შოთა რუსთაველი

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსთაველი (მრავალმნიშვნელოვანი).

შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

შოთა რუსთაველი
დაბადების თარიღი 1172[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი რუსთავი, საქართველოს სამეფო
გარდაცვალების თარიღი 1216[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
გარდაცვალების ადგილი იერუსალიმი
დასაფლავებულია ჯვრის მონასტერი
საქმიანობა პოეტი, მწერალი და მეჭურჭლეთუხუცესი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა საქართველოს სამეფო
ალმა-მატერი გელათის მონასტერი
პერიოდი XII საუკუნე
ჟანრი narrative poetry
Magnum opus ვეფხისტყაოსანი

წარმომავლობა

 
შოთა რუსთაველის ბიუსტი რომში.

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპილოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა შესახებ ამბობს: „ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

 
ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც ჩანს, მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.

განათლება

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

მემკვიდრეობა

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.

  • 1965 წლის ივლისი. შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა სრულიად საკავშირო საიუბილეო კომიტეტი პოეტ ნ. ტიხონოვის თავმჯდომარეობით.
  • 1965 წლის ოქტომბერი. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო კომიტეტის სხდომა.
  • 1966 წლის სექტემბერი. გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სესია. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა და უცხოელმა მწერლებმა და მეცნიერებმა.
  • 1966 წლის სექტემბერი. ახალციხეში გაიმართა მიტინგი რუსთაველის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით.
  • 1966 წლის სექტემბერი. ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ამსახველი გამოფენა.
  • 1966 წლის სექტემბერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეოდ წიგნისა და ილუსტრაციის გამოფენა მოეწყო, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ მრავალი ილუსტრაცია წარმოადგინეს.
  • 1966 წლის ოქტომბერი. თბილისში რუსთაველის ძეგლთან, გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილისადმი მიძღვნილი საზოგადოების შეკრება.
  • 1966 წლის ოქტომბერი. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.
  • 1966 წლის ოქტომბერი. თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა „ოდა რუსთაველზე.“
  • 1966 წლის ოქტომბერი. თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილისადმი მიძღვნილი სპორტული დღესასწაული.
  • 1966 წლის ოქტომბერი. ქართული პოეზიის დღეებით დაიწყო მოსკოვში რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეო ზეიმი.
  • 1966 წლის ოქტომბერი. მოსკოვში „ბოლშაია გრუზინსკაიას“ სკვერში გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი.
  • 1966 წლის ოქტომბერი. მოსკოვის დიდ თეატრში რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო ჩატარდა.
  • 1966 წლის ოქტომბერი. რუსთაველის სახელობის პრემიები მიენიჭათ უკრაინელ პორტს მიკოლა ბაჟანს და რუს მწერალს ნიკოლოზ ტიხონოვს.
  • 1966 წლის ოქტომბერი. მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს ხელოვნების ოსტატთა კონცერტი გაიმართა.
  • საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი ეკატერინა ფურცევა შოთა რუსთაველის იუბილეზე. ფოტოსურათი ამოღებულია ალბომიდან „როგორ ვიზარდეთ“[8]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო