ბუნებრივი ლანდშაფტი
ბუნებრივი ლანდშაფტი, ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი — ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული კომპონენტების (გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, ჰავა, შიდა წყლები, ნიადაგ-მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო) კანონზომიერი ჰარმონიული შეთანაწყობა, რომელიც ქმნის სხვადასხვა რანგის ერთიან უწყვეტ სისტემას, გეოგრაფიული გარსიდან ფაციესამდე (მაგალითად, ტაიგა, სტეპი, უდაბნო და სხვა). ბუნებრივი ლანდშაფტი ფიზიკური გეოგრაფიის ძირითადი ცნებათაგანია და ჩვეულებრივ, მოიცავს დედამიწის ქერქის განსაზღვრულ უბანს მისთვის დამახასაითებელი რელიეფით, ატმოსფეროს დედამიწისპირა წყლებს, ნიადაგებსა და სხვა. ბუნებრივი ლანდშაფტი აღნიშნავს ბუნებრივი ან ადამიანის მიერ ბუნების ნებისმიერი მასშტაბის ძირითადი კომპონენტების ნაწილობრივ შეცვლილ სისტემას.[1]
ბუნებრივი ლანდშაფტის ცნება ფართოდ გამოიყენება ლანდშაფტმცოდნეობასა და ზოგად დედამიწისმცოდნეობაში. გარემოს ცალკეული კომპონენტები ბუნებრივი ლანდშაფტის ფარგლებში ვითარდება როგორც მთელის ნაწილი. მათი ურთიერთკავშირი გამოხატულია ნივთიერებისა და ენერგიის ცვლაში. ერთ-ერთი კომპონენტის შეცვლაც კი ხშირად იწვევს მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტის გარდაქმნას.[2]
აქვს განსაზღვრული მდგრადობა, გააჩნია გარეგანი აგენტებით მისი დარღვევის შედეგად აღდგენის ტენდენცია. მიეკუთვნება სხვადასხვა დონეს (რანგს): პლანეტარულს (გეოგრაფიული გარსი), რეგიონალურს (ლანდშაფტური ზონა, პროვინცია, ცალკეული ლანდშაფტი), ტოპოლოგიურს (ადგილი, უროჩიშჩე, ფაციესი). რეგიონული და ტოპოლოგიური დონის ბუნებრივი ლანდშაფტი გეოგრაფიული გარსის სტრუქტურული ნაწილია, მისი დიფერენციაციის პროცესია. სხვა მხრივ, ნებისმიერ უმაღლესი რანგის ბუნებრივი ლანდშაფტი განიხილება როგორც დაბალი რანგის ბუნებრივი ლანდშაფტის ინტეგრაციის გამოხატულება.[3]