ემპედოკლე

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი

ემპედოკლე[1] (ძვ. ბერძნ. Ἐμπεδοκλῆς; დ. დაახლ. ძვ. წ. 494 — გ. დაახლ. ძვ. წ. 430) — ძველი ბერძენი, სოკრატემდელი ფილოსოფოსი და ქალაქ აგრიჯენტოს მკვიდრი, ქალაქის, რომელიც სიცილიის ბერძნულ დასახლებას წარმოადგენდა. მის სახელს უკავშირდება კოსმოგონიური თეორიის წარმოშობა ოთხი ელემენტის შესახებ. მრავალი მკვლევარი ემპედოკლეს მიიჩნევს რიტორიკის, როგორც ხელოვნების, სულისჩამდგმელად.

ცხოვრება რედაქტირება

ჰერაკლიტესა და ერატოსთენეს ცნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ემპედოკლე დიდსულოვან ოჯახში დაიბადა[2]. მის ისტორიას მისივე შემორჩენილი ფრაგმენტებიდანაც ვეცნობით[3]. იგი იყო ფიზიკოსი, ორატორი, ქურუმი და პოეტი, რომლის შემოქმედებაც განსაკუთრებულ ქებას იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ემპედოკლე თავს ღმერთებსა და უკვდავებს შორის ასახელებდა, მას ჰქონდა დემოკრატიული მსოფლმხედველობა, რასაც მოწმობს მისი ცხოვრების რამდენიმე ფაქტი. ემპედოკლე ეწინააღმდეგებოდა მბრძანებლობას, მიუხედავად მთელი თავისი ნარცისიზმისა და, გარდა ამისა, ის თავად ერიდებოდა ყოველგვარ წოდებას, როგორც არისტოტელე იუწყება, და უარიც კი თქვა მისთვის შეთავაზებულ სამეფო ძალაუფლებაზე, მას შემდეგ, რაც დიქტატორი ტერონი გარდაიცვალა, და ამჯობინა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება[4].

იგი ძირითადად აგრიჯენტოში მოღვაწეობდა. დადიოდა ლეგენდები მის შესახებ, როგორც არაჩვეულებრივი ძალის სასწაულმოქმედი, რომელმაც შეძლო, აღედგინა ქალი, რომელიც მანამდე მთელი თვის განმავლობაში მომაკვდავად იწვა. იგი დაეუფლა მჭევრმეტყველების ხელოვნებას და სიცილიაში ორატორული სკოლაც კი დააარსა. არისტოტელე ემპედოკლეს შესახებ წერდა, რომ მას ჰქონდა შესანიშნავი ორატორული უნარები, ახასიათებდა საკუთარი მეტყველების მხატვრყულად გაფორმება და ასევე იყო რამდენიმე ლექსის ავტორი, რომელთაგან სამი სავარაუდოდ მისმა დამ დაწვა. სულების გადასახლების დოქტრინის შემუშავებისას, თავად ემპედოკლემ განაცხადა, რომ ის იყო კაცი და ქალი, თევზი, ჩიტი, მხეცი.

ზოგიერთი ცნობით, ერთ დროს ემპედოკლე პითაგორელი იყო, ის სწორედ პითაგორას სწავლებების გასაჯაროების გამო გააძევეს[5].

ამბობენ, რომ ემპედოკლე ჰერაკლიტეზე ბევრად ლმობიერი და ჰუმანური იყო , მაგრამ ის ისეთი ამაყი და თავხედიც იყო, რომ თავს ღმერთად ასაღებდა.

არსებობს შემდეგნაირი ლეგენდა მისი სიკვდილის შესახებ: ამბობენ, რომ სიკვდილის მოახლოებისას მან თავი ვულკან ეტნაში ჩაიგდო, ამის ერთ-ერთ ახსნად კი მიჩნეულია ის ფაქტი, რომ სწავლულს სწორედ ამ გზით სურდა საკუთარი დაცემული, მომაკვდავი ბუნების დამალვა და „ღვთაებრივობის შენარჩუნება“, რითაც იგი ისწრაფვოდა ღვთიურობისკენ. ღმერთებმა ის მართლაც მიღეს, თუმცა ბრინჯაოს სანდლების გარეშე.

ლოგიკურია, რომ ემპედოკლეს, რომელიც შეიგრძნობდა სამყაროს ჭეშმარიტებას, კონფლიქტი ჰქონდა პარმენიდეს მოძღვრებასთან და, მეტწილად, უარყოფდა მას, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ მატერია ფორმირებულია არაფრისგან და ვერც ვერაფერში ვერ გარდაიქმნება.

ევოლუცია რედაქტირება

პირველი ადამიანი, რომელიც სერიოზულად დაფიქრდა ევოლუციის ურთულეს პრობლემებზე, სწორედ ემპედოკლე იყო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, მის მიერ წამოყენებული ევოლუციური განვითარებისა და ბუნებრივი გადარჩევის იდეები იმდენად არამეცნიერულად იყო ახსნილი, რომ სწავლულს „გულუბრყვილო თეორიის“ ავტორად მიიჩნევენ.

მისი მოსაზრებით, თავდაპირველად წარმოიშვა სხვადასხვა ზომის თვალი, ყური, თმები, თითები, ხელები და ა.შ, შემდეგ კი ისინი ერთ არსებად შეიზარდნენ. მისი აზრით, პირველქმნილ მსგავს ქაოსში უცნაურ შეხამებებსაც შევხვდებოდით: ხელებზე შეზრდილი თვალები, თავზე გამობმული ფეხები, ხელის მტევანზე თითების ნაცვლად ყურები და სხვა მრავალი. მისივე აზრით, ყველა ეს შემთხვევა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გაუჩინარდა, ხოლო გადარჩნენ მხოლოდ ის ორგანიზმები, რომლებიც ყველა წესის დაცვით იყვნენ აგებულნი.

სხვადასხვა რედაქტირება

  • მზის სისტემაში არსებობს მისი სახელობის ასტეროიდი — 6152 Empedocles.
  • სიცილიაზე არსებობს მისივე სახელობის მქონე ვულკანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 44.
  2. Kingsley & Parry 2020, §1.
  3. Солопова М. А. Эмпедокл — статья из энциклопедии „Кругосвет“
  4. Фрагменты досократиков, Эмпедокл. nsu.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-22. ციტირების თარიღი: 2019-05-05.
  5. Об Эмпедокле в кн.: Диоген Лаэртский. О жизни, учениях и изречениях знаменитых философов. Книга 8.