ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (ყოფ. ყაზბეგის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი უმთავრესად მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ხევის ტერიტორიას.

ადმინისტრაციული ერთეული
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
ადმ. ცენტრი სტეფანწმინდა
კოორდინატები 42°39′27″ ჩ. გ. 44°38′43″ ა. გ. / 42.65750° ჩ. გ. 44.64528° ა. გ. / 42.65750; 44.64528
ფართობი 1082 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3795 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 3,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,24 %
ოსები 0,34 %
რუსები 0,18 %
სომხები 0,08 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,53 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ისტორია რედაქტირება

ხევი საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ 1930 წლამდე შედიოდა დუშეთის მაზრის შემადგენლობაში. 1930 წელს შეიქმნა ყაზბეგის რაიონი. 1932 წლის მონაცემებით მასში შედიოდა 6 სასოფლო საბჭო. 1938 წლიდან იბეჭდებოდა ყაზბეგის რაიონული გაზეთი „ახალი ხევი“.

 
ყაზბეგის რაიონის გაზრდილი ტეროტორია საქართველოს სსრ-ში 1950 წ.

1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მოეწერა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მიზეზი იყო – სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბრძანებულების

  • პირველი პუნქტი ეხებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებასა და მოსახლეობის გადასახლებას,
  • მეორე პუნქტი – გროზნის ოლქის შექმნას,
  • მესამე და მეოთხე – ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დანაწილებას ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს შორის.
  • მეხუთეში კი ნათქვამი იყო:
...შევიდეს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემდეგი რაიონები: ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან – ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

ეს ნორმატიული აქტი, როგორც სხვა, გაზეთებში არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების საქართველოსადმი შემოერთების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში ერთიანდებოდა.

ბრძანებულების

  • მესამე პუნქტით განისაზღვრა საქართველოსა და რსფსრ-ს შორის შეცვლილი საზღვრის ახალი ხაზი, რომელიც დეტალურად იყო აღწერილი.
  • მეოთხე პუნქტში ნათქვამი იყო: „ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონის ცენტრს – სოფელ ითუმ-ყალეს სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ახალხევი“.

იმავე ნორმატიული აქტით ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილები შეუერთდა საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონს.

ბრაძანებულება

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონში ზოგიერთი სასოფლო საბჭოს შექმნისა, გაყოფისა, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი სოფლის გადარქმევის შესახებ.

საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიის შეტანასთან დაკავშირებით.

1. ყაზბეგის რაიონის ახალ ტერიტორიაზე შეიქმნას შემდეგის საოფლო საბჭოები:

ა) დარიალისა,

ბ) ახალსოფლისა,

გ) ლარსისა.

2. სოფლების დაქსაქსულობისა და მეურნეობათა სიმრავლის გამო, არშის სასოფლო საბჭო გაიყოს ორ სასოფლო საბჭოდ:

ა) სიონისა — ცენტრი სოფელ სიონში, შემდეგი სოფლების შემადგენლობით: სიონი, არშა, გარბანი, აჩხოტი, ვარდისუბანი, თოთი, გაიბოტენი, ანდეზიტი;

ბ) გოროსციხისა — ცენტრი სოფელ გორისციხეში, შემდეგი სოფლების შემადგენლობით: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ყანობი, ხურთისი.

3. მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სხვა სოფლებში გადასახლების გამო, ლიკვიდირებულ იქნას გუდაურის საოფლო საბჭო, ხოლო დარჩენილი მეურნეობები გადაეცეს კობის სასოფლო საბჭოს.

4. სახელწოდება შეეცვალოს და დაერქვას სოფლებს:

ა) დარიალის სასოფლო საბჭოში:

ჯარიარხს — დარიალი (სასოფლო საბჭოს ცენტრი)

ფორტაუხს — თამარიანი

პამეტს — განახლება

ზემო ოზმას — შრომა

ქვემო ოზმას — თერგულა

ბეინახს — მთისძირი.

ბ) ახალ სოფლის სასოფლო საბჭოში:

ხამხის — ახალსოფელი (სასოფლო საბჭოს ცენტრი)

გ) ლარსის სასოფლო საბჭოში:

ძველ ლარსს — ლარსი (სასოფლო საბჭოს ცენტრი)

დ) კურორტ არმხის — კურორტი დარიალი.

—საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. სტურუა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. ეგნატაშვილი. 1944 წლის 3 ივლისი , ქ. თბილისი.

1970 წლისთვის ყაზბეგი რაიონში 5 სასოფლო საბჭო არსებობდა.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად.[3] სსიპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 241499473) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 14 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2014 წლის 26 სექტემბერი.[4]

გეოგრაფია რედაქტირება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთით ისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტით, სამხრეთით საზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ფართობია 1081,7 კმ².[5][6]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში (1700 მ-ის ფარგლებში) ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ-ს აღწევს. 3600 მ-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული.[5]

ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტბებით. აღსანიშნავია ყელიცადის ტბა, არჩვების ტბა და სხვა. მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კმ²). მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეთისა და დევდარაკის მყინვარები.[5]

მუნიციპალიტეტში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეა თოვლის ზვავები, ღვარცოფი, წყალდიდობა და მდინარეთა ნაპირების წარეცხვა. მეწყრული მოვლენები მუნიციპალიტეტში ნაკლებადაა გავრცელებული. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ღვარცოფები მდინარეთა მაღლა წელში იცის და ძირითადად სათიბ-საძოვრებს აზიანებს. წყალდიდობის ზონაში კი ძირითადად სოფელი კარკუჩა ხვდება.[5]

რელიეფი რედაქტირება

 
სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რელიეფი მაღალმთიან ხასიათს ატარებს. რელიეფი ძირითადად კლდოვანი და ძნელად მისადგომია. განვითარებულია ეროზიული, ვულკანური და ძველ მყინვარული რელიეფის ფორმები. სპორადულად გვხვდება კარსტიც.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი და აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან — ხოხის ქედი.

ხევის კავკასიონი ვრცელდება მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და იგი მოიცავს მდინარე თერგის ზემო დინების აუზს. გვხვდება დელუვიონი და ეფუზივები. ხევის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები: ესიქომი (3572 მ), საძელე (3307 მ), ქვენამთა (3152 მ) და ქაბარჯინა (3141 მ). გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ჯვარი (2379 მ), რომელზედაც გადადის საქართველოს სამხედრო გზა.

შანის ქედი — წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებას. იგი მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადების ხდისწყლისა და არმხის წყალგამყოფი მერიდიანული ქედია. შანის ქედი მის უდიდეს ნაწილში რთული რელიეფით ხასიათდება, რაც გამოიხატება მის უსწორასწორო პროფილში. აქ მდებარე უმეტესი მწვერვალები ძნელად მისადგომი, ციცაბოკალთებიანი და კლდოვანია. შანის ქედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შანის მასივი, რომელზეც აღმართულია ქედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მწვერვალები. უმაღლესი მწვერვალია შანი (4451 მ). სხვა მწვერვალებია: აკაკი წერეთლის მწვერვალი (3780 მ), ილია ჭავჭავაძის მწვერვალი (3800 მ) და სხვ. 1953 წელს ქედის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი დაერქვა. შანის ქედზე არის მცირე მყინვარები. მყინვარებისაგან განთავისუფლებული ადგილები მოფენილია მორენული მასალით (ღორღებითა და სხვ.).

ყუროს ქედი — წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ განშტოებას, რომელიც ჰყოფს მდინარეებს თერგსა და ხდეს. ყუროს ქედის უმაღლესი წერტილია ყუროსწვერი (4091 მ). ქედზე მდებარე სხვა მწვერვალებიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს შინო (4048 მ), რომელიც წარმოადგენს თოვლით შესელილ ციცაბოკალთებიან პირამიდას. ქედზე გაბატონებულია ეროზიული და მყინვარული ფორმები. ზოგან კალთებზე გვხვდება მომცრო მყინვარები. ყუროს ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, რომელიც გამსჭვალულია კრისტალების შემცველი კვარცის ძარღვებით.

კიდეგანის ქედი — გამოეყოფა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილს. მთავარ ქედს იგი გამოეყოფა საძელისღელის უღელტეხილთან შემდეგ ვრცელდება ჩრდილოეთისაკენ და უკვე ინგუშეთის ფარგლებში ებჯინება 375 კმ სიგრძის კუესტისებურ კლდოვან ქედს. აღმართულია მწვერვალები: კიდეგანისმაღალი (4275 მ), ვაჟა-ფშაველას მწვერვალი (4200 მ), გველისმთა (3970 მ), საამღოსმაღალი (3884 მ), თათელისმაღალი (3755 მ). არის მყინვარები, მ.შ. ყველაზე მთავარია მყინვარი კიდეგანა.

შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები ერთიანდება ხდის მთათა ჯგუფში.

 
მყინვარწვერი

ხოხის ქედი — წარმოადგენს კავკასიონის გვერდით ჩრდილო ქედს. თრუსოს ქედი აკავშირებს კავკასიონის მთავარ ქედთან. იგი აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე ვრცელი გამყინვარებით ხასიათდება. მასზე აღმართულია მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი წერტილი — მყინვარწვერი (5047 მ), რომელიც მძლავრი გამყინვარებით ხასიათდება. იგი ითვლება ჩამქრალ ვულკანურ კონუსად. ბოლო ხანებში ამ რაიონის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა დათბობა, რამაც გამოიწვია მყინვარების ფართობის შემცირება. ხოხის ქედზეა მწვერვალები: მაილი (4506 მ), ჯიმარაიხოხი (4780 მ), სუათისი (4466 მ), ჩათა (4099 მ), ორწვერი (4222 მ), წითიხოხი (3905 მ), სივერაუტი (3767 მ), სირხისარი (3662 მ) და სხვ.

გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მაილის უღელტეხილი (4400 მ), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ უღელტეხილს საქართველოს ფარგლებში.

ხოხის ქედის ღერძული ზოლი აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კალთები აგებულია იურული წყებებით. ხოხის ქედის შტოქედებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ორწვერის ქედი, რომელზეც აღმართულია მწვერვალი შავნაბადა (3683).

ხოხის ქედი აღმოსავლეთით მთავრდება მყინვარწვერის მასივით, რომელსაც გააჩნია საკმაო ბევრი მოკლე შტოქედი, მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ბართქორთი და არჩქორთი. მასივის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს მთა ტყარშეტი (3360 მ), რომელსაც გააჩნია ვულკანური აღნაგობა. მთიდან ეშვება ამავე სახელწოდების ვულკანური ნაკადი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, შემდეგ მდინარემ ნაკადი გაჭრა და შექმნა ტყარშეტის კანიონი. მყინვარწვერის მასივზე ძირითადად არის ვულკანურო ფორმები.

 
დარიალის ხეობა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მდინარე თერგის ხეობის ერთ-ერთი მონაკვეთი კასარა ანუ კასრისხევი, რომელსაც ახასიათებს ვიწრო კლდეკარისებრი მოყვანილობა. კასარას ეროზიული კლდეკარი გაჩენილია მთა მცირე ხორისარიდან ცამოსული 8 კმ სიგრძის ლავური ღვარის შედეგად. კასარა ვრცელდება 2-3 კმ-ზე.

მდინარე თერგს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში აქვს ორი ხეობის მონაკვეთი — დარიალი და თრუსო.

დარიალის ხეობა წარმოადგენს თერგის ხეობის ანტეცედენტურ მონაკვეთს, რომელიც 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი. დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტოიდები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია.

თრუსოს ხეობა — მოქცეულია კავკასიონის მთავარსა და ხოხის ქედს შორის. ხეობა იწყება თრუსოს უღელტეხილთან და თავდება დაახლ. ა.გ. 44° 30′-სთან. აქვს 25 კმ სიგრძე. მისი უდაბლესი ნაწილი 2000 მეტრზეა. თრუსოს ხეობა აგებულია იურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით.

შიგა წყლები რედაქტირება

ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგის გამოკლებით), თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან ვულკანური გენეზისი აქვთ და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.

მყინვარებს ახასიათებს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრია მინერალური წყაროებიც. არის დიდდებიტიაანი წყლებიც.

 
თერგი

მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. სათავიდან შესართავამდე თერგის სიგრძე 623 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი — 43 200 კმ². საშუალო წლიური ჩამონადენია — 9,6 კმ³. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე თერგის მთავარი შენაკადებია: ამალი, დევდარაკი, თეფიდონი, ჩხერი, ჩხატი, სუათისი, მნაისისწყალი, ქესია, რესისწყალი, ყაბახი, ჯიმარისწყალი (მარცხ.); ესიქომი, არმხი, არხადონი, ბიდარა, დესიკომიდონი, ხდისწყალი, სნოსწყალი (მარჯვ.).

