საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება

სამეცნიერო საზოგადოება საქართველოში

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (სგს) — ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება; აერთიანებს გეოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ პირებს. შეიქმნა 1924 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული კაბინეტისა და 1850 წელს თბილისში დაარსებული რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ბაზაზე.[2] თავდაპირველად საზოგადოებაში იყო ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებები, საექსკურსიო ბიურო და კარტოგრაფიული კაბინეტი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაშია 4 განყოფილება (სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-მეთოდური, სარედაქციო-საგამომცემლო და გეოგრაფიული ცოდნის გამავრცელებელი) 15 სექციით, 5 კომისია, 7 ფილიალი (სოხუმის, ბათუმის, ცხინვალის, ქუთაისის, გორის, გურჯაანის, ახალციხის) და 2000-ზე მეტი წევრი (1976 წლის შეფასება). უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევენ 4 წელიწადში ერთხელ.[2]

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
აბრევიატურა სგს
შეიქმნა 1924 წლის 22 იანვარი
სტატუსი მოქმედი
ტიპი სამეცნიერო საზოგადოება
მდებარეობა ლ. გუდიაშვილის ქ. 11 [1]
წევრები 2000 (1976 წლის შეფასება)
ენა ქართული
ატარებს სახელს ალექსანდრე ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველო

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი.[3] საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება სამეცნიერო კოორდინაციას უწევს გეოგრაფიულ სამუშაოებს, ატარებს სამეცნიერო ხასიათის მოხსენებებსა და კონფერენციებს, კონსულტაციებსა და ექსპერტიზებს, ხელმძღვანელობს ნებაყოფლობით ფენოლოგიურ ქსელს, საუკეთესო სამეცნიერო-გეოგრაფიული ნაშრომებისათვის ანიჭებს ვახუშტისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემიებს. გამოსცემს სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას. გამოსულია საზოგადოების მოამბე (2 ტომი) და შრომები (13 ტომი) მონოგრაფიები და სხვა.[2] გამოსცემს აგრეთვე „კავკასიის გეოგრაფიულ ჟურნალს“,[4] სადაც იბეჭდება სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.[3]

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924-1947 წლებში შედიოდა განათლების სამინისტროში, 1947-1998 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 1998 წლის 3 ივნისიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. 1996 წლიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სრულუფლებიანი და ამერიკის მეცნიერების ხელშემწყობ ასოციაციასთან არსებული საერთაშორისო კონსორციუმის წევრია.[5]

  1. ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
  2. 2.0 2.1 2.2 ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 72-73.
  3. 3.0 3.1 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
  4. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა
  5. ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. გვ. 380, თბილისი, 2002 წელი