მთიანი ქვეყანადედამიწის ზედაპირის ვრცელი უბანი სიმაღლეების მკვეთრი რყევით, გარემომცველ ვაკეებზე მნიშვნელოვნად ამაღლებული (მრავალი ასეული, ზოგჯერ ათასი მ-ით). მთიანი ქვეყანა ჩვეულებრივ, ყალიბდება ტექტონიკური განვითარების ერთიან ეტაპზე, რომელსაც თან ახლავს აღმავალი მოძრაობები. ზოგჯერ გადაჭიმულია რამდენიმე ათას კმ-ზე, აქვს რთული კონფიგურაცია.[1]

კავკასიონი
ჰიმალაი

მთიანი ქვეყანა შედგება მთის ჯაჭვებისა და ქედებისაგან, გამოყოფილია მთათაშორისი ქვაბულებით და მთის ხეობებით. მთიან ქვეყანას ხშირად ყოფენ მთიანი სისტემების ფარგლებში. მეცნიერთა (გეომორფოლოგთა) დიდი ნაწილი მკვეთრად არ მიჯნავს „მთიან ქვეყანას“ და „მთიან სისტემას“ და მათ განიხილავს, როგოც სინონიმებს.[1]

მთიანი ქვეყანა წარმოდგენილია ტექტოგენეზის ერთსა და იმავე ეპოქაში წარმოქმნილი რამდენიმე მთათა სისტემისაგან, რომლებსაც აქვთ სივრცითი ერთიანობა, მაგრამ ხშირად განსხვავდებიან სტრუქტურული თავისებურებებითა და გარეგანი იერით. მთიანი ქვეყნის მაგალითია კავკასიონი და მცირე კავკასიონი, სომხეთის ვულკანური მთიანეთი და სხვა.[2]

მთიანი ქვეყანა გადაჭიმულია სწორხაზოვნად ან წარმოქმნის სიმრუდის სხვადასხვა რადიუსის ღერძებს და ცალკეულ შემთხვევებში აღწევს 6000, 7000, 8000 და მეტ სიმაღლეს ზღვის დონიდან. მთების სიმაღლის ხილვადი შემოსაზღვრულობა პირველად აღინიშნა XIX საუკუნის ბოლოს ალბრეხტ პენკის მიერ, რომელმაც შემოიღო ცნება დენუდაციის ზედა დონის შესახებ.[3]

ზოგიერთი მთიანი ქვეყნის მორფოლოგიაში დიდ როლს თამაშობს ვულკანური მოქმედების გამოვლინების შედეგი. ასეთებია ლავური ნაკადები და საფარები, ვულკანური კონუსები და სხვა. მთების მორფოლოგიასთან დაკავშირებულია ცნება მორფოლოგიური ასაკის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ მისი გეოლოგიური განვითარების ისტორიის შესახებ.[4]

ზოგჯერ ტაქსონს „მთიან სისტემას“ მიაკუთვნებენ უფრო დაბალ იერარქიულ დონეს, ვიდრე ტაქსონ „მთიან ქვეყანას“.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 დავით უკლება, კობა ხარაძე, ეთერ დავითაია (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 210. 
  2. Горная страна | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 2021-03-20.
  3. Щукин И. С., Общая геоморфология, т. 2, М., 1964
  4. Die morphologische Analise Ein Kapitel der physikalischen Geologie, Stuttg., 1924