რუსთავი

ქალაქი საქართველოში
ტერმინს „რუსთავი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუსთავიქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 350 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 127 200 ადამიანი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

ქალაქი
რუსთავი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
კოორდინატები 41°32′37″ ჩ. გ. 45°00′42″ ა. გ. / 41.54361° ჩ. გ. 45.01167° ა. გ. / 41.54361; 45.01167
მერი ნინო ლაცაბიძე     
დაარსდა 1948 წლის 19 იანვარი
პირველი ხსენება IV საუკუნე
ადრეული სახელები ვოსტანქალაქი, ბოსტანქალაქი, ნაგები, რუვისთავი.
ამჟამინდელი სტატუსი 1948
ფართობი 60 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 350 მეტრი
მოსახლეობა 132 333 (2023)[1]
სიმჭიდროვე 2081,8 კაცი/კმ²
აგლომერაცია თბილისის აგლომერაცია
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91,8%
აზერბაიჯანელები 3,7%
სომხები 1,6%
რუსები 1,2%
ოსები 0,4%
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (341)
საფოსტო ინდექსი 3700–3799[2]
ოფიციალური საიტი http://rustavi.gov.ge/
რუსთავი — საქართველო
რუსთავი
რუსთავი — ქვემო ქართლი
რუსთავი

გეოგრაფიული ცნობები

რუსთავი ქვემო ქართლის მხარის ყველაზე მსხვილი ქალაქია და მდებარეობს 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე. რუსთავი აშენებულია სტეპის ტერიტორიაზე. მას უკავია 6060 ჰექტარი უნაყოფო სტეპის ტერიტორია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრ მანძილზე. რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი გადის მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებთან[3], სამხრეთიდან და დასავლეთიდან აკრავს იაღლუჯისა და ჩათმის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე მტკვარი (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო; ძველი და ახალი რუსთავი), რომელიც წყლის მთავარი არტერიაა. მის მარცხენა ნაპირთან იწყება გარდაბნის არხი, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათასობით ჰექტარ მიწას რწყავს. ძველი და ახალი რუსთავი ერთმანეთისგან დაშორებულია 1 კმ-ით. მდინარის გასვწვრივ შემორჩენილი ჭალის ტყის კორომი ქმნის გამწვანებულ ზოლს. რუსთავის ტყე ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.

რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა — ს 4 „თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი)“, რომელსაც ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60 სიგრძე 28 კმ (ყოფილი აბრეშუმის გზა). ქალაქი განაშენიანებულია მდინარე მტკვრისკენ ოდნავ დახრილ ვაკეზე. სამრეწველო საწარმოები, ადმინისტრაციული შენობები, რკინიგზის სადგური მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. ძველ რუსთავში, რომელიც დაგეგმარებულია 1944 წელს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 1955 წლიდან დაიგეგმა და განაშენიანდა საცხოვრებელი უბნები, ე.წ. ახალი რუსთავი.

 
ხელოვნური ტბა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში

კლიმატი

რუსთავის კლიმატური პირობები გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპს შორის. ქალაქში მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. ხასიათდება ზომიერი, თოვლიანი ზამთრით და მშრალი, ზომიერი და ცხელი ზაფხულით. ნალექების რაოდენობაა 390 მმ წელიწადში. ახალი რუსთავი (მარჯვენა სანაპირო) შედარებით მშრალი და ცხელია, ვიდრე ძველი.

თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშ. მაქს. ტემპერატურა [°C] 6 7.7 12,9 18,2 23,4 27.5 30.8 30.8 26.0 19.8 12.9 7.5 18.7
ნალექი (მმ) 19 26 30 51 78 76 45 48 36 38 30 21 498

ისტორია

ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი. უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა.

ქალაქის წლოვანება

რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია[4]. ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს: „ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.“ მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად, რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა.

ძველი რუსთავის მნიშვნელობა

რუსთავი არქეოლოგიურად სრულფასოვნად არ არის შესწავლილი, მაგრამ მიუხედავად არქეოლოგიური მასალის სიმცირისა, რუსთავში არცთუ სუსტი კულტურული ფენებია დადასტურებული. იაღლუჯის მთაზე, სანატორიუმების საძირკვლის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა ძვ. წ. IV—II საუკუნეების ნამოსახლარი. ანტიკური ხანის რუსთავი, დიდი მცხეთისა და ამ პერიოდის სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთისგან მეტნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შედგებოდა, ხოლო იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილი ნამოსახლარი იყო პოლიტიკური ცენტრი.

