკრავენ, ფარაგის უბეს გადმოსწევენ და ისე ატარებენ.

სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.

ხევსური ქალის კაბა ორგვარია: „გლუ“ და „კალთამოკერებული“. კალთამოკერებულს „თიკვ-ჩოფასაც“ უწოდებენ. მას უბის ქვემოთ ოთხკუთხა ფერადი ნაჭრები აქვს გამოკერებული. სადიაცოს ამარა გარეთ გასვლა ძველად დიდი სირცხვილი იყო.

სადიაცოზე ქალებს აცვიათ ქოქლო. თავის გამოჭრილობით ქოქლო ქათიბს წააგავს. ქოქლო წელიანია და მოკლე. ის შავი ტოლისაგან იკერება და სახელო გაჭრილი აქვს. ქოქლოს საგულე და კალთის ნაპირი შემკულია დაკბილული ფერადი შალის კუწუბებით, ზოგი მოქარგულია, ზურგი და ბეჭები კი ხატებით (ჯვრებით) არის დაჭრელებული; წელზე ქოქლოს აზღოტი აქვს ასხმული. აზღოტი ასხმულია მჭიდროდ და მოძრაობის დროს ლამაზად იშლება.

კაბის ზემოდან შემოსაცმელი, შალის ზედა სამოსელი „ქოქლო“, რომელსაც ჩოხის მოყვანილობა აქვს, შედგება „წინა კალთების“, „ზურგნის“ და „აზღოტებისაგან“. „ქოქლოს“ ეკერებოდა მაღალი საყელო და ქვემოდან შეხსნილი მოკლე სახელოები. ქოქლოს თავისებურება ისაა, რომ მისი წელი ჩვეულებრივზე მაღლაა და გვერდებიც შეხსნილია.

ქოქლოზე უფრო ძველია „ფაფანაგი“, რომელსაც დღეს მარტო სადღესასწაულოდ, სახატოდ იცვამენ. ისიც ქოქლოს მსგავსია, მაგრამ აქვს განსხვავებული ნიშნებიც: მას უფრო გრძელი სახელოები აქვს და გვერდის კალთა ფარაგის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. შემდგომ ქოქლოს გვერდით ჩნდება „ქათიბი“. ისიც ქოქლოს მსგავსია, ოღონდ ფაბრიკული ქსოვილისაგან მზადდება.

ზათარში სადიაცოზე ტყავს იცვამენ. ეს ტყავის ქურქი შინაური ცხოველების — თხის, ცხვრისა და ძროხის ბეწვჩაბრუნებული ტყავისაგან იკერება. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმაროდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ეფინა ოთხკუთხა დიდი საყელო.

ფეხებზე იცვამენ საქალამნე თათს (წინდას) და ნაჭრელ პაჭიჭს, რომელსაც ბოლოზე შემოვლებული აქვს წვრილი გრეხილი შილიფა. წინდაზე ქალამანს იცვამენ, სასტუმროდ კი ამოკერებულ თათს. ხევსურული ამოკერებული თათი მსხვილი ნაქსოვია და ფერადი სახეებით დაშიბული. ამოკერებული თათი ჯერ წყალში ლბება, შემდეგ მას საფართზე, გაჭიმავენ და ისე აშრობენ. თათს ძირში ტყავს გამოაკერებენ და წვერს მძივ-ღილებით შეუმკობენ.

ქალის თავსაბურავი

რედაქტირება

ხევსურის ქალები ის ვინც თმებს მოკლედ შეჭრილს ატარებს იხურავენ სათაურას. ხევსურული სათაურა ქართულ ჩიხტს ემსგავსება, ის ბამბის ნაჭრისაგან იკერება და შემდეგ მატყლით იტენება. სათაურა მრგვალია და მას საკუდურით თავზე მჭიდროდ იდგამენ. სატაურას შუბლი გეომეტრიული სახეებითაა ნაკერი და მძივებით დახიდული. ამ სათაურაზე გათხოვილი ქალები მანდელს იხვევენ.

მანდელი გრძელფესვიანია (ფოჩიანი) და ეს ფესვიანი მხარე ფერადი აბრეშუმის სახეებით არის მოქარგული. გაუთხოვარი ქალი მანდელს არ ატარებს და სატაურას უმანდელოდ ატარებს. გათხოვდება თუ არა ქალი, მანდელს შემოიხვევს. ახალ პატარძალს უმანდელოდ სიარული მამის სახლში შეუძლია, ქმრისაში კი სირცხვილია. ქალს უფროსთან მანდელის მოხდა არ შეუძლია და არც ქმრის ნათესავებს მიეგებება უმანდელოდ, რაც მას უზრდელობაში და უპატივცემულობაში ჩამოერთმევა.

ამავე დროს მანდელი ხევსურეთში ერთგვარ პატივსა და მოწონებაშია. ჩხუბის დროს ქალები მეშუღლეებს თავიანთ მანდელით აშველებენ და მანდილის შელახვა აქ დიდი სირცხვილია.

 
ხევსური ქალი ნაჭაპნით

ადრე ქალები გრძელ თმებით დადიოდნენ, რომლიდანაც ნაჭაპნს წვრილად იწნავდნენ და შუბლზე იხვევდნენ. ზოგი იკეთებდა სათმეს (დალალი), რომელიც რამდენიმე წვრილი ნაწნავისაგან შედგებოდა. ზედ სალტა ჰქონიათ მოკერებული. ამ სალტიან ნაჭაპანს შუბლზე შემოიკრავდნენ. ნაჭაპნებს ყურებზე შემოიხვევდნენ და ზედ მანდელს იხურავდნენ.

ნაჭაპანის დროს ხევსურეთში სათაურა არ სცოდნიათ. სათაურა XX საუკუნიდან დამკვიდრდა. სათაურას მაგივრად ჭანჭიკის ჴელსაჴოცს ხმარობდნენ. ეს ხელსახოცი გრძელი და ვიწრო ბამბის ქსოვილი ყოფილა. მას ამკობდნენ ფერადი მაუდის ჯვარკვერა სახეებით და მძივ-ღილებით. ჭანჭიკის ხელსახოცის ნაჭრელ შუა გულს შუბლზე და უკან დახვეულ თმაზე მაგრად შემოიკრავდნენ და მის მძივის ქუჩუმებიან ბოლოებს მხრებზე ჩამოუშვებდნენ.

ჭანჭიკის ხელსახოცზე მანდელს ისე შემოიხვევდნენ, რომ ჭანჭიკის ნაჭრელი სახე გამოჩენილიყო. შემდეგ, როდესაც ხევსურეთში თმის შეღებვა ყვითლად გავრცელებულა, ქალებს დაუწყიათ ნაჭაპნ-ნაწნავების მოჭრა, რადგანაც გრძელი თმის გაყვითლება ძნელი იყო. უნაწნავო და თმადაუხვეველ თავზე ჭანჭიკის ხელსახოცი ვერ დადგებოდა და ამიტომ შეკრეჭილ თმაზე შემოუღიათ მანდელის დასამაგრებელი ჩიხტის მაგვარი სათაურა. ამ სათაურაზე გადაუტანიათ ჭანჭიკის ნაჭრელიც და ამ მძივებით დახიდულ სათაურაზე დაუწყიათ მანდელის შემოხვევაც.

ხევსურეთში გაუთხოვარი ქალები თმებს შემდეგნაირად იღებავდნენ. ნაცარს წამოადუღებდნენ, ანადუღარ ნაცარს გაწურავდნენ და ამ ნაცართვალით კვირაში ორჯერ მაინც თავს იბანდნენ. გათხოვილი ქალის მიერ თმის გახუნება სირცხვილად ითვლებოდა.

უფრო ადრე თმას საქონლის შარდით, „მწურეთი“ იყვითლებდნენ, მაგრამ ის ნაცართვალისაგან განსხვავებით ადრე უფერულდებოდა.

ხევსურ ქალებს გულ-მკერდი შემკობილი ჰქონდათ ვერცხლის შიბით, რომელზედაც ასხმულია ვერცხლის მონეტები და ჯვრები. შიბი ძვირფასეულობად ითვლებოდა და მას მხოლოდ შეძლებულები ატარებდნენ. მაჯაზე ქალები ვერცხლის ზალტეებს იკეთებდნენ, თითზე კი ვერცხლის ბეჭდებს. ყურებზე ეკეთათ სამ-სამი რგოლის ვერცხლის საყურე. წინათ ატარებდნენ ვერცხლის დიდ საყურეებს, რომელიც კუშტულებითა და ბიბილოებით იყო შემკული.

ხევსურეთში ფეხსამოსად ხმარობდნენ ყელიანი წინდის ფორმის, ძირზე ტყავგამოკრულ „თაუბს“ და ტყავის ქალამნებს. ქალები ფეხზე წინდებთან ერთად ნაქსოვ „ბაჭიჭებსაც“ იცმევდნენ.

ხევსური ქალის სამოსელი უხვადაა შემკული ნაქარგით. ნაქარგისათვის იყენებდნენ აბრეშუმის, შალის ან ბამბის ძაფებს, ასევე ვერცხლის სამკაულებს, მონეტებს, ფერადი ნაჭრების აპლიკაციებს. ნაქარგის ძირითადი მოტივია ჯვარი.

ორიგინალური თარგითა და მხატვრული შემკულობით ხევსურულ ტანსაცმელს ბადალი არ მოეძებნება არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.

კაცის ტალავარი

რედაქტირება
 
ხევსურული სამოსი, 1920 წ.

ხევსურული მამაკაცის ტალავარი თავისი გამოჭრილობით ქართულია და ემსგავსება ქართულ პერანგსა და ჩოხას. მუქასარიანი შარვალი იგივე ტოტბაბთიანი შარვალია, რომელსაც ჩვენში ქალებიც ატარებდნენ.

კაცები იცვამენ პერანგს, რომელიც შავი ტოლისაგან იკერება. პერანგი იკვრის მარჯვნივ და მისი საბეჭური ფერადი სახეებიტაა მოქარგული. პერანგს წინ ყელი ამოღებული აქვს, კალთის გვერდები კი ჩაჭრილი, მას სამჴედროს უწოდებენ. პერანგის კალთის ბოლოს და სამხედროს ნაპირს შემოვლებული აქვს დაკბილული ფერადი შალის არშია.

პერანგის საბეჭური საგანგებოდ იკერება და მამაკაცის პერანგის მთელი შნო და სილამაზე ნაჭრელას მიხედვით ფასდება. ნაჭრელა ორგვარია: აბრეშუმის ნაჭრელა და ნაჭრის ნაჭრელა. აბრეშუმით ნაჭრელი საბეჭური სახით და ფერით უფრო ლამაზია, მაგრამ ძნელი სამუშაოა და ძვირად ფასობს. აბრეშუმის საბეჭური ტილოზე იკერება. ამ მიზნით საბეჭურზე ტილოს დაადებენ და ზედ ნაჭრელის კონტურებს შემობლანდავენ. შემდეგ აიღებენ წმინდა ნემს და აბრეშუმის ფერად ძაფს და შეუდგებიან მოქრგვას. გამოყავთ გეომეტრიული სახეები და თავგრაგნილი ჯვრები. ბოლოს ამ საბეჭურის ნაქარგს და პერანგის სახელოს მაჯებს ამკობენ ფაიფურის თეთრი მძივებით და ღილებით. აბრეშუმის ნაჭრელიანი საბეჭური აქ დიდ მოწონებაშია და ძვირადაც ფასობს.

ნაჭრის ნაჭრელა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ფრად შეღებილ შალის ნაჭერს. ნაჭრიან საბეჭურს ტილოს ქარგი არ სჭირდება და ის პირდაპირ იკერება. მისი ფერადობა და სახე მარტივია. მას ახასიათებს კვერა და ჯვრიანი სახეები, მასაც მძივ-ღილებით ამკობენ, მაგრამ ნაჭრით ნაკერი აბრეშუმტან შედარებით მოუხეშავია და მდარე.

პერანგის ზურგი შემკულია დაკავკავებული სახეებით, თავგრაგნილი ჯვრებით და მძივ-ღილებით.

პერანგზე კაცები ჩოხას იცვამენ. ჩოხა შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერება. ჩოხა გულამოღებულია, რომ პერანგის საბეჭური კარგად გამოჩნდეს. ის წელში გამოყვანილია და უკან ასხმული აქვს ნაკეცი ნაოჭი, რომელსაც აზღოტს უწოდებენ. ჩოხის ზურგზე და ბეჭებზე სირმის გრეხილით შემკული ჯვრებია გამოყვანილი.

ქვეშ იცვამენ ტილოს შარვალს. მოხუცებს ეცვათ ტოტგანიერი მუქასარიანი შარვალი, რომელსაც ტოტებზე შემოკერებული აქვს მძივღილებით შემკული ფერადი შალის ბრტყელი არშია. მუქასარს მოკლე და განიერი ტოტი აქვს და მას ჩაშვებულად ატარებენ. მუქასარს ახალგაზრდები არ იცვამდნენ და გრძელ და ჩატანებულ შარვალზე ისინი პაშიშებს (ბაჭიჭები) იკეთებდნენ. პაჭიჭები ტოლისაგან იკერება, მისი ორივე მხარე დაჭრელებულია ფერადი სახეებით. პაჭიჭს წვივის თავზე საწვივეთი იკრავენ, რომელიც შემკულია მძივის ქუჩუმით და კვერანებით. ფეხზე აცვიათ წინდა და ყელიანი ქალამანი (ჴულჩა). აგრეთვე იცვამენ დაჭრელებულ და გამოკერებულ თათს. მამაკაცები თავზე იხურავენ თუშური ფორმის მრგვალ ნაბდის ქუდს. ხევსურული ქუდის საპირე და კუჭი მოქარგულია შავი გრეხილით (ნაჭრის შიბა) და თეთრი მძივებითაა შემკული.

მამაკაცის ხელს ამკობდა გველივით დახვეული ვერცხლის ბეჭდით, რომელსაც გველის თავი ეწოდებოდა. ეს ბეჭედი გველის სახისაა და მოსევადებულია. მეორე ბეჭედს თუშურს უწოდებე. ისიც ვერცხლის ბეჭედია და მას აზის სევადიანი ვერცხლის ფირფიტა. ზამთარში ხელებზე იცვამენ დაჭრელებულ შალის ხელთათმანს.

 
ხევსური საბრძოლო ჩაჩქანში, 1920 წ.

ხევსურებს როგორც წესი წელზე არტყიათ ქამარ-ხანჯალი; ვისაც მეშუღლე ჰყავს, მას მხარზე ფარ-ხმალი ჰკიდია. ხევსურული ხმლის სამჴარიღლიო შემკულია ყაწიმებით. ხმალი სწორი ფორმისაა, მას ფრანგულს უწოდებენ. ფრანგულს აქვს ხეტარი და ვადა. ხმლის ქარქაში სალტითაა შემკრული, წვერზე კი ბუნი უკეთია. ხევსურები ამასთანავე ჯერ კიდევ ატარებენ თითზე წამოსაცმევ იარღებს: ღაჯია და სათითე. ღაჯია რკინისაა და დაკბილულია, მას ხევსურეთში აკეთებენ. სათითე სამად დახვეული თითბირის ბეჭედია. ღაჯიასა და სათითეს ხევსურები ჩხუბის დროს იკეთებენ. ხევსურეთში ხატობას, ქორწილში და ტირილში იარაღის აყრა იციან და თუ ჩხუბი ატყდა, მაშნ ამ ღაჯიათი და სათითეთი იბრძვიან.

ხევსურეთში ფარს ბოლო დრომდე ატარებდნენ, რადგანაც შუღლი მძვივარებდა ერთმანეთში. მეშუღლეები ერთმანეთს ფარხმლებით ებრძვიან. ხევსურული ფარი რკინისაა და მას აქაური ოსტატები ჭედავდნენ; აქვს სახელური საბღუჯი და საკიდი. წინათ ხევსურები ჯაჭვის პერანგსა და ჩაჩქანს ატარებდნენ.

ხევსურული ხმლებში ყველაზე ძვირფასია: დავითფერული, რომელიც ხევსურეთში სულ რამდენიმე ცალი მოიპოვებოდა, 'დედალ რუსული, ფრანგული, ჭარული, რუსული, გორდა.

 
შეიარაღებული ხევსური კაცი (1881).

თოფებში ყველაზე კარგია და ძვირფასად ითვლებოდა ისტამული, ჴირიმი, თუშური, ლეკური, რუსული, ჴარა თოფი, მაჟარი, სტამბოლი, სიათა.

ხევსურული გვარები

რედაქტირება

ხევსურეთში სამი ძირითადი საგვარეულოა: საარაბულო, საჯინჭარაულო და საგოგოჭურო. აღნიშნული საგვარეულოები შესაბამისად იყოფა გვარის წამომავლობისა და განსახლების არეალის მიხედვით. სამი ძირითადი გვარი იყოფა შინშებად (ძმათაშვილები) და თითოეული მეკომური ატარებს მამად (მამის) სახელს. მაგალითად არაბულების შინშია ფიცხელაური. ეს გვარი წარმოშობილია სახელი ფიცხელასაგან, რომელიც გვარად არაბული ყოფილა, ამიტომ ფიცხელაურები დღეს ორმაგ გვარს ატარებენ, მოკლეს — ფიცხელაურს და გრძელს — არაბულს.

 
ხევსურული გვარების „საგვარეულო ხე“
საგვარეულოები ძირი ძველ მამად დაყოფა ახალ მამად დაყოფა
I საარაბულო 1. სარკინაულო A. ბალაურნი (ვირისცალანი) ა. მანგიანი, ბ. ატაბურანი, გ. გოგოთურანი, დ. სისკარანი, ე. მწარიანი, ვ. ბეენანი, ზ. აკანი — სოფ. უკანხადუ.
I საარაბულო 1. სარკინაულო B. თემროზაულნი ა. ადიანი, ბ. თემროზიანი, გ. თადიაურნი და დ. ხოლმოკლიანი (1. ადიანი, 2. ბეკიანი, 3. ბახალანი, 4. ფანცქალანი) — სოფ. ჩირდილი; ე. ჯეგვედანანი — სოფ. ზეისტეჩო; ვ. ხირჩლანი — სოფ. უსტამალა; ზ. ნაოგურანი — სოფ. ორბეულთა.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო A. თინიბექაურნი ა. ალდიანი (1. კვირიკანი, 2. კურდღელიკანი, 3. გაგანი), ბ. თინიბექნი (1. ვეშაგურნი, 2. აშიხანი) და გ. შიშნიანი (1. კუკუნანი, 2. გაგუანი) — სოფ. ბაცალიგო.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო B. ბუღნიაურნი ა. ომანი (1. თაძიკურანი, 2. ნუნუანი), ბ. თათუანი — სოფ. ბაცალიგო; გ. მგელიკანი (ეშმაწიქანი) — სოფ. ჩხუბა; დ. გამრეკელანი — სოფ. აყნელი და ჩხუბა.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო C. ხოშორაულნი ა. ბაკურანი, ბ. ველისანი, გ. ბერდიანი — სოფ. მისახი.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო D. ციხელაურნი ა. ადიონა — სოფ. ბარისახო; ბ. მანგიურა, გ. გორელაური — სოფ. დათვისი.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო E. ფიცხელაურნი ა. მილხანი — სოფ. აყნელი, ბ. ალუდიკანი — სოფ. აყნელი და ბაკურხევი, გ. გამრეკელანი — სოფ. ოხერხევი და აყნელი, გ. ღერენანი — სოფ. ოხერხევი, დ. ტუჩუფერანი — სოფ. ოხერხევი, ე. ფაშურნი — სოფ. ოხერხევი, ვ. მარტიანი — სოფ. აჭეხა და ბაკურხევი, ზ. თინიბექნი — სოფ. მოწმაო (1. თინიბექნი, 2. ურჯუკანი, 3. ხარანი), თ. კუკუანი, ი. კოტორანი (ნახშირაულნი) — სოფ. ოხერხევი.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო F. არაბანი სოფ. ჩირდილი.
I საარაბულო 3. საველგუჯაურო A. ველგუჯაურნი ა. ობოლქვრივნი — სოფ. გველეთი; ბ. მგელანი — სოფ. გველეთი; გ. უცხვირონი — სოფ. გველეთი; დ. კუკუანი — სოფ. გველეთი; ე. იმედურანი — სოფ. გველეთი; ვ. ბაბუანი — სოფ. წინხადუ; ზ. სუმბატანი — სოფ. წინხადუ
I საარაბულო 3. საველგუჯაურო B. ბარისახვანი ა. შეშუალა, ბ. ობოლანი და გ. დიდანი — სოფ. ბარისახო (ნაწილი თეთრ წყლებში — პანტიანში).
I საარაბულო 3. საველგუჯაურო C. კავკავანი ა. ახალანი — სოფ. ბარისახო; ბ. მამუკანი — სოფ. ბარისახო; გ. ჯურხაულნი — სოფ. ერწოში.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო A. იმედანი ანუ იმედურანი ა. ჯაოხანი, ბ. შალვანი, გ. იდიათანი, დ. თოხოლჩანი, ე. ადუანი, ვ. ბაბალანი და ზ. უთურანი — სოფ. ზეისტეჩო.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო B. დევანი ა. დავითაურნი — სოფ. ჭალა და უსტამალა; ბ. წვრილფეხნი (1. შვიდხინკალანი, 2. იანი) — სოფ. დათვისი.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო C. მარაისძენი ა. სარდონანი, ბ. მთიბელანი, გ. გეჩურანი, დ. გაგიელანი, ე. მარაისძენი, ვ. ბერაიშვილი და ზ. თოთელანი — სოფ. დათვისი, ესაჩუ, ართხმო, ჯუთა.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო D. თილილანი ა. ივანანი — სოფ. დათვისი და ხორიელი; ბ. ქურსიკანი — სოფ. ჯუთა; გ. აპარეკანი — სოფ. ჯუთა.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო E. თამარისძენი ა. უთურანი — სოფ. ჯუთა; ბ. იმედანი — სოფ. ხორიელი, საჩუ და ჯუთა; გ. ბაბალანი — სოფ. ხორიელი და ჯუთა.
