დავით უკლება

ქართველი გეოგრაფი
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დავით უკლება“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დავით უკლება ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უკლება.

დავით ბახვას ძე უკლება (დ. 27 დეკემბერი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1999) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1985), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).[1]

დავით უკლება
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1919(1919-12-27)
დაბ. ადგილი ეწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 26 ივლისი, 1999(1999-07-26) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ბორის დობრინინი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სახელმწიფო პრემია

1950-იანი წლების ბოლოს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში შექმნა ლანდშაფტმცოდნეობის ჯგუფი (ხელმძღვანელი დავით წერეთელი, ხოლო შემდეგ დავით უკლება). 1961–73 წლებში ამავე ინსტიტუტის ლანდშაფტმცოდნეობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 1973–81 წლებში ლაბორატორიის ხელმძღვანელი. იგი ითვლებოდა ამ დარგის აღიარებულ სპეციალისტად საქართველოში. 1981–89 წლებში იგი ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 1950 წელს დავით უკლება აკადემიკოსმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამუშაოდ მიიწვია. აქ მან განვლო გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან განყოფილების გამგემდე. 1953 წელს ინსტიტუტის სწავლული მდივანიც იყო.[1]

დავით უკლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოში ლანდშაფტმცოდნეობის დარგის განვითარებისათვის. მრავალმხრივი იყო მისი კვლევის ინტერესი, მაგრამ ძირითადად, მთიანი მხარეების ბუნებრივი პირობებისა და რესურსების კვლევას მიუძღვნა მან 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია, რომელთა დიდი ნაწილი დაბეჭდილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. მის მიერ გამოქვეყნებული ცნობილი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა საქართველოსა და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისა და შესწავლის საქმეს.[1]

მის მიერ დადგინდა სხვადასხვა რანგის ანთროპოგენური ლანდშაფტები, რომელთა კლასიფიკაცია და ზოგადი სამეურნეო შეფასება მთიანი ქვეყნებისათვის პირველად შესრულდა საქართველოს მაგალითზე. 1970 წელს, დავით უკლებას მეთოდიკით, მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“ ქართულ და რუსულ ენებზე. დავით უკლებას ხელმძღვანელობით და მისი უშუალო მონაწილეობით, მის მიერ დამუშავებული ლანდშაფტური კვლევის მეთოდების საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან გეოგრაფთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, შედგენილ იქნა ამიერკავკასიის პირველი საშუალომასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1983 წელს.[2]

დავით უკლება ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „გეოგრაფიის ტერმინოლოგია“ (1967), „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ (1968), „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1974), „საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები“ (1983), „კოლხეთის დაბლობი“ (თანაავტ., 1990) და სხვა. იგი ავტორია 1992 წელს გამოცემული საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასისა, რომელიც სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. დავით უკლებას ინიციატივითა და მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა „ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (2014).[3]

აღსანიშნავია მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ხელმძღვანელობით არაერთმა მეცნიერმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. იყო მრავალი მეცნიერის სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტი.[1]

დავით უკლება მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა; უცხო ენებიდან გადმოთარგმნილი აქვს არაერთი გეოგრაფიული სახელმძღვანელო. მისი ღვაწლი არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი (1987, 1993). პროფესორი დავით უკლება შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში „მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება“.[4][5]

დავით უკლებას დიდი მცდელობით პირველად შეიქმნა ქართული ჟურნალი „გეოგრაფია“. 1998 წელს გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი. სულ გამოვიდა ამ სამეცნიერო-მეთოდური, ილუსტრირებული ჟურნალის მხოლოდ ორი ნომერი.[6]

ბიოგრაფია

მშობლები, და-ძმები

დავით ბახვას ძე უკლება დაიბადა 1919 წლის 27 დეკემბერს იმერეთის სოფელ ეწერში (მაშინდელ ჩხარის რაიონში, დღევანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი), შეძლებული გლეხის ოჯახში. წინაპრები ოდითგან სასულიერო წრეს მიეკუთვნებოდნენ. მათი განაყოფის ბევრი წარმომადგენელი მღვდელი ან მღვდელმთავარი იყო, ამიტომ გვარი ეკლესიაში დაფასებულ ადგილს იკავებდა და სახელმწიფო გადასახადებშიც შეღავათი ჰქონდა.[1]

ბახო (გრიგოლ) ბიქტორის ძე უკლებამ (დაბადებული 1890 წელს სოფელ ეწერში) ცოლად შეირთო 17 წლის ფოტინე სიმონის ასული გეწაძე. მათ ექვსი შვილი შეეძინათ (უფროსი გოგონა მცირეწლოვანი იმსხვერპლა ყვავილმა). დავით უკლებას უმცროსი ძმა ოთარი თავის მოგონებებში წერს:[1]

 
„მამა ჩემთვის ყველაფერი იყო — ვაჟკაცობის, სამართლიანობის, სილამაზის, სიყვარულის ეტალონი და ოჯახის დიდების სიმბოლო.“

ბახო უკლებას ოჯახი 40 ქცევა სახნავ-სათეს და სავენახე მიწას ფლობდა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს გასაბჭოება როგორც იდეოლოგიური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, მიუღებელი იყო შეძლებული გლეხისათვის. ჯერ კიდევ, 1924 წლის გამოსვლების დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის სავარაუდო მხარდაჭერისთვის (გრიგოლ რობაქიძესთან პირადი ნაცნობობა, ედპ-ს აქტიური წევრის, ცოლისძმის, პლატონ გეწაძის მიმალვის ხელშეწყობა) დააპატიმრეს, თუმცა მტკიცებულების სიმწირის გამო რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, სამაგიეროდ, ვერ გადაურჩა 1937 წლის რეპრესიას. 1937 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით ბახო უკლებას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად ამისა, სასჯელის ზომა ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა.[1]

„ხალხის მტერი“ ჯერ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, ხოლო შემდეგ კი გადაასახლეს შორეულ ციმბირში. ოჯახს არანაირი ინფორმაცია მასზე არ ჰქონდა. მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, გადასახლებიდან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა პირმა შეატყობინა ოჯახს, რომ ის ცოცხალი იყო.[1]

ომის დროს, სასჯელის ვადის მორიგი „გადახედვის“ შემდეგ ყარაღანდის ოლქში მდებარე ბანაკში გადაიყვანეს. მანამდე კი იყო ცენტრალური ციმბირის ბანაკი — სპეციალიზაციით ხე-ტყის ჭრა. სწორედ იქ მოჭრილ-დამუშავებული მორების ნაწილი აღმოჩნდა სვირის სატვირთო სადგურში. ბახოს დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ, ერთ საღამოს თანასოფლელმა ოჯახს შეატყობინა, რომ სვირის სატვირთო სადგურში ხე-ტყით დატვირთული შემადგენლობა იდგა და ზოგ მორზე სახელიც იყო ამოჭრილი. შუაღამეს დავითი დედასთან და ძმასთან ერთად მდინარე ყვირილის ფონით გადავიდნენ მეორე ნაპირზე და სვირის სადგურში ჭრაქის შუქზე ათვალიერებდნენ შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოტანილ მორებს. ერთ მორზე ამოჭრილი იყო სახელი — ბახო. ეს იყო პირველი არაპირდაპირი ცნობა, რომ ბახო უკლება მეტეხის ციხეს ცოცხალი გადაურჩა. დავით უკლებას შვილები იგონებდნენ, რომ უცრემლოდ ვერ უყურებდა კადრებს ფილმიდან „მონანიება“.[1]

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბახო უკლება ამნისტიით განთავისუფლდა. სასჯელი მოეხსნა, მაგრამ საქართველოში დასაბრუნებლად საჭირო იყო ოჯახის თანხმობა. იგი ინვალიდად ითვლებოდა და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ოჯახს დაეკისრებოდა. „ინვალიდობა“ კი თვითდაზიანების შედეგი იყო. სწორედ ხელის დაზიანების შემდეგ შეუმსუბუქეს სამუშაო პატიმარს და სამზარეულოში გაამწესეს. იმავე წლის აგვისტოს ბოლოს ბახო უკლება დაუბრუნდა დედას, ცოლ-შვილს, ოჯახის ახალ წევრებს — სიძეს, რძალს და შვილიშვილებს. მისი პატიმრობის პერიოდში გარდაიცვალა ბახოს ვაჟი გიორგი. ბახო უკლება გარდაიცვალა 1976 წელს.[1]

ბახოს მეუღლე ფოტინე გეწაძე ოთხი მოზარდის და ასაკში შესული დედამთილის პატრონად იყო დარჩენილი. უფროსი ვაჟი ანატოლი მოსკოვში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. თბილისში სწავლობდნენ დავითი და გიორგი. მესამე ვაჟი ოთარიც უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უმცროსმა ქალიშვილმა ლილიმ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ფოტინე უკლება 1977 წელს გარდაიცვალა.[1]

მეორე მსოფლიო ომი

დამამთავრებელ მეხუთე კურსზე, 1941 წელს ომის დაწყების გამო დავით უკლებამ სწავლა შეწყვიტა, სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა და ფრონტზე წასვლის მსურველთა რიგებში მოხალისედ ჩაეწერა. დავითი ქალაქ თელავის სამხედრო სასწავლებელში კურსანტად გააგზავნეს, სადაც საარტილერიო მომზადებას გადიოდა. სასწავლებელი 1942 წელს ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. მოვალეობის შესასრულებლად ახალციხეში გააგზავნეს. 1942 წლის თებერვლიდან ორი წლის განმავლობაში იყო 466 მსროლელთა დივიზიის 120 მმ-იანი სანაღმტყორცნო ბატარეის საცეცხლო ოცეულის მეთაური. ახალციხეში სამხედრო სამსახურის პერიოდში შევიდა კომპარტიის რიგებში (1944 წელს). იგი ჯერ კომისრის მოადგილე, შემდეგ კი ბატალიონის კომისარი იყო. ახალციხეში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილს თურქეთთან საზღვრის დაცვა, მეომრების საბრძოლო მომზადება და ჩრდილოეთ კავკასიაში მათი გადაყვანა ევალებოდა. აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია ერთი შემთხვევის გარდა, როცა ეშელონზე ჯერ საავიაციო, შემდეგ კი საარტილერიო იერიში მიიტანეს, თუმცა სწრაფი მანევრით საპასუხო ძლიერი საარტილერიო ცეცხლის და ნაღმტყორცნებისთვის სამიზნეების ზუსტი კოორდინატების გამოთვლის წყალობით იერიში უდანაკარგოდ მოიგერიეს.[1]

სწავლის პერიოდი

ოფიციალური ცნობით, დავით ბახვას ძე უკლება დაიბადა 1918 წლის 10 სექტემბერს. ასეა გატარებული ჩხარის სარეგისტრაციო წიგნსა და ეწრის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ეს თარიღი ამ ჩანაწერებში მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც სექტემბრის დადგომასთან ერთად უფროსი ძმა ანატოლი და მეზობლის ბავშვები სკოლაში წავიდნენ, პატარა დავითმაც მოინდომა მოსწავლეობა, მაგრამ სასკოლო ასაკამდე ერთი წელი აკლდა და არ მიიღეს. არქივარიუს-რეგისტრატორს მიმართა მამამ და ბავშვს ასაკიც მოუმატეს. ოთხწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა ქუთაისის მე-3 სკოლაში გააგრძელა, თუმცა სამ-ოთხ თვეზე მეტ ხანს არც ერთ სკოლაში არ უსწავლია.[1]

ბოლოს ორწლიან სამშენებლო სასწავლებელში მოეწყო. ერთ წელიწადში სასწავლებელი ტექნიკუმად გადაკეთდა და თბილისში გადაიტანეს. დავითიც თბილისში გადავიდა და ტექნიკუმიც წარჩინებით დაამთავრა. უმაღლესი სასწავლებელი სამშენებლო პროფილით შეარჩია და საბუთები პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტზე შეიტანა. ცოტა ხანს ესწრებოდა ლექციებს, გამოიტანა საბუთები, წავიდა სოფელში და სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.[1]

