დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია
დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (9,6 X 4 მ), ნაგებია უხეშად დატეხილი, პირგათლილი მოზრდილი ლოდებით, დარბაზის პილასტრები და სატრიუმფო თაღი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის გვერდებზე ღრმად შეჭრილი ნახევარწრიული ნიშებია. თითოეული ნიში 2 მეტრის სიმაღლისაა და იწყება იატაკიდან 0,3 მეტრზე, აქვს ბრტყელი გადახურვა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. თაღის ქუსლებთან ქვის თაროსებრი კაპიტელებია.
მოხატულობა
რედაქტირებადარბაზის კედლები და კამარა მთლიანად იყო შელესილი და მოხატული. ამჟამად შემორჩენილია აფსიდის კომპოზიცია და მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები სამხრეთ კედელზე. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრების კომპოზიცია. ქრისტე ზის ორნამენტით და ძვირფასი ქვებით შემკულ ტახტზე. იგი მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში უჭირავს გადაშლილი სახარება, რომელშიც იკითხება ასომთავრულით შესრულებული ტექსტი. სამხრეთ კედელზე გაირჩევა სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცის ფიგურა, ცხენოსანი და მის უკან კიდევ ორი გამოსახულება. პილასტრების ვიწრო მხარეებზე შემორჩენილია კიბისებრი და მცენარეული ორნამენტი. ნახატი ოსტატურია, კოლორიტი მონაცრისფრო, შავი, მოწითალო-ყავისფერი. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მხატვრობა განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება.
ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ფასადების გლუვი კედლები გაცოცხლებულია თავისებური წყობით. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია ორი დიდი სამკუთხა ლოდი. ნაგებობას შემოვლებული აქვს თაროსებრი მასიური ლავგარდანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 369-370.