ქართლის ცხოვრება
ქართლის ცხოვრება — ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში“ საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა თუ ხალხთა შესახებ.
XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“ სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას. მარი ბროსემ, დიმიტრი ბაქრაძემ, ილია ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა. საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების“ შესახებ თედო ჟორდანიას, მოსე ჯანაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, სარგის კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ შესწავლაში ივანე ჯავახიშვილმა. საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის ძირითადი დამუშავებასთან ერთად მან თავისი მოსაზრებები გამოთქვა კრებულის შედგენის დროის, შედგენილობის, თანდათან შევსების თაობაზე; დაადგინა (მეტწილად პირობითად) ცალკეულ თხზულებათა მოცულობა, სათაურები. დაწერის დრო და ავტორთა ვინაობა; შეისწავლა მათი მედახეობა და იდეური მიმართულება. ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული პირობითი სქემის მიხედვით „ქართლის ცხოვრების“ ძველ ნაწილში შემდეგი ნაწარმოებები შედის: ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (უძველესი ხანიდან V საუკუნემდე), ჯუანშერის „ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა“ (V—VIII საუკუნეები), ლეონტი მროველის „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“, XI საუკუნის ანონიმი ავტორის „მატიანე ქართლისა“ (VIII—XI საუკუნეები), XII საუკუნის ანონიმი ავტორის „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, სუმბატ დავითის ძის“ „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (უძველესი ხანიდან XI საუკუნემდე), ე. წ. ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე (XII ს.— XIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თამარის 2 უსახელო ისტორიკოსის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“, XIV საუკუნის ანონიმი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულება (პირობითად „ასწლოვანი მატიანე“). უნდა ითქვას, რომ ყველა მკვლევარი არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ ასეთ შედგენილობას. კორნელი კეკელიძემ. პავლე ინგოროყვამ, ნიკოლოზ ბერძენიშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა, კონსტანტინე გრიგოლიამ არსებითი ხასიათის შესწორებები წამოაყენეს ამ პირობითი სქემის მიმართ.
კრებულის დანიშნულების, მისი იდეური და პოლიტიკური მიმართულების, აგებულებისა და შედგენილობის შესწავლა, აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი მოწმობს, რომ „ქართლის ცხოვრება“ შედგენული უნდა იყოს XII საუკუნის I მეოთხედში, ქვეყანაში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არსებობის დროს (სხვა მოსაზრებით „ქართლის ცხოვრება“ შედგენილია VII—VIII, VIII—IX, X, XI საუკუნის მიწურულს, XI—XII მიჯნაზე, XII საუკუნის II ნახევარში). „ქართლის ცხოვრება“ ქართული ისტორიოგრაფიის ოფიციალური ძეგლია. კრებულში შეტანილი ყველა ნაწარმოების ავტორები სამეფო ხელისუფლების აქტიური მომხრენი არიან.
„ქართლის ცხოვრების“ შედგენა და თანდათან შევსება შემდეგნაირად ხდებოდა: თავდაპირველად კრებულში შეტანილ იქნა ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ნაწარმოებები და „მატიანე ქართლისა“, ე.ი. თხზულებები, რომლებშიც გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი ხანიდან XI საუკუნის 70-იან წლებამდე. XII საუკუნის II მეოთხედში კრებულში შეიტანეს „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, რომელიც საგანგებოდ უნდა იყოს დაწერილი „ქართლის ცხოვრებისთვის“. ასე დასრულდა „ქართლის ცხოვრების“ უძველესი, ყველა ნუსხისათვის საერთო ნაწილის შედგენა. ამ შედგენილობით „ქართლის ცხოვრება“ XII საუკუნის შუა წლებში სომხურად ითარგმნა. XII საუკუნის II ნახევარსა და XIII—XIV საუკუნეებში კრებული სხვადასხვა ნაწარმოებებით შეივსო, რის გამოც გაჩნდა განსხვავებული შედგენილობის ნუსხები.
„ქართლის ცხოვრების“ ადრინდელი ხელნაწერები არ არის შემონახული. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრინდელად არის მიჩნეული ე. წ. ანასეული „ქართლის ცხოვრება“, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი 1479–1495 წლებით ათარიღებდა (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, რ. პატარიძე პალეოგრაფიულად და ჭვირნიშნების მიხედვით XVI საუკუნის მიწურულითა და XVII საუკუნის დამდეგით ათარიღებენ). XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება ე. წ. ჯანაშვილისეული ნუსხის ძველი ნაწილი (ახალი ნაწილი 1731 წელს არის გადაწერილი), ხოლო ე. წ. მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“ დაახლოებით 1634—1645 წლებშია გადაწერილი, მცხეთური ნუსხის პირი, 1697 წელს არის შესრულებული (ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტს შეიცავს აგრეთვე ე. წ. მაქჩაბლისეული ნუსხა, რომელიც 1736 წელს გადაუწერიათ არჩილ მეფის ნაქონი ხელნაწერიდან და XVIII საუკუნის დამდეგს შესრულებული ე. წ. თეიმურაზისეული ნუსხის II ნაწილი). მცხეთური „ქართლის ცხოვრებიდან“ მომდინარე ნუსხებს (მარიამისეული, მაჩაბლისეული) შეტანილია სუმბატ დავითის ძის, თამარის ე. წ. პირველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულებები; ანასეულ-ნუსხაში — ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის, ხოლო ჭალასეულში — თამარის ე. წ. მეორე ისტორიკოსის თხზულებები. XV—XVII საუკუნეებში „ქართლის ცხოვრება“ აღარ შეუვსიათ.
არსებობს მოსაზრება, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ შეტანის დროს თხზულებებს დასაწყისსა და ბოლოს აცილებდნენ, რის გამოც დაიკარგა ამ ნაწარმოებთა ავტორების ვინაობა, შედგების თარიღი და ზოგჯერ სათაურიც. მაგრამ ზოგიერთი თხზულება ალბათ იმთავითვე „ქართლის ცხოვრებისთვის“ იყო გამიზნული, როგორც წინა თხზულებების გაგრძელება (მაგ., დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულებები). ცალკეული ავტორების სახელები კი შემთხვევით არ იქნა ამოღებული.
„ქართლის ცხოვრება“ გაბატონებული კლასის,, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი იყო და მათ ინტერესებს იცავდა. მის ძირითად შინაარს, მცირე გამონაკლისის გარდა, მეფეთა, დიდებულთა, მხედართმთავართა მოღვაწეობის, მათი ბრძოლების აღწერა შეადგენს. „ქართლის ცხოვრების“ ავტორთა მსოფლმხედველობას საფუძვლად უდევს ქრისტიანობის კონცეფცია ისტორიული პროცესისა. მისთვის დამახასიათებელია პროვიდენციალიზმი, ისტორიული მოვლენების განგების ძალით ახსნა, სასწაულების რწმენა და ა. შ. ზოგჯერ „ქართლის ცხოვრების“ ავტორები ცდილობენ თავი დააღწიონ პროვიდენციალიზმს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეძებენ მოვლენებს შორის.
„ქართლის ცხოვრების“ ავროტები ხშირად იყენებენ ზეპირსა და წერილობით წყაროებს, თუმცა შედარებით იშვიათად იმოწმებენ მათ. წყაროთმცოდნეობითი ბაზა მათთვის იყო თქმულებანი და ზეპირგადმოცემები, წინარე ხაბის ქართული თხზულებები და საბუთები, ბერძნული, სომხური, აღმოსავლური წყაროები. „ქართლის ცხოვრების“ ავტორთა დამოკიდებულება გამოყენებული წყაროების მიმართ არ არის კრიტიკული, თუმცა გვხვდება ისტორიის კრიტიკის ელემენტებიც. „ქართლის ცხოვრების“ ბევრი ცნობა დასტურდება არქეოლოგიური მასალით, ქართული ეპიგრაფიკული და დოკუმენტური წყაროების, ბერძნული, ლათინური, სომხური, აღმოსავლური თხზულებების მონაცემებით.
„ქართლის ცხოვრების“ უძველესი ხელნაწერებიდან გამოცემულია მარიამისეული (1906, ექვთიმე თაყაიშვილი) და ანასეული ნუსხები (1942, სიმონ ყაუხჩიშვილი). 1955—1959 ს. ყაუხჩიშვილმა ძველი და ვახტანგისეული რედაქციის ხელნაწერთს მიხედვით 2 ტომად გამოსცა „ქართლის ცხოვრება“ (მეორე ტომში შევიდა „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებებიც). არსებობს აგრეთვე კრებულში შეტანილ თხზულებათა ცალკე გამოცემებიც. „ქართლის ცხოვრების“ ბევრი თხზულება მთლიანად ან ვრცელი ნაწყვეტების სახით თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. გამოცემულია „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანიც (1953, ი. აბულაძე).
