დათვისი
დათვისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბარისახო).[1])
სოფელი | |
---|---|
დათვისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევსურეთი |
კოორდინატები | 42°26′28″ ჩ. გ. 44°54′17″ ა. გ. / 42.44111° ჩ. გ. 44.90472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1620 მ |
მოსახლეობა | 10[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დათვისისხევის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1620 მეტრზე. დუშეთიდან დაშორებულია 60 კილომეტრით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 114 | 50 | 64 |
2002[3] | 19 | 10 | 9 |
2014[1] | 10 | 7 | 3 |
არქიტექტურული ძეგლები
რედაქტირებასაცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შუა სოფელში. ეკუთვნის მინდია არაბულს. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. ნაშენია ნატეხი ქვით, წყობა მშრალია. ტიხრების ნაწილი ფიცრულია, ნაწილი ნაკელით შელესილი წნულისა. სახლი სამსართულიანია (სიმ. 7 მ). ტერასულ-ბანიანი. I სართულის შიდა ზომებია 13,1х6,6 მ, II სართულის 10,7х6,6 მ, III-ისა 9,4х2,4 მ. სართულშუა გადახურვები მოწყობილია ხის კოჭებზე, რომლებიც ხის სვეტებს ეყრდნობა.
I სართულის შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, წნულკედლიანი დერეფნიდან. დერეფნის კარის პირდაპირ საცხოვრებელ სათავსში (შინა) შესასვლელი კარია. ორივე კარი ფიცრისაა, ოთხკუთხა. შინა სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგებული ხის რვა სვეტით და ქვის ერთი კვადრატული ბურჯით გაყოფილია ორ ნაწილად, მარჯვნივ საქონლის სადგომია. მარცხნივ — საცხოვრებელი (ძველად აქ ქალები ცხოვრობდნენ). საცხოვრებელ ნაწილში კერაა, სამხრეთ კედელში გაჭრილია კვამლის გასასვლელი სარკმელი. საქონლის სადგომში იატაკი ფილაქნითაა მოგებული, საცხოვრებელს დატკეპნილი მიწის იატაკი აქვს. ჭერში დატანებულია II სართულზე ასაძრომი ხვრელი. II სართულიც (ჭერხო) ორადაა დატიხრული ფიცრითა და სვეტებით. წინ I სართულის ბანია (წინგარდა). ჭერხო მამაკაცთა საძინებელი და საოჯახო იარაღის შესანახი სათავსია. ჭერხოს თავზე კალო და საქონლის საკვების შესანახი ფარდულია, რომელიც სამი მხრიდან კედლითაა შემოზღვრული.
წისქვილი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, 1 კმ-ზე, მდ. დათვისხევის შუაწელზე. აგებულია ნატეხი ქვით. წისქვილი გეგმით კვადრატულია (3х3 მ), შედგება ორი „ზედაქვესაგან“. „მაღლა ზედაქვე“ წისქვილის სამყოფელია, „ქვედა ზედაქვე“ კი „საღვარე“. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა გამართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი ოთხკუთხაა. წისქვილის სამყოფელში ხის ორ ძელს შორის უძრავადაა გაჭედილი ქვედა წისქვილი. ზედა წისქვილი მბრუნავია. მის თავზე სამარცვლეა. სამარცვლის ქვედა ნაწილში მარცვლის სადენია (კრიჭა), რომელსაც სარკელა ეკვრის. კრიჭასა და სამარცვლეზე გაჭიმულია გადაგრეხილი ბაწარი, მისი საშუალებით აწესრიგებენ მარცვლის რაოდენობას წისქვილის ყელში ჩაყრისას. ზედა წისქვილის ირგვლივ მოწყობილია რკალისებრი ძელებისაგან შედგენილი „სანაგერემო“. მის წინა მხარეს დატოვებულია ფქვილის გადმოსაყრელი, რომლის ქვეშაც ფქვილის დასაგროვებელი ხის ყუთი დგას.
საღვარის ფრთებიანი ბორბალი ზედა წისქვილს აბრუნებს. ბორბალის ფეხი დაყრდნობილია რკინის ოთხკუთხა საფენზე (თოლი). რომელიც გრძელი ფიცრის კიდეშია ჩასმული. ამ ფიცრის მეორე კიდეში ზედა წისქვილის ამწევ-დამწევი დგარია ჩამაგრებული. ზედა წისქვილის დაწევისას მარცვალი წმინდად იფქვება. წყალი წისქვილთან მიყვანილია ხევიდან ყორითა და ბელტებით ნაგები სადინარით. სადინარის ბოლოში ღარის თავია დამაგრებული. ღარის თავში ჩადგმულია წყლის მისაშვებ-გადასაგდები ხის მოკლე სახელურიანი ნიჩბისმაგვარი ფიცარი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებამდინარე დათვისხევის ხეობის სოფლებია:
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 344.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 245.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 15.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.