რუსთავს ანტიკურ ხანაში სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. იალღუჯის მთის ჩრდილო აღმოსავლეთ ფერდობზე იყრიდა თავს საქარავნო-სავაჭრო გზები:

  • აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა
  • სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ
  • სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.

ეს გზები დღესაც მოქმედებს და აზერბაიჯანისკენ მიმავალ უმოკლეს გზას წარმოადგენს.

სახელწოდება

 
მენახირეები იაღლუჯის საძოვრებზე

რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება[5], მოქცევაჲ ქართლისაჲ[6] და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.

IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.

სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი.

რუსთავი შუა საუკუნეებში

V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა რუსთავში დააარსა საეპისკოპოსო კათედრა. VIII საუკუნეში რუსთავი გადაეცა ადარნასე ბაგრატიონს. ამ დროს წყაროებში ჩნდება რუსთავის კიდევ ერთი სახელწოდება „რიშა“. VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან, თბილისის საამიროს წარმოქმნის შემდეგ რუსთავი მის შემადგენლობაში შედიოდა. XI საუკუნეში ქალაქს დამოუკიდებელი ამირა განაგებდა. 1115 წელს რუსთავი საქართველოს სამეფოს შეუერთა დავით აღმაშენებელმა. ის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი გახდა. XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში.

XII საუკუნის 80-იან წლებში რუსთავს განაგებდა ამირთამირა აბულასანი. იმავე საუკუნის 90-იან წლებში გადაეცა ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს. XIII საუკუნეში, ქართლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავისთვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს[7] რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.

XVII საუკუნის ბოლოს ერეკლე I-მა აქ სასახლე ააგო. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლება ორნაირად განვმარტოთ:

  • სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
  • ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.

რუსთავის ციხე

 
რუსთავის ციხე

რუსთავის განადგურების შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევები გადარჩა. ციხე იყო თბილისის ირგვლივ აგებულ ციხეთა ერთ-ერთი რგოლი. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V—VIII სს.) ზღუდეს ჰქონია ოთხკუთხა კოშკები, მეორეს, ე. წ. შიდა ზღუდეს, ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX—XI სს.). მესამე, ე. წ. გარე ზღუდეს გვირაბიანი კარიბჭე ჰქონია (XII—XIII სს.). ციხის აღმოსავლეთით ერთდოულად ორი ზღუდე ყოფილა. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.

რუსთავის ციხის ნამდვილი სახელი

გასულ საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია.

XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა — არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან — რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების — არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტორიკოსებმა. რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი, ან რუსთავის ციხე.

რუსთაველთა საგვარეულო

VIII საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებობდა რუვისთაველთა ანუ რუსთაველთა ფეოდალური საგვარეულო. ისინი ფლობდნენ კუხეთსა და რუსთავს და ამიტომაც იწოდებოდნენ რუსთაველებად. აკადემიკოსმა ზ. ალექსიზემ გამოთქვა მოსაზრება, რომ XII—XIII საუკუნეების პოეტი შოთა რუსთაველი, შესაძლოა ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.

რუსთავის აღდგენა

1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა. თითქმის მაშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1945 წლის 5 ივნისს რუსთავი დაბად გამოცხადდა. 1948 წლის 26 მარტს საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავს მიენიჭა ქალაქის სტატუსი[8]. ამავე წელს დაარქვეს რუსთავის პირველ ქუჩებს სახელები. პირველ ქუჩას „ახალგაზრდა კომუნარების“ სახელი დაერქვა, მეორეს — „რუსთავის მშენებელთა“, მესამეს კი — „ბოსტან-ქალაქი“. საბჭოთა პერიოდში რუსთავი მსხვილი სამრეწველო ცენტრი იყო, მოქმედებდა მეტალურგიული, ქიმიური, მანქნათმშენებლობის, საშენ მასალათა საწარმოები. 1956 წელს აშენდა მეტალურგთა კულტურის სასახლე (მ. ნეპრინცევი), 1956-1957 წლებში აშენდა სტადიონი (დ. მელიქიშვილი). 1972 წელს დამტკიცდა გენერალური გეგმა.

რუსთავისა და კუხეთის შესახებ ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობები

1. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (IX ს.)

  • „და მეფემან [თრდატმა] რუისთვის რუი გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა“.

2. ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (XI ს.)[9].