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო A. ვეფხვანი ა. ჯარიანი — სოფ. გუდანი; ბ. ნასთვლევანი — სოფ. გუდანი; გ. ხოსრონი — ბარში; დ. ყიჟილანი — სოფ. ჭიე (ნაწ. ბარში); ე. კურდღელისძენი — სოფ. ჭიე (ნაწ. ჭიაურაში).
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო B. ბურკვანი ა. მაშველანი — სოფ. ზენუბანი, გუდანი; ბ. თათარანი — სოფ. ზენუბანი.
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო C. ჯიღალნი ა. დავითანი — სოფ. გუდანი; ბ. გაიდაურნი — სოფ. გუდანი, ზენამხარი (ნაწ. ბარში); გ. უჭკუანი — სოფ. გუდანი და ბარისახო.
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო D. ნადირნი ა. ბუბუჩანი — სოფ. ძეძეურთა; ბ. მგელიანი — სოფ. ძეძეურთა; გ. ყვირილაურნი — სოფ. ძეძეურთა; დ. ხაშიანი — სოფ. ძეძეურთა და ბარისახო.
II საჯინჭარაულო 2. სანადირაბო A. სამგელიაურო ა. ხარშუანი — სოფ. ჭიე და უკენახო; ბ. ბანდურანი; გ. ჯანიკაურნი (1. ბერღოჯანა, 2. აზუზი); დ. ალიანი
II საჯინჭარაულო 3. ღულელნი (ქისტაურები) A. ხუტიანი ა. იდუკანი, ბ. ბერდიანი, გ. გაგანი, დ. აძიკანი, ე. ქოჩიანი.
II საჯინჭარაულო 3. ღულელნი (ქისტაურები) B. ალუდნი ა. ალუდნი, ბ. პეტრენი. (ნაწილი ბარში - კოშკაყელებში)
II საჯინჭარაულო 3. ღულელნი (ქისტაურები) C. გამახარენი (ნაწილი ბარში - ყუდროში).
II საჯინჭარაულო 4. ლაბაისკრელნი (მამისაურები) A. ბოსელანი
II საჯინჭარაულო 4. ლაბაისკრელნი (მამისაურები) B. გვიანაურნი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) A. ბულეთაურნი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) B. ათანდილანი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) C. ივანიკანი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) D. მგელიკანი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) E. ჯუღურანი
II საჯინჭარაულო 6. ჭეჭყეთელნი (ბაბკიაურები)
II საჯინჭარაულო 7. შატილიონნი A. საუთურგაულო ა. ჯალაბაურნი, ბ. გილიკაურნი, გ. ბულაურნი, დ. შაბურანი, ე. მანგიანი.
II საჯინჭარაულო 7. შატილიონნი B. საგილიკაურო ა. გოგოთურანი ბ. ბაგრატაულნი, გ. ბეკოურნი, დ. თიაყაურნი.
II საჯინჭარაულო 8. მიცუელნი A. შეთეკაურნი ა. ქასანნი, ბ. თაძიანნი
II საჯინჭარაულო 8. მიცუელნი B. დაიაურნი ა. წიქანი, ბ. ჯოყოლანი (1. სუხიაშვილები, 2. ხაძეშვილები)
II საჯინჭარაულო 8. მიცუელნი C. გიონი ა. სამუკანი, ბ. ზვეხენი.
II საჯინჭარაულო 9. არდოტელნი A. მურღოე ა. ბაისერანი
III საგოგოჭურო 1. გუროელნი A. ბაჩაყაურნი, B. ახურანი ბათაკანი, სუიკანი (1. თამარისძენი, 2. სადარანი, 3. დევანი, 4. ბათაკიანი, 5. კანათანი), ქე ხოსანნი (1. თათუანი, 2. წიქანი, 3. ბათირანი).
III საგოგოჭურო 2. ალდიაურნი A. თარხანაი — სოფ. ბუჩუკურთა, B. თოთიანი — სოფ. ბუჩუკურთა და ჭორმეშავი, C. მეკარიანი — სოფ. ბუჩუკურთა, სეროტანი და ჭორმეშავი, D. მეგრელანი — სოფ. ბუჩუკურთა და ჭორმეშავი, E. ნათუშარნი — სოფ. ბუჩუკურთა.
III საგოგოჭურო 3. ატაბიონნი A. ზეზიანი, B. ჩიტონი, C. მარაისძენი, D. ხადულა.
III საგოგოჭურო 4. მისურაულნი A. მარტიანი ხოწანი — სოფ. ჭორმეშავი; ფასიორა — სოფ. ბუჩუკურთა და ჭორმეშავი.
III საგოგოჭურო 5. ხახმატიონი A. ალუდაურნი ფერაულნი, მშაველანი, ალექსაური, ლაგაზაური, გამღივარაული, ბაჩიქოური.
III საგოგოჭურო 6. ბისოველნი A. ქეთელაურნი სულხანნი, ღორანი, ცელიანნი, ლომანი, კინწანი.
III საგოგოჭურო 7. ხახაბოელნი A. ხოსიაურები, B. მინდიკაურები, C. ხახიაურები, D. მამიაურები.

ხევსურული სამზარეულო

რედაქტირება

ხევსურული ლუდი

რედაქტირება
 
ლუდის ხარშვა
 
ლუდის დაწურვა

ლუდი ხევსურეთში საპატიო სასმელია. ლუდი ქერისა და სვილისაგან იხარშება. ღირსებით აქ სვილის ლუდს ამჯობინებენ. სალუდე ჭირნახულს ჯერ ფორად აქცევენ და შემდეგ მას დაფქვავენ. ფქვილს წყალში ჩაყრიან და ადუღებენ. როცა ის დაიდუღებს, გასაწურავად.

ტომრებში ჩაასხამენ, თავებს ჭუჭკიტ მოუკრავებ და მას ორკაპიან „კედნით” (ჯოხი) მოუჭერენ: პარკიდან ლუდის წვენი ქვაბში იწურება. ტომარაში რჩება მხოლოდ ქატო, რომელსაც საქონელს აჭმევენ.

გამონაწურ ლუდის ტკბილს ისევ ქვაბში ჩაასხამენ, სვებს (ბალახია) ჩაატანენ და ადუღებენ. როცა ტკბილი დაიდუღებს, მას ხელმეორედ კარგად გასწურავენ, ლუდს შეანელებენ, შემდეგ კოდში ჩააყენებენ და ჭიჭს მისცემენ. ჭიჭი ლუდის წვენს ოთხ დღეში დაამაჭრებს და მეხუთე დღეს მშუშხავ ლუდს მიირთმევენ. ხევსურები ლუდს კარგად აკეთებენ და ბევრსაც სვამენ.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Большая советская энциклопедия. Гл. ред. Б. А. Введенский, 2-е изд. Т. 46. Фусе — Цуруга. 1957. 672 стр., илл. и карты; 48 л. илл. и карт.
  2. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, გვ. 127
  3. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, გვ. 140
  4. А. Шанидзе, „Отчет о летней командировке 1913 г. в Душетский и Тионетский уезды Тиф. Губ. для изучения Груз. говоров“.
  5. Н. Я. Марр, „Кавказския племенныя названия и месныя паралели“. Петроград, 1922, ст. 4-5
  6. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, II, ტფილისი, 1914 წ., გვ. 301
  7. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
  ხევსურეთის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ხევსურეთის შესახებ.