ახალი ქართლის ცხოვრება
„ახალი ქართლის ცხოვრება“ — „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქცია. ვახტანგ VI-ის თაოსნობით და ხელმძღვანელობით მომუშვე „სწავლულ კაცთა“ („მეცნიერ კაცთა“) კომისიამ (ბერი ეგნატაშვილი და სხვები) „ქართლის ცხოვრებაში“ მრავალი რედაქციული ხასიათის ცვლილება შეიტანა, გადამწერთა მიერ საუკუნეთა მანძილზე დამახინჯებული ტექსტი გამართა და გაასწორა. საძიებელი ადგილის მიგნების მიზნით ტექსტი ნაკვეთებად დაყო და მეფეთა ზეობის მიხედვით დაასათაურა. შემოიღო კოლონტიტულებისა და კუსტოსების სისტემა და ისტორიის მოღვაწეთა სახელების სინგურით აღბეჭდვა. შეიტანა მთელი წყება სპეციალური ჩანართებისა (უმთავრესად ეკლესიის ისტორიიდან და ქრონოლოგიური მითითებანი) და გაამდიდრა მრავალი ახალი ცნობით. რაც მთავარია, კომისიამ დაამუშავა XIV-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია და შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“. ამიტომ XVIII საუკუნის ავტორებმა ვახტანგისეულ რედაქციას, ანუ ე. წ. შევსებულ „ქართლის ცხოვრებას“ „ახალი ქართლის ცხოვრება“ უწოდეს, საპირისპიროდ იმ „ქართლის ცხოვრებისა“, რომელიც ვახტანგ VI-ის წინა ხანაში იყო შემზადებულ-გადანუსხული.
ლიტერატურა
რედაქტირება- გრიგოლია კ., ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან, [ტ.] 1 - ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1954;
- გრიგოლია კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 93-94.