სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები

სკვითებისა და კიმერიელების შემოსევებირუსეთის სტეპებში და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ტომების შემოსევები სამხრეთ კავკასიაში ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში. სკვითებსა და კიმერიელებს უერთდებოდნენ ძველაღმოსავლური სახელმწიფოებისაგან შევიწროებული უფრო სამხრეთით მცხოვრები მცირე ტომები, რამაც გაზარდა ამ შემოსევების სიძლიერე.

ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში სტეპის ზონებიდან ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ მომთაბარე ინდოევროპული ტომები — კიმერიელები (ბერძ. Κιμμέριοι, დაკავშირებულნი ქალღმერთ კიმერისთან, ლათინ. Cimmerii). ძვ. წ. VII საუკუნეში დაიპყრეს მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონი. ჩრდილო შავიზღვისპირეთის რკინის ხანის ეგრეთ წოდებული „სკვითებამდელი“ ხალხების პირობითი სახელწოდება იყო „გიმირრუ“, ასურული ტექსტების მიხედვით. ხშირად მოიხსენიებიან ჩრდილო შავიზღვისპირეთის არქეოლოგიურ კულტურებში, მიეკუთვნებიან ადრეულ რკინის ხანის პერიოდს, შესაბამისად, ეს პერიოდი – „კიმერიული ეპოქის“ (ძვ. წ. XI—VII საუკუნეები) სახელს ატარებს.

ძვ. წ. VIII საუკუნესკვითების (ბერძ. Σκύθης, Σκύθοι) შედარებით საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული დასაბამია. სკვითების საერთო ძალები თავს იყრიან ჩრდილო შავიზღვისპირეთში, კიმერიელების მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ. ძვ. წ. VII საუკუნეში სკვითებმა ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან მცირე აზიამდე შეავიწროეს კიმერიელები. ძვ. წ. VII საუკუნის 70-ან წლებში სკვითები შეიჭრნენ მიდიაში, სირიაში, პალესტინაში და, ჰეროდოტეს ცნობით, «დომინირებდნენ» წინა აზიაში, შექმნეს სკვითების სამეფო – იშკუზა, მაგრამ ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში იქიდან შევიწროვდნენ. სკვითების ყოფნის კვალი შეინიშნება ჩრდილო კავკასიაში.

სკვითებისა და კიმერიელების შემოსევა რამდენიმე ნაკადად მოხდა:

  1. ძვ. წ. VIII საუკუნის 30-20-იან წლებში წინა აზიის, მეოტიდა-კოლხეთის სამეფოს გზით, აზოვისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებით შემოესიენ კიმერიელები.
  2. ცოტა უფრო გვიან, დერბენდის გავლით, კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროდან წინა აზიაში მოვიდნენ სკვითები.
  3. როგორც ჩანს, მათი შემოსევები მოხდა, აგრეთვე დარიალით და კავკასიონის სხვა გადასასვლელებით, რაზეც მიუთითებს არქეოლოგიური მასალა.

კიმერიელების შემოსევის შესახებ უძველესი ცნობები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II დიდის (ძვ. წ. 722-705 წწ.) დროის დოკუმენტებში. სადაც საუბარია ძვ. წ. 715 წელს ურარტუელების სასტიკ დამარცხებაზე კიმერიელებთან ბრძოლაში. გამარჯვებული კიმერიელები დასახლდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ ამიერკავკასიაში[1].

ვიდრე ურარტუს, კაპადოკიას ან თრიალეთს მიაღწევდნენ, კიმერიელებს უნდა გაევლოთ კოლხეთის სამეფოზე, სავარაუდოდ კიმერიელებმა სასტიკად დაარბიეს კოლხეთი. კოლხეთის სამეფოს დასუსტებით ისარგებლეს მეზობელმა ტომებმა და ამ სამეფოს კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გავრცელდნენ. შესაძლოა ამ დროს მოხდა კლარჯების (ქათარზა) ზღვისპირა ზოლში გამოჩენა ან ვიტერუხის (ზღვისპირა ბიძერები, სამცხის ოძრახე) და სხვათა ჩრდილოეთით გადასახლება.

სკვითებისა და კიმერიელების ნაკვალევი კარგად ჩანს არქეოლოგიურ მასალაშიც. კერძოდ სამხრეთ კავკასიის ბევრ ქვეყანაში აღმოჩენილია სკვითური ტიპის იარაღი (აკინაკები, ისრისპირები), ნაპოვნია სამარხები სკვითური ინვენტარით: წიწამურთან, სამთავროში (მცხეთაში), ბეშთაშენთან (თრიალეთში); სამაროვნები: დვანში, კულანურხვაში (გუდაუთასთან), სკვითური იარაღი სოფელ კოლხიდასთან (გაგრა), ახალი ათონის მიდამოებში და სხვა.

დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი სკვითური მასალა კარმირბლურზე (სომხეთი) და მინგეჩაურში (აზერბაიჯანი) წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს.

აღნიშნულმა ლაშქრობებმა გამოიწვია კოლხეთის სამეფოს დასუსტება, რამაც ხელი შეუწყო კოლხეთში მცხოვრები ტომების ადგილგადანაცვლებას და მათ იზოლაციას ერთმანეთისაგან. კოლხეთის სამეფომ დაკარგა სამხრეთი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა განაგრძობდა არსებობას და სავარაუდოდ ამ დროს ხდება კოლხეთის პოლიტიკური ცენტრის გადანაცვლება ჭოროხის ხეობიდან რიონის აუზში.

ვიკიციტატა
„ვანის ტბის მიდამოებში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ფარები. რამდენიმე მათგანს შემდეგი წარწერა აქვს:

"ხალდის მრავალრიცხოვან შვილთ, რუსას, ძეს ერიმენასისას, ძლევამოსილ მეფეს, მეფეს, რომლის სატახტო ქალაქია თუშმა, ხალდის მრავალრიცხოვან შვილთ, რუსას, არგიშთის შთამომავალს, ძლევამოსილ მეფეს, რომლის სატახტო ქალაქია თუშმა".

ეს არგიშთი რიგით მეორე უნდა იყოს ამ სახელის მქონე მეფეთაგან, რუსა კი - ურარტუს უკანასკნელი ან ერთ-ერთი უკანასკნელი მეფე. დადგა აღსასრული ალაროდიელთა იმპერიისა, რომელიც ასურეთის კოლოსალურ ძლიერებას დაუპირისპირდა და მასზე გაცილებით სიცოცხლისუნარიანიც გამოდგა. სკვითებისა და კიმერიელების განუწყვეტელი შემოსევებისა (624-617) და ამბოხებების შედეგად, რომელთა გარემოებანი უცნობია, ალაროდიელებს ხელიდან გამოეცალათ ძალა, რომელიც ახალმოსულ ტომებზე - არმენებზე გადავიდა. ამათი პირველი გამოჩენა კიროსის (560-529) თანამედროვის, ტიგრან I-ის მოღვაწეობაში აისახა. ამ დროიდან ცნობები არმენიის ქართველთა შესახებ აღარ მოგვეპოვება, ვინაიდან მათ იქ უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ პოლიტიკური არსებობა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია, ტ, I, თბ., 2008
  1. მათი აქ სახლობის ანარეკლია, მაგალითად, ის ფაქტი რომ კაპადოკია ძველ სომხურ წყაროებში კიმერიელთა სახელს - „გამორქ“ ატარებს. ასევე ერთ-ერთი კიმერიული ტომის - ტრერების (თრერების) სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოს ისტორიული თემის სახელი - თრიალეთი.