მელიტონ სანებლიძე

ქართველი გეოგრაფი

მელიტონ (მელეტი) სტეფანეს ძე სანებლიძე (დ. 25 თებერვალი, 1905 — გ. 28 ნოემბერი, 1984) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), დოცენტი. ქართული ლანდშაფტური სკოლის დამაარსებელი. მისი ინიციატივით 1965 წელს დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი.

მელიტონ სანებლიძე
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1905(1905-02-25)
გარდ. თარიღი 28 ნოემბერი, 1984(1984-11-28) (79 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მელიტონ სანებლიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო დარგი გეოგრაფიის სპეციალობით 1928 წელს. 1928–33 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1933–40 წლებში ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის გამგედ და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად; 1940 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე, 1952–74 წლებში იყო იმავე კათედრის გამგე.[1]

1951–80 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე. მელიტონ სანებლიძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1949 წელს თემაზე: „ყაზბეგის რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ლანდშაფტების ვერტიკალური ზონალობა, გამოყოფილია ზონები და ქვეზონები. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო სტატია, მეთოდური ლიტერატურა, მარშრუტული აღწერა და სხვა.[1]

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს ძირითადი ლანდშაფტების დადგენასა და საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებაში. გამოყოფილი აქვს 15 ლანდშაფტური ზონა ანუ ტიპი. დიდი წვლილი მიუძღვის მყინვარწვერის შესწავლის საქმეში. იგი 19-ჯერ ავიდა მწვერვალზე. არჩეული იყო საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს წევრად.[1]

მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1962 წელს დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი, რომლის სამეცნიერო შრომები ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად მარტყოფის სტაციონარში მხოლოდ მეტეოროლოგიური დაკვირვებები წარმოებდა. შემდგომი ეტაპი კი დეტალური ფიზიკურ-გეოგრაფიული და ლანდშაფტური კვლევა-ძიებანი იყო. სტაციონარში ფართოდ იქნა შესწავლილი ასევე ლანდშაფტის მდგომარეობა და მისი დინამიკა.[2]

საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1984). დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1968).[1]

თხზულებები

რედაქტირება
  • სანებლიძე მ, საქართველოს სსრ ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ცდა;
  • სანებლიძე მ, საქართველოს სსრ ფიზიკურ-გეოგრაფიული მხარეებისა და ოლქების ძირითადი თავისებურებანი;
  • სანებლიძე მ, უკლება დ, ჯაყელი ქრ; საქართველოს სსრ ლანდშაფტური რუკა (ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების სქემით).
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. * ნიკოლოზ ბერუჩაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1999.