რამინ გობეჯიშვილი
რამინ გობეჯიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1941, ნიგვზნარა, საქართველოს სსრ — გ. 26 აგვისტო 2014, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გლაციოლოგიის სექციის ბიუროს წევრი (1988-1992), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996-2008), ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (2005-2007).
რამინ გობეჯიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1941 |
დაბ. ადგილი | ნიგვზნარა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 26 აგვისტო, 2014 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
დასაფლავებულია | ნიგვზნარა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მთიანი რაიონების თანამედროვე რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტო-გრამმეტრიული მეთოდებით“, ხოლო 1995 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს თანამედროვე მყინვარები და ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია“.
1979-1981 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1981-1986 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1986-2006 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2003-2006 წლებში — თსუ-ის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე. 1995-2003 წლებში — გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი.[1]
მონაწილეობდა ევრაზიის კონტინენტზე ჩატარებულ გლაციოლოგიურ და გეომორფოლოგიურ ექსპედიციებში. დამუშავებული აქვს ძველი გამყინვარების რეკონსტრუქციის კვლევის ახალი მეთოდი, რომლის მიხედვითაც შეადგინა კავკასიონის, ტიან-შანის, აღმოსავლეთ ანატოლიის, აღმოსავლეთ ტიბეტისა და ცენტრალური ჰიმალაის გვიანდელი პლეისტოცენური გამყინვარების რუკები. მონაწილეობდა „მსოფლიოს თოვლყინულოვანი რესურსების ატლასის“ შედგენაში (1997).
რამინ გობეჯიშვილი 9 მონოგრაფიისა და 120 სტატიის ავტორია, აქედან ქართულად — 58, რუსულად — 47, ინგლისურად — 15.[1] გარდაიცვალა 2014 წელს. დაკრძალულია სოფელ ნიგვზნარაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაშაკიძე ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 54.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 რამინ გობეჯიშვილი – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-02-28.