გიორგი II (საქართველოს მეფე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი II.

გიორგი II (დ. 1030-იანი წლების მეორე ნახ. — გ. 1112) — საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში, ბაგრატ IV-ის ძე.

გიორგი II

გიორგი II-ის ფრესკა ატენის სიონის მონასტერში.
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1072
მმართ. დასასრული: 1089
წინამორბედი: ბაგრატ IV
მემკვიდრე: დავით IV აღმაშენებელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1030–იანი წლების მეორე ნახევარი[1]
დაბ. ადგილი: ქუთაისი
გარდ. თარიღი: 1112
მეუღლე: ელენე
შვილები: დავითი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ IV
დედა: ბორენა
ხელმოწერა:

გიორგი II-ის ოჯახი

რედაქტირება

გიორგი II-ის ოჯახის წევრების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიაში. მამა, ბაგრატ IV თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს. დედა, ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფის ასული იყო. ბებია მარიამი, ვასპურაკანის მეფის – სენაქერიმ არწრუნის ასული. მამიდას – გურანდუხტ დედოფალსაც დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის, როგორც პოლიტიკოსის ფორმირებაში. მართა, გიორგის და, ბიზანტიის დედოფალი იყო. გიორგის მეუღლეზე, ელენე დედოფალზე, თითქმის არაფერია ცნობილი. XII საუკუნის დასაწყისში იგი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. გიორგის ერთადერთი ვაჟი – დავითი, შემდგომში საქართველოს მეფე გახდა. გიორგი მოესწრო შვილიშვილებსაც – თამარს, დემეტრეს და კატას.

გიორგი უფლისწული

რედაქტირება

გიორგის პატარაობიდანვე მოუწია პოლიტიკურ ეპიცენტრში ყოფნა. 1051 წლის ახლო ხანებში კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში თურქ–სელჩუკთაგან განთავისუფლდა. ეს უკანასკნელი ბიზანტიასთან მეგობრობდა და აღარ ემორჩილებოდა ბაგრატ IV-ის სამეფო ხელისუფლებას. სამხრეთ საქართველოში აღდგა კლდეკარის ერისთავის უპირატესობა. მატიანე ქართლისაჲს ავტორის თქმით, „ვერღარა დაუდგა ბაგრატ“ ლიპარიტს[2]. ასეთ ვითარებაში ბაგრატ IV-მ გადაწყვიტა, თავად ხლებოდა ბიზანტიის იმპერატორს და საქართველო– ბიზანტიის ურთიერთობების საკვანძო საკითხები იქ მოეწესრიგებინა. ბაგრატმა სამეფო თავის ვაჟს, გიორგის დაუტოვა. ბაგრატს სამი წელი მოუწია ბიზანტიის საპატიო ტყვეობაში ყოფნა, რომელიც იმპერატორ კონსტანტინე მონომახის შუამდგომლობით, ბაგრატსა და ლიპარიტს შორის გარიგებით დასრულდა. ბიზანტიელი ავტორის გიორგი კედრენეს თქმით, მათ „ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი – ერთი ნაწილის, მესხეთის, მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ“[3]. ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმასაც, რომ გიორგი ლიპარიტის მფარველობის ქვეშ უნდა გაზრდილიყო.

 
რუისის ტაძარი, სადაც მოხდა გიორგის მეფედ კურთხევა.

საინტერესოა ისიც, რომ „მატიანე ქართლისას“ ცნობით, საქართველოს მეფის ბიზანტიის სამეფო კარზე ყოფნის პერიოდში ლიპარიტ ბაღვაშმა მოიწადინა გიორგი ბაგრატის ძის საქართველოს მეფედ აღიარება და ამ წინადადებით სამეფო კარს მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. გიორგი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და რუისის ტაძარში მეფედ აკურთხეს „და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი“[4]. კურთხევა მოხდა ბაგრატის საქართველოში დაბრუნების წინა ხანებში. ამრიგად, თუ წყაროებს დავუჯერებთ, ლიპარიტი საქართველოს მეფედ ცნობდა როგორც გიორგის, ასევე ბაგრატს. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ფაქტს მიიჩნევენ თანამეფობის ინსტიტუტის შემოღებად[5].

1055 წელს ბაგრატი საქართველოში დაბრუნდა. მალე სამეფო კარმა ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობა მოახერხა და თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოზე უწინდებურად განავრცო. ლიპარიტისა და მისი ოჯახის დაპატიმრებისას გიორგი უფლისწული და მისი პატრონი გურანდუხტ დედოფალი ჯავახეთში იმყოფებოდნენ. შეთქმულების დაწყებისთანავე, მეფე და მისი მამიდა, უსაფრთხოების მიზნით, ახალქალაქში გახიზნეს. ბაგრატ IV სასწრაფოდ სამხრეთ საქართველოში გადმოვიდა და თავად ჩაუდგა ლიპარიტის მომხრეებთან ბრძოლას სათავეში. მალე კლდეკარის ერისთავის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სამეფო კარმა უკლებლივ შემოიმტკიცა.

გიორგი მამის გარდაცვალებამდე არაერთ დავალებას ასრულებდა. წყაროებში მას ძირითადად მამამისის გვერდით ვხვდებით. უფლისწული მეფის იმ ამალაში იმყოფებოდა, რომელიც ბედად გადაურჩა ხეკრებულთან თურქ–სელჩუკთა დარბევასა და ტყვეობას. გიორგი სარდლობდა განძის ამირა ფადლონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველთა და ოსთა ჯარმა „მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ“[6]. გამარჯვებული გიორგი უფლისწული დიდი ალაფით დაბრუნდა სამშობლოში.

1072 წელს მომაკვდავმა ბაგრატ IV-მ თავისი ვაჟი, გიორგი კურაპალატი შეავედრა დიდებულებს და მის ერთგულებაზე დააფიცა. იმავე წლის 24 ნოემბერს ბაგრატი გარდაიცვალა და სამეფო ტახტი გიორგიმ დაიკავა.

ფეოდალთა გამოსვლები გიორგი II-ის მეფობის დასაწყისში

რედაქტირება
 
გიორგი II-ის სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი, 1072 წ.

გიორგი II საგანგებოდ 1072 წლისათვის მეფედ არ უნდა ეკურთხებინათ. ის ერთხელ უკვე რუისის ტაძარში აიყვანეს მეფედ და ხელახალი მირონცხება, საეკლესიო კანონებით, აკრძალული იყო.

მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 წლის ზაფხულში მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა და „წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე“, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა". ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს - ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს - „თმოგვი და სხუანი საქონელნი რჩეულნი“, ვარდან სვანთა ერისთავს - ასკალანა და სხვ. „მატიანე ქართლისას“ თქმით, „გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა და ძჳრუჴსენებელ იქმნა“[7].

1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა[8].

თურქ-სელჩუკთა შემოსევა და ფარცხისის ბრძოლა

რედაქტირება

1073 ან 1074 საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი. როცა ის საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან მოძრაობდა, ივანე ბაღვაშმა თავისი ვაჟი ლიპარიტი სულთანს მიაგება, „შეაწყნარა სულთანსა და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულთანი, და მოადგა სამშვილდესა“[9]. სულთანმა აიღო სამშვილდე, ტყვედ იგდო ივანე ლიპარიტის ძე და მისი ოჯახი, ასევე ბაღვაშთან მყოფი აზნაურები. სამშვილდეში სულთნის მეციხოვნეები ჩადგნენ, მოარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. საქართველოდან წასულმა სულთანმა აიღო განძა და არანის გამგებლად თავისი ერთ–ერთი სარდალი სარანგი (არაბულ წყაროებში სავთენგი) დანიშნა. ამის შემდეგ თურქ–სელჩუკთა სარდლობამ გადაწყვიტა საომარი მოქმედებები საქართველოს მიმართულებით წარემართა, მით უმეტეს, რომ ქვემო ქართლში მათ დაკავებული ჰქონდათ ერთ–ერთი ცენტრალური ციხე სამშვილდე. სარანგი განძის, დვინის და დმანისის ამირების თანადგომით შეებრძოლა გიორგი II-ს. გიორგიმ აღსართან კახთა მეფესთან ერთად სოფელ ფარცხისთან დახვდა მოწინააღმდეგეს. ბრძოლა საკმაო ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მწუხრისას დასრულდა. ოღუზ–თურქებმა სასტიკი მარცხი იგემეს[10]. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა". აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი ("ციხე ქუეყანა"), "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები[11].

ბიზანტიელთა საქართველოდან წასვლა და კარის სამეფოს გიორგი II-სათვის გადაცემა

რედაქტირება

ფარცხისის ბრძოლის შემდეგ გიორგი II-მ სამეფოს შემოუერთა კლარჯეთში, შავშეთში, ჯავახეთში, არტაანში ბიზანტიელთა ხელში მყოფი ციხესიმაგრეები და ანაკოფიის ციხე. „მატიანე ქართლისაში“ აღნიშნულია, რომ მეფემ „წაუხუნა ბერძენთა“ აღნიშნული სიმაგრეები[12]. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ახალ დეტალებს ამატებს ამ ცნობას. ის აღნიშნავს:„ წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ–ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე–ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, და განიყარნეს. ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა“[13].

ტაოში გიორგი II-ისა და გრიგოლ ბაკურიანის ძის შეხვედრა 1076 წელს უნდა მომხდარიყო[14]. მასზე საქართველოს „იურიდიულად“ ებოძა მთელი ვანანდის სამეფო, მაგრამ, ფაქტობრივად, გიორგი II-ს მხოლოდ კარნიფორის და ვანანდის ციხეები გადასცეს[15].

 
გიორგი II-ის გამოსახულება მონეტაზე.

ის ტერიტორიები, რომელთა დაბრუნებასაც ქართველი მეფეები ათწლეულები ანდომებდნენ, გიორგი მეფემ ერთი ხელისდაკვრით შემოიერთა. თან ისე, რომ, როგორც ჩანს, საქართველოსა და ბიზანტიას შორის ბრძოლა არ მომხდარა. თუ რატომ დათმო ბიზანტიამ ეს ტერიტორიები, ამაზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. მათგან ყველაზე სარწმუნოა ის ვერსია, რომ თურქ–სელჩუკებისგან შევიწროებულ ბიზანტიელებს არ შეეძლოთ ჯარის იმ კონტინგეტის შენახვა, რომელთაც უნდა დაეცვათ აღნიშნული ციხეები და ამიტომ მათ ეტაპობრივად დაიწყეს ამ სიმაგრეების დაცლა და ქართველებისათვის გადაცემა. ეს ნაბიჯი ასევე წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობას საერთო მტრის – სელჩუკების წინააღმდეგ[16].

მალე ამ ტერიტორიული ცვლილებებით შეშინებულმა თურქ–სელჩუკებმა მიატოვეს მათ მიერ დაპყრობლი ტერიტორიები და „იოტნა თურქნი მის ქვეყნისანი“. ამის შემდეგ საქართველომ, როგორც ჩანს, მთელ კარის ქვეყანაზე განავრცო თავისი გავლენა, მაგრამ ეს წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა.

თურქ-სელჩუკთა ახალი აგრესია და „დიდი თურქობა“

რედაქტირება

მანასკერტის ბრძოლის შემდეგ ბიზანტიას აღარ შეეძლო თურქ–სელჩუკების ახალ–ახალი ფართომასშტაბიანი ლაშქრობების მოგერიება. 1074 წელს დადებული ხელშეკრულებით მომთაბარეთა ხელში გადავიდა იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი. ამის შემდეგ სელჩუკებისთვის გზა საქართველოსკენ ხსნილი იყო. თურქ-სელჩუკებმა პირველი დარტყმა კარის ციხეზე მიიტანეს. მათმა სარდალმა აჰმად ამირამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წყალობით მოახერხა ციხიდან ქართველ მეციხოვნეთა განდევნა და ქალაქის ხელში ჩაგდება.

ამის შემდეგ თურქ–სელჩუკებმა გიორგი II-ის წინააღმდეგ მძლავრი ლაშქრობა მოაწყვეს. ყველის ციხესთან მდგომ მეფეს „დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი“[17]. ქართველი მემატიანე აღნიშნავს, რომ მტერს ქრისტიან შინაგამცემთა წყალობით მოუხერხებია გიორგი II-ის ბანაკამდე შენიღბულად მისვლა. თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ქართველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხეს და უკუიქცნენ. მთელი სამეფო ავლა–დიდება სელჩუკებს ჩაუვარდა ხელში. საქართველოს მეფემ აჭარის მთებს შეაფარა თავი და აქედან აფხაზეთში გადავიდა. ისტორიკოსები ამ ბრძოლის თარიღად 1080 წელს უთითებენ. აჰმად ამირა მიღწეულ წარმატებას დასჯერდა და აღარ გააგრძელა გიორგი II–ის დევნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით, გზაში აჰმად ამირას შემოხვდნენ ბიზანტიაში სალაშქროდ მიმავალი თურქი ამირები ისა ბარი და ბუიაყუბი. აჰმადმა მათ მოახსენა საქართველოში მომხდარი გამარჯვების შესახებ და ისიც აუწყა, რომ საქართველოს მეფე გიორგი II დასავლეთ საქართველოში იყო გახიზნული. მემატიანეს თქმით, აჰმად ამირას თანატომელთათვის ურჩევია „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“[18]. თურქ–სელჩუკებს მოსწონებიათ აჰმადის აზრი, ლაშქრობისათვის მიმართულება შეუცვლიათ და კურსი საქართველოსკენ აუღიათ. ისინი „მოეფინნეს პირსა ყოველისა ქვეყანისასა, ვითარცა მკალნი“[19]. ქართველი მემატიანე ამ სიტყვებით იწყებს დიდი თურქობის აღწერას.

სელჩუკებმა თავდაპირველად მოაოხრეს ასისფორნი და კლარჯეთი ზღვისპირამდე. შემდგომში მათი რისხვა დაატყდა შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, სამოქალაქოს და ჭყონდიდს. მათ ერთ დღეში აიღეს და დაწვეს ქუთაისი. ამავე დროს, მათმა რაზმებმა ააოხრეს კლარჯეთისა და არტანუჯის უდაბნოები. სელჩუკთა შემოსევამ რამდენიმე თვეს გასტანა. მათ პარპაშს დაერთო მძიმე ზამთარი. გახიზნულ მოსახლეობას სიცივე და შიმშილი კლავდა. ამის შემდეგ ისინი ყოველ გაზაფხულზე ესხმოდნენ თავს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს და დაზამთრებამდე რჩებოდნენ.

ასეთ მძიმე პირობებში გიორგი II-მ მოიწვია დიდებულები და მათთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა ისპაჰანში ხლებოდა სულთანს. ეს 1083 წელს მოხდა. გიორგი II მალიქ–შაჰის მიერ „შეწყნარებულ იქმნა ვითარცა შვილი საყუარელი“. სულთანმა საქართველო გაათავისუფლა „ზედამარბეველთაგან“ და კახეთი და ჰერეთი მისცა, რადგან ამ რეგიონზე სულთნისა და საქართველოს მეფის უფლებები არ ვრცელდებოდა. მალიქ–შაჰმა გიორგი II-ს ჰერეთ–კახეთის შემოსაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. გიორგი II–მ დიდი ხარკი იკისრა სულთნის სასარგებლოდ, რომელსაც ქვეყანა 1099 წლამდე იხდიდა.

ბრძოლა კახეთ–ჰერეთის შემოერთებისთვის

რედაქტირება

მალიქ–შაჰისაგან წამოსული გიორგი II–მ თურქ–სელჩუკთა თანხლებით ვეჯინის ციხეს შემოარტყა ალყა. ამ ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ვეჟინ–ბაკურციხის მონაკვეთზე ხდებოდა თბილისისაკენ, თელავისაკენ და ჰერეთისაკენ მიმავალი გზების გატოტება. ციხის ალყა ოქტომბერში დაიწყო და კარგა ხანს გაგრძელდა. მაგრამ გიორგი II-მ დღემდე გაურკვეველ მიზეზთა გამო, ვეჟინის ციხეს გარემოცვა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. დავითის ისტორიკოსის თქმით, ამის მიზეზი ყოფილა თოვლის მოსვლა და მეფის აჯამეთში სანადიროდ გადასვლის სურვილი. რეალურად კი გიორგი გაეცალა თურქ–სელჩუკებს და კახეთის აოხრებაში მონაწილეობა არ მიიღო.[20] ვიდრე ქუთაისში დაბრუნდებოდა, გიორგი II-მ სელჩუკებს „მისცა ნიჭად“ სუჯეთი და იორის პირი. მემატიანის მითითებით, სუჯეთი და იორის პირი „მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღემდე“[21].

როგორც გიორგი II-სათვის, ასევე თურქ–სელჩუკთათვის კახეთ–ჰერეთის პრობლემა კვლავ მოუგვარებელი იყო. თავად კახთა მეფეც ნათლად ხედავდა, რომ ასეთი გაურკვეველი ვითარება დიდხანს არ გაგრძელდებოდა და დღეს თუ ხვალ ეს პრობლემა კვლავ წამოიჭრებოდა. ამიტომაც, კახეთის მეფე აღსართან I თავად ეახლა მალიქ–შაჰს, ქრისტიანობა უარყო და ამ გზით კახეთ–ჰერეთის საკუთარ მფლობელობაში დატოვებას მიაღწია. კახეთ–ჰერეთის შემოერთების პერსპექტივა რამდენიმე წლით გადაიწია.

როგორც ვარაუდობენ, 1085–1089 წლებს შორის მოხდა ძაგან აბულეთისძის გამოსვლას საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ. მან თავი კახეთის მეფის ვასალად ცნო და მის მფლობელობაში მყოფი ზედაზნის ციხე კახეთის მეფის მფლობელობაში გადავიდა[22].

ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო 1088 წელს დაწყებული სტიქიური უბედურება – მიწისძვრა, რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა.

1089 წელს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით, გიორგი II-მ „დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“ თავის ვაჟ დავითს[23]. დღემდე გაურკვეველია, იყო თუ არა რაიმე ძალდატანება გიორგიზე, როცა მან დავითი მეფედ გამოაცხადა. ზოგიერთი ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის ნაწარმოებზე გალობანი სინანულისანი და მისსავე ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი, სადაც ნათქვამია, „უფალო ღმერთო, დავითს მიუტევე ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი“, დაყრდნობით აცხადებს, რომ დავითს ბრალი მიუძღოდა მამის წინაშე („ალბათ მისი ტახტიდან გადაყენების“)[24].

