დედამიწისმცოდნეობა
დედამიწისმცოდნეობა (ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია) — ფიზიკური გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიული გარსის შემადგენლობის, სტრუქტურისა და განვითარების უზოგადეს კანონზომიერებებს. ტერმინი დედამიწისმცოდნეობა ზოგჯერ იხმარება დედამიწის, როგორც პლანეტის შემსწავლელ დისცილინათა ერთობლიობის შემოკლებული სახელი. ეს მეცნიერული დისციპლინებია: გეოგრაფია, გეოფიზიკა, გეოლოგია და სხვ. ტერმინი დედამიწისმცოდნეობა პირველად შემოიღო გერმანელმა გეოგრაფმა კარლ რიტერმა XIX საუკუნის დასაწყისში და იხმარებოდა დაახლოებით ქვეყანათმცოდნეობის გაგებით.
დედამიწისმცოდნეობას როგორც მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა უძველეს დროში. მისი მეცნიერებად ჩამოყალიბება დაკავშირებულია გეოგრაფიის განვითარებასთან. დედამიწის შემეცნებისადმი კაცობრიობის ინტერესი ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ჩაისახა. ძველი ბერძენი მეცნიერები, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედამიწა სფეროსებურია, ხოლო მოგვიანებით გამოითქვა იდეა, რომ დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის ირგვლივ. ძველი ინდოელები დედამიწის ფორმას ლოტოსს ამსგავსებდნენ, ბაბილონელები და სხვა ხალხი — წყლით გარშემორტმყულ ბრტყელ დისკოს.
ზოგადი დედამიწისმცოდნეობის საკითხები პირველად წამოიჭრა ძველი ბერძენის მეცნიერის არისტოტელეს (ძვ. წ. 384 - ძვ. წ. 322) ნაშრომებში. მისი შრომა „მეტეოროლოგიკა“ არსებითად არის ზოგადი დედამიწისმცოდნეობის ერთიანი კურსი. მასში განხილულია: სინოტივის წრებრუნვის, ზედაპირული ჩამონადენის ხარჯზე მდინარეების წარმოშობის, დედამიწის ზედაპირის ცვლილებების, ზღვის დინებების, მიწისძვრების, დედამიწის ზონების საკითხები. ერატოსთენეს (დაახლ. ძვ. წ. 276 – ძვ. წ. 194) ეკუთვნის პირველი ზუსტი ცდა ქალაქებს ალექსანდრიასა და სიენას შორის მერიდიანის რკალის გაზომვით დედამიწის სიდიდის განსაზღვრა. ანტიკური ხანის მეცნიერები დედამიწას სამყაროს ცენტრად მიიჩნევდნენ. არისტარქე სამოსელი (ძვ. წ. 310 - ძვ. წ. 230) ჰელიოცენტრიზმის პოზიციებზე იდგა, სამყაროს ცენტრად მზე მიაჩნდა.
ზოგადი დედამიწისმცოდნეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ძველ ბერძენმა ასტრონომმა და გეოგრაფმა კლავდიოს პტოლემემ, რომელმაც ჩამოაყალიბა გეოცენტრული მოძღვრება. პტოლემე ერთმანეთისაგან ანსხვავებდა გეოგრაფიასა და ქოროგრაფიას. დედამიწის სფერულობის იდეის სისწორე დამტკიცდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში. 1543 წელს მიკოლაი კოპერნიკმა დაასაბუთა ჰელიოცენტრული კონცეფცია. დედამიწისმცოდნეობის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა აგრეთვე ბერნჰარდ ვარენიუსის, ალექსანდერ ჰუმბოლდტის, კარლ რიტერისა და სხვათა შეხედულებებმა და ნაშრომებმა.
დედამიწისმცოდნეობის ძირითადი მიზანია დედამიწის გეოგრაფიული გარსის შესწავლა, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. ზოგი მკვლევარი გეოგრაფიულ გარსს ლანდშაფტურს უწოდებს (ეფრემოვი, 1969), ზოგიც კი ეპიგეოსფეროს (ისაჩენკო, 1965).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Калесник С. В. Основы общего землеведения, 2 изд., М., 1955;
- Мильков Ф.Н. Общее землеведение, М. 1990;
- Савцова Т.М. Общее Землеведение М. 2003.