დარიალის ხეობა

(გადამისამართდა გვერდიდან დარიალი)
ტერმინს „დარიალი “ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დარიალი (ალმანახი).

დარიალის ხეობამდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

დარიალის ხეობა, ალ. როინაშვილის ფოტო, XIX საუკუნის მე-2 ნახევარი
მდინარე თერგი

სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), პტოლემე - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვა.

ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.

დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები. ხეობაში, მდ. თერგის მარჯვენა მხარეს, რუსეთ–საქართველოს საზღვრის მახლობლად, 2005 წელს დაიწყო მამათა სამონასტრო კომპლექსი მშენებლობა. 2011 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აქ აკურთხა წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ., 1966;
  • გვასალია ჯ., არაგვის კარი (დარიალანი), კრ.: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976;
  • მაკალათია ს., ხევი, ტფ., 1934;
  • ჯაყელი ქ., გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 385.