1937 წელს დავით უკლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმავე წლის დეკემბერში დავითის მამა — ბახვა დააპატიმრეს, რის გამოც დავითის უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, თუმცა დავითმა სწავლის გაგრძელება მაინც შეძლო. სულ მალე იგი აქტიურად ჩაება უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი უნივერსიტეტის თეატრალურ დასშიც ჩაირიცხა და რამდენიმე სპექტაკლში ეპიზოდურ როლებსაც ასრულებდა. 1941 წელს ომის დაწყების გამო დავითმა სწავლა შეწყვიტა. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1947 წელს სწავლა გააგრძელა დამამთავრებელ კურსზე და თან ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად დაიწყო მუშაობა. კათედრას იმ დროს განაგებდა ბორის დობრინინი. სწორედ მისი წინადადებით, დავით უკლებამ ასპირანტურაში ჩააბარა მისაღები გამოცდები და ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით შეუდგა საკვალიფიკაციო თემაზე მუშაობას. მან საასპირანტო კურსის ვადაში ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმის საგნები და ასისტენტად დაიწყო მუშაობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ფიზიკური გეოგრაფიის განხრით 1947–50 წლებში გაიარა. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ზემო სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“.[1]

ზოგადი შტრიხები

დავით უკლებას სამეცნიერო კვლევის სფერო ფიზიკური გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. მათგან მთავარს მთიანი მხარეების ბუნებრივი პირობების და რესურსების კვლევა, საქართველოს და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, ადამიანის და ბუნების ზემოქმედების შედეგად მოდიფიცირებული ლანდშაფტების გამოვლენა და შეფასება წარმოადგენდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის კვლევა, ბუნებაში ობიექტურად არსებული ცალკეული ბუნებრივი და ანთროპოგენური ტერიტორიული ერთეულების გამოვლენას და მათ რუკაზე ასახვას საჭიროებდა. ყოველივე ამის გამო დავით უკლებას მიერ შეიქმნა არაერთი რუკა, რომელთაგან აღსანიშნავია „საქართველოს ლანდშაფტების რუკა“, რომელიც განთავსებულია 1964 წელს, გეოგრაფიის ინსტიტუტში, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ საქართველოს პირველ ეროვნულ ატლასში („საქართველოს სსრ ატლასი“), ქართულ და რუსულ ენებზე.[7]

წვრილმასშტაბიანი სამეცნიერო-საცნობარო ლანდშაფტური რუკები თავისი მრავლისმომცველი შინაარსით, სხვადასხვა გამოყენებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მოუხერხებელია წვრილკონტურიანობის გამო. საშუალომასშტაბიანი და მსხვილმასშტაბიან ლანდშაფტურ რუკებს კი მეტად დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვთ. ლანდშაფტური რუკა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი საფუძველს წარმოადგენს ისეთი სპეციალური რუკებისთვის, როგორიცაა, მაგალითად ბუნებრივი დარაიონების, ბუნების დაცვის, რეკრეაციული, მელიორაციული და სხვა.[7]

1970 წელს, დავით უკლებას მეთოდიკით, მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“ (კედლის სასწავლო რუკა, მასშტაბი 1:600000), მელენტი სანებლიძისა და ქრისტეფორე ჯაყელის თანაავტორობით, ქართულ და რუსულ ენებზე, 1983 წელს კი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან გეოგრაფთა ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგენილ იქნა ამიერკავკასიის პირველი საშუალომასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1983 წელს. ბეჭდური სახით, ცალკე გამოცემული კარტოგრაფიული ნაშრომების გარდა, დავით უკლებას სხვადასხვა კრებულში გამოქვეყნებულ სტატიებს თან ერთვის მის მიერ შედგენილი კარტოგრაფიული მსხვილმასშტაბიანი რუკები. ასეთებია, მაგალითად „აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკა“, „საქართველოს ისტორიული წარსულის (XVIII ს.) ბუნებრივი კომპლექსები“, „საქართველოს ლანდშაფტების რუკა ვახუშტის მიხედვით“, „იაღლუჯას მაღლობის ლანდშაფტური რუკა“, რუკა - „თბილისის და მისი მიდამოების ლანდშაფტები“, „კოლხეთის დაჭაობებული ვაკის ლანდშაფტური რუკა“ და სხვა.[7]

დავით უკლებას მოღვაწეობის ძირითად სფეროს შეადგენდა ლანდშაფტმცოდნეობა. იგი ამ დარგის აღიარებული სპეციალისტი იყო. ინტენსიურად მუშაობდა ლანდშაფტმცოდნეობის თეორიული და პრაქტიკული კვლევის საკითხებზე. ამ პრობლემას მან 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა, მათ შორის 7 მონოგრაფია, რომელთა დიდი ნაწილი დაბეჭდილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. უკლებას მიერ გამოქვეყნებული საყურადღებო სამეცნიერო შრომები, მიეძღვნა საქართველოსა და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისა და შესწავლის საქმეს. ამ მიმართულებით მისი აღმავლობის მაჩვენებელია მის მიერ გამოქვეყნებული ორი მონოგრაფია: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ (1968) და „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტური და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1974).[7]

დავით უკლება მუშაობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. არის ენციკლოპედიაში ჩართული მრავალი სტატიის ავტორი. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან დიდი ამაგი დასდო სასკოლო გეოგრაფიული სწავლების საქმეს. ავტორია 1992 წელს გამოცემული საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასისა.[7]

ვახუშტის გეოგრაფიის ინსტიტუტი

გზა ინსტიტუტში

დავით უკლება 1950 წელს აკადემიკოსმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამუშაოდ მიიწვია. აქ მან განვლო გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან განყოფილების გამგემდე. 1953 წელს ინსტიტუტის სწავლული მდივანიც იყო. დავით უკლებას დახასიათებისას 1957 წელს აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი აღნიშნავდა:[1]

 
„დავით უკლებამ თავი გამოიჩინა როგორც კვალიფიციურმა მეცნიერ მუშაკმა. იგი მაღალხარისხიანად ასრულებს თავის სამეცნიერო თემატიკას. მეცნიერულ მუშაობაში იჩენს ინიციატივას და შემოქმედებით უნარს. იგი მზარდი ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელია, რომელიც სისტემატურად მუშაობს თავის თავზე მეცნიერული ცოდნის ამაღლებისათვის. ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის სარგებლობს ავტორიტეტით.“

დავით უკლება წლების განმავლობაში სათავეში ედგა ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებას, რომელიც ინსტიტუტის დაარსებისთანავე შეიქმნა და ერთ-ერთი წარმატებული იყო. ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება იმთავითვე შეეცადა კომპლექსურ ფიზიკურ-გეოგრაფიულ (ლანდშაფტურ) კვლევას შესაფერისი ადგილი დაეჭირა საერთო სამეცნიერო მუშაობაში. გაიშალა მუშაობა ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მეცნიერული შესწავლისათვის.[1]

დაიწყო საქართველოს რაიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერა; ხუთი წლის განმავლობაში შედგა 12 რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული შინაარსის სხვადასხვა მასშტაბის 60 რუკა, თუმცა იმ პერიოდში ვინაიდან საგამომცემლო საქმე მოუგვარებელი იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები, უმთავრესად ხელნაწერის სახით დაგროვდა, მაგრამ ბევრი მათგანი მაინც გამოქვეყნდა.[1]

თავდაპირველად დავით უკლება ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების თანამშრომელი იყო. განყოფილება ბუნებრივ პირობებსა და საკურორტო მეურნეობის თემატიკაზე მუშაობდა. იმ დროს ინსტიტუტის შრომათა კრებულები მიძღვნილი იყო ცალკეული რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული ან ეკონომიკური პრობლემებისადმი და ამ საკითხებზე მნიშვნელოვან სამუშაოებს დავით უკლება ასრულებდა.[1]

1952 წელს თანაავტორობით დამუშავებულია საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. დავით უკლებას მიერ შესრულებულია ცალკეული ოლქების ბუნებრივი პირობებისა და რესურსების დახასიათება.[1]

1954 წელს შესრულებულ ნაშრომში „გარე კახეთის ბუნებრივი სიმდიდრეები“ დახასიათებულია გარე კახეთის რაიონების როგორც მადნეული, ისე არამადნეული წიაღისეული, მათი გეოგრაფიული განლაგება და სამეურნეო თვალსაზრისით ათვისების შესაძლებლობანი. 1964 წელს გამოვიდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი — „საქართველოს ატლასი“, რომელშიც გამოქვეყნდა „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“ და „ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკა“, რომელთა ავტორები იყვნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, დავით უკლება, ქრისტეფორე ჯაყელი და მელიტონ სანებლიძე. ამ სამუშაოთა პარალელურად, ლანდშაფტური კვლევის გაფართოებისა და უხვი საველე მასალების დაგროვების შედეგად, შესრულდა მნიშვნელოვანი შრომა, 1970 წელს, თბილისში გამოიცა საშუალომასშტაბიანი ფერადი „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“, რომლის ავტორები იყვნენ დავით უკლება, ქრისტეფორე ჯაყელი და მელიტონ სანებლიძე.[1]

სამეცნიერო კვლევა

დავით უკლებას სამეცნიერო კვლევის პროფილი იყო მთიანი ქვეყნის ბუნებრივი კომპლექსი, როგორც საწარმოო რესურსი და წარმოების გარემოს პირობები. მან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა საქართველოს ცალკეული რეგიონების და მთლიანად საქართველოს შესახებ. ნაშრომებში მოცემულია ბუნებრივი პირობების სამეურნეო შეფასება და გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული პერსპექტივები.[1]

დავით უკლებას საინტერესო შრომას წარმოადგენს „ქვემო ქართლის ბუნებრივი პირობები და რესურსები“, რომელშიც დეტალურადა გაშუქებული ქვემო ქართლის ბუნებრივი კომპლექსები. აქაც მნიშვნელოვანია ის, რომ შრომაში მოცემულია ბუნებრივი კომპლექსების სამეურნეო შეფასება, რასაც პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.[8] საყურადღებოა აგრეთვე ნაშრომი „ზემო იმერეთის ბუნებრივი პირობები და რესურსები“, რომელშიც მოცემულია რეგიონის ბუნებრივი კომპლექსის ცალკეული ელემენტების დახასიათება მხოლოდ სამეურნეო მნიშვნელობის თვალსაზრისით.[9] ზემო იმერეთს მიეძღვნა აგრეთვე მისი მეორე შრომაც — „ზემო იმერეთის კურორტები და სააგარაკო ადგილები“, სადაც დახასიათებულია არსებული კურორტები, მათი მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობანი.[10]

საინტერესო შრომებია თანაავტორობით შესრულებული. მათ შორის აღსანიშნავია — 1956 წელს რუსულ ენაზე გამოცემული „საქართველოს ბუნებრივი პირობები და რესურსები“, რომელიც დაიბეჭდა წიგნში „საქართველო“. აგრეთვე აღსანიშნავია კოლექტიური მონოგრაფია — „თბილისი“, რომელშიც დაბეჭდილია „თბილისისა და მისი მიდამოების ბუნებრივი პირობები“. მასში დახასიათებულია საკვლევი ტერიტორია ცალკეული ბუნებრივი ელემენტების მიხედვით და მოცემულია თბილისისა და მისი მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიულ (ლანდშაფტურ) რაიონებად დაყოფა. ამავე წიგნში დაიბეჭდა დავით უკლებას სტატია — „თბილისისა და მისი მიდამოების კურორტები და სააგარაკო ადგილები“, რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა დახასიათებული თბილისისა და მისი მიდამოების სააგარაკო ადგილები, მათი გეოგრაფიული განლაგება, სამკურნალო თვისებები, საკურორტო მეურნეობა, კურორტებისა და სააგარაკო ადგილების დონე და განვითარების პერსპექტივები.[1]

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კომპლექსურ ფიზიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევები თემატურად მრავალფეროვანი და უფრო მიზანსწრაფული გახდა, როცა შეიქმნა ლანდშაფტმცოდნეობის ჯგუფი (1962) და შემდგომ მის ბაზაზე — ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორია (1970). ორივე შემთხვევაში ხელმძღვანელი დავით უკლება იყო. ქვეყნის მეურნეობის ზრდის ტემპის შესაბამისად, 60–70-იან წლებში, მკვეთრად დაისვა ლანდშაფტურ გამოკვლევათა მეურნეობაში დანერგვისა და პრაქტიკული ამოცანის გადაჭრაში მეცნიერთა მონაწილეობის აუცილებლობის საკითხი. ამ მოთხოვნას გამოეხმაურა ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორია. ამის შედეგი იყო მონოგრაფიული გამოკვლევა „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ (1968), რომელიც იყო მნიშვნელოვანი გამოკვლევა მეცნიერული და სამეურნეო თვალსაზრისით.[11] მოგვიანებით გამოიცა მეორე მონოგრაფია „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1974), სადაც მოცემული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი ოლქების დაყოფა რეგიონულ ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებად და გამოყოფილი ერთეულების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება; ფიზიკურ-გეოგრაფიული დიფერენციაციის საფუძვლად მიღებულია ავტორის მიერ შედგენილი მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტურ-ტიპოლოგიური რუკა; მოცემულია მათი კლასიფიკაცია, კომპლექსური გეოგრაფიული დახასიათება და ბუნებრივი პირობების შეფასება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის.[12]

1970 წელს დავით უკლებამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“. ამ სამუშაოთა პარალელურად, ლანდშაფტური კვლევის გაფართოებისა და უხვი საველე მასალების დაგროვების შედეგად, შესრულდა მნიშვნელოვანი შრომა, გამოიცა საშუალომასშტაბიანი (1:600000) ფერადი „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“ (დავით უკლება, ქრისტეფორე ჯაყელი და მელენტი სანებლიძე), რომელსაც ფართოდ იყენებდნენ საგეგმო და სამეურნეო ორგანიზაციები მეურნეობის ამა თუ იმ დარგის დაგეგმვის პროცესში.[13]

1970-იან წლებში დავით უკლებას თანაავტორობით განყოფილებაში შეიქმნა მნიშვნელოვანი ნაშრომი — „ქალაქების თბილისი-რუსთავის მწვანე ზონის ლანდშაფტური დახასიათება“, სადაც მოცემულია თბილის-რუსთავის მწვანე ზონის ლანდშაფტური ანალიზი, ყურადღება გამახვილებულია რეკრეაციული რესურსების გამოვლინებისა და მათი შეფასებისადმი. ნაშრომს თან ერთვის მსვილმასშტაბიანი ლანდშაფტური, რეკრეაციული, სამედიცინო-ლანდშაფტური რუკები. აღნიშნული გამოკვლევები მეცნიერულ საფუძვლად გამოიყენებოდა მწვანე ზონის გენერალური გეგმის შედგენისათვის. 70-იანი წლების დასასრულისთვის ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა თემატიკურად მრავალფეროვანი და შინაარსობრივად უფრო საინტერესო გახდა; შეიქმნა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების აკადემიების გეოგრაფთა ერთობლივი მუშაობის შედეგად; 1983 წელს პირველად შედგა ამიერკავკასიის 1:600000 მასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა (დავით უკლება, ბუდაგ ბუდაგოვი, მუსეიბ მუსეიბოვი და სხვა), რომლის შექმნის მეთოდური და თეორიული საფუძვლების დამუშავება და პრაქტიკული განხორციელება წარიმართა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიაში.[14]

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბუნებრივი (აღდგენილი) ლანდშაფტების შესწავლით, არამედ მიზანდასახულად და მეთოდურად იკვლევდა ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულების შედეგად შექმნილ ლანდშაფტებს. ამ მიმართულებით შეიქმნა მონოგრაფია — „საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები“ (1983), რომელშიც გაშუქებულია ანთროპოგენური ლანდშაფტების კვლევის თეორიული და მეთოდური საკითხები; დადგენილია ბუნებრივ და საზოგადოებრივ ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირი თანამედროვე ანთროპოგენური ლანდშაფტების წარმოქმნისას; ლანდშაფტების შეცვლის ხარისხის, შინაარსისა და გენეზისის საფუძველზე, აგრეთვე, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, პირველადაა მოცემული მთიანი ოლქების ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაცია და გამოყოფილი ერთეულების კომპლექსურ-გეოგრაფიული დახასიათება. განყოფილებაში 1968–74 წლებში შესრულებულია თეორიული და მეთოდური ხასიათის გამოკვლევები: „სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრინციპები და მეთოდები“, „მთიანი მხარეების ლანდშაფტების კლასიფიკაციის საკითხები“ (დავით უკლება) და სხვა. ბუნებაზე ანთროპოგენური ზემოქმედების შესწავლისადმია მიძღვვნილი კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული ნაწილის ლანდშაფტური (დავით უკლება) და ბოტანიკურ-გეოგრაფიული (ელენე სოხაძე) გამოკვლევები, რომლებიც „კოლხეთის პრობლემას“ ეხმაურება.[1]

მნიშვნელოვანი ნაშრომები

დავით უკლებას სამეცნიერო მოღვაწეობა მიმართული იყო ლანდშაფტმცოდნეობის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისადმი, ბუნებრივი პირობებისა და რესურსების რაციონალურად გამოყენების მეცნიერული დასაბუთებისა და ბუნების დაცვის პრობლემებისადმი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად 200-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნადაა დაბეჭდილი ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ (1968), „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1974), „საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები“ (1983). დავით უკლებას ხელმძღვანელობით და უშუალო თანაავტორობით გამოქვეყნდა „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“ (1970) და „ამიერკავკასიის ლანდშაფტური რუკა“ (1983), რომელთაც დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. დავით უკლებას შრომებისათვის დამახასიათებელია მეცნიერული სიღრმე, სიზუსტე, ინფორმაციის სიუხვე, მწყობრი მეთოდური და მეთოდოლოგიური კონცეფცია და პრაქტიკულ-გამოყენებითი ასპექტი.[5]

განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით ეკიდებოდა ქართული გეოგრაფიული ტერმინოლოგიის საკითხებს. 1967 წელს დაიბეჭდა მის მიერ შედგენილი „გეოგრაფიის ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), რომელშიც ტერმინები განმარტების გარეშე არის მოცემული. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში სამაგიდო წიგნად იქცა სპეციალისტებისათვის. საჭირო და აუცილებელი იყო ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ქართულენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონის შედგენა. დავით უკლებამ შეკრიბა ავტორ-შემდგენელთა ჯგუფი და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აქტიურად მუშაობდა ლექსიკონზე თავის მოწაფეებთან და კოლეგებთან ერთად. ხელმძღვანელის გარდაცვალების შემდეგ, ურთულეს სამუშაოს ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი, თუმცა წიგნად გამოცემა მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა. „ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი“ 5000-ზე მეტი ტერმინის განმარტებას მოიცავს და დაერთვის საცნობარო-სტატისტიკური დამატება.[5]

დავით უკლება იყო საშუალო სკოლების რიგი სახელმძღვანელოს რედაქტორი. თანაავტორია „საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის“. გარდა ამისა, მის მიერ რუსულიდან თარგმნილია პროფესორ ბორის დობრინინის წიგნის „Физическая география Западной Европы“ (გამოიცა 1948 წელს, ქართულად ითარგმნა 1953 წელს) რამდენიმე თავი. აღნიშნული წიგნი დაბეჭდილია და წარმოადგენდა უმაღლესი სკოლების სახელმძღვანელოს.[15] აგრეთვე იყო თარგმანის რედაქტორი წიგნისა „სსრკ კავშირის ფიზიკური გეოგრაფია“ (1988).[16] აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომების გარდა, აღსანიშნავია მიერ მიერ გამოცემული სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის შრომები, რომელთაგან აღსანიშნავია წიგნები: „ალაზნის ველი“ (1966) და „ჩვენი სამშობლოს ცისფერ გზებზე“ (1964). ასევე, „საბჭოთა კავშირის ქალაქების შეცვლილ სახელწოდებათა საძიებელი“ (თანაავტორი), რომელიც დაბეჭდილია უნივერსიტეტის შრომებში. საინტერესო სტატიები აქვს გამოქეყნებული ჟურნალში „მეცნიერება და ტექნიკა“.[1]

დავით უკლებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომების შესწავლის საქმეში. მან, ჯერ კიდევ, 1958 წელს ვახუშტი ბაგრატიონის შრომების მიხედვით მოახდინა ქვემო ქართლის ლანდშაფტური რაიონების გამოყოფა. 1966 წელს დაიბეჭდა ვახუშტის მიერ საქართველოს ლანდშაფტური ზონების დახასიათების მიხედვით შემუშავებული ლანდშაფტური თავისებურებებიც. მნიშვნელოვანია ვახუშტი ბაგრატიონის საიუბილეოდ გამოცემული კრებული, რომლის რედაქტორი იყო დავით უკლება. მასში მოთავსებულია ვრცელი გამოკვლევა „ვახუშტი ბაგრატიონი — ლანდშაფტური კვლევის წინამორბედი“. დავით უკლებამ დიდი წვლილი შეიტანა ვახუშტისეული „საქართველოს გეოგრაფიის“ ახალი გამოცემის საქმეში.[17] კობა ხარაძესთან ერთად შეადგინა ლექსიკონი, პიროვნებათა და გეოგრაფიულ სახელწოდებათა ანოტირებული საძიებლები, სხვებთან ერთად ტექსტი სათანადოდ აღჭურვეს კომენტარებით.[1]

გეოგრაფიული საზოგადოება

დავით უკლება 60 წელზე მეტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოებასთან. წლების განმავლობაში იყო საზოგაოდების პრეზიდიუმისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი. სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების სარევიზიო საბჭოს წევრი და სხვა. იგი იყო სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების 5 ყრილობის დელეგატი. დავით უკლება წლების განმავლობაში იყო გეოგრაფიული საზოგადოების შრომათა კრებულების რედაქტორი. მის ხელში გაიარა ათობით სტატიამ, რომელიც იბეჭდებოდა შრომათა კრებულებში.[1]

სამეცნიერო სტილი

დავით უკლებას შრომებს მეცნიერულ ღირებულებებთან ერთად მნიშვნელოვანი გამოყენებითი ასპექტები აქვს, ამიტომ შრომების ნაწილი დანერგილია მეურნეობის სხვადასხვა დარგში. დავით უკლებამ საფუძველი ჩაუყარა ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიას, რომელიც მისივე მზრუნველობით ერთ-ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია გახდა. მან პირველმა დაადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები, გამოავლინა ცალკეული ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონების და ლანდშაფტების ბუნებრივი რესურსები და დასახა მათი რაციონალური ბუნებათსარგებლობის ღონისძიებანი.[18][19]

მისი სამეცნიერო ნაშრომებისთვის დამახასიათებელია მდიდარი სამეცნიერო ფაქტების სიზუსტე, ღრმა მეცნიერული კვლევა, ანალიზი და განზოგადება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზი და ლაკონურობა. დავით უკლება ითვლებოდა ლანდშაფტმცოდნეობის საკითხებზე დარგის აღიარებულ სპეციალისტად საქართველოში. მისი სამეცნიერო-კვლევითი პროფილი იყო მთიანი ქვეყნის ბუნებრივი პირობების კომპლექსი როგორც საწარმოო რესურსი და წარმოების გარემოს პირობები. დავით უკლებამ კომპლექსური ფიზიკური გეოგრაფიის სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი შექმნა, მათ შორის 100-ზე მეტი დაიბეჭდა ქართულ, რუსულ, ზოგიერთი კი ინგლისურ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე.[18]

