დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი — საეკლესიო კომპლექსი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ადგილ სერებში. თარიღდება ადრინდელი და გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები.

დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ხედი
ლაშა ხაჩიძის ფოტო

ღვთისმშობლის ეკლესია (7,7 X 10,3 მ) ამჟამად სამნავიანი ბაზილიკაა. თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზული ნაგებობა ყოფილა, რომლისგანაც პირვანდელი სახით გადარჩენილია აღმოსავლეთ ფასადი მთლიანად, დასავლეთ ფასადის ნაწილი და ინტერიერის ზოგიერთი მონაკვეთი. როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ. ეკლესია ნაგები იყო კარგად დამუშავებული მოზრდილი შინდისფერი ბაზალტის კვადრებით; გადაკეთების დროს გამოყენებულია აგური. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ მინაშენიდანაა. შექმნილი სივრცე გაყოფილია სამ ნავად. გვერდის და შუა ნავებს ჰყოფს წყვილი ნახევარწრიული თაღი. თაღები მასიურ ოთხკუთხა ბურჯებსა და აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებს ეყრდნობა. ინტერიერის თავდაპირველი სიმაღლე შენარჩუნებულია. სამივე ნავს აღმოსავლეთით წრის მეოთხედის ფორმის მცირე აფსიდები აქვს. აფსიდების თაღები შეისრულია. აფსიდების წინ აგურის შელესილი დაბალი კანკელები დგას. ეკლესიის კედლები შელესილი და მთლიანად მოხატული ყოფილა.

ეკლესია იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტერს ეკუთვნოდა.[1]

მოხატულობა

რედაქტირება

შუა ნავის საკურთხეველში, ჩრდილოეთ კედელზე და ბოძებზე შემონახულია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ქვედა ორი რეგისტრი: ზემოთ - მოცoქულთა ზoარება (მოციქულები, ადგილის სიმცირის გამო, მუხლზევით არიან გამოსახული, რის გამოც კომპოზიცია სიმჭიდროვის და დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას ტოვებს), ქვემოთ - ეკლესიის მამანი გრაგნილებით ხელში. საკურთხევლის სარკმლის წირთხლზე ანგელოზის ფრთის ფრაგმენტი ჩანს. მოხატულია კანკელის ზედა ნაწილიც: კედლის ზედაპირიდან რამდენადმე ჩაღრმავებულ ფონზე ორ რიგად წარმოდგენილია წმინდანთა ბიუსტები. თითოეული გამოსახულება სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული (ჩარჩო გამოყვანილია ნალესობით). ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე შემორჩენილია მოწითალო-ყავისფერი საღებავით შესრულებული რვასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა (დაფარულია ბათქაშით), ხოლო დასავლეთ მონაკვეთზე - ცხენზე შუბშემართული წმ. გიორგის ფიგურა, ოდნავ ქვემოთ დიოკლიტიანეს გამოსახულება გაირჩევა. ეკლესიის ბოძების ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს წმინდა მეომართა დიდი ზომის ფიგურებია. ქვემოთ მოხატულობას მთელ სიგრძეზე გასდევს იატაკიდან დიდი მანძილით დაცილებული ორნამენტის ფართო ზოლი. პილასტრებისა და ბურჯების ვიწრო მხრები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. კოლორიტი მონაცრისფრო-ცისფერ, ყვითელ, მოვარდისფრო-ყავისფერ, თეთრ და ღია მწვანე ფერთა შეხამებაზეა აგებული. აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში საკურთხევლის სარკმლის ზედა არე ჩუქურთმითაა მორთული. ჩუქურთმა ჩასმულია წრიულ ჩარჩოში (წრეს მხოლოდ ერთი მეოთხედი აკლია სარკმლის ჭრილის გასწვრივ), რომელიც სარკმლის ზედა თაღოვან ნაწილთან ერთად ერთ სწორკუთხა ქვაშია ამოკვეთილი. სარკმლის დანარჩენი არე მოურთველია. წრეში უსისტემოდაა მოცემული სხვადასხვა ზომის სხვადასხვა მოტივი. ერთ კუთხეში ადამიანის წელზედა დაყირავებული გამოსახულებაც გაირჩევა. ზედა მარჯვენა კუთხეში ვრცელი ასომთავრული წარწერაა (იკითხება ცალკეული სიტყვები). ორნამენტებისა და წარწერის კვეთა გრაფიკულია. ამ ფასადის თაროსებრი მასიური ლავგარდნებიც ადრინდელი ფეოდალური ხანისაა.

მიშენებები

რედაქტირება

ეკლესია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. სამხრეთით და ჩრდილოეთით მისთვის მთელ სივრცეზე მინაშენები მიუდგამთ და მთელი ნაგებობა ერთ ან ორფერდა სახურავქვეშ მოუქცევიათ. ძველი ეკლესიის ფრონტონის კუთხე დატოვებულია უცვლელად.

ეკლესიას მიშენებული აქვს ლავგარდანი და კედელი. საშენ მასალად ძველი ეკლესიის მსგავსია გამოყენებულია, მაგრამ უხარისხოდ დამუშავებული. კედლის წყობა ძველისაგან აშკარად განსხვავებულია. მინაშენების კედლები ფასადის ცენტრალურ (ძველ) ნაწილთან გადაბმული არ არის. სამხრეთ მონაშენის აღმოსავლეთის ფასადის ცენრში სომხურწარწერიანი ჯვრები (ხაჩქარები) არის ჩასმული. მინაშენის სამხრეთი ფასადი აგურითაა ნაშენი და მორთულია დეკორატიული ისრული თაღებით.

სამრეკლო

რედაქტირება

ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის წინ, ორიოდ მეტრზე ორსართულიანი სამრეკლო (5,2 X 4,8 მ) დგას. აშენებულია XVII საუკუნეში, ეკლესიის გადაკეთების დროს. ნაგებია აგურით. კედლები გარედან შელესილი ყოფილა. სამრეკლო კუბური ფორმის მასიური ნაგებობაა. მისი ქვედა სართული გახსნილია ფართო თაღებით. კედლებში II სართულზე ასასვლელი ვიწრო კიბეა დატანებული. II სართული ღია ფანჩატურს წარმოადგენს, გადახურულია კირხსნარით დაბეტონებული მასიური ისრული გუმბათით, რომელსაც კონუსური სახურავი ადგას. პირველი სართულის დასავლეთ ფასადის კუთხეში, მომწვანო ფერის ოთხკუთხა ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა.

გალავანი

რედაქტირება

კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი. კომპლექსის დანარჩენი ნაგებობების ნაშთები გალავნის გარეთ (80 მ-ზე) მდებარეობს.

ნასოფლარი

რედაქტირება

კომპლექსში შემავალი ნასოფლარის ფართობი 2,5 ჰექტარია. აქ იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ქვევრის პირგვერდის ფრაგმენტები, აქვეა მარანი ჩამტვრეული ქვევრებით. მიწითაა დაფარული სამეურნეო ნაგებობების ნაშთების დიდი ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 11, ISBN 5-520-00154-5.