რუის-ურბნისის საეკლესიო კრება

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება — მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი). რუის-ურბნისის კრების მოწვევის თარიღი არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროში არ არის დასახელებული. ისტორიკოსები ასახელებენ სამ სავარაუდო თარიღს: 1103, 1104, 1105. კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს.

კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენეს უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.

კრების დადგენილება

რედაქტირება

საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

  1. ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
  2. ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა. ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;
  3. ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;
  4. ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით;
  5. საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;
  6. ქორწინება, ნათლისღება, მონაზვნად განწესება ხდებოდა ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;
  7. დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა;
  8. კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;
  9. მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია;
  10. იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
  11. განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;
  12. ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;
  13. იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის ქორწინება;
  14. აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას, თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილას არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს);
  15. ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას. დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი.

ძეგლისწერის მიხედვით, სოდომური ცოდვაც განსხვავებულია ჩამოთვლილი ცოდვებისაგან. ყოველგვარი ნივთი, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგებლოდ. სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 468-469.
  • გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978;
  • მეტრეველი რ., დიდნი საქმენი (XI საუკუნის მეორე ნახევრისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი), თბ., 1978;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966.
  1. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2003. გვ. 186