პედაგოგიური მოღვაწეობა და წევრობა

დავით უკლება პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში. ლექციების კურსს შეთავსებით კითხულობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1957–59) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1974–80). მოღვაწეობდა აგრეთვე ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, სადაც ის 1970–89 წლებში შეთავსებით მუშაობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. 1984 წელს გეოგრაფიის დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისა და სამეცნიერო კადრების აღზრდისათვის დავით უკლებას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. მნიშვნელოვანია მისი როლი სამეცნიერო კადრების მომზადებაში. დავით უკლებას ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 11 მაძიებელმა, რომელთა შორის იყვნენ: გელა მარგველანი, ნანა სულხანიშვილი, ეთერ დავითაია, ელენე სალუქვაძე, ნუგზარ არჩვაძე, მზია კუბეცია და სხვა. აღზრდილთა შორის არიან სხვა რესპუბლიკებიდანაც. დავით უკლება 25-ჯერ იყო სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი. დავით უკლება საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო მონოგრაფიის რედაქტორია, მათ შორის პროფესორ ლევან მარუაშვილის „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფიის“ სამტომეულის. დავით უკლება იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მთიანი ოლქების ბუნების სისტემატურ-გეოგრაფიული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისერტაციების დაცვის სპეციალური საბჭოს წევრი, აგრეთვე, სადოქტორო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი (აზერბაიჯანი).[1]

აღიარება

1997 წლის 2 მაისს დავით უკლებამ ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის საგამომცემლო კოლეგიის წევრისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:[1]

 
„ძვირფასო ბატონო პროფესორო, გილოცავთ! ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის თქვენი კანდიდატურა პროფესორ ვახტანგ ჯაოშვილის მიერ წარდგენილ იქნა „მსოფლიოს ხუთი ათასი გამოჩენილი პიროვნების“ (Five thousand personalities of the world) მეექვსე გამოცემისათვის. მეექვსე გამოცემა არის ძირითადი ცნობარი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს გამოჩენილ პირთა სია, რომელთა შეხედულებებმა, მოღვაწეობამ და მიღწევებმა დიდი გავლენა იქონია ჩვენს საზოგადოებაზე და ნამდვილად იმსახურებენ საერთაშორისო აღიარებას. ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის არსებობის 30 წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების ეგზემპლარები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, პროფესიულ ჯგუფებთან, უნივერსიტეტებში, გამომცემლობებში, მკვლევარებთან. პროფესორო უკლება, თქვენი მოღვაწეობით საუკეთესო მაგალითს აძლევთ საზოგადოებას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. პატივისცემით ჯ. მ. ევანზი. საგამომცემლო კოლეგიის წევრი.“

იმავე წელს გამოქვეყნებულ „მსოფლიოს ხუთი ათასი გამოჩენილი პიროვნების“ მექვსე გამოცემაში მოყვანილია ცნობები დავით უკლებას მოღვაწეობის შესახებ. 1998 წლის აპრილში დავით უკლებამ ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტიდან კვლავ მიიღო ბარათი.[1]

 
„ძვირფასო ბატონო უკლება! ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ წარდგენილი ხართ პრესტიჟული წოდების — „წლის ადამიანი — 1998“ მისანიჭებლად. ჩვენი ინსტიტუტის კვლევის საერთაშორისო საბჭომ აგირჩიათ იმ მიღწევებისა და წვლილის გამო, რომელიც საზოგადოების განვითარების საქმეში შეიტანეთ. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა საუკეთესონი ამოგვერჩია. დაგვეთანხმებით, ეს არც ისე იოლია. გილოცავთ ამ გამარჯვებას. ბატონო უკლება! ამ წერილზე თანდართულ დოკუმენტში საუბარია ჯილდოზე, რომელიც შევარჩიეთ ამ ბრწყინვალე მოვლენის აღსანაშნავად. გისურვებთ მომავალ წარმატებებს და მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას. პატივისცემით, ჯ. მ. ევანზი, პრეზიდენტი.“

დავით უკლება თავის მხრივ, გამოეხმაურა ჯ. მ. ევანზს, მაგრამ მიმოწერა აღარ გაუგრძელებია.[1]

ჯილდოები

დავით უკლება დაჯილდოებულია „სამამულო ომის“ მეორე ხარისხის ორდენით (1985) და მედლებით: „გერმანიაზე გამარჯვებისათვის დიდ სამამულო ომში“ (1946), „დიდი სამამულო ომის ოცი წელი“ (1967), „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წელი“ (1975), „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“ (1985), „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წელი“ (1995), შრომითი წარჩინებისთვის (1970), „შრომის ვეტერანის“.[1]

მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულმა ნაშრომებმა პროფესორ დავით უკლებას არაერთი ჯილდო მოუტანა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის ბრძანებულებით, გეოგრაფიის დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისა და სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელს დავით უკლებას მიენიჭა საპატიო წოდება „საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე“. დავით უკლებას ორჯერ მიეკუთვნა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია.[5] პირველად 1987 წელს მიენიჭა ვახუშტის ბაგრატიონის სახელობის პრემია შრომებისთვის: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება“ (1968) და „საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები“ (რუსულ ენაზე, 1983). მეორედ, 1993 წელს, კოლექტიური მონოგრაფიისათვის „თბილისი“ (1989).[1]

„საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის“ (1992) შექმნაში აქტიური მონაწილეობისათვის 1994 წელს მიეკუთვნა საქართველოს სახელმწიფო პრემია.[17]

ოჯახი

დავით უკლებას მეუღლე იყო ირა შალვას ასული ენუქიძე (1925–1995). ჰყავდათ ორი შვილი: მანანა და მაია. მაია უკლება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის პროფესორია, ხოლო მანანა უკლება გამომცემლობის დარგში დამსახურებული მუშაკი. მანანა უკლებამ 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობს. მისი რედაქტორობით გამოცემულია ათეულობით წიგნი და ალბომი.[1] მაია უკლებამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1977 წელს. იგი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის პროფესორია, მინიჭებული აქვს პედაგოგის უმაღლესი კატეგორია.[20]