აღნიშნული მდინარეებიდან ყველაზე მეტი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა გააჩნიათ მდინარეებს: სნოსწყალს, ხდისწყალსა და ჩხერს.

სნოსწყალი იწყება ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მის სათავეს წარმოადგენენ მდინარეები ჯუთისწყალი (სიგრძე 13 კმ) და ქვენამთისწყალი (სიგრძე 4 კმ). სნოსწყლისა და მისი ორი მდგენელის ერთიანი სიგრძე თითქმის 45 კმ-ია. მდინარის ნიშნული სოფელ სნოსთან 1760 მ-ია, ახალციხესთან 1800 მ. მთავარი შენაკადებია: შინოსწყალი და ართხმოსწყალი.

მდინარე ხდისწყალი (სიგრძე 19 კმ) და მისი სათავეები მდებარეობენ მყინვარ კიბიშზე.

მდინარე ჩხერი (სიგრძე 10 კმ) იწყება ორწვერის ქედზე, მწვერვალ შავნაბადას კალთებზე, ზღვის დონიდან 3565 მ-ზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება აგრეთვე მდინარე მთიულეთის არაგვი.

მუნიციპალიტეტში უხვადაა ტბებიც და მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალი მდებარეობა აქვთ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია ვულკანური ყელიცადის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმეა 13,9 მ.

აღსანიშნავია ასევე არჩვების ტბა, რომელიც განლაგებულია ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3078 მ-ზე. სიღრმე დაახლ. 6 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაგვისთავის 3 ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია ქვემო არაგვისთავის ტბა (ფართობი 0,07 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,5 მ).

მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კვ.კმ). მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეთისა და დევდარაკის მყინვარები.

გერგეთი მდებარეობს მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მისი სიგრძე 7 კმ-ს ჭარბობს, ფართობი კი საკმაოდ ცვალებადია (მაგ., 1970-იანი წლების ბოლოსათვის გერგეთის ფართობი უდრიდა 11 კვ.კმ-ს, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს მისი ფართობი განისაზღვრებოდა 7 კვ.კმ-ით). იგი დაკიდული ხეობის ტიპისაა.

დევდარაკი მდებარეობს მდინარე ყაბახის სათავეში. აქვს 7 კმ სიგრძე და 7,6 კვ.კმ ფართობი. იგი ძირითადად ცნობილია თავისი პულსაციური მოქმედებით, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. იგი მიეკუთვნება ხეობის ტიპის მყინვარს. დევდარაკი ფრიად ლამაზი ლანდშაფტებით ხასიათდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის უფრო მცირე მყინვარებიც მ.შ. სუათისი, მნა, კიბიში, აბანო, ჩათა, შავანა, რესი და ა.შ.

მდინარე ერეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის შენაკადი) ეშვება ჩანჩქერი „ერეთო“, რომელსაც აქვს 45 მ სიმაღლე. აღსანიშნავია ასევე არშის წყალვარდნილი, რომელზედაც არსებობს საკმაოდ საინტერესო ლეგენდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლებიც. დიდდებიტიანი ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით გამოირჩევა თრუსოს ხეობა. ამას გარდა ხეობაში არის ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მნიშვნელოვანია ასევე ბიდარის ხეობაში არსებული წყლები.

ჰავა რედაქტირება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის სიმაღლებრივი ზონალობა: დაწყებული ზომიერ ნოტიოდან, დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავით.

ზღვის დონიდან 1740 მ-ზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი მშრალი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9 °C, იანვრის -5,2 °C, ივლისის 14,4 °C, აბსოლუტურ მინიმუმი -34 °C. ნალექები დაახლ. 800 მმ წელიწადში.

ზღვის დონიდან 1970 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 3,5 °C, ნალექები 1160 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია (147 მმ), მინიმუმი იანვარში (50 მმ).

2000 მ-ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა.

3650 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა -6,1 °C, იანვრის -15 °C. აბსოლუტურ მინიმუმი - 42 °C. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 277 დღე.

