ზღუდრის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში. დგას სოფლის განაპირას, მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე. გაირჩევა სამი სამშენებლო ფენა: VI-VII საუკუნეების (სამნავიანი ბაზილიკა), X საუკუნის (სამეკლესიანი ბაზილიკა) და XIII-XIV საუკუნეების მიჯნის (რესტავრაცია).

ეკლესია (13,6 X 11,5 მ) გეგმით სამეკლესიანი ბაზილიკაა, ნაგებია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. ახლანდელი ეკლესიის მშენებელს ნაგებობისათვის გამოუყენებია ადრე არსებული შენობის (სამნავიანი ბაზილიკის) ნაწილები -საკურთხევლის აფსიდი და ჯვრისებრი კვეთის ორი წყვილი სვეტი მათზე გადაყვანილი თაღებით (ისინი კედლის წყობაშია ჩართული, ისე როგორც პილასტრები და კედლის თაღები).

ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. შესასვლელზე მიშენებულია სამნაწილიანი კარიბჭე, რომლის შუა ნაწილი ამაღლებულია. შუა ეკლესია ფართო და მაღალია, წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრებითა და კედლის თაღებით დანაწილებულია სამ მონაკვეთად. ჩრდილოეთ ეკლესია ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ორივე სათავსი დამოუკიდებელი გასასვლელებით მთავარ ეკლესიას უკავშირდება. აღმოსავლეთ სათავსში სამკვეთლო იყო, დასავლეთისაში - ცალკე ეკლესია. სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილიც ცალკე ეკლესიაა, რომელშიც კარიბჭიდან შეიძლება შესვლა.

ორივე გვერდის ეკლესიის კედლებში, აფსიდის მხარეს, მთელ სიმაღლეზე დატანებულია ნიშები, რომლებიც იწყებოდა იატაკიდან და შეკრული იყო ნახევარწრიული თაღით. თაღის დასავლეთ ქუსლი ეყრდნობოდა ნიშის კუთხეს, ხოლო აღმოსავლეთის - კედელში ჩასმულ იმპოსტებს. ორივე ეკლესიას ცილინდრული კამარა (თავიდან თლილი ქვისა იყო, შეკეთებულია რიყის ქვით) და აღმოსავლეთით თითო სარკმელი ჰქონდა (სამხრეთ სათავსს ერთი სარკმელი სამხრეთიდანაც ჰქონია).

ფასადებზე შეინიშნება კედლის პერანგის ნაშთი და დეკორის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის თაღოვან სარკმელს ორნამენტიანი საპირე (XII-XIV სს. მიჯნა) და ჰორიზონტალურგადანაკეციანი სათაური (VI-VII სს.) აქვს. სარკმლის სათაურის მარჯვნივ, კედელში ჯვრის რელიეფური ფილაა (VI- VII სს.). აფსიდის სარკმელთან ჩართულია მცენარეული ორნამენტით მორთული როზეტი (სამნავიანი ბაზილიკიდანაა). კარიბჭიდან შუა ეკლესიაში შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია ვაზი (X ს.).

ლიტერატურა

რედაქტირება