XIX საუკუნის ისტორიკოსები ენდობოდნენ „ქართლის ცხოვრების“ ყოველ ცნობას. ივანე ჯავახიშვილმა ქართული ისტორიოგრაფიაში დანერგა მომეტებულად კრიტიკული მიდგომა წყაროების მიმართ, რის შედეგად მთლიანად იქნა უარყოფილი ზოგიერთი თხზულების, როგორც საისტორიო წყაროსმი მნიშვნელობა. ამჟამად ასეთი დამოკიდებულება „ქართლის ცხოვრების“ მიმართ დაძლეულია. ქართველი ისტორიკოსები ახლებურად კითხულობენ „ქართლის ცხოვრებას“ , სწავლობენ უმნიშვნელოვანეს ნუსხებს. გამოსაცემად ამზადებენ ცალკეულ თხზულებებს.
ხელნაწერები და რედაქციები
რედაქტირება"ქართლის ცხოვრების" ხელნაწერებს სპეციალისტები ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად – ვახტანგამდელი და ვახტანგისეული. ვახტანგამდელი ხელნაწერების რედაქციები უძველესია და გადაწერილი არიან ვახტანგ VI-ს მიერ ჩატარებულ სარედაქციო საქმიანობამდე.
ვახტანგამდელი რედაქციები
რედაქტირებაამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 4 ხელნაწერით, რომელთაგან უძველესია ანასეული:
- ანასეული (A) ნუსხა – გადაწერილია 1479–1495 წლებში. დეფექტურია, აკლია დასაწყისი ფურცლები.
- ჭალაშვილისეული (C) – გადაწერილია XVI საუკუნეში (დეფექტური).
- მცხეთური (Q) – გადაწერილია 1697 წელს (დეფექტური. ერთადერთი ნუსხა შესრულებული ნუსხა-ხუცურით).
- მარიამისეული (M) – გადაწერილია 1633–1645/1646 წლებში. ეს არის ყველაზე ძველი სრულად შემორჩენილი რედაქცია.
ვახტანგისეული რედაქციები
რედაქტირებაამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 16 მთავარი ხელნაწერით:
- რუმიანცევისეული (R) - 1699-1703/1709
- თეიმურაზისეული (T) - დაახ. 1700/1705–1724
- ფალავანდიშვილისეული – ძველი (P) – 1719–1744
- ჭალაშვილისეული – ახალი (c) – 1731
- მაჩაბლისეული (m) – 1736
- ჯანაშვილისეული (D) – XVIII ს–ის შუა წლები
- საეკლესიო მუზეუმისა (E) – 1748
- ფალავანდიშვილისეული – ახალი (p) –ä 1761
- ბარათაშვილისეული (b) – 1761
- დადიანისეული (d) – XVIII ს–ის შუა წლები
- სხვიტორული (s) – XVIII ს–ის მეორე ნახ.
- ქუთაისური რედაქცია (k) – IX ს.
- [Q-383] – XVIII ს–ის ბოლო
- [S-5316] – 1822
- [S-5314] – 1833–1834
- ბროსესეული (B) – 1839
ძველი სომხური თარგმანი
რედაქტირებაარსებობს "ქართლის ცხოვრების" ძვ. სომხური თარგმანი, შემორჩენილი ოთხი რედაქციით. შესაძლოა ის განხილულ იქნას არა როგორც თარგმანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), არამედ როგორც ქართული ორიგინალის ადაპტაცია:
- Arm/A – 1274–1311 წწ. (ს. ყაუხჩიშვილით – a, რ. თომსონით – A, ს. რეპით – Arm/A)
- Arm/B – 1669–1674 წწ.
- Arm/C – 1683–1684
- Arm/D – 1840
ძირითადი გამოცემები
რედაქტირებაქართულ ენაზე
რედაქტირება- ქართლის ცხოვრება: მარიამ დედოფლისეული ვარიანტი, ე. თაყაიშვილის გამოც., ტფ., 1906
- ქართლის ცხოვრება: ანა დედოფლისეული ნუსხა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1942
- ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955
- ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, განათლება, თბ., 1959
- ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 4, განათლება, თბ., 1973
- ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008
- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა), კ. კეკელიძის რედ. და გამოკვლევით, თბ., 1941 ();
უცხო ენებზე
რედაქტირება- Brosset, Marie-Felicite. Additions et eclaircissements a l' histoire de la Georgie, St. Petersburg, 1851
- Das Leben Kartlis, Eine Chronik aus Georgien 300-1200, ubers. und herausgegeben von Gertrud Pätsch, Leipzig, 1985
- Robert W. Thomson, Rewriting Caucasian History: The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles. The Original Georgian Texts and The Armenian Adaptation, Oxford, Clarendon Press, 1996 (შეიცავს ქართული ორიგინალის და მისი ძვ. სომხური ვერსიის ტექსტებს და მათ ინგლისურ თარგმანს)
- K‘art‘lis c‘xovreba: The Georgian Royal Annals and Their Medieval Armenian Adaptation, 2 vols. General editor Stephen H. Rapp Jr., Delmar, NY: Caravan Books, 1998
- ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, თარგმნა და გამოსცა ილია აბულაძემ, თბ., 1953 (შეიცავს ძვ. სომხურ ვერსიას, მის თარგმანს ახ. ქართულ ენაზე და პარალელურ ძვ. ქართულ ტექსტს)
- История и восхваление венценосцев, перевод с грузинского, предисловие и примечание К.С.Кекелидзе, Тб.1954
- Мровели Леонти. Жизнь картлийских царей (Извлечение сведений об абхазах, народах Северного Кавказа и Дагестана), пер. предисловие и примечание Цулая Г. В., М. Наука. 1979
- Джуаншер Джуаншериани. Жизнь Вахтанга Горгасала, пер. предисловие и примечание Цулая Г. В., Тб. Мецниереба. 1986
შედგენილობა და ავტორები
რედაქტირებასახელი | თარიღი | ავტორი | პერიოდი რომელსაც მოიცავს |
---|---|---|---|
ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა | IX ან XI საუკუნე | ლეონტი მროველი (?) | ძვ.წ. IV საუკუნე - ახ.წ. V საუკუნე |
ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა | მიახ. 800 წელი ან XI საუკუნე | ჯუანშერ ჯუანშერიანი | V-VIII საუკუნეები |
წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი | IX ან XI საუკუნე | ლეონტი მროველი ან ჯუანშერ ჯუანშერიანი | 736–786 |
მატიანე ქართლისა | XI საუკინე | ანონიმი | 786–1072 |
ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი | XII საუკუნე | ანონიმი (დავითის ისტორიკოსი) | 1072–1125 |
ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა | XI საუკინე | სუმბატ დავითისძე | VI საუკუნე–1031 |
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი | XIII საუკუნე | ანონიმი | 1156-1212 |
ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე | 1223 | გიორგი IV-ს ანონიმი ისტორიკოსი | 1125-1223 |
ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი | 1210-1213 | ბასილი ეზოსმოძღვარი | 1184–1210/1213 |
ასწლოვანი მატიანე | XIV საუკუნე | ანონიმი | 1212-1318 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 469—470.
- დ. მუსხელიშვილი, "ქართლის ცხოვრების" შედგენილობისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, 4, 1987
- ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა – ჯუანშერ ჯუანშერიანი
- დ. მუსხელიშვილი, "ქართლის ცხოვრების" უძველესი ნაწილის შედგენილობა და ჯუანშერის თარიღი, კრებული: საქართველო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, თბ., 1999
- გ. ანჩაბაძე, ჯუანშერი და მისი "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", მაცნე, ისტორიის სერია, 4, 1987
- გ. ახვლედიანი, ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ცხოვრების" ფოლკლორული წყაროები, მაცნე, ისტორიის სერია, 1, 1979
- თ. ბერიძე, ჯუანშერის ისტორიის ერთი ადგილის სწორად გაგებისათვის, მნათობი, 1999
- ა. ბოგვერაძე, ნაშრომი ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსის სესახებ, ანალები, 2, 1999
- ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991
- ვ. გოილაძე, როდის მოღვაწეობდა ჯუანშერ ჯუანშერიანი
- მ. სანაძე, ჯუანშერ ჯუანშერიანი და მისი მოღვაწეობის ხანა, თსუ შრომები, 338, 2001
- მ. ლორთქიფანიძე, რა არის ,,ქართლის ცხოვრება"? 1989
- კ. გრიგოლია რას მოგვითხრობს ,,ქართლის ცხოვრება"?
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960
- კიკნაძე რ., საქართველოს ისტორიია წყაროთმცოდნეობის საკითხები, ტ. 1, თბ., 1982
- ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977
- Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003
- Christian Settipani, Continuités des élites à Byzance durant les siècles obscurs. Les princes caucasiens et l'Empire du VIe au IXe siècle, de Boccard, Paris, 2006
- Хантадзе Ш.А., К историографической характеристике «Картлис Цховреба», კრ.: ქართული ისტორიოგრაფია, ტ. 2, თბ., 1971
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართლის ცხოვრების კორპუსი დაარქივებული 2018-08-16 საიტზე Wayback Machine.
- ქართლის ცხოვრების ტექსტი ტიტუსის პროექტის ვებგვერდზე
- ქართლის ცხოვრება pdf ფაილები
- ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება (ტექსტი ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე გადმოიტანა და კომენტარები დაურთო გიორგი მაჭარაშვილმა)
- ქართლის ცხოვრება Allgeo.org-ზე