ნიადაგები რედაქტირება

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია მთა-მდელოს კორდიან და პრიმიტიულ ნიადაგებს. ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება მდინარე თერგისა და მის რამდენიმე შენაკადის ხეობაში. მდინარეთა ხეობების ძირებზე არის ასევე ალუვიური ნიადაგი. მაღალმთიან ადგილებში ნიადაგი ტყის საფარს მოკლებულია. მთა მდელოს კორდიანი ნიადაგი ვრცელდება ზღვის დონიდან 1100 - 2600 მ-მდე.

ლანდშაფტები რედაქტირება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ტყის და ყომრალი ნიადაგები საშუალო მთებითა და ფიჭვნარ-არყნარით;
  2. მთა ხეობათა ლანდშაფტი ტყე-მდელოს მცენარეულობითა და ალუვიური ნიადაგებით;
  3. სუბალპური მდელო ბუჩქნარი მთის-მდელოს ნიადაგებზე;
  4. ალპური მდელოს ლანდშაფტი მთის მდელოს ნიადაგებზე;
  5. მაღალმთიანი გლაციალური ლანდშაფტი სუბნივალური და ნივალური სარტყლებით.

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ფლორა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყე არც თუ ისე კარგადაა გავრცელებული. საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს. საშუალომთიან საფეხურებზე გვხვდება წიფლის ტყეები. ფლორისა და ფაუნის შემონახვისა და გავრცელების მიზნით 1976 წელს დაარსდა ყაზბეგის ნაკრძალი. ნაკრძალი უტყეოა. ტყეებზე მოდის ნაკრძალის ტერიტორიის მხოლოდ 3 %. ნაკრძალში ფიჭვის, არყისა და წიფელის გარდა არის დეკა, ქაცვი, ვერხვი, თხილი, კოწახური, ტირიფი, ღვია, ჭნავი და სხვ. მდინარე თერგის ჭალაში ბალახეულობასთან ერთად არის ქაცვის ბუჩქნარი. მაღალმთიან ადგილებში სუბნივალური და ნივალური მცენარეულობაა.

ფაუნა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება საკმაოდ ძვირფასი ფაუნის წარმოადგენლები. მაღალმთიან ადგილებში ბინადრობს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი; ბევრია არჩვი. ხევსურეთის სასაზღვრო ზოლში გვხვდება ნიამორი. არის აგრეთვე მურა დათვი, მელა, მგელი, დედოფალა, კვერნა, ციყვი, კურდღელი, ტყის კატა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვ.

ორნითოფაუნა უხვადაა წარმოადგენილი, მ.შ. ბინადრობენ ისეთი ფრინველები რომლებიც საქართველოს წითელ წიგნში არიან შეტანილი, მაგ.: ორბი, რომელიც ბუდობს კლდეებზე, კავკასიური როჭო, რომელიც ჩვენი ფაუნის უძვირფასესი წარმომადგენელია, კავკასიური შურთხი, რომლის აფრენის ზღვარი 4000 მ-ზე გადის და ა.შ. არის ასევე ბატკანძერი, მთის არწივი, სვავი, ჩხიკვი და და სხვ.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობის რიცხოვნობა — 3795 კაცი; სიმჭიდროვე — 3,5 კაცი კვ.კმ-ზე (2014 წელი). მუნიციპალიტეტში 25 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 24 სოფელი.

აღწერის მონაცემები რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 6411
2002 5264  
2014 3795  

ადმინისტრაციული ერთეულები რედაქტირება

ეკონომიკა რედაქტირება

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 400 კვ.კმ.

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა (მეცხვარეობა და მესაქონლეობა). სასათბურე მეურნეობებში მოჰყავთ აგრეთვე ბოსტნეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რუსეთთან დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზა. აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრი გუდაური.

კულტურა რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 11 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 11 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

სოფელ სიონში დგას IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, ე.წ. ხევის სიონი.

სოფელ გარბანის ზემოთ აღმართულია - გარბანის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება IX-X სს. მიჯნას.

მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო.

მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები.

არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. ქართველი მეცნიერის ვახუშტის მიხედვით, არშის ციხე შექმნილია ადამიანის ხელის გარეშე და კაცთაგან შეუვალია.

მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 მ-ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელს ქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სანებლიძე მ. კვერენჩხილაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 617-618.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება