მძოვრეთი — ისტორიული ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ქარელის რაიონში, ქარელის სამხრეთით 15 კმ-ზე, მდ. ძამის ხეობაში. მოიცავდა ახლანდელი სოფლების — ორთუბნის, წითელსოფლისა და სუქანაანთუბნის ტერიტორიას.

მძოვრეთის ციხე

მძოვრეთი ძამისხევის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო (წყაროებში ძამისხევი ზოგჯერ მძოვრეთისხევის სახელწოდებითაც მოიხსენიება). XIV საუკუნეში ფანასკერტელთა ფეოდალურ საგვარეულომ მძოვრეთისხევში მამულები მიიღო. ძამისციხის ქვემოთ, მთის ძირას იყო მათი სასახლე-რეზიდენცია. აქ გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა. მძოვრეთში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (XV ს.), ნოდარ ციციშვილი (XVII ს.), ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ინტერპოლატორი ნანუჩა (მანუჩარ) ციციშვილი (XVII ს.), ზაზა ციციშვილი (XVII ს.), რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული რუსთაველის პოემის ერთ-ერთი უძვირფასესი, ე. წ. „ზაზასეული“, ხელნაწერი, პოეტი ევსტათი ციციშვილი (XVIII-XIX სს) და სხვა.

მძოვრეთის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში შედის სასახლე, კოშკი, ეკლესია სამრეკლო და სხვა, რომლებიც ძირითადად XVII საუკუნეშია აგებული. სასახლე წარმოადგენდა საკმაოდ ვრცელ ერთსართულიან ნაგებობას. მეორე, ასეთივე ერთსართულიანი ნაგებობა მიდგმული იყო ჩრდილოეთის შვიდსართულიან კოშკზე, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც საცხოვრებლად, ისე თავდასაცავად. ანსამბლის სამხრეთ-დასავლეთით დგას საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია. მისთვის დასავლეთიდან მოგვიანებით მიუშენებიათ სამსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენს, მეორე - საცხოვრებელს, ხოლო მესამე - ღია თაღოვან ფანჩატურს. ანსამბლს გარს ერტყა გალავანი. გალავნის გარეთ, მდინარესთან, დგას ოთხი მხრივ თაღებით გახსნილი შენობა, როგორც ჩანს, საბჭო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტატიშვილი თ., საღარაძე შ., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 260-261.