ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი

„ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“საქართველოს მეფის თამარის ე. წ. მეორე ისტორიკოსის თხზულების (XIII საუკუნე) პირობითი სახელი. თხზულებაში აღწერილია XII საუკუნის 80-იანი წლებისა და XIII საუკუნის I ათეულის საქართველოს ისტორია. თხზულების ტექსტი არასრული სახით (1203 წლის ბასიანის ბრძოლის დაწყებამდე) შემონახულია „ქართლის ცხოვრების“ ჭალაშვილისეული ნუსხის ძველ ნაწილში, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XVI საუკუნით თარიღდება. „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქციის ტექსტით (აქ თამარის ცხოვრება წარმოდგენილია თხზულებით, რომელიც თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსების ნაწარმოებების შერწყმით და ზოგიერთი მასალის დამატებით არის შედგენილი), ივანე ჯავახიშვილმა გამოკლების წესით პირობითად აღადგინა ნაშრომის ტექსტის მეორე ნაწილი.

ძეგლის ავტორის ვინაობა უცნობია. ავტორად ვარაუდობდნენ თხზულების ტექსტში მოხსენიებულ ბასილი ეზოსმოძღვარს (ივანე ჯავახიშვილი, ვარლამ დონდუა, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვა) და შოთა რუსთაველს (ილია აბულაძე, სარგის კაკაბაძე). ასევე უცნობია თხზულების დაწერისა და ქართლის ცხოვრების კრებულში შეტანის თარიღი. გამოთქმულია მოსაზრებები, რომ იგი დაწერილი უნდა იყოს 1210-1213 (ი. ჯავახიშვილი, კონსტანტინე გრიგოლია), 1222-1223 ან 1218-1220 (სარგის კაკაბაძე) წლებში, XIII საუკუნის პირველ მეოთხედში (პავლე ინგოროყვა), 1236 წლის შემდეგ (კორნელი კეკელიძე), 1236-1245 წლებში (ი. ლოლაშვილი).

ავტორი დახელოვნებული მწერალია; მსუბუქი, საკმაოდ მხატვრული ენით მოგვითხრობს ამბავს. თამარის პირველი ისტორიკოსისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევს სამხედრო და პოლიტიკურ მოვლენებს, უფრო მეტად სამეფო კარის შინაური ცხოვრება აინტერესებს. მასვე მოცემული აქვს თამარის გარეგნობის აღწერა. ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი XII-XIII საუკუნეების მიჯნის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა და საყურადღებო მონაცემებით ავსებს თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების ცნობებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება