ქარელის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ქარელის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქარელი.

ადმინისტრაციული ერთეული
ქარელის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი ქარელი
კოორდინატები 42°01′17″ ჩ. გ. 43°53′35″ ა. გ. / 42.02139° ჩ. გ. 43.89306° ა. გ. / 42.02139; 43.89306
მერი ზაზა გულიაშვილი
ფართობი 687.9 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 41 316[1][2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 60,06 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,6 %
აზერბაიჯანელები 2,7 %
ოსები 2,3 %
სომხები 0,8 %
რუსები 0,2 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 95,2 %
მუსლიმები 3,1 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://www.kareli.gov.ge
ქარელის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ქარელის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტი — შიდა ქართლი
ქარელის მუნიციპალიტეტი
დირბის ღვთისმშობლის ეკლესია

ქარელის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ხაშურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – საჩხერის მუნიციპალიტეტი. ქარელის მუნიციპალიტეტის ფართობია 687,9 კმ².

შეიქმნა 1939 წელს. 1963-1964 წლებში გაერთიანებული იყო ხაშურისა და გორის რაიონებთან. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ, 1991 წელს, ქარელის რაიონს მიეკუთვნა ყოფილი ზნაურის რაიონის ტერიტორია.[5] 2006 წლიდან არსებობს ქარელის მუნიციპალიტეტი 1965 წელს შექმნილ საზღვრებში.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქარელის მუნიციპალიტეტის ვაკე და ბორცვიან მთისწინეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული ხანგრძლივი თბილი. ვაკე ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,2 °C, იანვარში – 1,7 °C, აგვისტოში – 21,5 °C. წელიწადში მოდის 630-660 მმ. ნალექი (ქ. ქარელში 630 მმ, სოფ. ზღუდერში 650 მმ.), მაქსიმუმი გაზაფხულზეა. მთიან ნაწილშიც ზომიერად ნოტიო ჰავაა, მაგრამ ზამთარი ცივია, ზაფხული ხანგრძლივად გრილი. დაბალმთიან ზონაში (ზ.დ. 1200 მ.) ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,7 °C, იანვარში – 3,2 °C, აგვისტოში – 18,6 °C. წელიწადში მოდის 610 მმ. ნალექი. მაქსიმალური გაზაფხულზეა. საშუალო და მაღალმთიან ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6 °C, აგვისტოში 16 °C-ია. ნალექები წელიწადში მოდის 700 მმ.

ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. ფართობი შეადგენს 687,9 კვ.კმ.‐ს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. ქარელი. მუნიციპალიტეტში შედის 1 საქალაქო და 17 ტერიტორიული ერთეული. ძირითადი ნაწილი უკავია შიდა ქართლის ვაკეს, სამხრეთი ნაწილი კი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ძამა, დასავლეთის, შუა და აღმოსავლეთის ფრონეები. ქალაქი ქარელი თბილისიდან დაშორებულია 94 კილომეტრით.

 
ბატეთის ტბა

ბებნისის ორი ტბა მდებარეობს რაიონულ ცენტრში. ქარელიდან 1 კმ. ში, სოფ. ბებნისის ტერიტორიაზე. ტბები არის ხელოვნური წარმოშობის. ერთი ტბის ფართობია 7,34 ჰა, ხოლო მეორე ტბის – 4,9 ჰა. სიღრმე დაახლოებით 5-6 მ.-ია. ტბაში ბინადრობს თევზის სხვადასხვა სახეობა, როგორებიცაა: კობრი, ქაშაყი, მურწა. ოქროსოფელის ხელოვნური ტბა მდებარეობს რაიონული ცენტრიდან 12-13 კმ-ის მანძილზე, ფართობით 1,36 ჰექტარს შეადგენს. სიღრმე 3-4 მეტრია. ტბაში თევზი მცირე რაოდენობითაა. იგი გარშემორტყმულია ტყით.

სოფელ ზღუდერში ასევე გადმოედინება გრილი, საზაფხულო ჩანჩქერი. სოფელ საღოლაშენთან მოედინება ე.წ. შოთას წყარო.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის რაოდენობაა 41 316 ადამიანი(2014); სიმჭიდროვე — 60,06 კაცი კვ. კმ-ზე. განსახლების ძირითადი ზონაა ზღვის დონიდან 600-1000 მეტრი. მუნიციპალიტეტში 75 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 73 სოფელი. სოფელი რუისი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, აქ 5 ათასზე მეტი მოსახლეა. მდინარე ძამის ხეობაში ძირითადად ცხოვრობდნენ ეთნიკურად ოსები. მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ისინი აიყარნენ და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ამასთან, ისინი ახლაც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტის უამრავ სოფელში. გასული საუკუნედან მოყოლებული მიმდინარეობს ძამას ხეობის დაცლა. მასში ამჟამად უკვე 11 ნასოფლარია. ოსი მოსახლეობა აგრეთვე ცხოვრობდა მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს ხეობაშიც. ცხოვრობდნენ ებრაელებიც. სხვადასხვა ეროვნებით მოსახლეობის რაოდენობა ასეთია: ქართველები - 93,6 %; აზერბაიჯანელები - 2,7 %; ოსები - 2,3 %; სომხები - 0,8 %; რუსები - 0,2 %.

მოსახლეობა სხვა ადგილებში: ქარელი (6654 მოსახლე), რუისი (5139), აგარა (3364), დირბი (2569), ქვენატკოცა (2359), მოხისი (1296), ბებნისი (1251), ზემო ხვედურეთი (1188), ურბნისი (1109), ქვემო ხვედურეთი (941), კეხიჯვარი (919), ბრეთი (899), ფცა (853), ძლევიჯვარი (788), დვანი (763). 2014 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 41 316 ადამიანი. მუნიციპალიტეტის ძირითადი მოსახლეობა სოფელში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 50 428
2002 50 317  
2014 41 316  
2021[6] 40 700  

თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[7] 2021[8] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 25 17                                
  ნაციონალური მოძრაობა 4 8                
  საქართველოსთვის 1  
  ლელო 1  
  ევროპული საქართველო 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
  ლეიბორისტული პარტია 1
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 33 27  

ეკონომიკა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში მდებარეობს აგარის შაქრის ქარხანა, კვების მრეწველობის საწარმოები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მეჭარხლეობა, მებოსტნეობა-მებაბაღჩეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა და სხვა. აქ გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი მაგისტრალი, საავტომობილო გზები.

მუნიციპალიტეტში 56 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, ერთი საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 36 ბიბლიოთეკა, ერთი თეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სოფელ დოღლაურში, ძვ. წ. IV და ახ. წ. II საუკუნეებით დათარიღებული მრავალფენიანი ისტორიული ძეგლი აღმოაჩინეს, სადაც ანტიკური, ადრე რკინის, გვიან ბრინჯაოს და ადრე ბრინჯაოს ანის ფენები იკვეთება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. II და ახ. წ. I საუკუნეების დროინდელი მეფის სასახლის ნანგრევები. სასახლე სავარაუდოდ იყო ორ-სამ სართულიანი და კუთხეებში დატანებული ჯქონდა კოშკები. ნათლად იკვეთება დარბაზების, სვეტების და საკურთხევლის კვალი. აღმოჩენილია რკინის შამფურები, ყორღანები, ბრინჯაოს სასწორი, ქვევრის დეტალები, ხორბლის მარცვლები, სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, ნაპოვნია ოქროს მძივის პატარა დეტალი, ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის სამკაულები და მონეტები, ქვაზე ნაკვეთი ბორჯღალი და ვარსკვლავი, საქსოვი დაზგა, სელის, ბამბის და აბრეშუმის ქსოვილის ბოჭკოები. აღსანიშნავია თიხის ჭრჭელი, რომელიც ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდს. სასახლე სავარაუდოდ ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს არქიტექტურის და კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები: მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი, სამწევრისის ეკლესია, ყინწვისის კომპლექსი, ისტორიული სოფლები რუისი და ურბნისი. ქარელის მუნიციპალიტეტში ასევე არსებობს სოფელი დირბი. აქ მდებარეობს რამდენიმე ეკლესია დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია, დირბის წმინდა გიორგის ეკლესია, დირბის ყველაწმინდის ეკლესია, დირბის წმინდა თევდორეს ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ნასოფლარი აბუხალო, სადაც შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლიდან დასავლეთით, ფრიალო კლდეზე. მონასტრის დასავლეთი მხარე დაცულია მაღალი გალავნით. ძეგლი შედგება კლდეში ნაკვეთი, სხვადასხვა ზომის ერთმანეთთან დაკავშირებული რვა გამოქვაბულისგან. სოფელ საღოლაშენში მდებარეობს საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით და გადაკეთებულია XIX საუკუნეში. გაირჩევა ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრეულს მიეკუთვნება ეკლესიის გეგმა და კედლების ქვედა ნაწილები, რომლებიც ნაგები ყოფილა უხეშად ნატეხი, პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. შეკეთების დროს საშენ მასალად გამოყენებულია აგური, ნატეხი და რიყის ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. ეკლესიას სამხრეთით თავიდანვე თავიდანვე ჰქონია მინაშენი.

სოფელ ზღუდერში დგას ზღუდრის ეკლესია, ზღუდრის ღვთისმშობლის ეკლესია და ზღუდრის წმინდა სტეფანეს ეკლესია. ასევე, ატოცში მდებარეობს ატოცის ციხე. გალავნის კედლის ქვედა ნაწილი (3-4 მეტრამდე) ყრუ და სქელია, ხოლო ზედა თხელია და ცალმაგი და ორმაგი სათოფურები აქვს. კედლის თხელი და სქელი ნაწილების ზღვარზე გადის საბრძოლო ბილიკი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სამსართულიანი კოშკის თავზე, სავარაუდოდ, საბრძოლო ბანი იყო. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართული ყრუკედლებიანია, ამოვსებულია მიწით; მეორე სართულზე კოშკის ერთადერთი კარია, რომელიც ციხის ეზოში გადის. კარის პირდაპირ ბუხარია, დანარჩენ კედლებში - სათოფურები.

ქარელიდან 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი ორთუბანი, სადაც დგას ძამის ციხე. ამ ადგილას მდებარეობდა ისტორიული ქალაქი მძოვრეთი. ძამის ციხე ძამისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. იგი კონტროლს უწევდა თრიალეთ-ზემო ქართლის ერთ-ერთ ძირითად გზას. X საუკუნეში ერთხანს აქ, ძამელ მთავარ ადარნასესთან, თავს აფარებდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) სამეფო ტახტის პრეტენდენტი თეოდოსი (მეფობაში თეოდოს III). XIII საუკუნეში ძამის ციხეს ფლობდა ახალქალაქის (ჯავახეთის) ერისთავთერისთავი თორელი გამრეკელი კახას ძე. XIV საუკუნის დასაწყისში ძამის ციხე დაიკავა ოსების „ბაყათარმა“ (ბელადმა), მაგრამ სამცხის მთავარმა მონღოლების ხელშეწყობით გაათავისუფლა. XVII საუკუნის 40-იან წლებში ძამის ციხეში გამაგრდა ქართლის მეფის როსტომის წინააღმდეგ აჯანყებული ფეოდალი ნოდარ ციციშვილი. მეფემ ციხის აღება ვერ შეძლო.

იმერხევში მდებარეობს ძაძვის კომპლექსი. იგი თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით, ნახმარია ქვიშაქვის პირგათლილი ლოდებიც, კონსტრუქციული ნაწილები და წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული შირიმის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია არქიტრავით. სამხრეთ შესასვლელი ძალიან ფართოა. ეკლესია დაბალი და განიერია. ნალისებრი აფსიდი ღრმა და ფართოა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია დიდი, ინტერიერისკენ გაფართოებული სარკმელი. საკურთხეველს ფაქიზად შესრულებული გეომეტრიული და ფოთლოვანი ორნამენტით შემკული რვაწახნაგასვეტებიანი მოჩუქურთმებული კანკელი ჰქონია. კანკელი ეკლესიის თანადროულია. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში იგი შეუკეთებიათ და ახალი დეტალებით შეუვსიათ. დარბაზის გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. სამხრეთ შესასვლელის წირთხლები შემკულია მოყავისფრო საღებავით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტით. დასავლეთ კედლის კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
  3. Ethnic composition of Georgia 2014
  4. georgia-religion2014
  5. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  6. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-18[მკვდარი ბმული]
  8. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-18[მკვდარი ბმული]