ხსოვნა

2019 წლის 5–6 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში ჩატარდა საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დავით უკლებას დაბადებიდან 100 წლისთავს. საიუბილეო სხდომა გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა ნანა ბოლაშვილმა, მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო პროფესორ დავით უკლებას პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. საიუბილეო სხდომაზე მოგონებით გამოვიდნენ დავით უკლებას კოლეგები და აღზრდილები.[21]

მომხსენებელთა შორის იყვნენ მეორე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნუგზარ არჩვაძე. დავით უკლებას დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები”, შრომათა კრებულში სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად მოთავსებულია ნუგზარ არჩვაძის სტატია „წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემის მიდამოები - ბუნების საოცრება“.[21]

2000 წლის 15 მაისს ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის კაბინეტს მიენიჭა პროფესორ დავით უკლებას სახელი. ამ საქმის ინიციატორი იყო სსიპ ქ. თბილსის N2 საჯაროს სკოლის უფროსი მასწავლებელი, დავით უკლებას აღზრდილი ნუგზარ არჩვაძე. 2000 წლიდან დღემდე სკოლის გეოგრაფიის კაბინეტში სისტემატურად ტარდება მოსწავლეთა კონფერენციები სხვადასხვა თემებზე.[21]

2019 წლის 11 ნოემბერს სსიპ ქ. თბილისის N2 საჯარო სკოლის დავით უკლებას სახელობის გეოგრაფიის კაბინეტში ჩატარდა ნორჩ გეოგრაფთა სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატის, პროფესორ დავით უკლებას დაბადებიდან 100 წლისთავს.[21]

გარდაცვალება

დავით უკლება გარდაიცვალა 1999 წლის 26 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დავით უკლებას გარდაცვალებიდან ზუსტად 5 თვეში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა დავით უკლებას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა. სხდომაზე სიტყვებით გამოვიდნენ ზურაბ ტატაშიძე, ეთერ დავითაია, ელენე სალუქვაძე, ზურაბ სეფერთელაძე, კობა ხარაძე, გელა მარგველანი, ნუგზარ არჩვაძე, გივი გიგინეიშვილი, რამინ გობეჯიშვილი და სხვა.[1]

ბიბლიოგრაფია

  • ჩვენი სამშობლოს ცისფერ გზებზე, თბ., 1964;
  • ალაზნის ველი. შიგნი კახეთი, თბ., 1966;
  • გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), თბ., 1967;
  • აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;
  • Антропогенные ландшафты Грузии, Тб., 1983.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 861, ISBN 99928-20-32-2.
  • ჭეიშვილი ო., მოკლე გეოგრაფიული ცნობარი, თბ., 1977.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 კობა ხარაძე (2019). რედ. ზურაბ სეფერთელაძე: ბუნების დაუღალავი მკვლევარი დავით უკლება. თბილისი: შპს „სვეტი“, გვ. 248. ISBN 9789941961786. 
  2. მარუაშვილი, ლევან; ჯაყელი, ქრისტეფორე (25 დეკემბერი, 1989). „მშობლიური ბუნების მკვლევარი: [გეოგრაფი მეცნიერის დავით უკლებას ღვაწლი]“. თბილისი. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თსუ ბიბლიოთეკის კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-03. ციტირების თარიღი: 2021-03-19.
  4. ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 861, ISBN 99928-20-32-2.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი; ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება. (27 დეკემბერი, 2014). „ღვაწლმოსილი მეცნიერი - გეოგრაფი : პროფესორი დავით უკლება - 95“. საქართველოს რესპუბლიკა: 5. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. გეოგრაფია: სამეცნიერო-მეთოდური ჟურნალი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2021-03-19.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 ელენე სალუქვაძე (2019). რედ. კობა ხარაძე: დავით უკლება (1919-1999) : ბიობლიოგრაფია. თბილისი: თსუ-ს გამ-ბის სტამბა, გვ. 124. ISBN 9789941138836. 
  8. დავით უკლება (1956). გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 9. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 75–129. 
  9. დავით უკლება (1959). გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 11. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 43–77. 
  10. დავით უკლება (1959). გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 11. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 233-239. 
  11. დავით უკლება (1968). აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის. თბილისი: მეცნიერება, გვ. 350. 
  12. დავით უკლება (1974). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები. თბილისი: მეცნიერება, გვ. 196. 
  13. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი. ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2021-03-19.
  14. Будагов Б.А. Ландшафтная карта Закавказья. (совместно с Уклеба Д.Б., Мусеибовым М.А., Сохадзе Е.В.. Багдасаряном А.Б., Асланашвили А.Ф.) М. 1:6000000, 1983.
  15. ბორის დობრინინი (1953). რედ. მელიტონ სანებლიძე: დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი: თსუ-ის გამომცემლობა, გვ. 462. 
  16. მ. დავიდოვა, ა. კამენსკი, ნ. ნეკლიუკოვა, გ. ტუშინსკი (1988). სსრკ ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი: განათლება, გვ. 527. 
  17. 17.0 17.1 ტატაშიძე, ზურაბ; სეფერთელაძე, ზურაბ (26-27 დეკემბერი, 1999). „გეოგრაფიული მეცნიერების მესაძირკვლე“. საქართველოს რესპუბლიკა: 6. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. 18.0 18.1 ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი (26 დეკემბერი, 2009). „გეოგრაფიული მეცნიერების დაუღალავი მსახური : პროფესორი დავით უკლება - 90“. საქართველოს რესპუბლიკა: 15. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. კიკნაძე თ.; ჯაოშვილი ვ.; ტატაშიძე ზ. (3 იანვარი, 1989). „მკვლევარი, ბუნების მესაიდუმლე: მეცნიერის ღვაწლი“. კომუნისტი: 3. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  20. კობა ხარაძე (2003). ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბილისი: განათლება, გვ. 336. ISBN 9992806982. 
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 თბილისის N2 საჯარო სკოლაში პროფესორ დავით უკლებას 100 წლის იუბილეს კონფერენცია მიუძღვნეს. www.etaloni.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 2019-03-12.