  • ქართლოსის ცოლმა „აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.“ გვ. 8.
  • ქართლოსის ცოლმა თავის შვილს „კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკვარსა შუა.“ გვ. 9.
  • ალექსანდრე მაკედონელმა (ძვ.წ. IV ს.) ქართლში „პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა ქართლ: წუნდა, ხერთვისი,...რუსთავი...“ გვ. 18.
  • ფარნავაზმა (ძვ.წ. III ს.) საერისთვოებად დაყო ქართლი „და გაგზავნა მეორე [პირი] კახეთსა ერისთავად, და მისცა [ტერიტორია] არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.“ გვ. 24.
  • მირიანმა (IV ს.) „მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე.“ გვ. 70.
  • ბაქარმა (IV ს-ის II ნახ.) „მაშინღა მოიყვანნა ძმისწულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერისთავად.“ გვ. 131.
  • მეფე თრდატმა (IV ს-ის ბოლოს) „გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია.“ გვ. 137.

3. ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (XI ს.)

  • V საუკუნის შუა ხანებში „მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანისვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი, და ცხოვნდებოდეს რუსთავს ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა.“ გვ. 159.
  • ვახტანგ გორგასალსა (V ს.) და სპარსთა შორის გაიმართა ბრძოლა მცხეთასთან. სპარსელებმა შეიტყვეს, რომ ბერძნები მოდიოდნენ ქართველების დასახმარებლად, ამიტომ გადაწყვიტეს დაზავება. ამ მოლაპარაკების დროს „აიყარა მეფე სპარსთა, და უკუდგა რუსთავად, და გამოვიდნენ იგინი განთიად და დადგეს ველსა კალაისასა: რამეთუ ტფილისი სოფელი და კალაიცა მოოხრებულ იყო მაშინ... და შეკრბეს მასვე ველსა ორნივე მეფენი. გვ. 181.
  • ვახტანგ გორგასალის დროს (V ს-ის ბოლოს) იყო „დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა“ გვ. 185.
  • „ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი... და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად... და დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერუშეთს; ...ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ...“ გვ. 198.
  • V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალის მიერ სპარსელთა წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი ბრძოლის დროს ისრით სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი მეფე. რის შემდეგაც „აიყარნა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს“. გვ. 202.

4. „მატიანე ქართლისა“ (XI ს.)

  • 1068 წელს „მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშვიდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯა და უქადა მშვიდობა. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერღარა მოილოდინა და წარვიდა ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი, და მისცა ფადლონს განძისა პატრონისა“. გვ. 309.
  • 1069 წელს „არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატევებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად, და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი რუსთავი, ფარცხისი ...“ გვ. 312.
  • 1073 წელს „გიორგი მეფემან ... ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მიეცა კახთა“. გვ. 316.

5. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (XII ს.)

  • 1083 წელს „მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა. არღარა ზრუნვიდეს სხუასა, არაცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქვეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოხრდა მუნ დღეინდელად დღემდე“. გვ. 322.
  • XII ს-ის დასაწყისისთვის „ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხითი და ყოველი სამშვილდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს“. გვ. 331.
  • 1115 წ. „და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხრანს ყოფასა. ქრონიკონი იყო 335. რომლისათვისცა დიდად წყენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა“. გვ. 333.

6. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (XIII ს.)[10]

  • გიორგი რუსის პირველი აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1191 წ.) „უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მხარგრძელსა... მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი“. გვ. 55.

7. ჟამთააღმწერელი (XIV ს.)

  • XIII ს-ის შუა ხანებში ოქროს ურდოს ყაენის ბერქას ქვეშევრდომი ალათემური გამოექცა საილხანოს ყაენის ჰულაგუს ჯარებს და ოქროს ურდოში მისასვლელად ბრძოლით გაიკაფა გზა შემდეგი მაშრუტით: „თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი, და რუსთავს მტკუარსა გავიდეს, ... განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი ... ბალაქანი ... ღუნძეთი და მივიდეს ბერქა ყაენის წინაშე“. გვ. 252.

8. „ახალი ქართლის ცხოვრება“ (XVIII ს.)

  • კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის შვილმა კონსტანტინემ თავისი კარავიდან „დაითხოვნა კახნი ... მაშინ დაპირებული ჰყვანდა ყიზილბაშის ჯარი, და შემოცვივდნენ კარავშია და უღალატა და დახოცეს. მაშინ მოკლა მამა და ძმაცა თვისი და რუსთველი.“ გვ. 383.

დემოგრაფია

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 125 103 ადამიანი.[11] აქედან:

ბოლო ათწლეულში როგორც საქართველოში, ასევე ქალაქ რუსთავშიც არსებითად შეიცვალა დემოგრაფიულ-სოციალური ვითარება, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებით. მოსახლეობის ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობაში გამოკვეთილი ნეგატიური ტენდენციების გამო (შობადობის შემცირება, გარემიგრაციული პროცესების ინტენსიურობა, მიგრანტთა შორის რეპროდუქტიული ასაკის მოსახლეობის მაღალი წილი და სხვა), გაიზარდა მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959[12] 62 395
1970[12]   98 210
1979[12]   129 084
1989[12]   158 661
2002[12]   116 384
2014[12]   125 103
2022[12]   128 788

ქალაქის მმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

რუსთავი არის თვითმმართველი ქალაქი. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა ქალაქის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — მერია. ადმინისტრაციულად რუსთავი იყოფა 10 ტერიტორიულ ორგანოდ:

  1. დავით აღმაშენებელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  2. ძველი რუსთავის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  3. შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  4. ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  5. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  6. ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  7. ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  8. იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  9. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული
  10. 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული

საკრებულო

პარტია 2017[13] 2021[14] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 16 16                                
  ნაციონალური მოძრაობა 3 11                      
  საქართველოსთვის 1[] 3      
  ლელო 2[]    
  დამოუკიდებელი 3[]      
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
  ლეიბორისტული პარტია 1
  სახალხო პარტია 1[]
სულ 25 35  

ეკონომიკა

 
რუსთავის მეტალურგიული კომბინატი
ზვიად ავალიანის ფოტო

რუსთავი XX საუკუნეში საქართველოს უდიდესი სამრეწველო ცენტრი იყო თბილისის შემდეგ. ქალაქმა აღმავლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო: აქ ფუნქციონირებდა 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო, მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს. ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა. შედეგად, 90-იანი წლების ქალაქისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა უმუშევრობისა და სიღარიბის დონის სწრაფი ზრდის გამო. 2004-2006 წლებში განხორციელდა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, რომელშიც ნაწილობრივ რუსთავის საწარმოებიც მოექცა. ქალაქის ეკონომიკა ისევ აღმავლობის გზას დაადგა.

ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად მაღალი უმუშევრობის დონის გამო რუსთავში XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გაჩერებული მსხვილი საწარმოებიდან გამოთავისუფლებული მუშა-ხელი სხვა სფეროებში დასაქმებას ვერ ახერხებს, რამაც ქალაქიდან კვალიფიცირებული მუშახელის მასიური მიგრაცია განაპირობა. დარჩენილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოვანი ეკონომიკის (დაუბეგრავი/აღურიცხავი მცირე სამეწარმეო საქმიანობა) ხარჯზე ცხოვრობს.

ტრანსპორტი

 
მეგობრობის გამზირი.
ზვიად ავალიანის ფოტო

ქალაქში ფუნქციონირებს, როგორც მუნიციპალური, ისე კერძო ტრანსპორტი.

მუნიციპალური ტრანსპორტი:

კერძო ტრანსპორტი:

კავშირგაბმულობა

ქალაქში ფუნქციონირებს ს. ს. „საქფოსტის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ რუსთავის ფილიალები, შ. პ. ს. „მეტაკომი“, შ. პ. ს. „ერჯი გრუპი“; ფიჭური კავშირგაბმულობის სამი კომპანია: მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი.

მეტალურგიული კომბინატი

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი უდიდესი სამრეწველო ცენტრია საქართველოში. მისი აშენება გადაწყდა XX საუკუნის 40-იან წლებში. სპეციალური კომისიის მიერ სამშენებლო მოედნად შერჩეული იქნა რკინიგზის მაგისტრალურ ხაზთან მდებარე სადგურ „ველის“ ტერიტორია. მშენებლობა 1941 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მალევე შეწყდა. 1944 წელს მისი მშენებლობა განახლდა, მაგრამ რადგანაც ძველი სამშენებლო მოედანი ვერ აკმაყოფილებდა საჭირო მოთხოვნებს, მშენებლობის გადატანა რუსთავის ველზე გადაწყდა. მშენებარე ქარხნის დირექტორად ნიკოლოზ გომელაური დაინიშნა. მშენებელთა რაოდენეობის ზრდასთან ერთად მატულობდა მოსახლეობის რიცხვი, რის შედეგადაც 1946 წლის 25 ივლისს რუსთავი დაბად გამოცხადდა და გარდაბნის რაიონს დაექვემდებარა. 1948 წელს კი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. 1950 წელს მეტალურგიულ ქარხანაში გამოადნეს პირველი ფოლადი, 1954 წელს — თუჯი და კოქსი, 1956 წელს — ამიაკი.

კულტურა

რუსთავის პირველი შვიდწლიანი შერეული სკოლა გაიხსნა 1944 წელს. დაწყებით კლასში ირიცხებოდა 4 მოსწავლე, ხოლო ზედა კლასებში — 7-8. სკოლაში მუშაობდა 5 პედაგოგი. 1948 წელს დაარსდა პირველი რვაწლიანი სკოლა (დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა). 1967 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 1968 წელს შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი რუსთავი.

დღეს ქალაქში 32 სახელმწიფო და 10 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 5 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 3 უმაღლესი სასწავლებელი. აქ ფუნქციონირებს 13 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (რუსთავის თეატრი), 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის), ფოლკლორული ანსამბლები, მათ შორის ანსამბლი „რუსთავი“. ქალაქში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“, იმართება სახალხო ზეიმი „რუსთავქალაქობა“. რუსთავიდან მაუწყებლობს ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია, გამოდის რამდენიმე გაზეთი.

სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“

„რუსთავი“ 1968 წელს დაარსდა. მისი დაარსებიდან 35 წლის არსებობის განმავლობაში ასნამბლმა 3000-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა მსოფლიოს 50 ქვეყანაში და მნიშვნელოვანი ბურჯი იყო ქართული კულტურის წარმოჩენის უცხოეთში.

დაძმობილებული ქალაქები

ქალაქ რუსთავის დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები არიან:[19]

გალერეა

ლიტერატურა

  • ჯაოშვილი ვ., მუსხელიშვილი დ., ჭილაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 510-511.
  • პაჭიკაშვილი ნ., „რუსთავის ისტორია“, 2006
  • ჭილაშვილი ლ., „ქალაქი რუსთავი“, თბილისი, 1958
  • ლომთათიძე გ., „რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის უმნიშვნელოვანესი შედეგები“, „მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის,“ ტ 1, 1955

რესურსები ინტერნეტში

შენიშვნები

  1. გამოეყო ქართულ ოცნებას.[15]
  2. დავით სულაძე და ნინო სულაძე - დატოვეს ენმ და შეუერთდნენ ლელოს.[16][17]
  3. ალექსანდრე ბერიძე, ვაჟა მორგოშია და ზურაბ ბერაძე - გამოეყვნენ ენმ-ს.[17]
  4. ლევან ონიანი - დატოვა ქართული ოცნება და შეუერთდა სახალხო პარტიას.[18]

სქოლიო

  1. https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
  2. საქართველოს ფოსტა — 1805.
  3. გეოგრაფიული მდებარეობა — „რუსთავის თვითმართველობა“
  4. თანამედროვე ქალაქი მხოლოდ 1942 წელს დაარსდა და 77 წლისაა, მაგრამ რუსთავი, როგორც ქალაქი ცნობილია IV საუკუნიდან
  5. ქართლოსის ცოლმა "აღაშენა ბოსტან ქალაქი, რომელსა აწ ჰქვია „რუსთავი“ — ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. I, თბ., 1955. გვ.8
  6. „და მეფემან (თრდატმა) რუისთვის რუი გამოიღო, და ეკლესიისა საფუძველი დადვა“.
  7. ქართლის ცხოვრების მიხედვით რუსთავმა არსებობა შეწყვიტა 1265 წლის 5 აპრილს. ეს თარიღი ზუსტად ემთხვევა იმავე წლის აღდგომას.
  8. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 8, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
  9. ”ქართლის ცხოვრების” ციტატები ამოღებულია წიგნიდან ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. I თბ., 1955
  10. ”ქართლის ცხოვრების” ეს ციტატები ამოღებულია წიგნიდან ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. II თბ., 1959
  11. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  13. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 16-17. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-18[მკვდარი ბმული]
  14. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 21-23. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-18[მკვდარი ბმული]
  15. რუსთავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახარიას პარტიას შეუერთდა (2021-07-16). ციტირების თარიღი: 2024-06-16
  16. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „ლელოში“ გადავიდა (2022-10-16). ციტირების თარიღი: 2024-06-14.
  17. 17.0 17.1 რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე წევრმა დატოვა (2024-04-15). ციტირების თარიღი: 2024-06-14.
  18. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნება" დატოვა და გოგაშვილის პარტიას შეუერთდა (2021-08-12). ციტირების თარიღი: 2024-06-25
  19. რუსთავთან დამეგობრებული ქალაქები. rustavi.gov.ge. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2020.


  საქართველოს პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს შესახებ.