ჭედვა
ჭედვა — ლითონების წნევით დამუშავების ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროს იარაღი ნამზადზე ასრულებს მრავალჯერად წყვეტილ ზემოქმედებას, რის შედეგად იგი (ნამზადი) დეფორმირდება და თანდათანობით საჭირო ფორმასა და ზომას იღებს.
ჭედვა ცნობილი იყო მანამ, სანამ ადამიანი მადნისაგან ლითონის მიღებას დაიწყებდა; მაგ., ირანში, მესოპოტამიასა და ეგვიპტეში მეტეორიტული რკინის ჭედვა ძვ. წ. IV-III ათასწლეულში იცოდნენ. თითქმის ამავე პერიოდიდან იწყებენ ლითონის დამუშავებას იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხები. საზოგადოების მატერიალურ კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სპილენძის გამოდნობა და მისი დამუშავება (ბრინჯაოს ხანა). ამ დროს ფართოდ იყენებდნენ ჭედვას. შემდგომ პერიოდში ვითარდება რკინის მეტალურგია. ამავე პერიოდში მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაიწყო განვითარება ჭედვის ხელოვნებამ.
ლითონს ჭედავენ (როგორც წესი, ცხლად) ფასონურ ან ბრტყელ საცემებს შორის. დაბალი მწარმოებლურობის მიუხედავად, ჭედვა ერთეულ და წვრილსერიულ წარმოებაში უნივერსალური და შეუცვლელი პროცესია, განსაკუთრებით დიდი მასის (350 ტ-მდე) ნაჭედების მისაღებად. ჭედვა მიმდინარეობს სამჭედლო უროებზე, რომელთა მვარდნი ნაწილების მასაა 1-იდან 5000 კგ-მდე, და სამჭედლო ჰიდროწნეხებზე, რომლებიც ავითარებენ 2-200 მეგნ (200-20000 ტძ) ძალას. ჭედავენ როგორც სხმულებს, ისევე ნაგლინს. დიდი მასის სხმულების ან ნამზადების ჭედვის დროს იყენებენ ამწეებს, მანიპულატორებს, გადამყირავებლებს. ჭედვის დროს უმჯობესდება ლითონის სტრუქტურა და ხარისხი.
ხარისხოვანი ნაჭედის მისაღებად უნდა დაიცვან ტემპერატურული ინტერვალი — ჭედვის დაწყებისა და დამთავრების ტემპერატურა. იგი დამოკიდებულია საჭედ მასალასა და მის ქიმიურ შემადგენლობაზე (მაგ., დაბალნახშირბადიანი ფოლადებისათვის — 1280-750°C, ლეგირებული ფოლადისათვის — 1180-850°C, სპილენძის შენადნობებისათვის — 900-700°C, ალუმინის შენადნობებისათვის — 500-380°C).
ჭედვის ძირითადი ოპერაციებია დასმა, გამოტვიფვრა, გაწელვა, მოგორვა, გაჭოლვა, ჭრა, სამჭედლო შედუღება და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავაძე ფ., მესხია შ., ბარქაია ვ., ფურცვლოვანი ლითონების ჩარხებზე დამუშავება ძველ საქართველოში, თბ., 1954;
- Охрименко Я. М., Технологии кузнечно-штамповочного производства, 2 исд., М., 1976;
- ლომსაძე ჯ., ქსე, ტ. 11, გვ. 387-388, თბ., 1987