მაღრან-დვალეთის კავკასიონი

ქედი საქართველოში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში

მაღრან-დვალეთის კავკასიონი[1] (აგრეთვე ცნობილი როგორც დვალეთის კავკასიონი) — კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში. მაღრან-დვალეთის კავკასიონის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი მწვერვალებს ზეკარასა და ხორისარს შორის, ჯავის, გერმუხის, გუდისის, ხარულის, ალევის ქედები, აგრეთვე ყელის ვულკანური ზეგანი და მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, მეჯუდის, ქსნისა და ლეხურის ხეობები.

კავკასიიონის მთათა სისტემა. ცენტრალური მონაკვეთის სამხრეთი ნაწილი (მწვერვალებს ზეკარასა და ხორისარს შორის) მაღრან-დვალეთის კავკასიონია. სატელიტური ფოტო

ოროგრაფია

რედაქტირება

მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედისათვის, თავისი მაღალი განტოტებებითა და გვერდითი მთაგრეხილებით, დამახასიათებელია რელიეფის ეგზოგენურ ფორმათა კომპლექსი. აქ არის ცირკული და დაკიდული მყინვარები, ძველი გამყინვარების კვალი. საშუალომთიან ზონაში გაბატონებულია ნორმანული ეროზიის რელიეფის ფორმები. ყელის ზეგანზე ახალგაზრდა ვულკანური რელიეფის ფორმებია (ლავური პლატო, ლავური ნაკადები, კონუსები, გუმბათები). ვულკანური მთებია: დიდი მეფისკალო, ფიდარხოხი, ყელი, შარხოხი, ხორისარი, პატარა მეფისკალო და სხვ.

ჯავის ქედი — მაღრან-დვალეთის კავკასიონს გამოეყოფა ზეკარისა და ჯომაღის უღელტეხილს შორის, ჯერ მაღალია და მასზე აღმართულია მწვერვალი ბრუტსაბძელი (3670 მ), შემდეგ ერთბაშად დაბლდება 2900 მ-მდე. მეიემართება ზოგადად სამხრეთისაკენ და ბოლოვდება ფაწა-ლიახვის შესაყარში. წარმოადგენს დიდი ლიახვისა და მისი მარჯვენა შენაკადის — ფაწის წყალგამყოფს. აქვეა რაროს უღელტეხილი (2100 მ).

გერმუხის ქედი — ვრცელდება დიდი ლიახვის გასწვრივი ზემო ხეობის სამხრეთით, რომელიც დაახლოებით პარალელურია კავკასიონის მთავარი ქედისა. მეოთხეულ პერიოდში გერმუხის ქედის მწვერვალ გერმუხიდან (3196 მ) ჩრდილოეთისაკენ მიცოცავდა ხეობური მყინვარი, რომელსაც დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის თლიდონის ხეობა ეკავა 5 კმ სიგრძეზე. ამ მყინვარმა მოზრდილი ტროგი და მასში დაგროვილი მორენები დატოვა. ანალოგიური ძველმყინვარული კომპლექსი ბრითათის ხეობაშიც არის, რომელიც მანგაავცაგიდან ჩამავალი ყოფილი მყინვარის მიერ არის დამუშავებული.

ხარულის ქედი — რომელსაც თითქმის მერიდიანული მიმართულება აქვს, გერმუხის ქედის აღმოსავლურ ბოლოს უკავშირდება მთა ქნოღოსთან (3283 მ). იგი გამოეყოფა კავკასიონის მთავარ ქედს ლაღზწითის მწვერვალთან და განჰყოფს მდინარეების დიდი და პატარა ლიახვების, მეჯუდასა და ლეხურას ხეობებს, მდინარეების არაგვისა და ქსნის ხეობათაგან. მის თხემზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია მწვერვალები: ყელი (3628 მ), ქნოღო (3284 მ), გალავდური (3229 მ), ძირისი (2594 მ), ცხრაწყარო (2347 მ), მთაწმინდა (2276 მ), ზემაკური (2118 მ). ქედის ჩრდილო მონაკვეთი კავკასიონის თხემიდან ფაჩურად წოდებულ უბნამდე ძველი მყინვარების ზემოქმედების აშკარა ნიშნებს ატარებს.

