სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყელი (მრავალმნიშვნელოვანი).

ყელის ზეგანივულკანური ზეგანი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯავის, ახალგორისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.[1] საკუთრივ ყელის ზეგანი შემოფარგლულია მაღრან-დვალეთის კავკასიონის, მთავარი, ხარულისა და არხის ქედებით და მდინარე მთიულეთის არაგვის ზემო დინებით, უფრო ფართო გაგებით მოიცავს მაღრან-დვალეთის პლატოსაც. წარმოადგენს მეოთხეული ვულკანიზმის უვრცელეს რეგიონს კავკასიონის ქართულ ნაწილში. ზედა იურული კარბონატული ფლიშის ზოლში ამოღვრილმა ლავებმა ამოავსეს მთიულეთის არაგვის ძველი გასწვრივი ხეობა და შექმნეს 2600-3300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ზეგანი, ამ უკანასკნელზე „დამსხდარი“ ვულკანურ-კონუსებიანად (მთები: ყელი, ნარვანხოხი, დიდი და მცირე ხორისარი, ლევინსონ-ლესინგის ვულკანი, დიდი და პატარა მეფისკალო, აგრეთვე ფიდარხოხი, წითელი ხატი, შადილხოხი, შარხოხი, ქნოღო). ეფუზიური მოქმედება გვიან პლეისტოცენში მიმდინარეობდა. ზეგანმა განიცადა გამყინვარება. მის კვალს წარმოადგენს ტროგები, მორენები, „ვერძის შუბლები“, ტბიანი ტაფობები. გამყინვარების დასრულების შემდეგ რეგიონის ზედაპირი განიცდის მკაცრი ჰავის ზეგავლენას, რის შედეგადაც წარმოქმნილია ყინვითი და მზრალობითი რელიეფის ფორმები — ტუფურები (ამობურცულობანი), მრავალკუთხედები, კარკალები და ა. შ. ზეგანი მდიდარია ტბებით. მათ ვულკანურ-მყინვარული წარმოშობა აქვთ. 8-9 თვის განმავლობაში ტბები გაყინულია. მათ შორის უდიდესია ყელის ტბა, საიდანაც გამოდის მდინარე ქსანი.

ყელის ზეგანი
ყელის ტბის რაიონი
ყელის ტბის რაიონი
კოორდინატები: 42°31′16″ ჩ. გ. 44°21′48″ ა. გ. / 42.52111° ჩ. გ. 44.36333° ა. გ. / 42.52111; 44.36333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი, ახალგორის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3300 
ყელის ზეგანი — საქართველო
ყელის ზეგანი
სურათები ვიკისაწყობში

ზეგნის დაბალი ნაწილები შემოსილია ალპური ბალახეულით (მდელოებით), რომელიც საძოვრებადაა გამოყენებული. ცხოველებიდან არის არჩვი, მგელი, შურთხი, დათვი, პრომეთეს მემინდვრია, ჭკა; ტბებსა და მდინარეებში თევზი არ იცის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 633.
  • Апхазава И. С. Озера Кельского вулканического нагорья. // Физико-географические исследования Грузии. Тбилиси. Мецниереба, 1973.