სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვანი (მრავალმნიშვნელოვანი).

დვანისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დვანი, ტახტისძირი).

სოფელი
დვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი დვანი
კოორდინატები 42°09′29″ ჩ. გ. 43°52′44″ ა. გ. / 42.15806° ჩ. გ. 43.87889° ა. გ. / 42.15806; 43.87889
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 763[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,1 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დვანი — საქართველო
დვანი
დვანი — შიდა ქართლი
დვანი
დვანი — ქარელის მუნიციპალიტეტი
დვანი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირზე, ზღვის დონიდან 780 მ-ზე, ქარელიდან 20 კმ-ში.[2]

ივარაუდება, რომ დვანი ფრონის ხეობის ცენტრი იყო გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში. წინა- და ადრეფეოდალურ ხანაში მის დაწინაურებაზე უნდა მიუთითებდეს VII საუკუნის სომხური გეოგრაფია, რომელიც „დვანის ველად“ მოიხსენიებს ფრონისპირეთს.[3] მოსახლეობა ადრე მაღლობზე ყოფილა, თუმცა უწყლოობის გამო შემდეგ დაბლობზე, ფრონის ნაპირზე გადასულა.[4]

ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში დვანი ქართლის საერისთავთერისთავოში შედიოდა, ხოლო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ (XVI საუკუნიდან) — ქსნის ერისთავთა სათავადოში.[5] სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[6] 1804 წლისათვის დვანში 8 კომლი ცხოვრობდა, რომელიც ფავლენიშვილებს ეკუთვნოდა.[4] 1921 წლამდე შედიოდა წუნარის თემში. 1921 წელს შევიდა დირბის თემში.

სოფელი მდებარეობს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დვანი იყო ერთ-ერთი პირველი სოფელი, რომელიც ცხინვალიდან ინტენსიურად დაიბომბა 6-7 აგვისტოს. 2013 წელს სოფელი დააზარალა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულმა ე. წ. ბორდერიზაციამ — საზღვრის უკანონო მონიშვნამ.[7]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 763 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[8] 1002 489 513
2014[1]   763 374 389

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 1 კმ-ზე, კონუსური მთის წვერზე, მდებარეობს კუპელჰალეს სტილის კოხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია. იგი სტილისტური ნიშნებით თარიღდება VI საუკუნის III მეოთხედით. ეკლესიაში იმართებოდა რიტუალური დღესასწაული — ხატობა, ე.წ. კვართობა.[5]

აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით დასტურდება აქ სკვითებისა და კიმერიელების კვალი (იხ. აგრ. სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები).[5] შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ დვანში მიაკვლია ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორებს.[9]

დვანთან ახლოს გაითხარა სატაძრო კომპლექსი „დედოფლის მინდორი“, რომელიც ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება. ივარაუდება, რომ გვიანბრინჯაოს ხანაში ფრონის ხეობის ცენტრი იყო დვანი, ანტიკურ ხანაში კი დედოფლის მინდორი.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 491.
  3. 3.0 3.1 გვასალია, 1989, გვ. 9–10
  4. 4.0 4.1 გვასალია, 1989, გვ. 11
  5. 5.0 5.1 5.2 კახაძე კ. და სხვ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 366–367.
  6. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  7. დვანი საერთაშორისო რეაქციის მოლოდინში. „რადიო თავისუფლება“, სექტემბერი 24, 2013.
  8. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  9. გვასალია, 1989, გვ. 8