ნანა ბოლაშვილი
ნანა ბოლაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1967, ბორჯომი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. 2007 წლიდან არის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.[3] 2008 წლიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.[4]
ნანა ბოლაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1967[1] (56 წლის) |
დაბ. ადგილი | ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანანა ბოლაშვილმა 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, 1992 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1992–96 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში სპეციალობით ხმელეთის ჰიდროლოგია, წყლის რესურსები და ჰიდროქიმია. არის საქართველოს წარმომადგენელი გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში. 2013 წელს იყო ამავე კონვენციის მე-2 სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი. არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალ „ამირანის“ სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი გეოგრაფია-გეოეკოლოგიის განხრით. მისი კვლევები მოიცავს წყალმოვარდნების პროგნოზირების, წყლის რესურსების შეფასებისა და მართვის, ასევე კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების საკითხებს. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1999 წელს თემაზე: „წყალმოვარდნების პროგნოზირება სახეთა ამოცნობის თეორიის საფუძველზე (საქართველოს მდინარეთა მაგალითზე)“.[5]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (თანაავტორი). თბ., 2009;
- მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე : მყინვარების ზოფხიტოსა და ჭალაათის მაგალითზე: (თანაავტორი). თბ., 2012;
- საქართველოს კარსტული მღვიმეები, (თანაავტორი), თბ., 2013;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის მონიტორინგი, მონოგრაფია (თანაავტორი). თბ., 2017.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00015113/
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ ნანა ბოლაშვილი // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ↑ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-18. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
- ↑ ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003