კერა
კერა — ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრებელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდელ საფეხურზე. ფიქრობენ, რომ 2 000 000 — 1 800 000 წლის წინ ცეცხლს იყენებდა უძველესი ადამიანი ე. წ. ზინჯანთროპი, რომლის ნაშთები აღმოჩენილია ტანზანიაში, ოლდოვაის ხეობაში (ლუის ლიკის გათხრები), ჩინეთში, ჯოუ-ქოუტიანის მღვიმეში, აშელური ხანის ადამიანის — სინანთროპის ნამოსახლარში აღმოჩნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივი ცეცხლის კვალი და ქვებისაგან მოწყობილი კერის ნაშთები. აშელური ხანის კერის ნაშთები მიკვლეულია დასავლეთ ევროპაშიც. მუსტიეს ხანიდან კერა გვხვდება ადამიანის ყველა ნამოსახლარში. ცნობილია კერასთან მიცვალებულთა დაკრძალვის შემთხვევებიც.
საქართველოში უძველესი კერა (გარკვეულად განლაგებული ქვები, ორმო, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა) გვხვდება ადრინდელი მუსტიეს ხანაში (წოფი, ბრინჯაოს მღვიმე), გვიანდელი მუსტიეს ხანაში (ჯრუჭულის მღვიმე) და ზედა პალეოლითის მთელ რიგ ძეგლებში (დევისხვრელი და სხვა). შელავერში, იმირში და ხრამის დიდ გორაზე (ძვ. წ. VI—V ათასწლეული) ნაგებობებში და ზოგჯერ მის გარეთაც გვხვდება თიხის კერები. ხრამის დიდ გორაზე კერებში ნაპოვნი თიხის ანთროპომორფული ქანდაკებანი (ერთ მათგანში 17). გამომწვარი თიხის კერები გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრული—ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) ძეგლებში (ოზნი, ქვარაცხელები, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). წრიული ფორმის თიხის გამომწვარ კერას შიგა მხარეს აქვს რამდენიმე შვერილი. კერებს იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად. ამავე დროს ის ოჯახის წმინდა, საკულტო ადგილიც იყო. იქ სრულდებოდა სხვადასხვა რელიგიური რიტუალი, ცდილობდნენ მასში ცეცხლი არ გამქრალიყო. კერები გვხვდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასწისი — I ათასწლეულის დასაწყისი) ნამოსახლარებში (ხოვლეგორა, დიღომი). ფეოდალური ხანის თიხის კერებია ურბნისში (IV—VIII სს.), დმანისში (XI—XII სს.) და სხვა. ავით ნაგები კერები — არახლოზე (XII—XIII სს.), ქოჩულოში (XII—XIII სს.) და სხვა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მას ზოგჯერ თონე ცვლიდა. საქართველოში თონის მსგავსი უძველესი კერები აღმოჩენილია სამადლოსა და ციხეგორაზე (ძვ. წ. IV—III).
დროთა ვითარებაში ჩამოყალიბდა კერის სხვადასხვა ფორმა — მრგვალი, სწორკუთხედი, ორმოსებრი, მიწის ზედაპირზე გამართული და ა. შ. მრგვალ საცხოვრებელში კერა ჩვეულებრივ შუა ადგილზე იყო (ნენები, ევენკები და ჩრდილოეთის სხვა ხალხები), სწორკუთხედებში — კედლის ახლოს, ზოგჯერ შესასვლელის პირდაპირ (დაღესტნელი ხალხები), გარდამავალ ტიპადაა მიჩნეული კედლისპირა კერა, რომლისგანაც შემდგომში ბუხარი განვითარდა.
ქართველი ხალხის ძველ საცხოვრებელ ნაგებობებში (მთის სახლი, დასავლეთ საქართველოს ოდა, დარბაზული სახლი) კერა საცხოვრებლის ცენტრში იყო გამართული. აქ შედიოდა ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი — ყვერბი, პურის გამოსაცხობი ოთხფეხა კერა (სვანეთი), ჯაჭვის ჩამოსაკიდებელი — აყარი და სასანთლე — საკვარე. კერებთან სრულდებოდა სხვადასხვა საწესო ჩვევები, მაგ., პატარძლის წაღმა დაბრუნება, მესისხლეთა შერიგება და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ვაჩეიშვილი ნ., ჩართოლანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 470-471.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 100-101, ISBN 978-99940-27-10-1.
- ჩართოლანი მ., ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1961;
- ჩიტაია გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1;