ცხრასაყდარი — სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის სამხრეთ–დასავლეთით 2 კილომეტრზე, ვეჯინისხევის მარჯვენა მხარეს, ე. წ. აკვანაქედის ფერდზე. კომპლექსში შედის ჯგუფად მდგარი ხუთი ეკლესია (ოთხი ერთმანეთზეა მიდმული, ხოლო მე–5 მათგან ჩრდილოეთით შვიდიოდე მეტრზე დგას).

კომპლექსის ნაგებობებიდან ყველაზე ადრეულია დარბაზული ეკლესია მინაშენით, რომელიც სავარაუდოდ IX-X საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (10,8x9 მეტრი) ჩაწერილია ორი სადგომი. ორივე აფსიდიანია: ისინი გამიჯნულია კედლით და კირით უკავშირდება ერთმანეთს.

შენობა ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი თანაბარი ზომის რიყის ქვით, კუთხეებში შერჩეული კუთხოვანი ქვებია ნახმარი, კონსტრუქციულ ნაწილებში და კარ–სარკმლებში გამოყენებულია აგური, ნახმარია აგრეთვე სხვადასხვა ზომის შირიმის ქვაც.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: ერთი დარბაზის დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ხოლო მეორე სამხრეთ მინაშენის სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდესთან. მინაშენიდან ეკლესიაში შესასვლელი ამ კარის პირდაპირაა. დასავლეთ შესასვლელი (მოგვიანებით დაუვიწროებიათ) შიგნით და გარეთ თაღოვანია, გამოყვანილია კვადრატული აგურით (22x22x5 სანტიმეტრი, 20x20x4 სანტიმეტრი). გარედან, შესასვლელის ზემოთ, დაბალი და მოგრძო სწორკუთხა შეღრმავებაა. სამხრეთი კარი გარედან თაღოვანია, შიგნით – სწორკუთხა (შემორჩენილია ხის ზღუდარის ბუდეები). ეკლესიისა და მინაშენის დამაკავშირებელი კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა.

მთავარი ნავის აფსიდში შიგნიდან და გარედან თაღოვანი მაღალი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ – კედელზე მიდგმული ოთხწახნაგა ტრაპეზია, რომელსაც თითო მართკუთხა ნიშა აქვს გვერდით წახნაგებში. აფსიდს მთელ პერიმეტრზე საფეხური (სიმაღლე 30 სანტიმეტრი) შემოუყვება, რომელიც გრძივ კედლებზეც გადადის პილასტრებამდე. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია აგურით ნაშენი კედლით, მის გვერდებზე კი – ორ–ორი თაღოვანი ღიობი. თაღები ეყრდნობა ლეკალური აგურით ამოყვანილ მრგვალ სვეტებს. საკურთხევლის სარკლის გარდა, ინტერიერს კიდევ სამი სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი დასავლეთითაა, ორი – ჩრდილოეთით. ყველა სარკმელი აგურის წყობითაა გამოყვანილი, ღიობები გარეთკენ შევიწროებულია და რიყის ქვის საფეხურიანი რაფები აქვთ.

ეკლესიის დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც ეყრდნობა აგურით ნაწყობ საბჯენ თაღს, თაღი – ერთსაფეხურიან პილასტრებს.

სამხრეთი მინაშენი ეკლესიასთან შედარებით უფრო ვიწროა და დაბალი. მათგან ერთი აფსიდშია გაჭრილი, ორი – სამხრეთ კედელში. აფსიდის სამხრეთ ნაწილში პატარა სწორკუთხა ნიშაა.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან, კედლის აღმოსავლეთ ნაწილზე მიდგმული აქვს XII-XIV საუკუნეების პატარა სამლოცველო. იგი დარბაზულია (6x4 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგური. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი აგურითაა გამოყვანილი და გარედან გადახურულია ოდნავ შეისრული თაღით, რომელიც სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. შიგნიდან კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდიათაღოვანი სარკმლით, რომლის ქვემოთ კედელზე, მიბჯენილია კუბური ტრაპეზი. კონქი აგურის კარგი წყობითაა გამოყვანილი. კამარა ცილინდრულია.

შიგნით სამლოცველოს შესასველთან, იატაკზე, კრიპტაში ჩასასვლელი ხვრელია, რომელსაც ოთხკუთხა სარქველი ჰქონია. კრიპტი დაბალია (სიმაღლე დაახლოებით – 1,7 მეტრი), აქვს რიყის ქვით ნაშენი კედლები და ტლანქად სხმული კამარა. ჩრდილოეთ ნაწილში გამოყოფილია სარკოფაგის ადგილი.

თავდაპირველად ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია სამლოცველოს თანადროული, რიყის ქვით ნაშენი ეკლესია, რომლის სამხრეთი ფასადი თავდაპირველი ეკლესიის სამხრეთ ნავის სამხრეთ ფასადთან ერთ სიბრტყეშია. იგი ძლიერაა დაზიანებული, ჩამონგრეულია კამარა და კონქი, ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილები.

ეკლესია დარბაზულია (8,9x5,8 მეტრი), შესასვლელი ჩრდილოეთდან აქვს. კარი გარედან ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნით – სწორკუთხაა. აღმოსავლეთით უსარკმლო, ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურული იყო წესიერი ფორმის კონქით, ხოლო დარბაზიკამარით (შემორჩენილია კონქის ჩრდილოეთ ნაწილი და კამარის ქუსლის წყობა ჩრდილოეთ კედელზე). დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში აგურით გამოყვანილი და ბრტყლად გადახურული თითო სარკმელია, ჩრდილოეთ სარკმლის ღიობი ზემოთკენ ოდნავ შევიწროებულია. მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშიც ყოფილა (შემორჩენილია ქვედა ნახევარი).

ეკლესიას სამხრეთიდან ეკვროდა დარბაზული ეკლესია, რომელიც მთლიანადაა დანგრეული. ნანგრევების გროვა ეკალ–ბარდებითაა დაფარული.

ჩრდილოეთით მდგარი ეკლესიაც დარბაზულია (გარეთა ზომები: 9,25x6,3 მეტრი). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით, რომლისგანაც სამხრეთი გვერდის მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. ეკლესიის კედლებიდან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ დასავლეთ კედელიღა დგას. ნანგრევებზე ეკალ–ბარდებია ამოსული.

დასავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია შეისრულთაღოვანი კარი, რომელიც გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის ზემოთ, ფრონტონის არეში, სწორკუთხა სარკმელია.

ლიტერატურა რედაქტირება