სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სოხაძე.

ელენე სოხაძე (დ. 5 ოქტომბერი, 1918 — გ. 26 აპრილი, 1997) — ქართველი ბიოლოგი, გეოგრაფი და პედაგოგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1971).

ელენე სოხაძე
დაბ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1918(1918-10-05)
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 1997(1997-04-26) (78 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელენე სოხაძემ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გეობოტანიკის სპეციალობით 1941 წელს. მუშაობდა ქალაქ ბაქოს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში; 1942 წლიდან არმიის რიგებში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შორსმსროლელ საზენიტო არტილერიის ბატარეაში იმყოფებოდა; 1945 წელს ჩაირიცხა ვილიამსის სახელობის კვების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1948 წლიდან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებელია. 1953 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.[1]

1954–92 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქ ცნობილი მკვლევრების გვერდით მან განსაზღვრა ბოტანიკურ-გეოგრაფიული კვლევის ასპექტში მეცნიერული ორიენტაციის ძირითადი მიმართულება.[1]

მონაწილეობდა ფიზიკურ-გეოგრაფიული ხასიათის ექსპედიციებში; შესწავლილ იქნა რეგიონების მცენარეული საფარი, როგორც ლანდშაფტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მთის ქანების გავლენას მცენარეულობაზე, მცენარის ინდიკაციურ როლს ბუნებრივ და ანთროპოგენურ ფაქტორებზე, მთიანი მხარეების ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრინციპებს და მეთოდებს. დასავლეთ საქართველოს მთიანი რაიონების შესწავლასთან დაკავშირებულმა გამოკვლევებმა და მათმა განზოგადებამ შესაძლებლობა მისცა შეესრულებინა რამდენიმე მონოგრაფია.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1950 წელს თემაზე: „კავკასიის უროიანების საძოვრები“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია ლენინგრადში 1971 წელს თემაზე: „დასავლეთ საქართველოს კირქვიანი მთების ბოტანიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“.[1]

მის სადოქტორო დისერტაციაში ღრმადაა გაანალიზებული მთიანი რეგიონების ლანდშაფტების კვლევის მეტად აქტუალური პრობლემები. გეოგრაფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებაში შესრულებულ რიგ გამოკვლევებში. იგი ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Известняки и растительность : Ботан.-геогр. анализ на прим. Евразии. Тбилиси, Мецниереба, 1982;
  • Ботанико-географический очерк известняковых гор Западной Грузии. Тбилиси, Мецниереба, 1968.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.