გიორგის ბიზანტიური ტიტულატურა

რედაქტირება

ქართველ მეფეთა შორის გიორგი II ერთადერთი იყო, რომელიც ატარებდა ყველაზე მაღალ ბიზანტიურ ტიტულს – კეისარი რაც ამ პერიოდში იმპერატორის (ბასილევს-ავგუსტუსის) მცირე ტიტულს წარმოადგენდა და ბიზანტიის იმპერატორი მის უახლოეს ნათესავებს (ზოგ შემთხვევაში კი უცხოელ მმართველებს უწყალობებდა ხოლმე). მანამდე კი მას მიღებული ჰქონდა თითქმის ყველა მაღალი ბიზანტიური პატივი. 1072 წლისათვის გიორგი კურაპალატად იხსენიება[25]. ეს ტიტული მას გაცილებით ადრე უნდა მიეღო, დაახლოებით XI საუკუნის შუა ხანებში. 1073 წლისათვის კი გიორგი ნოველისიმოსია ან სევასტოსი, ვინაიდან ამ წელს დავით უფლისწული უკვე კურაპალატად იწოდება. კეისრობის მიღება კი, შეიძლება XI საუკუნის 70–80–იან წლების მიჯნაზე მომხდარიყო[26]. კეისარი არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ ტიტულს. უკვე V საუკუნის მიწურულიდან კეისრობის პატივის მატარებელი პიროვნება საიმპერატორო ტახტის ერთ–ერთ რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა. ამიტომაც, ეს ტიტული თითქმის ყოველთვის საიმპერატორო კარის ნათესავს ენიჭებოდა. იგი იწოდებოდა იმპერატორის შემდეგ პირველ პირად და შესაბამისი რეგალიებიც გააჩნდა.[27]

გიორგი II-ის ცხოვრების ბოლო პერიოდი

რედაქტირება

დავით IV-ის გამეფების შემდეგ გიორგი II აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, გიორგი II კვლავინდებურად ინარჩუნებდა მეფეთ–მეფისა და კესაროსობის ტიტულს. 1089 წლის შემდეგ გიორგი ქართულ წერილობით წყაროებში ერთადერთხელ იხსენიება რუის–ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში[28]. გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 წელს სდებენ (ადრე კი 1089 წელს მიიჩნევდნენ), რაც ემყარება თედო ჟორდანიას მიერ მოყვანილ ცნობას აფხაზთა მეფეთა ქრონიკიდან[29]. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ გიორგი დავითის გამეფების შემდეგაც აქტიურად ერეოდა ქვეყნის მართვის საქმეში და წამყვან როლსაც ასრულებდა. გიორგი მეფის დასაფლავების ადგილი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, „მეფეთ მეფე გიორგი II“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003, გვ. 23
  2. მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ტ.I, ტექსტი დადგენილია ყველა ძრითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955, გვ. 303
  3. გიორგი კედრენე, ისტორიული მიმოხილვა, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. V, თბ., 1963, გვ. 58
  4. მატიანე ქართლისა, გვ. 304
  5. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, გვ. 61
  6. მატიანე ქართლისა, გვ 313
  7. მატიანე ქართლისა, გვ. 316
  8. იქვე
  9. მატიანე ქართლისა, გვ. 316–317.
  10. ფარცხისის ბრძოლის დათარიღების შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ომი ძირითადად 1074 წლით თარიღდება (მ.ლორთქიფანიძე, დ.ბერძენიშვილი, ზ.პაპასქირი). ივ. ჯავახიშვილი ამ ბრძოლას 1073–1074 წლებით ათარიღებს. თ. ჟორდანია კი 1077 წელს მიიჩნევს. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, ბრძოლის გამართვა 1075 წლის აგვისტო–სექტემბერს შორის არის სავარაუდო. დათარიღების შესახებ ვრცლად იხ. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, გვ.77–82
  11. მატიანე ქართლისა, გვ.317
  12. იქვე
  13. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი,ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I, თბ., 1955, გვ. 318
  14. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II,გვ. 93
  15. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, გვ. 94-95
  16. იქვე
  17. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 319
  18. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 319
  19. იქვე.
  20. ნოდარ შენგელია, სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968, გვ. 316–317
  21. ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 322
  22. აბულეთისძეთა გამოსვლის შესახებ ვრცლად იხ. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, გვ. 121–128
  23. ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 324
  24. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, გვ. 131.
  25. მატიანე ქართლისა, გვ. 314.
  26. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, გვ. 141.
  27. R. Guilland, Researches sur les intitations Bysantines, T.1, Berlin-Amsterdam, 1967, gv. 25-37.
  28. დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ.ნინუამ, თბ., 1975, გვ. 558.
  29. თედო ჟორდანია, ქრონიკები, I, 1892, გვ. 239
წინამორბედი:
ბაგრატ IV
საქართველოს მეფე
1072 - 1089
შემდეგი:
დავით IV