ალევის ქედი — ყურყუტას მასივამდე ქედს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება აქვს, მის შემდეგ კი სამხრული. მთის თხემზე - ქსნისა და არაგვის წყალგამყოფზე მექეთისმთის სამხრეთით გამწკვრივებულია მთები: ლომისისმთა (2452 მ), მუნჯუხი (2683 მ), ყურყუტა (2680 მ), ყურყუტა სამხრული (2581 მ), საფერშეთი (2521 მ), ლორწომის კლდე (1970 მ). დამახასიათებელია ნაზი რელიეფი. ეს გამოიხატება მისი თხემის ტალღობრივ პროფილში და ფერდობთა მცირე კლდოვანებაში. გამონმაკლსისს წარმოადგენს კეხისებური მოყვანილობის მქონე ლორწომისკლდის უზარმაზარი მასივი, რომელიც ცნობილია თავისი სახრული მწვერვალის ჩამოხვეწილი ქარაფის მიხედვით.

ყელის ზეგანი — მიკრულია კავკასიონის მთავარ ქედზე სამხრეთიდან, ლაღზწითსა და ხორისარს შორის. ეს ვულკანური რაიონი - ყელის ზეგანი - უშუალოდ ირწყვის დიდი ლიახვის, ქსნისა და არაგვის ზემო დინებებით. მეოთხეული ვულკანების მოქმედებამ კავკასიონის ამ ნაწილის იმ დროისათვის უკვე დანაწევრებული, საშუალომთიანი რელიეფის პირობებში შეუქმნია მნიშვნელოვან აბსოლუტურსა და შეფარდებითს სიმაღლეზე მდებარე მოვაკებული ზედაპირი. აბსოლუტური ნიშნულები აქ 2600-3200 მ-მდე და მეტამდეც მერყეობენ.

აღნიშნულ ზედაპირზე სხედან 300-700 მ შეფარდებითი სიმაღლის მქონე ვულკანური კონუსები. ყელის ზეგანზე და მის კიდეებთან ათიოდე ვულკანურ ცენტრს ითვლიან. მ.შ. მნიშვნელოვანია: ყელი (3628 მ), ფიდარხოხი (3050 მ), ხორისარი (3830 მ), დიდი მეფისკალო (3694 მ), ლევინსონ-ლესინგის ვულკანი და სხვ.

გეოლოგიური აგებულება

რედაქტირება

მაღრან-დვალეთის კავკასიონი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაოჭებული იურული და ცარცული ასაკის ფლიშური წყებებით, აგრეთვე მესამეულის ნალექებით.

ჯავის ქედი აგებულია ცარცული და მესამეული ტერიგენული წყებებით. იურული ცარცული და პალეოგენური ნალექები აგებენ ხარულის ქედს.

უახლესი ვულკანიზმის პროდუქტები უმთავრესად ლავებით არის წარმოდგენილი, რომელთა შედგენილობაც ცვალებადობს ლიპარიტ-დაციტებამდე; გაბატონებულია ანდეზიტ-დაციტური ლავების ტიპი. ყელის ზეგანი (ვიწრო გაგებით) წარმოადგენს დამრეცედ ამოზნექილ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება სამხრეთით - არხის ქედის ჩრდილო ძირისაკენ და აღმოსავლეთით - არაგვის სათავეებისაკენ. ფარს თეთრი არაგვის ძველი ეროზიული ქვაბული უჭირავს. პლატოს ზედაპირზე მრავლადაა სხვადასხვა ზომის ტბიან-ჭაობიანი ტაფობები. ზედაპირი დაფარულია ფიზიკური (განსაკუთრებით ყინვითი) გამოფიტვის ლოდური პროდუქტებით და ატარებს მეოთხეული მყინვარის ზემოქმედების მკვეთრ ნიშნებს.

პალეოგლაციალური ფორმები არის ასევე ხარულისა და გერმუხის ქედებზე.

მაღრან-დვალეთის კავკასიონი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში შედის და ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა, დაწყებული ზომიერად ნოტიო, ზომიერად ცივზამთრიანი და ხანგრძლივ თბილზაფხულიანი ჰავიდან, დამთავრებული მაღალმთის მუდმივ თოვლიან-მყინვარებიანი ჰავით.

ჰიდროგრაფიული ქსელი

რედაქტირება
 
მდინარე ქსანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

მაღრან-დვალეთის კავკასიონის ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარეები დიდი ლიახვი, ლეხურა და ქსანი თავიანთი მრავალრიცხოვანი შენაკადებით.

მთავარი მდინარეა დიდი ლიახვი, რომელიც სათავეს იღებს ლაღზწითის მთის მყინვარიდან. დიდი ლიახვის ხეობის ზემო ნაწილი მყინვარული ზემოქმედების ნიშნებს ატარებს, რაც ხეობის ვარცლისებრ მოყვანილობაში და მორენების არსებობაში მდგომარეობს. აქვეა განვითარებული ვოკლუზთა მთელი ჯგუფი, რომლებიც ზედაიურულ კარბონატულ წყებასთან არის დაკავშირებული, და რომლებიც კიროვან ტრავერტინს ლექავენ. დიდი ლიახვის ხეობის სხვადასხვა ნაწილებში მრავალი მინერალური წყაროა.

პატარა ლიახვი გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე იწყება. პატარა ლიახვის აუზის უმეტეს ნაწილში, გაბატონებულ გეოლოგიურ ფორმაციად ცარცული ფლიში გვევლინება. ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების აღნაბეჭდი პატარა ლიახვის აუზის მორფოლოგიაში საკმაოდ სუსტად არის გამოხატული. იგი კარგად არის გამოვლინებული სათავეებში - მანგაავცაგის მასივიდან სოფელ ქნოღომდე, ე.ი. დაახლოებით 2200 მ აბსოლუტურ სიმაღლემდე, ტროგის სახით.

მდინარე ქსანი ყელის ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება, მიემართება ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ხოლო შემდეგ სამხრულ მიმართულებას ინარჩუნებს. მისი ტალვეგის აბსოლუტური სიმაღლე ხეობის უმაღლეს დასახლებულ პუნქტებთან უდრის - 1350 და 2100 მ-ს. ქსნის აუზი მთიანი ზოლის ფარგლებში აგებულია ზედა იურული, ცარცული და პალეოგენური ფლიშური წყებებით.

ზედაიურული კარბონატული ფლიშით წარმოქმნილია ჟამურის ხეობის მარცხენა მხარეზე და ყელის პლატოს სამხრულ კიდეზე ამართული არხის ქედი. აქ, ქსნის სათავეებში გვხვდება კარსტული გამოვლინებანი ძაბრებით მოფენილი დამრეცი ზედაპირებისა და ვოკლუზების სახით.

 
ყელის ტბა

ჟამურის ხეობაში და ყელის პლატოს სამხრეთ პერიფერიაზე ქსანს და მის შენაკადებს თავიანთი ხეობები და ხევები მეოთხეულ ლავებში ჩაუჭრიათ, რომლებიც ქარჩოხის ხეობამდე ვრცელდებიან თითქმის. ძველი გამყინვარების კვალი ქსნის აუზში სუსტად არის გამოხატული.

ლეხურა სათავეს იღებს ხარულის ქედის მწვერვალ ცხრაწყაროს კალთებიდან და უმთავრესად სამხრულ მიმართულებას ექვემდებარება. მისი ხეობის ფსკერი ზემო ზახორთან ზღვის დონიდან 1070 მ-ს აღწევს. ლეხურას აუზი კავკასიონის მთიანი მხარის ფარგლებში პალეოგენისა და ზედა ცარცის ფლიშური წყებებით არის აგებული. ლეხურას აუზის მოროფლოგიურ ხასიათს განსაზღვრავს მდინარეული ეროზია, მყინვარული წარმონაქმები კი აქ სრულიად არ მოიპოვება.

აქაურ ტერიტორიაზე გამოვლინებულია მინერალური სამკურნალო წყლები (ძაუ, ბაგიათა) და ბევრი პატარა ტბა, მ.შ. სიდიდით გამოირჩევა ყელის ტბა, ყელიცადის ტბა და არჩვების ტბა.

ლანდშაფტები

რედაქტირება

ნიადაგ-მცენარეული საფარი ზონებადაა გავრცელებული: ქვედა ზონაში ტყის ყავისფერ და ზოგან ყომრალ ნიადაგზე მუხნარები და რცხილნარებია. ამ ზონაში (მდინარე დიდი ლიახვის აუზში) გვხვდება კოლხური ტყის ელემენტები. ტყის ზედა ზონაში ტიპურ, ღია და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგზე წიფლის ტყეებია, რომელშიც შერეულია ცაცხვი, ნეკერჩხალი, ბოყვი და სხვ. ლიახვის აუზში ზოგან არის წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყე, სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე - ფიჭვნარი. ტყის საზღვართან არის არყი და მაღალმთის მუხა.

ტყის ზონის ზემოთ, 2500-2600 მეტრ სიმაღლემდე, კორდიან და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური ბუჩქნარი და მდელოა, ხოლო უფრო ზემოთ დაახლოებით 3300-3400 მეტრამდე, მთის მდელოს პრიმიტიულ და მცირე სისქის კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე — ალპური მდელოები. მაღრან-დვალეთის კავკასიონზე ჩამოყალიბებულია სამი ტიპის ლანდშაფტი მრავალი ქვეტიპითა და სახით: ზომიერი ნოტიო ჰავის მთა-ტყის ლანდშაფტი, მაღალმთის მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპურ და ალპურ ქვეტიპებით) და გლაციურ-ნივალური ლანდშაფტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა ოსეთის კავკასიონი.