აკაკი შანიძე

ქართველი ენათმეცნიერი
(გადამისამართდა გვერდიდან შანიძე, აკაკი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აკაკი შანიძე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აკაკი შანიძე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკაკი შანიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 26 თებერვალი [ძვ. სტ. 14 თებერვალი], 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948–1950).[⇨][⇨]

აკაკი შანიძე
დაბ. თარიღი 14 (26) თებერვალი, 1887
დაბ. ადგილი ქვემო ნოღა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 29 მარტი, 1987(1987-03-29)[1] (100 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი და დიალექტოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი მზექალა შანიძე
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და რუსთაველის პრემია
ხელმოწერა

აკაკი შანიძემ იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანთან ერთად საქართველოში ენათმეცნიერების დარგს ჩაუყარა საფუძველი.[⇨] მისი ნაშრომები ეხება ქართულ დიალექტოლოგიას,[⇨] ქართველური ენების სტრუქტურასა და ისტორიას,[⇨] ლექსიკოლოგიას[⇨], ეპიგრაფიკას,[⇨] ტექსტოლოგიას, ფოლკლორისტიკას,[⇨] რუსთველოლოგიას,[⇨] არმენისტიკას, ალბანოლოგიასა[⇨] და ქართული ენის ნორმალიზაციის საკითხებს.[⇨]

აკაკი შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკაა. 1976 წელს გამოცემული „ძველი ქართული ენის გრამატიკა“ კი გერმანულ ენაზეც ითარგმნა. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ.[⇨] დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში.[⇨] აკაკი შანიძის ნაშრომმა „ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული“ (1931)[⇨] ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას დაუდო სათავე.[2]

ადრეული წლები

 
აკაკი შანიძის მშობლები, გაბრიელ და ეფიზო შანიძეები

აკაკი შანიძე დაიბადა 1887 წლის 26 თებერვალს გურიაში, საჯავახოში, ხევისწყლის პირას მდებარე სოფელ ნოღაში. მამა გაბრიელ ოქროპირის ძე შანიძე მედავითნე იყო და სოფლის მეურნეობას მისდევდა, დედა ეფიზო (ეფემია) იობის ასული შარაშენიძე კი — დიასახლისი.[3] აკაკი შანიძე ოჯახში მეოთხე ვაჟი იყო. ქალიშვილის მონატრულ მამას კიდევ ერთი ვაჟის შეძენა მაინც და მაინც არ გახარებია, თანაც ოთხი ვაჟისთვის სადმე განათლების მიცემაც ძნელი იყო.[3]

აკაკი სამი-ოთხი წლის იყო, როდესაც მშობლები გაჭირვების გამო იძულებული გახდნენ ოდა-სახლი გაეყიდათ და შვიდიოდე წლის განმავლობაში ისლით გადახურულ უსარკმელო, მიწისიატაკიან ე.წ. „სამზადისში“ („სამზადი“) ეცხოვრათ.

პატარაობისას აკაკი არაერთ განსაცდელში ჩავარდნილა და არაერთხელ დაშავებულა: ორი წლისა წითელათი და ყელის სნეულებით ისე ავად გამხდარა, სიკვდილის ზღვარზე მისულა. ხევისწყალში ბანაობისას მდინარის დინებას გაუტაცებია და წისქვილის რუსკენ გაუქანებია, მაგრამ მოზრდილ თანასოფლელებს ხელი ჩაუვლიათ და გადაურჩენიათ. ხუთიოდე წლისა ბლის ხეზე აბღოტებულა, თავი ვერ შეუმაგრებია, ჩამოვარდნილა და ქვაზე ისე მძიმედ დაურტყამს თავი, რომ გონება დაუკარგავს. სამ კვირაზე მეტი დასჭირდა აკაკის გამოკეთებას. ერთხელაც, ხურმის ხეზე ასულა თეთრი კამურის ყურძნის მოსაკრეფად, ტოტი მოსტყდომია და ძირს წამოსულა, მაგრამ ბედად ტოტის მონაჭერს პერანგის კალთა გამოსდებია და შეუკავებია. მომავალ მეცნიერს კიდევ არაერთხელ შეხვედრია განსაცდელი.[4]

აკაკის ძმები ოზურგეთში სწავლობდნენ. სწორედ მათგან შინ ისწავლა წერა-კითხვა. სოფლის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1897 წელს აკაკიმ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, სადაც ნიჭითა და სიბეჯითით თავი გამოიჩინა.[4]არდადეგებზე შინ ბრუნდებოდა და ძმებთან ერთად მშობლებს საშინაო სამუშაოებში ეხმარებოდა. შრომასა და მუყაითობას, საქმისადმი ერთგულებასა და სიყვარულს მამამ მიაჩვია.[3][5]

ქუთაისის გიმნაზიაში

 
გიმნაზიელი აკაკი შანიძე, 1904 წლის 30 მაისი

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი აკაკიმ 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ ის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა, სადაც მომზადების დონის გათვალისწინებით მესამე კლასში მიიღეს. 1907 წელს, მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ, ზაფხულში მოემზადა, მეექვსე კლასი გამოტოვა და პირდაპირ მეშვიდე კლასში ჩააბარა გამოცდები.

1908-1910 წლებში აკაკი შანიძე თავის ახალგაზრდულ ლიტერატურულ თხზულებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: „გურჯი“ და „აკაკი მცირე“.[6] მერვე კლასში ყოფნის დროს აკაკი წერეთლის 50 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვის გამო აკაკი შანიძე კინაღამ დაითხოვეს გიმნაზიიდან. კლასიკური გიმნაზიის უფროსი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომაზე დიდი მგოსნისთვის იუბილეს გადახდა გადაწვიტეს, მაგრამ არც თუ ისე კეთილად განწყობილი დირექციისგან ნებართვა გვიან მიიღეს და იუბილე 1909 წლის 8 იანვარს მოეწყო. იუბილეს აღსანიშნავად მოსწავლეებმა დავით კაკაბაძის დახატული „გოჩა-აკაკი“ მოამზადეს, თუმცა ნებართვის დაგვიანების გამო ნახატი 21 დეკემბერს, თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოზე მიართვეს. საიუბილეო პროგრამაში ორი მოხსენება იყო: ერთი იოველ ჟორდანიასი, მეორე კი, აკაკი შანიძისა — რუსულ ენაზე. მომავალი აკადემიკოსის მოხსენება მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების გზებს, აკაკის წერეთლის ისტორიულ პოემებში რომანტიზმის მოტივებსა და ამ რომანტიზმის გამომწვევ მიზეზებს შეეხებოდა. აკაკი შანიძე წერდა: „...მოხსენებაში, სხვათა შორის, აღნიშნული მქონდა, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის საკითხები XIX საუკუნის დასაწყისში გადაწყდა არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო ერეკლეს დადებული ხელშეკრულებით და როგორც მოელოდა იმდროინდელი საზოგადოება, არამედ... აქ но-სთან შევჩერდი, აღარ წავიკითხე უშუალოდ მომდევნო წინადადებები, გადავფურცლე რვეული და გადავედი სხვაზე. ამ დროს უკანა რიგის მოწაფეებში ატყდა ტაშისცემა, მათ მიჰყვნენ სხვებიც და ამით ცარიზმის პოლიტიკის დაგმობამ აშკარად დემონსტრაციული ხასიათი მიიღო...“. მეორე დღეს საღამოსვე გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო მოიწვიეს, სადაც იუბილეზე მომხდარი ინციდენტის საკითხი გაარჩიეს. მასწავლებელთა ნაწილი აკაკი შანიძის გიმნაზიიდან გარიცხვას მოითხოვდა, თუმცა გიმნაზიის ინსპექტორმა მიხეილ საღარაძემ რიგი მიზეზების გამო აკაკის გიმნაზიიდან დათხოვნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. საბოლოოდ, სასწავლო წლის მესამე მეოთხედში აკაკის ყოფაქცევაში სამი „დაუსვეს“. კავკასიის ოლქის „მზრუნველ“ რუდოლფის გადაწყვეტილებით კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.[7]

1909 წელს აკაკი შანიძემ გიმნაზია ვერცხლის მედლიანი ატესტატით დაასრულა (ერთმა ოთხიანმა რუსულ ენასა და საეკლესიო სლაურ სიტყვიერებაში ოქროს მედლის მიღებაში შეუშალა ხელი, თუმცა იმ დროს მედლებს არც იძლეოდნენ, მხოლოდ იწერებოდა).

1909 წლის ზაფხულში სოფელ ხორხში, ბიძამისთან ყოფნის დროს შანიძეები ვაჟა-ფშაველამ სადილად მიიწვია. აკაკი შანიძემ ქართველი პოეტი მაშინ პირადად გაიცნო.

სტუდენტობის წლები

 
აკაკი შანიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დამთავრებისას, 1913 წელი

იმავე წლის შემოდგომაზე აკაკი პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას ლექციებს უკითხავდნენ საქვეყნოდ განთქმული ორიენტალისტები და რუსეთის გამოჩენილი მეცნიერები: ნიკო მარი (ქართულ-სომხური ფილოლოგია), ივანე ჯავახიშვილი (საქართველოს ისტორია), ალექსანდრ შმიდტი (არაბული ენა),[7] ვ. ჟუკოვსკი (სპარსული ენა), ვ. ბართოლდი (აღმოსავლეთის ისტორია) და სხვები.[8]

1910 წლის მაის-აგვისტოში გერმანული ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით მეორეკურსელი აკაკი შანიძე გერმანიაში, ქ. კენინგსბერგში იმყოფებოდა.[9]იმავე წელს, პეტერბურგში ყოფნისას მომავალი ენათმეცნიერი კიდევ ერთხელ შეხვდა საფრანგეთიდან სამშობლოსაკენ მიმავალ აკაკი წერეთელს.[7]

1909 წლიდან აკაკი შანიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის „ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის“ სარევიზიო კომისიის წევრი იყო, 1910 წლიდან — მდივანი, ხოლო 1911 წლიდან — თავდმჯდომარე. 1911-1912 წლებში სწორედ ამ სამეცნიერო წრემ რუსეთისა და საზღვარგარეთის ქართველ სტუდენტებს ანკეტები დაუგზავნა, რათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემთხვევაში ლექტორები მოეწვიათ და რომლის მუხლჩაუხრელი მუშაობის მეშვეობით გაირკვა, რომ „ქართველ სტუდენტობაში დიდი იყო ინტერესი მეცნიერებისადმი...“.

1911 წელს ნიკო მარის წინადადებით პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტმა დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად აკაკი შანიძე ფშავსა და ხევსურეთში მიავლინა. აკაკიმ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ ერთი თვე დაჰყო, მაგრამ საკმაო რაოდენობის ტექსტები ჩაიწერა, ფშაურისა და ხევსურულის დიალექტური ლექსიკონი შეადგინა და ამ კილოთა ძირითადი ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებები შეისწავლა. აკაკი შანიძე სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველასაც ესტუმრა.[8]

1912 წელს „პეტერბურგის ერთ პაწია, სტუდენტურ კამერაში“ აკაკი შანიძეს რამდენიმე თვე სტუმრობდა კონსტანტინე გამსახურდია. როგორც მწერალი აღნიშნავს, აკაკი მუდამ გულისხმიერად ეკიდებოდა მის მუშაობას და კენიგსბერგსა და ლაიპციგში ყოფნისას ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდა.[10]

1912-1913 წლებში ა. შანიძემ „რუსული ენციკლოპედიის“ III, IV, V და VI ტომებში მნიშვნელოვანი წერილები მოათავსა, მათ შორის: „ვახტანგ VI“, „ვახუშტი“, „დავით გურამიშვილი“, „ბესარიონ გაბაშვილი“, „ქართული ანბანი“, „ქართული ლიტერატურა“, „ქართული ენა“ და სხვა.

 
აკაკი შანიძე ნათესავთან, ი. კანდელაკთან ერთად, 1916 წელი

1913 წლის მაისში აკაკი შანიძემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა, ნიკო მარის წარდგენით იგი ქართულ-სომხური ფილოლოგიის კათედრის პროფესორობისთვის მოსამზადებლად დატოვეს. ზაფხულში საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის დავალებით, აკაკი შანიძე მთის კილოების შესასწავლად კიდევ ერთხელ გაგზავნეს საქართველოში. ახალგაზრდა მკვლევარმა თვალივი, ფასანაური, გუდამაყარი, დუმაცხო, ბაკურხევი, თუშეთის, თიანეთის, მთიულეთის, ფშავის, ხევის, ხევსურეთისა და პირიქითა ხევსურეთის სოფლები მოიარა. ამ მოგზაურობისას აკაკი მესამედ შეხვდა ვაჟა-ფშაველას, რომელიც კარგად გაუმასპინძლდა ფილოლოგს და შემდეგ მეგზურობაც გაუწია (ენათმეციერი დიდ მგოსანს მეოთხედ და უკანასკნელად 1915 წლის ზაფხულში შეხვდა, როცა სნეული პოეტი ქართული გიმნაზიის შენობაში მოთავსებულ სამხედრო ლაზარეთში (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი) იწვა).[11]

1914 წელს აკაკი შანიძე მივლინებით იმყოფებოდა ეჩმიაძინში, სადაც „ქებათა-ქების“ ქართულ-სომხური წარმოშობის გარკვევას ცდილობდა. ივლისში კოღოებმა მას მალარია შეჰყარეს, ავად გახდა და ალექსანდრეპოლში (დღევანდელი გიუმრი) გადავიდა. გამოკეთდა თუ არა, მაშინვე ახალი სომხური ენის შესწავლა დაიწყო.

1915 წელს აკაკი შანიძემ ქართული ენათმეცნიერების სპეციალურ დარგში ზეპირი სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა. შემდეგ პეტროგრადის (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი) საჯარო ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების აღწერა დაიწყო. ასევე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ქართული ზმნის პრეფიქსების შესახებ გამოკვლევის ბეჭდვას შეუდგა. იმავე წელს, ივანე ჯავახიშვილის რედქტორობით სამეცნიერო წრის მიერ თბილისში გამოცემულ სამეცნიერო კრებულში თავისი ერთ-ერთი ადრეული ლინგვისტური კვლევა - „ქართული კილოები მთაში“ - მოათავსა.

1916 წლის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დავალებით სამეცნიერო მიზნით სამეგრელოში იყოფებოდა და საგანგებოდ სწავლობდა მეგრულს. დიალექტოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესაკრებად კი რაჭის სოფლებში, ღებსა და გლოლაში ორი კვირა გაატარა.[12]

სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლა

 
აკაკი შანიძე 1928 წელს

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აკაკი შანიძე თბილისში ჩავიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერიტეტის დაარსებაში. ამ დროიდან იწყება აკაკი შანიძის ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ის პირველ პროფესორთა კოლეგიაში შევიდა. 1918-1920 წლებში აკაკი შანიძე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მდივანი იყო, 1919-1921 წლებში კი — პროფესორთა საბჭოსი. 1919 წლიდან ქართული ენის კათედრას განაგებდა. აკაკი შანიძე საუნივერსიტეტო საგამომცემლო საქმის საფუძველჩამყრელი იყო.[13] ხელმძღვანელობდა საგამომცემლო კომისიას. იგი წლების განმავლობაში (1919-1930) სათავეში ედგა უნივერსიტეტის ბეჭდურ ორგანოს — „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“.

1919 წელს კენჭს იყრიდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტების სიით. იყო სიის 33-ე ნომერი, მაგრამ ვერ მოიიპოვა კრების წევრის მანდატი.

აკაკი შანიძემ გიორგი ახვლედიანთან ერთად დიდი შრომა გასწია უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნისა და ორგანიზების საქმეში. 1919 წლიდან 1922 წლამდე ის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას განაგებდა. 1918 წლის გაზაფხულზე შავი ქვის მრეწველთა საბჭომ უნივერსიტეტის თხოვნა დააკმაყოფილა და წიგნთსაცავი, საქიმიო ლაბორატორია და მინერალოგიური კოლექციები გადასცა. ეს სიმდიდრე აკაკი შანიძემ ჩაიბარა და უნივერსიტეტში ჩამოიტანა.[14]

უნივერსიტეტის გახსნის დღიდან აკაკი შანიძე არაბულ და სომხურ ენებში კითხულობდა ლექციებს (1919-1928) წლებში და არაბული ენის კათედრას განაგებდა, ხოლო პროფესორ ყიფშიძის გარდაცვალების შემდეგ — ქართულ ენაშიც. გარდა არაბულ-სომხურ-ქართულისა, სხვადასხვა დროს ქართული დიალექტოლოგიის, ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის, რუსთველის ენისა და სვანურის საუნივერსიტეტო კურსებს კითხულობდა. წოვა-თუშურით აკაკი შანიძემ კავკასიურ ენათა სწავლებას ჩაუყარა საფუძველი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი დისერტაცია - „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“ - აკაკი შანიძემ დაიცვა (1920 წელს მონოგრაფია გამოსცა) და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება მოიპოვა. იმავე წელს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი პირველი სამეცნიერო მივლინებით სვანეთში გაემგზავრა.

ენათმეცნიერს თავიდანვე აიტერესებდა ფარული წერილების (კრიპტოლოგია) ნიმუშები და მათ ადვილად შიფრავდა. 1921 წელს ენათმეცნიერმა „ქართული კრიპტოგრაფიის ახალი ნიმუშები“ გამოსცა, 1926 წელს კი - „კრიპტოგრაფიული მასალები“.

 
აკაკი შანიძე და მისი ძმა, მოსე შანიძე ბერლინში, 1928 წელი

1922 წელს აკაკი შანიძე კორნელი კეკელიძესთან ერთად ქართული ხელნაწერებისა და სიძველეების დასაბრუნებლად მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. იმავე წელს, ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის ინიციატივით იუბილე გადაუხადეს სამუშაოდ ახლად მოწვეულ მეცნიერს, პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ალექსანდრე ცაგარელს. ეს იყო პირველი იუბილე, რომელიც თბილისის უნივერსიტეტმა მოაწყო.

იმავე წელს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გრემის სიძველეთა გამოსაკვლევად სამკაციანი ექსპედიცია გაგზავნა, მათ შორის აკაკი შანიძე და გიორგი ჩუბინიშვილიც იყვნენ.[15]

1924 წელს გიორგი ჩუბინიშვილთან, ლეონ მელიქსეთ-ბეგთან და ნ. სევეროვთან ერთად აკაკი შანიძე სამეცნიერო მიზნით სომხეთში გაემგზავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს გარეთ მოწყობილი პირველი სამეცნიერო ექსპედიის დროს ა. შანიძემ კოშისა და თაიჩარუხის ქართული წარწერები შეისწავლა.[16]

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ტფილისის სახ. უნივერსიტეტში ენათმეცნიერების დარგის შექმნა სამი პირის: პროფ. იოს. ყიფშიძის, პროფ. აკ. შანიძისა და პროფ. გ. ახვლედიანის ღვაწლს შეადგენს. პირველი მათგანის, სამწუხაროდ უდროვო გარდაცვალების გამო, უდიდესი ტვირთი ორს უკანასკნელს დააწვა...“[17] 1923 წელს დაარსებული „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი შანიძე აირჩიეს. გიორგი ახვლედიანი ამბობდა: „იოსებ ყიფშიძის დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო ახლადფეხადგმული უნივერსიტეტისათის და კერძოდ ქართველოლოგიისათვის. მაგრამ მისი ადგილი დაიკავა აკაკი შანიძემ, რომლის ზედიზედ გამოსულმა ფუნდამენტურმა შრომებმა ცხადყვეს, რომ ქართველოლოგიას (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) მოევლინა დიდი ენათმეცნიერი“.[18]

1929 წელს მეცნიერი ხარკოვში აღმოსავლეთმცოდნეობის სრულიად უკრაინის II ყრილობაზე იმყოფებოდა.[19]

ვრცელ სამეცნიერო ასპარეზზე

 
აკაკი შანიძე 1940 წელს

1933-1936 წლებში აკაკი შანიძე უნივერსიტეტთან არსებულ რუსთაველის ინსტიტუტში ქართული ენის სექტორს განაგებდა. 1936-1941 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში ქართველური ენების სექტორის გამგედ მუშაობდა. 1933-1935 წლებში ლექციებს კითხულობდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე თბილისში, 1935-1936 წლებში კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ძველი ქართული ენის გრამატიკასა და ქართულ დიალექტოლოგიაში.

1934 წელს აკაკი შანიძემ (ალექსანდრე ბარამიძისა და ილია აბულაძის თანაავტორობით) შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელო: „ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ქრესტომათია საშუალო სკოლის VIII კლასისათვის.“[19] როგორც უნივერსიტეტის საგამომცმელო საქმის ხელმძღვანელმა, თავისი ინიციატივით გამოსცა კრებული „არილი“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს იყო თბილისის უნივერსიტეტის ქართველოლოგთა პირველი სპეციალური მიძღვნითი სამეცნიერო კრებული.[19] პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც თბილისის უნივერსტეტის კურსდამთავრებულმა დაიცვა იყო არნოლდ ჩიქობავას მონოგრაფია „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“, რომლის ხელმძღანელიც აკაკი შანიძე იყო.[19]

1938 წელს აკაკი შანიძე აირჩიეს სომხეთის ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. იმავე წელს აირჩიეს ქ. თბილისის კიროვის სახელობის რაიონის მშრომელთა საბჭოს დეპუტატად, 1939 კი - სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორეპონდენტად. 1941-1942 წლებში ამავე რაიონის აღმასკომის წევრი იყო.[20] 1941 წლის 22 თებერვალს აკაკი შანიძე საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1941 წელს ლენინგრადში საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის განყოფილების სამეცნიერო სესიაზე აკაკი შანიძემ საბჭოთა ლინგვისტებს ზმნის მწკრივის კატეგორიის შესახებ ახალი თეორია გააცნო.[19]

1945 წელს მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ქართული ენის კათედრა ორად გაიყო: ძველი ქართული ენის კათედრად და ახალი ქართული ენის კათედრად.[21]

1946-1948 წლებში აკაკი შანიძე პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენის კათედრას განაგებდა. ასევე, 1946 წლიდან განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას, ხოლო 1948-1951 წლებში აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.[20][19]

1950 წელს აკაკი შანიძე თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, 1971 წელს კი — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მერვე მოწვევის დეპუტატად.[20] 1950-1963 წლებში შვიდჯერ იყო მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

 
გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკის წინ, 1960 წელი

1957 წელს ენათმეცნიერმა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებულ სამეცნიერო სესიაზე ბაქოში წაიკითხა მოხსენება „Принципи класификации грузинских диалектов“.[19]

1960 წლის 28 ოქტომბერს აკაკი შანიძემ, ირაკლი აბაშიძემ და გიორგი წერეთელმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის გადაღებილი ფრესკა აღმოაჩინეს,[22] აღადგინეს და 1961 წელს საქართველოში ჩამოიტანეს. აკაკი შანიძემ სპეციალურად შეისწავლა ტაოელი დიდებულის, გრიგოლ ბაკურიანის ძის (ბაგრატიონი) მიერ ბერძნულ და ქართულ ენებზე შედგენილი პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი და საბოლოოდ გაარკვია გრიგოლის ქართული წარმოშობა.[23]

1960 წელს ორიენტალისტთა XXV საერთაშორისო კონგრესზე მოსკოვში მსოფლიო მეცნიერებს აკაკი შანიძემ ალბანური ენისა და დამწერლობის შესახებ თავისი კვლევის შედეგები გააცნო.

1962 წელს ენათმეცნიერმა გამოაქვეყნა ვრცელი გამოკვლევა,რომელშიც დაასაბუთა იდეა, რომ ქართულ ნაბეჭდ ტექსტში მთავრულები უნდა შემოეღოთ, ე.ი. მთავრული ასოებით უნდა დაებეჭდათ სათაურები და ახალ წინადადებათა და საკუთარი სახელების დასაწყისი ასოები.[24]

1981 წელს ენათმეცნიერი ბრიტანეთის ფილოლოგიური საზოგადოების წევრად აირჩიეს.[25]

მომდევნო წელს აკაკი შანიძემ უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრასთან სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია „ორიონი“ შექმნა.[19]

აკაკი შანიძე თბილისის უნივერსიტეტში თურქოლოგიის დანერგვასა და განვითარებაზე ზრუნავდა .[26] მეცნიერი ხშირად მიმართავდა სომხური ენის მონაცემებს და ქართული გრამატიკული საკითხების კვლევა-ძიების დროს მათ სათანადოდ იყენებდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

დიალექტოლოგია

„...ძირითადი მოთხოვნილება დიალექტური მასალების შეკრებისა ისაა, რომ ჩაწერილი იქნეს ყველაფერი ისე როგორც არის ნამდვილად, და იმდენად შესაკრები მასალის რაოდენობას კი არ გამოვეკიდოთ, რამდენადაც ხარისხსს. სჯობს შეგროვდეს ცოტა, მაგრამ სანდო და ზუსტი, ვიდრე ბევრი და ცუდი.“ - წერდა აკაკი შანიძე.

მთის კილოები

 
აკაკი შანიძე ბიძაშვილთან, იასონ შანიძესთან ერთად, 1913 წელი

აკაკი შანიძემ ქართული ენის სტრუქტურის შესწავლა დიალექტების კვლევით დაიწყო. ქართული დიალექტოლოგიის, როგორც დისციპლინის, გამომუშავებისა და შემდგომი განვითარების ისტორია ყველაზე მჭიდროდ სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული.[27]

1911-1913 წლებში მეცნიერი ორჯერ იმყოფებოდა ფშავ-ხევსურეთში.[28] ალ. ჭინჭარაული თავის წიგნში „აკაკი შანიძე - მთის მკვლევარი“ დაწვრილებით აღნიშნავს სად და როდის შეიქმნა და გამოქვეყნდა აკადემიკოსის გამოკვლევები და წერს „...არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ აკაკი შანიძემ დააფუძნა მკვიდრ საძირკველზე ქართული დიალექტოლოგია. მან სწორედ აღმოსავლეთ საქართველოს მთით დაიწყო და ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა...“.[29]

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველიდან პეტერბურგის საავადმყოფოში დაჭრილები ჩამოიყვანეს, რომელთა შორის ქართველებიც იყვნენ. აკაკი შანიძემ გაიგო, რომ მათ შორის ერთი ხევსური იყო. როცა სანახავად მივიდა, ხევსური მისი ძველი ნაცნობი ბესარიონ გაბუური აღმოჩნდა. ახალგაზრდა მეცნიერმა ხევსური დაიყოლია და გაბუური სისტემატურად უგზავნიდა უძვირფასეს ხევსურულ მასალებს, რაშიც გასამრჯელოსაც იღებდა. ბესარიონ გაბუურისაგან მოწოდებული დიდად საყურადღებო დიალექტიკური ტექსტები 1924 წელს ა. შანიძის რედაქციით ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების კრებულში „წელიწდეული“ დაიბეჭდა.[30] აკაკი შანიძე წერდა: „...განვიზრახე, რომ რევიზია მეყო და თავი მომეყარა პირველად მთელი მასალისათვის, რომელიც საქართველოს ერთ კუთხეს შეეხება, მთას, შემევსო ძველი ფონდი ჩემ და სხვათა მიერ ახალჩანაწერი ნიმუშებით...“ [31]

1915 წელს თბილისში პეტროგრადის უნივერსიტეტის „ქართული სამეცნიერო წრის“ კრებულში დაიბეჭდა ა. შანიძის ნაშრომი „ქართული კილოები მთაში“, რომელშიც მთის ქართული კილოების ზოგადი დახასიათება პირველადაა მოცმეული. აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ჩამკვდარი სალიტერატურო ქართულის აღდგენისთვის საჭირო იყო ქართულის ცოდნა ისტორიულად და გეოგრაფიულად. სხვანაირად რომ ვთქვათ, საჭიროა წიგნების ფურცლებზე უკვე გაქვავებული ენის შესწავლა და მასთან ერთად ცოცხალი, მოძრავი ენის (ე.ი. კილოების) გამოკვლევა. ეს ორი პროცესი ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა მიმდინარეობდესო.[30]

 
აკაკი შანიძე - პეტერბურგის უნივერსიტეტი ასპირანტი, 1914 წელი

დიალოქტოლოგიური მეცნიერებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ა. შანიძის სადოქტორო დისერტაციის ბოლო თავს „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა კილოებში“. ამ თავში ავტორმა ყველა ძირითადი კილოს მასალაზე პრეფიქსების საკითხი განიხილა.[30]

1931 წელს აკაკი შანიძემ ქართული დიალექტოლოგიისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობის მქონე შვიდასგვერდიანი წიგნი „ქართული ხალხური პოეზია, I ხევსურული“ გამოაქვეყნა. წიგნში დიალექტოლოგის მიერ პირადად ჩაწერილი მასალები, მუზეუმის ხელნაწერებიდან ამოკრებილი და სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ტექსტები შევიდა. სხვების მიერ შეკრებილ მასალებში არსებული შეცდომები ა. შანიძემ შეასწორა, ხევსურული კილოს მიხედვით გამართა და ტექსტების ნამდვილი სახე დაადგინა.

აკაკი შანიძე დაინტერესებული იყო ქართული დიალექტების კლასიფიკაციის საკითხებითაც. 1957 წელს ბაქოში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების მეცნიერებათა აკადემიების გაერთიანებულ სამეცნიერო სესიაზე წაკითხულ ნაშრომში ავტორი საკვალიფიკაციო ნიშნებზე მიუთითებდა და ქართული კილოები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. ფხოური, 2. მთიულურ-ფშაური, 3. ქართლურ-კახური, 4. დასავლური, 5.სამხრულ-დასავლური, 6.ინგილოური ჯგუფები.

სხვადასხვა დროს აკაკი შანიძე უშუალოდ აკვირდებოდა ქართულ ცოცხალ მეტყველებას: 1911-1913 წლებში ფშაურ-მთიულურ-გუდამაყრულ-მოხეურსა და ხევსურულ-ფშაურს, 1914 წელს - ქიზიყურს, ხოლო 1916 წელს - რაჭულს.[30]

კოლხური, სვანური

აკაკი შანიძემ თავის ნაშრომებში დიდი ადგილი დაუთმო ჭანურ-მეგრული და სვანური ენების აღნაგობის შესწავლას. სვანეთში ყოფნისას (1910, 1921, 1923) ენათმეცნიერმა ამ კუთხის კილოები შეისწავლა და მრავალი ლექსი, ზღაპარი, ანდაზა-გამოცანა და სხვა ჩაიწერა.[32]

აკაკი შანიძემ ვარლამ თოფურიასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სვანური ტექსტების მეცნიერულ გამოცემებს. 1939 წელს მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა სერია „მასალები ქართველურ ენათა შესწავლისათვის“, რომლის სხვადასხვა ნომერშიც აკაკი შანიძის შეკრებილი მასალებიც იბეჭდებოდა.[32] სვანურისა და კოლხურის შესწავლის საქმეში აღსანიშნავია ვარლამ თოფურიასთან ერთად გამოცემული „სვანური პროზაული ტექსტები I, ბალსზემოური კილო“ (1939)[33] და ვ. თოფურიასთან და მ. გუჯეჯიანთან ერთად გამოქვეყნებული „სვანური პოეზია“.[26]

სამეგრელოში ჩაწერილი მასალებიდან აკაკი შანიძემ მხოლოდ ეკური „ქალ-ვაჟიანი“ გამოაქვეყნა.[32]

ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია

 
აკაკი შანიძე მის ყოფილ სტუდენტ მიხეილ გოგსაძესთან ერთად, 1938 წელი

აკაკი შანიძის მიერ მოპოვებულმა პოზიტიურმა შედეგებმა არა მარტო მყარი საფუძველი შეუქმნა ქართული ენის შემდგომ სინქრონულ კვლევას, არამედ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კიდეც კვლევათა მიმართულება.[34] ენათმეცნიერი გრამატიკაში ძირითადად მორფოლოგიურ-სინტაქსურ საკითხებს იკვლევდა, თუმცა ფონეტიკური კანონების დადგენაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. მან ჩინებულად ახსნა ქართველურ ენებში სიტყვათა შეკუმშვის მოვლენები და მისი გამომწვევი მიზეზები, ნათელი მოჰფინა ისეთ მნიშვნელოვან ფონეტიკურ მოვლენას, როგორიცაა უმლაუტი.[20]

აკაკი შანიძემ შეისწავლა მნიშვნელოვანი ფონეტიკური პროცესი - ხმოვანთა რედუქცია. პროფესორი ვარლამ თოფურია წერდა: „ხმოვანთა მეცნიერული აღწერა, მისი გავრცელების დადგენა და ამ მხრივ ქართველურ ენათა და მათ კილოთა ურთიერთობის გაშუქება ეკუთვნის ა. შანიძეს...“[35]

1919 წელს თბილისის უნივერსიტეტის მოამბის I ტომში დაიბეჭდა აკაკი შანიძის მნიშვნელოვანი გამოკვლევა - „ნასახელარი ზმნები ქართულში“.[36]

1922 წელს ენათმეცნიერმა ერთ-ერთ ძველ ძეგლში - ადიშის ოთხთავი - ზმნის თავსართ ჰაეს მიაგნო. ტერმინის - „ხანმეტი“ - ანალოგიით მეცნიერმა ახალი ტერმინი - „ჰაემეტი“ - შემოიღო. იმავე ზაფხულში სვანეთში იმოგზაურა, იფარის ეკლესიაში დაცული ხელნაწერები გასინჯა და ამ ტექსტების ნაწყვეტები სათანადო გამოკვლევით მალევე გამოაქვეყნა („ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისთვის“).[36] 1923 წელს გამოქვეყნდა აკაკი შანიძის ნაშრომი „ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსების ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში“.

აკაკი შანიძე წლების მანძილზე აქვეყნებდა სპეციალურ ნაშრომებს, რომლებშიც ქართული ენის სტრუქტურული თავისებურებანი იყო გაშუქებული და ნიადაგი მოამზადა მეცნიერული გრამატიკის აგებისათვის. მეცნიერის მრავალწლიანი დაკვირვებისა და ნაყოფიერი ძიების ერთგვარი შეჯამება, „ქართული გრამატიკა I, მორფოლოგია“ 1930 წელს გამოქვეყნდა, რომლის ძირეულად გადამუშავებული გამოცემა 1942-43 წლებში ორ ნაკვეთად გამოიცა.[36]

ენათმეცნიერმა ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურის დარგში კვლევა-ძიება თანდათან გააფართოვა. მან ზმნის ახალი კატეგორია - ქცევა - დაადგინა, რომელიც გამოკვლევაში - „ქართული ზმნის ქცევა“ - წარმოადგინა.

1941 წელს აკაკი შანიძემ გრამატიკული მწკრივის შესახებ თეორია წამოაყენა, რომელიც იმავე წელს ლენინგრადში საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის განყოფილების იანვრის სესიაზე საბჭოთა კავშირის ენათმეცნეირებს გააცნო.[36][26]

ტექსტების გამოცემა

 
აკაკი შანიძე კურორტ ჯავაში დასვენებისას. მარცხნიდან: ლევან კვაჭაძე, აკაკი შანიძე, ივანე გიგინეიშვილი. უკან დგას ლელა შანიძე, 1947 წლის ივლისი

აკაკი შანიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ფილოლოგიას. ხანგრძლივი მოღვაწეობის დროს მეცნიერმა არაერთი სანიმუშო ტექსტი გამოსცა. ქართულ პალეოგრაფიაში სავარჯიშოდ აკაკი შანიძემ ლითოგრაფიული წესით 1924 წელს გამოსცა „თარგმანებაი ქებისა ქებათაისა“. 1935 წელს კი ძველ ქართულ ენაში სავარჯიშოდ დაბეჭდა „ძველი ქართულის ქრესტომათია I“, რომელშიც უძველესი ქართული ხელნაწერების ნაწყვეტები და ძველი წარწერების ტექსტებია მოყვანილი.

1928 წელს აკაკი შანიძე მოხსენებით გამოვიდა ოქსფორდში გამართულ ორიენტალისტთა XVII საერთაშორისო კონგრესზე. არდადეგების გამო კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დახურული იყო, რის გამოც ქართველმა მკვლევარმა ხანმეტობის შემცველი პატარა ხელნაწერის, ქართულ-ებრაული პალიმფსესტის (რომელიც ჰაემეტი ფორმების შემცველიცაა) დედანი თავდაპირველად ვერ იხილა. აკაკი შანიძემ უნივერსიტეტის პროფესორს (ე. მინსი) ნაწყვეტის ფოტოგრაფიული სურათის გამოგზავნა სთხოვა. პროფესორმა სურათი გამოუგზავნა და აკაკი შანიძემ კემბრიჯული ხელნაწერის ტექსტი მეცნიერულად გამოსცა.[37]

აკაკი შანიძემ მეცნიერულად გამოსცა ხანმეტი ლექციონარი (სასულიერო საგალობლებისა და ლოცვების საკითხავი წიგნი), უძველესი პერიოდის ძეგლთა შორის ერთადერთი, რომლის ტექსტიც თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი. ხელნაწერთაგან ხანმეტი ლექციონარი გამონაკლისია, რადგანაც გაბმული ხანმეტი ტექსტები მხოლოდ პალიმფსესტებიდან ან წარწერებიდნა არის ცნობილი. პირველად ლექციონარი 1929 წელს გამოსცა „თბილისის უნივერსიტეტის მოამბეში“, მეორედ კი 1944 წელს.

ქართულისა და სხვა კავკასიური ენების შესწავლის ინტერესებისა და ძველი ქართული ხელნაწერების სისტემატური და გეგმიანი ბეჭდვის საჭიროებიდან გამომდინარე აკაკი შანიძემ ისეთი გამოცემათა სერიები დააარსა, როგორიცაა: „Caucasus Polyglottus“ (1932), „ძველი ქართული ენის ძეგლები“ (1944, გამოვიდა 13 ტომი) და „ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“ (1955, გამოვიდა 25 ტომი).[37]

 
აკაკი შანიძე მუშაობის დროს, 1966 წელი

1935 წელს „Caucasus Polygllottus“ გამოცემის პირველ ნომრად დაიბეჭდა აკაკი შანიძის წიგნი „ძველი ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გარდა ხელნაწერებიდან ამოღებული ტექსტებისა, წარწერებიცა და ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტებიც იყო მოთავსებული. „ძველი ქართული ენის ძეგლების“ სერიაში IX-X საუკუნეების ხელნაწერთა მიხედვით აკაკი შანიძემ მეცნიერულად გამოსცა ოთხთავი (სახარება). ამავე სერიაში დაიბეჭდა ივანე იმნაიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი“ (1948-1949), „ბალავარიანი“ (ილ. აბულაძის გამოცემა, 1957), „ფსალმუნი“ (მზექალა შანიძის გამოცემა, 1960) და სხვა. 1971 წელს ამ სერიის მე-13 ნომრად აკაკი შანიძემ ფუნდამენტური მნიშვნელობის ნაშრომი „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი. ტიპიკონის ქართული რედაქცია“ გამოსცა,რომელშიც ქართულ ტექსტებთან ერთად მოცმეულია მისი რუსული თარგმანი შენიშვნებითურთ და გამოკვლევა.[37]

აკაკი შანიძე დაინტერესებული იყო ახალი ქართული მწერლობის ძეგლთა მეცნიერული გამოცემებითაც. მან სანიმუშოდ გამოსცა ეგნატე ნინოშვილის „პარტახი“ (1935) და შენიშვნებიც დაურთო. ალექსანდრე აბაშელთან ერთად მონაწილეობა მიიღო ვაჟა-ფშაველას თხზულებათა გამოცემაში. [37]

აკაკი შანიძის დამსახურებით ათონური ბიბლიის ტექსტის გამოცემისთვის მუშაობა განახლდა. 1947-48 წლებში 978 წლის ხელნაწერის მიხედვით ორი ნაკვეთი დაიბეჭდა. 1975 წელს აკაკი შანიძემ XII საუკუნის ქართული ასტროლოგიური ძეგლი „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“ პირველად გამოსცა .[37]

აკაკი შანიძეს ეკუთვნის საბაწმინდის ლავრაში 864 წელს შედგენილი პირველი თარიღიანი ხელნაწერის, 18 ავტორისაგან შედგენილი 50 თხზულების კრებულის პირველი სრული გამოცემა.[23]

მეცნიერმა 90 წლის ასაკში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის ახალი სახელმძღვანელო - „ძველი ქართული ენის გრამატიკა“ - შექმნა. 1977 წელსვე სათანადო გამოკვლევებითა და ენობრივი მიმოხილვით ძველი ქართული ენის ძეგლების მეთხუთმეტე ტომის სახით არამ მარტიროსოვთან და ალექსანდრე ჯაშიაშვილთან ერთად „ჭილ-ეტრატის იადგარი“ გამოსცა.[38][39] 1982 წელს ნაშრომი გერმანულად ითარგმნა (მთარგმნელი ჰაინც ფენრიხი), 1983 წელს კი სომხურად (მთარგმნელები ჰ. მარგარიანი და პ. ჩობანიანი).[19][40]

ქართულ შრიფტებზე ზრუნვა

 
აკაკი შანიძე სტამბაში, 1964 წელი.

აკაკი შანიძემ დიდი მუშაობა გასწია ქართული საშრიფტო მეურნეობის ორგანიზაციისა და გამდიდრების საქმეში. 1929 წელს მხატვარ დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად ძველი ქართული შრიფტი შეიმუშავა, რომლითაც მისი „ძველი ქართული ქრესტომათია“ დაიბეჭდა. 1928 წელს ვ. მადერის დახმარებით დიალექტიკური ტექსტებისთვის დიაკრიტიკული ნიშნების მქონე ასოთა შრიფტი (გრძელი, მოკლე, უმლაუტიანი ხმოვნებისა), ხოლო 1938 წელს ძველი ასოების ვენურ შრიფტთან მისადაგებული რამდენიმე ახალი იერის ვერსია შექმნა.[19]

1935-1936 წლებში აკაკი შანიძემ 1712 წელს ვახტან VI მიერ დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ მხედრული შრიფტი აღადგინა. მეცნიერის დავალებით მხატვარმა ვლადიმერ გრიგოლიამ პირველნაბეჭდი ასოები შეასწორა, ხელახლა უკეთ დახატა მთელი კომპლექტი და სიმეტრიასა და ხაზებში ერთიანობა დაიცვა. ახალდახატული ასოების კვალობაზე უნივერსიტეტის გამომცემლობის შრიფტის კაბინეტმა ასოთა პუნსონები დაამზადა და 1936 წლის აგვისტოში შრიფტი ჩამოისხა. 1937 წელს აკაკი შანიძის მიერ აღდგენილი 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემა დაიბეჭდა.

1963 წლის 18 სექტემბერს აკაკი შანიძემ მოსკოვის „პოლიგრაფმაშის“ თანამშრომლების თათბირი მოიწვია. ამ სხდომაზე ასოთა ნახაზებისა და კლავიატურის სქემების პროექტი დაამტკიცეს, რომელიც ხელით საწყობი შრიფტის მატრიცების დასამზადებლად და ლინოტიპის მატრიცებისთვის სათანადო დოკუმენტაციის შესადგენად „პოლიგრაფმაშის“ ინსტიტუტს გადაეცა. ნახაზებსა და დოკუმენტაციებს გარკვეული ნაკლი აღმოაჩნდა, ამიტომაც მათ გასასწორებლად ა. შანიძე და მხატვარი ანტონ დუმბაძე ლენინგრადში (დღევ. სანქტ-პეტერბურგი) ჩაფრინდნენ. აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით მხატვარმა ქართული შრიფტის ახალი გარნიტური - „უნივერსიტეტი“ - შექმნა, ძველი (მრგლოვანი, ნუსხური) და ახალი (მხედრული) ქართული ასოები დახატა იმ ვარაუდით, რომ საჭირო შემთხვევაში ისინი ერთმანეთში გაერიათ. საბოლოოდ, ლენინგრადის პოლიგრაფიული მანქანათმშენებლობის ქარხანამ რამდენიმე კომპლექტი დაამზადა და 1965 წლის დასაწყისში უნივერსიტეტს გამოუგზავნა. ქართული საშრიფტო მეურნეობის გასამდიდრებლად გაღებული დროის, ენერგიისა და ხარჯების გამო ა. დუმბაძის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ქართულ შრიფტს „აკაკი შანიძე“ ჰქვია.[19]

სამწერლო ქართულის ნორმალიზაცია

 
აკაკი შანიძე 1963 წელს

აკაკი შანიძე ყოველთვის გულისყურით ეკიდებოდა მრავალსაუკუნოვანი წერილობითი ტრადიციის მქონე ქართული ენის ნორმალიზაციის საქმეს და თავგამოდებით იბრძოდა სადავო საკითხების მეცნიერულ საფუძველზე გადაწყვეტისათვის. ჯერ კიდევ 1920 წელს ქართული ზმნის პრეფიქსებზე დაბეჭდილ მეცნიერულ მონოგრაფიაში მან დამატების სახით შეიტანა „პროექტი ორთოგრაფიის რეფორმისათვის“, რომელშიც დასაბუთებულია დებულება, რომ სალიტერატურო ენის სადავო საკითხების დადგენისას ისტორიული (ძველი ტექსტების) და კილოური (სალაპარაკო ენის) მონაცემები ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული. 1920 წელს აკაკი შანიძის თავმჯდომარეობით ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი საორგანიზაციო კომისია შედგა. კომისიის სხდომებზე (1920 წლის 4 აპრილიდან 1921 წლის 16 აპრილამდე) სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხები განიხილებოდა. კომისიის მუშაობის შედეგად ცალკე წიგნაკად გამოვიდა პირველი ოფიციალური სახელმწიფო პროექტი - „სალიტერატურო ქართულისათვის. პროექტი ქართული ორთოგრაფიის სადავო საკითხების მოსაწესრიგებლად, შემუშავებული საორგანიზაციო კომისიისა და მიღებული სასწავლო კომიტეტის მერ“.

ჯერ კიდევ 1921 წლის მარტში განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული სასწავლო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სატახტო ქალაქის მართლწერასთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობაზე კომისიის ორმა წევრმა „ტფილისს“ დაუჭირა მხარი, ორმა - „თფილისს“, ხოლო აკაკი შანიძემ „თბილისს“ და შესაბამისი არგუმენტებიც მოიყვანა.

30-იანი წლების შემდგომ განათლების სახალხო კომისარიატთან შექმნილმა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა რესპუბლიკურმა კომისიამ“ აკაკი შანიძის აქტიური მონაწილეობით სალიტერატურო ენის სადავო საკითხთა მოწესრიგების ძირითადი პრინციპები გამოიმუშავა, ზოგიერთი ნორმა დაადგინა და 1936 წელს გამოსცა კიდეც. აკაკი შანიძის პროექტების მიხედვით „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა რესპუბლიკურმა კომისიამ“ დააკანონა ისეთი ნორმები, როგორიცაა: 1. ვითარებითი ბრუნვის დაბოლოება, 2. წოდებითი ბრუნვის დაბოლოება, 3. ევროპის ენებიდან მომდინარე la და lu ჯგუფებიანი სიტყვების მართლწერა და სხვა. ენათმეცნიერმა ქართული სალიტერატურო ენის პრაქტიკულ საკითხებზე რამდენიმე ათეული წერილი დაბეჭდა, რომლებიც შეჯამებულია წიგნში „სალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები“, რომელთა ნაწილიც ცალკე წიგნის სახითაც გამოიცა.[19]

კომისიამ განიხილა სიმონ ხუნდაძის „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა ქართულ სკოლებში, თუმცა იმ დროისთვის უკვე მოძველებული იყო.[41] 1950 წელს აკაკი შანიძის ინიციატივით წამოიწყეს გამოცემათა სერია „სალიტერატურო ქართულის ნორმათა საკითხები“, რომელიც მოწოდებული იყო სახელმწიფო კომისიისთვის მასალებისა და პროექტების გამომზეურებისაკენ.[42]

ეპიგრაფიკა

 
აკაკი შანიძე ბოლნისის სიონის ეზოში

აკაკი შანიძემ ბევრი დაზიანებული ეპიგრაფიკული ძეგლი აღადგინა, მათ შორის: წყისის, მანგლისის, ხოშის, გრემის, ხუნამისისა და სხვა წარწერები. ბოლნისისა და მცხეთის ჯვრის წარწერებზე ენათმეცნიერმა სალიტერატურო ენის ძველი საფეხურისათვის დამახასიათებელი ძველი ქართული ენის არქაული ფორმები ამოიცნო.[42]

1922 წელს იროდიონ სონღულაშვილთან ერთად სამეცნიერო მიზნით იმყოფებოდა დიღომსა და მის მიდამოებში. იმავე წლის 13 ივნისს, გიორგი ახვლედიანთან ერთად საგურამოს ქასურის წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევების სასინჯი ხასიათის გათხრებს აწარმოებდა.[36]

1966 წლის ზაფხულში სომხეთის სსრ-ში ნოემებრიანში ქართულ წარწერას ყურადრება მიაქცია რვაწლედის სკოლის გამგემ, სამუელ ჩილინგარიანმა. მან ამის შესახებ პროფესორ კარო ღაფადარიანს აცნობა, რომელმაც გამგეს შეუთვალა, წარწერის ამბავი თბილისში აკაკი შანიძეს შეატყობინეო. 3 ივლისს აკაკი შანიძე და ვასო ცისკარიშვილი ნოემბერიანისკენ გაემართნენ. ქართველმა მკვლევრებმა საფლავის ქვებს შორის ქართულწარწერიანი ქვა ნახეს და რამდენიმე სიტყვის ამოკითხვა შეძლეს. მეცნიერები სომხეთში მეორედ 26 აგვისტოს ჩავიდნენ და ამჯერად ისტორიის მუზეუმში გადატანილი ქვის შესწავლა განაგრძეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ქვა ბარანის (ნოემბერიანის ციხის ძველი სახელწოდება) ციხის ნაშთი იყო.[43]

ლექსიკოლოგია

 
აკაკი შანიძე 1957 წელს

აკაკი შანიძე ადრეულ ასაკშივე იყო დაინტერესებული ქართული ლექსიკის საკითხებით. ჯერ კიდევ 1915 წელს რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოების აღმოსავლური განყოფილების ბეჭდვით ორგანოში მან მოსე ჯანაშვილის ცნობილი ნაშრომის, „საინგილო“ (1913) ზოგადი დადებითი შეფასება მოათავსა, თუმცა მასალის უარყოფით მხარეებზეც მიუთითებდა. იქვე იყო მოცემული მოსე ჯანაშვილის ლექსიკონში გამოტოვებული დაახლოებით 400-მდე ინგილოური სიტყვის ნუსხა და მათი განმარტებები.[44]

აკაკი შანიძემ შეადგინა ვაჟა-ფშაველას ნაწერების ლექსიკონი, რომელიც დიდი კლასიკოსის ლექსიკის შედგენილობას ასახავს. ასევე შეადგინა ხევსურული ლექსიკონიც, რომელიც მისი რედაქციით გამოცემულ ბესარიონ გაბუურის ხევსურულ დიალექტოლოგიურ ტექსტებს დაურთო.[42]

1919 წელს იოსებ ყიფშიძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მეცნიერის მიერ წამოწყებულ საქმეს აკაკი შანიძე ჩაუდგა სათავეში და 1928 წელს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიც გამოსცა, რომელსაც თან დაურთო ვრცელი გამოკვლევა ლექსიკონის რედაქციების, შედგენილობის, ილუსტრაციების საძიებლებისა და სხვათა შესახებ“.[42]

ენათმეცნიერმა გიორგი მთაწმინდელის ერთ-ერთ თხზულებას, „იოვანესა და ეფთვიმეს ცხოვრება“, დაურთო გამოკვლევა გ. მთაწმინდელის ენის შესახებ, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა: გრამატიკული მიმოხილვისა და ლექსიკონისაგან. მეცნიერმა ლექსიკონში ერთი ძირის ზმნების პირიანი ფორმები გარკვეული სისტემით დაალაგა. ამ ლექსიკონში პირველად გამოიყენა ინდექსები, რომლებმაც ქართული ზმნების რთულ ფორმებში გარკვევა და ლექსიკონის მოხმარება გააადვილა.[45]

ლექსიკოგრაფიის ზოგადი საკითხების თვალსაზრისით სანიმუშო ნაშრომი აკაკი შანიძემ 1959 წელს გამოაქვეყნა, რომელშიც სულხან-საბა ორბელიანისა და ვახტანგ VI ლექსიკონებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ქართული ლექსიკონებისათვის მეთაურ-სიტყვად ზმნის საწყისი ფორმის მიჩნევაა შესაფერისი.[42]

ვეფხისტყაოსნის 1957 წლის გამოცემას აკაკი შანიძემ თან დაურთო ლექსიკონი, რომელშიც თავი მოუყარა პოემაში ნახმარ იშვიათ სიტყვებსა და გამოთქმებს. რუსთველოლოგიის დარგში განსაკუთრებული მოვლენა იყო ა. შანიძის ხელმძღანელობით, მისივე წინასიტყვაობითა და გამოკვლევით შედგენილი „ვეფხისტყაოსნის სიმფონია“.[42][46] ამ ნაშრომის შესახებ კორნელი კეკელიძე წერდა: ,,...ეს შრომა პირდაპირ ეპოქას ქმნის ვეფხისტყაოსნის შესწავლის საქმეში“.[47]

მწერლის ენა

 
აკაკი შანიძე ვეფხისტყაოსნით ხელში, 1982 წელი

რუსთველოლოგია

აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ „ვეფხისტყაოსნის გამოცემებს“ ენათმეცნიერების თვალი აკლდა. მან დიდი წვლილი შეიტანა პოემის ტექსტის დადგენაში. იყო ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი და ვეფხისტყაოსანში არა ერთი და ორი მისეული შესწორებაა შეტანილი.

აკაკი შანიძემ გამოაქვეყნა ნაშრომები, რომლებშიც განხილულია და ბევრ შემთხვევაში საბოლოოდაა გადაწყვეტილი პოემის ტექსტის სადავო საკითხები. რუსთველის დაბადებიდან 800 წლისთავთან დაკავშირებით აკაკი შანიძემ ნაშრომი ,,ვეფხის ტყაოსნის საკითხები“ გამოსცა. ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად მანვე გამოსცა „ვეფხისტყაოსანი. ტექსტი და ვარიანტები“, გამოცემის მეორე ტომში კი ჩანართ-დანართი სტოფები, კომენტარები და ლექსიკონი დაიბეჭდა.[42]

სხვა მწერალთა ენები

გარდა რუსთველის ენისა, აკაკი შანიძემ შეისწავლა გიორგი მთაწმინდელის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ენობრივი მემკვიდრეობა. 1939 წლის გამოკვლევაში- „ნ. ბარათაშვილის ენა“ - ენათმეცნიერმა ახალი სალიტერატურო ქართულის შემუშავებაში დიდი რომანტიკოსის ადგილი გამოარკვია. იმავე წელს გამოცემულ ნაშრომში - „ილია ჭავჭავაძე როგორც მებრძოლი ახალი სალიტერატურო ქართულის დამკვიდრებისათვის“ - მკვლევარმა ილიას პოლემიკა არქაისტებთან, მისი ტერმინოლოგიური მუშაობა, ენის სიწმინდისათვის ბრძოლა და სხვა საკითხები განიხილა.

თავის ვრცელ ნარკვევში - „ანტონ I-ის გავლენა სალიტერატურო ქართულზე და ძველი ქართული ენის ძეგლების ვითარება ახალი აღთქმის წიგნების გამოცემებში“ - ენათმეცნიერმა კათალიკოს-პატრიარქის მიერ შემოღებული სქოლასტიკური ორთოგრაფიული წესები გამოარკვია და განსაზღვრა, თუ როგორ შეაფერხა მან სალიტერატურო ქართულის განვითარება.[42]

ალბანური ენა და დამწერლობა

 
აკაკი შანიძე აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში, 1957 წლის 28 ოქტომბერი

აკაკი შანიძე იკვლევდა კავკასიელ ალბანელთა[48] დამწერლობასაც. ცნობები ალბანელთა შესახებ ძირითადად სომხურმა საისტორიო წყაროებმა შემოინახეს, ამიტომაც აკაკი შანიძე თავისი მოწაფეების ყურადღებას ალბანურ პრობლემებზე წარმართავდა და მათ ინტერესს აღვივებდა, რათა ხელნაწერებზე მუშაობის დროს გულისყურით მოჰკიდებოდნენ უცნობასოებიან ტექსტებს, რომელებიც შესაძლოა ალბანური ყოფილიყო. ასეთი ინტერესი აღუძრა აკაკი შანიძემ ერთ-ერთ თავის მოწაფეს, ილია აბულაძეს. ენათმეცნიერის მითითებების წყალობით ხელნაწერთა კოლექციაზე სამუშაოდ ერევანში გაგზავნილმა ილია აბულაძემ მართლაც იპოვა ანბანთა კრებული, სადაც ალბანურიც ერია. მოსწავლემ ახლად მოპოვებული მასალა შესასწავლად და გამოსაქვეყნებლად თავის მასწავლებელს გადასცა. აკაკი შანიძის 1938 წელს გამოქვეყნებული ვრცელი გამოკვლევა, ალბანური დამწერლობის არსებობისა და მისი რაობის შესახებ მეცნიერთათვის სავსებით ახალ ამბებსა და ფაქტებს შეიცავდა.[26] დიდი ენათმეცნიერის ამ ნაშრომმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.[49]

10 წლის შემდეგ (1948 წ.) მიგეჩაურში წარმოებული გათხრების დროს ტაძრის ნანგრევში ოთხკუთხა ქვა აღმოაჩინეს, რომელიც ირგვლივ უცნობი ასოებით იყო შემოწერილი. შემდეგში მსგავსი ასოებით შესრულებულ წარწერებს თიხის სასანთლესა და თიხის ჭურჭლის ნატეხებზეც მიაგნეს. აკაკი შანიძემ ეს უცნობი წარწერები შეისწავლა და ისინი ალბანურად აღიარა. ახალი მასალების შუქზე მეცნიერმა რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა. ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ალბანური ენა კავკასიური მოდგმის ენა იყო და ძალიან ახლოს იდგა დღევანდელ უდურთან. ა. შანიძის აზრით, ალბანური დღევანდელი უდების ძველი სალიტერატურო ენა იყო, ე.ი. უდები ძველი ალბანელების ერთ-ერთი ტომის ჩამომავლები არიან.[49]

ლიტერატურა და ფოლკლორი

 
აკაკი შანიძე ფოლკლორისტ ალექსანდრე ღლონტთან ერთად, 1980 წლის 27 ოქტომბერი

ა. შანიძის სამეცნიერო ინტერესში ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკის საკითხებიც შედიოდა. მეცნიერი განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების ურთიერთობის პრობლემატიკას იკვლევდა.

აკაკი შანიძემ თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი ციკლის - „როსტომიანი“ - ვარიანტებს. მთიულეთში ყოფნისას მკვლევარმა ჩაიწერა დიდად საყურადღებო ვარიანტი -„ბეჟანიანი“. ტექსტუალური შედარების გზით მეცნიერმა ცხადყო, რომ ხალხური „როსტომიანი“ „შაჰნამეს“ გავლენითაა შემუშავებული. ავტორის სიტყვით, ხალხური „როსტომიანი“ „ფოლკლორზე ლიტერატურის გავლენის ჩინებულ მაგალითს წარმოადგენს“. კორნელი კეკელიძე აღნიშნავდა: „...ზოგიერთები მზად არიან სერიოზულად გვიმტკიცონ, რომ ლიტერატურული „როსტომიანი“ ხალხურზეა დამოკიდებული. პროფ. ა. შანიძემ... დაამტკიცა, რომ ხალხური „როსტომიანის“ ზოგიერთი სახელი და ტერმინი წარმოადგენს დამახინჯებას ლიტერატურულისას, რომ პირველი მეორეზეა დამოკიდებული“.[50]

აკაკი შანიძემ სათავე დაუდო თანამედროვე მეცნიერების მოთხოვნების შესაბამისად ხალხური ზეპირსიტყვიერების მასალების გამოქვეყნების საქმეს. ენათმეცნიერი აღნიშნავდა, „მე მაინც ვფიქრობ, რომ ამჟამად ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ სჯობს სანდო ტექტები გავამრავლოთ, ვიდრე დეტალურ გამოკვლევებს გამოვეკიდოთ თვითეული ლექსის შესახებ, თუმცა დაწვრილებითი შესწავლის ფასიც კარგა ვიციო“. ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიაში ახალი ხანა მეცნიერის მიერ სანიმუშოდ გამოცემული ხევსურული პოეტური ნიმუშებისთვის დართული ფუძემდებლური ნარომით - „შენიშვნები და ვარიანტები“ - დაიწყო. ასევე, აკაკი შანიძემ წამოაყენა პრობლემა ხალხურ პოეზიაში ერთი მთქმელის შემოქმედებაზე მეორის გავლენის შესახებ. ენათმეცნიერმა ყურადღება მიაქცია ე.წ. მთიბლური ლექსების ფორმას და ქართული მეტრიკის კვლევის თვალსაზრისით საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა. ავტორი ვარაუდობდა, რომ ასეთ სიმღერეში უძველესი ქართული ლექსების ერთ-ერთი ნიმუში გვხვდება.[49]

აკაკი შანიძე აკვირდებოდა ხმოვნებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვების ბოლოს გვხვდება. რაკი ეს ხმოვნები (ა. ო.) მხოლოდ პოეზიაში იხმარება და მეტრიკის მიზნებისთვის, ავტორს მიაჩნდა, რომ მათთვის „პროსოდიული ხმოვნები“ უნდა ეწოდებინათ. აკაკი შანიძე თვლიდა, რომ „პროსოდიული ხმოვნების“ წარმოშობის მიზეზები სარწმუნოებრივი და სხვა სახის გალობა-სიმღერათა სიტყვების გაგრძობილად წარმოთქმის ჩვეულებაში უნდა ეკვლიათ.[49]

გავლენა და შეფასება

 
აკაკი შანიძე შვეიცარიელ ქართველოლოგებთან ერთად. მარცხნიდან: იოლანდა მარშევი, რუთ ნოიკომი, აკაკი შანიძე და ლეა ფლური

აკაკი შანიძემ ბევრი დამფასებელი და თაყვანისმცემელი შესძინა ქართულ ენას, ლიტერატურასა და კულტურას. 1967 წლის 22 აპრილს ციურიხელი ქართველოლოგები, იოლანდა მარშევი, ლეა ფლური და რუთ ნოიკომი აკაკი შანიძეს სწერდნენ: „...იმ დღიდან, რაც ჩვენ ქართული ენის შესწავლა და ქართულ ენაზე მუშაობა დავიწყეთ, თქვენი სახელი ლამპარივით გვიდგას თვალწინ“.[25]

ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟერარ გარითმა 1968 წელს დაბეჭდა ვრცელი წერილი „აკაკი შანიძე — ქართველოლოგიის მამამთავარი“, რომელშიც აღნიშნავდა: „...აკაკი შანიძე არის პიონერი ქართული ენათმეცნიერებისა და ფილოლოგიის ყველა დარგში... მაგრამ მისი მოღვაწეობა არ იფარგლება მარტო ქართული ლინგვისტიკითა და ძველი ქართული ფილოლოგიით, მისი მეცნიერული საქმიანობა უფრო შორს მიდის და სამართლიანად იმსახურებს მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სახელს“.[25] თამაზ გამყრელიძე აკაკი შანიძის ლინგვისტურ თეორიას სტრუქტურულ-ფუნქციურად განიხილავს და ფერდინანდ დე სოსიურის სინქრონულ თეორიასა და პრაღის საენათმეცნიერო სკოლის სტრუქტურალიზმს ადარებს.[51] ავსტრიელმა ლინგვისტმა, ფრიდრიხ ნაისერმა სადოქტორო დისერტაცია „ქართული სიტყვაწარმოების შტუდიები“ აკაკი შანიძის დახმარებით დაწერა.

გარდა ზემოაღნიშნული მეცნიერებისა, ა. შანიძის მოძღვრებით თავს დავალებულად თვლიდნენ ცნობილი ორიენტალისტები: დეივიდ ლენგი, ჯორჯ ჰიუიტი, კარლ შმიდტი, იულიუს ასფალგი, ჰაინც ფენრიხი, შარლ მერსიე, ჰანს ფოგტი, მიშელ ვან ესბროკი, იან ბრაუნი და სხვები. ნორვეგიელი პროფესორი, ჰანს ფოგტი აკაკი შანიძეს „ქართველი ხალხის სიამაყეს“ უწოდებდა, ფრანგი პროფესორი, რეე ლაფონი კი — „დედა საქართველოს ერთ უბრწყინვალეს შვილთაგანს“.[52]

 
აკაკი შანიძე (მარცხნივ) გერმანელ ქართველოლოგ ჰაინც ფენრიხთან ერთად (1981 წ.)

საბჭოთა სემიოტოლოგი, აკადემიკოსი ი. კრაჩკოვსკი აღნიშნავდა, რომ აკაკი შანიძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სემიოტოლოგიის განვითარებასაც.[53]

1985 წლის მაისში ამერიკაში, ჩიკაგოში არასლავური ენების მეოთხე საერთაშორისო კონგრესზე კავკასიის კულტურათა და კავკასიური ენების შესახებ სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო, რომელიც აკაკი შანიძეს მიეძღვნა.[25]

აკაკი შანიძის შესახებ აკაკი გაწერელია წერდა: „ქერაა. სალუკი პირისკანი აქვს. აბრეშუმივით ლბილი თმადა ღიმილითმოკიაფე თვალები ამშვენებენ... სრულიად არაა მიამიტი და ჩინებულად ესმის, თუ რარიგ მადლიერია მისი ჩვენი ქვეყანა: აკაკი შანიძის მაღალი რანგის პრინციპულობით აღსავსე მეცნიერული მუშაობა ინტელექტუალური გამძლეობისა და გმირობისმისაბაძ მაგალითად დარჩება სამუდამოდ...“, ხოლო მეცნიერული სტილის გამორჩეულობაზე საუბრისას აღნიშნავდა: „ყოველთვის ფიქრობ: ამ კაცში მგონი შეუცდომლობის ჟინით ატეხილი დემონი ზის და იგი მარადჟამ და ჯიუტად ჩასჩურჩულებს მას ყოველი წვრილმანისადმი ფანატიკურ ერთგულებას. ამა თუ იმ გამოკვლევაში სრულიად უნებლიედ გაპარული კორექტული შეცდომაც კი, ალბათ გულის სიღრმემდე შესძრავს ხოლმე. და ამ ჭკვიან კაცს ერთი წამითაც არ უნდა დაიჯეროს, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის ხელიდან გამოდის, შეიძლება რაიმე, თუნდაც სულ მცირეოდენ ნაკლს შეიცავდეს. ასეთად დაუბადებია იგი ბუნებას და ჩვენ ბევრი მოვიგეთ აკაკი შანიძის დემონის დაუცხრომელი კარნახის წყალობით.“[54]

მზექალა შანიძე იგონებდა, რომ მამამისს სიცოცხლის ბოლომდე შერჩენოდა სიახლის გრძნობა. ენათმეცნიერი როგორღაც ახერხებდა და საქართველოში გამოცემულ სამეცნიერო შრომათაგან წაუკითხავი არცერთი რჩებოდა. დასვენებისა და გართობისათვის არ ეცალა. სტუმარი უყვარდა და ყოველთვის გულღიად ხვდებოდა, ხოლო კითხვაზე, თავისუფალ დროს რას აკეთებთო, აკაკი შანიძე პასუხობდა: „მე თავისუფალი დრო არასდროს მქონიაო. ენათმეცნიერი ამაში ფუჭად გატარებულ დროს გულისხმობდა. „ჭადრაკი უყვარდა და კარგადაც თამაშობდა. რამდენჯერმე ნონა გაფრინდაშვითან ჰქონია შინაური შეჯიბრი და, მგონი, არც ჩვენი სახელოვანი მსოფლიო ჩემპიონი დარჩენილა უკმაყოფილო მისი მოწინააღმდეგის საჭადრაკო ტალანტით...“[55]

მადლიერების ნიშნად ენათმეცნიერის იუბილე ოთხჯერ: 1957, 1967, 1977 და 1987 წლებში აღინიშნა.[25]

ჯილდოები და წოდებები

 
აკაკი შანიძის 90 წლის იუბილე სამტრედიაში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმში. მარცხნიდან: ანა კახაძე, აკაკი შანიძე, აკაკი კახაძე. დგას - რობერტ კახაძე.

1938 წლის 29 მაისის დადგენილებით აკაკი შანიძე საქართველოს ცაკის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. 1943 წლის 11 იანვარს საქართველოსს სსრ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით აკაკი შანიძეს „მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება მიენიჭა. 1966 წელს იგი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს, ხოლო 1967 წელს სომხეთის სსრ „მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება მიენიჭა.[20]

1938 წელს ა. შანიძე საქართველოს სსრ ცაკის „საპატიო სიგელით“ დაჯილდოვდა. 1941 წელს დააჯილდოვეს საპატიო ნიშნის ორდენით, 1945 წელს შრომის წითელი დროშის ორდენით, ლენინის ორდენით (1953, 1967 და 1971 წლებში), 1975 წელს ხალხთა მეგობრობის ორდენით, 1981 წელს კი ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.სამჯერ 1945, 1960 და 1970 წელს აკაკი შანიძე „მამაცური შრომისთვის“ მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 1983 წელს „შრომის ვეტერანის“ მედალი გადაეცა.[25]

1953 წელს ნაშრომისათვის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“ აკაკი შანიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია გადასცეს. კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავდა: ,,..მე მრავალი ფილოლოგიური შრომები წამიკითხავს სხვადასხვა ენებზე, მაგრამ როცა მისი „ქართული გრამატიკის საფუძვლები“ გადავიკითხე, ჩემს ახლობლებ ვუთხარი: ეს შრომა ისევე რთულია, როგორც იმანუელ კანტის „წმინდა გონების კრიტიკა““.[56]

1972 წელს პეტრიწონის ქართული საეკლესიო და კულტურული კერისადმი მიძღვნილი მეცნიერული შრომისათვის „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი“ აკაკი შანიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.[20], 1977 წელს კი ნაშრომისათვის - „ძველი ქართული ენის გრამატიკა“ საუნივერსიტეტო სამეცნიერო პრემია გადაეცა.[25]

ხალხის საყოველთაო აღიარებისა და სიყვარულის ნიშნად აკაკი შანიძე თბილისის (1979)[57], დმანისის (1982), სამტრედიისა (1984) და იყალთოს (1985) საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.[25]

1987 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის ენათმეცნიერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.[58]

აკაკი შანიძე 1987 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანეში.

მემკვიდრეობა

 
აკაკი შანიძის პორტრეტი შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ სამკითხველო დარბაზში, თსუ, I კორპუსი

2016 წლის 30 ივლისს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე მთას აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა.[59][60]2017 წლის თებერვალში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენით აღინიშნა.

აკაკი შანიძის ბიბლიოგრაფია შვიდასამდე ნაშრომს მოიცავს.[61] მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა აკადემიკოსის პირადი ფონდი საქართველოს ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცეს. საენათმეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდელის პირადი ფონდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაშია დაცული. პირად არქივშია აკაკი შანიძის მხატვრული შემოქმედება, მისი ლექსები და კაფიები, გაშაირება იოსებ გრიშაშვილთან და სხვა. ფონდი მოიცავს 1859-1987 წლებს და მეცნიერის საუკუნოვან მოღვაწეობას ასახავს. ენათმეცნიერის პირადი ბიბლიოთეკა მისმა ოჯახმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2015 წელს გადასცა.

1923 წლით დათარიღებული ივანე ჯავახიშვილის ხელდასხმით შექმნილი ისტორიული რუკის ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელიც აკაკი შანიძეს კონსტანტინე ზანისისაგან 1937 წელს შეუძენია, ენათმეცნიერის შთამომავალთა ოჯახშია დაცული.[62]

აკაკი შანიძის სახელს ატარებს სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლა.[63][64] წყალი, რომლითაც სკოლა სარგებლობს, აკაკი შანიძის მიერაა გაყვანილი.[65]

აკაკი შანიძის სახელს ატარებს ქ. თბილისში (ძველი თბილისის რაიონი), ქ. ქუთაისსა და ქ. ბორჯომში არსებული ქუჩები.

რჩეული ნაშრომები

ლიტერატურა

  • დანელია, კ. სარჯველაძე, ზ. (1987). აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 477-478.
  • ძიძიგური შ. (1987). აკაკი შანიძე. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
  • ჯიქია, ს. (1967). აკაკი შანიძის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია VI. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

სქოლიო

  1. Сотрудники Российской национальной библиотеки
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-16. ციტირების თარიღი: 2020-10-07.
  3. 3.0 3.1 3.2 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987. — გვ. 4.
  4. 4.0 4.1 დანელია, კ, სარჯველაძე, ზ,, აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1987. — გვ. 7-11.
  5. შანიძე, მ.(2007). მოგონება აკაკი შანიძეზე. აკაკი შანიძე - 120, პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. 25-27 ივნისი. თბილისი. გვ.13-14.
  6. დანელია, კ, სარჯველაძე, ზ, აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1987, გვ. 12, 15.
  7. 7.0 7.1 7.2 შანიძე, ა,, აკაკის იუბილე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მნათობი, ტ. №9, თბილისი: საბჭოთა საქართველო, სექტემბერი, 1960. — გვ. 7-9.
  8. 8.0 8.1 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987. — გვ. 7-9.
  9. დანელია, კ, სარჯველაძე, ზ, გვ. 18.
  10. გამსახურდია, კ, აკადემიკოსი აკაკი შანიძე, ორიონი, საიუბილეო კრებული - მიძღვნილი აკაკი შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967, გვ. 40.
  11. დანელია, კ, სარჯველაძე, ზ, გვ. 22-29.
  12. ძიძიგური, შ, (1987) გვ. 10.
  13. ჯორბენაძე, ს, აკაკი შანიძე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ქართული ტერმინოლოგიის საკითხები, აკაკი შანიძე - 100, საიუბილეო კრებული, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1987, გვ. 30.
  14. დანელია, კ, სარჯველაძე, ზ, გვ.34-35.
  15. შანიძე, ა, ფუთურიძე, ვ, სამენოვანი წარწერა გრემში ენიმიკის მოამბე, ტომი V-VI, 1940.
  16. ძიძიგური, შ, (1987) გვ. 13.
  17. ჯავახიშვილი, ი, ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, ტფილისი, 1937, გვ. 78-79.
  18. ახვლედიანი, გ, მცირე მოგონება დიდ ქართველოლოგზე, ორიონი, საიუბილეო კრებული - მიძღვნილი აკაკი შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967, გვ. 38.
  19. 19.00 19.01 19.02 19.03 19.04 19.05 19.06 19.07 19.08 19.09 19.10 19.11 დანელია, კ, სარჯველაძე, ზ,, აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1987. — გვ. 38-45.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987. — გვ. 14-16.
  21. შანიძე, ა, საიუბილეო, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 11, თბილისი, 1968, გვ. VIII.
  22. აბაშიძე, ი, პალესტინის დღიური (ნაწყვეტები), ლიტერატურული გაზეთის გამოცემა, თბილისი, 1961.
  23. 23.0 23.1 სიგუა, ს, ქართული კულტურის ისტორია: ქრისტიანულ-ბიზანტიური პერიოდი (IV-XIსს.), ტ. II, თბილისი: გამომცემლობა საარი, 2017. — გვ. 197-202, ISBN ISBN 978-9941-0-8488-1, ISBN 978 -9941-9602-0 Invalid ISBN.
  24. ძიძიგური, შ, აკაკი შანიძე, საქართველოს სსრ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1963, გვ. 85-86.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 25.6 25.7 დანელია, კ, სარჯველაძე, ზ,, აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1987. — გვ. 56-59.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 ჯიქია, ს,, აკაკი შანიძის ცხოვრება და მოღვაწეობა,, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია VI,, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1967. — გვ. 15-22.
  27. ძიძიგური, შ, ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1970, გვ. 6.
  28. მთის ხალხური პოეზიით მეცნიერული დაინტერესების დასაწყისი საქართველოში, ქართული ფოლკლორი, №3 (XIX), შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006, ISBN 000 40 – 715.
  29. ჭინჭარაული, ა. (1977). აკაკი შანიძე - მთის მკვლევარი. თბილისი: განათლება. გვ. 3-5.
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987. — გვ. 55-58.
  31. შანიძე, ა, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, ტფილისი, 1931, გვ. 3.
  32. 32.0 32.1 32.2 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საქართველოს სსრ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „ნაკადული“, 1963. — გვ. 67-70.
  33. შანიძე, ა, თოფურია, ვ,სვანური პროზაული ტექსტები I, ბალსზემოური კილო, სსრკმეცნიერებათა აკადემიის საქ. ფილიალის გამომცემლობა, თბილისი, 1939.
  34. მაჭავარიანი, გ, ა. შანიძის გრამატიკული კონცეფციის ზოგიერთი საკითხი სტრუქტურული ლინგისტიკის თვალსაზრისით, ორიონი, საიუბილეო კრებული - მიძღვნილი აკაკი შანიძი დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967, გვ. 64.
  35. თოფურია, ვ. რედუქციისთვის ქართველურ ენებში, იბერიულ კავკასიური ენათმეცნიერება I, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1946, გვ. 64.
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987. — გვ. 21-31.
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 37.4 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987. — გვ. 41-52.
  38. შანიძე, ა, მარტიროსოვი, ა, ჯიშიაშვილი, ა, ჭილ-ეტრატის იადგარი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1977, გვ. 5-6.
  39. ჭუმბურიძე, ზ, აკაკი შანიძის დაბადებიდან - 130 წლისთავი, დედაენის მესაიდუმლე, გვარი და ტრადიცია, №2, თებერვლი, 2017, ISSN 2449-2280.
  40. ჭუმბურიძე, ზ, ღვაწლი აკაკი შანიძისა, აკაკი შანიძე - 120, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 25-27 ივნისი, თბილისი, 2007, გვ.11-12.
  41. ძიძიგური, შ, აკაკი შანიძე და სალიტერატურო ქართულის პრაქტიკული საკითხები, აკაკი შანიძე - 100, საიუბილეო კრებული, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1987, გვ.17.
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 42.5 42.6 42.7 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საქართველოს სსრ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „ნაკადული“, 1963. — გვ. 60-67.
  43. შანიძე, ა, საიუბილეო, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 11, თბილისი, 1968, გვ. 17-25
  44. ძიძიგური, შ, ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1970, გვ. 13.
  45. მთაწმინდელი, გ, ცხოვრებაი იოვანესი და ეფთვიმესი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1946, გვ. VIII.
  46. სიმფონია - ნაშრომი, რომელშიც მოცემულია რომელიმე თხზულებაში შემავალი სიტყვებისა და გამოთქმების სრული ნუსხა. სიმფონიის საშუალებით ადვილად მოსაძებნია, გვხვდება თუ არა რომელიმე სიტყვა ერთ რომელიმე ძეგლში და თუ გვხვდება, სად რამდენჯერ და რა და რა ფორმით.
  47. კეკელიძე, კ, აკაკი შანიძეს, ორიონი, საიუბილეო კრებული - მიძღვნილი აკაკი შანიძი დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967, გვ. 47-48.
  48. აკაკი შანიძე იკვლევდა V-XIII საუკუნეში დღევანდელი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხის კულტურასა და დამწერლობას. ბერძნულ-ლათინურად ისინი ცნობილი არიან, როგორც ალბანელები (ქართულად - ჰერები, სომხურად - ალვანელები), ამიტომაც ევროპელები მათ კავკასიელ ალბანელებს უწოდებენ, რათა ბალკანელი ალბანელებისაგან გაარჩიონ. შესაბამისად, აკაკი შანიძის კვლევას ალბანოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო.
  49. 49.0 49.1 49.2 49.3 ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1987. — გვ. 75-81.
  50. ბარამიძე, ა. [რედ.]. (1952). ძველი ქართული მწერლობის ისტორია. ტ. II. (მე-3 რედაქცია). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 258.
  51. გამყრელიძე, გ, დიდი ქართველი ენათმეცნიერები: აკაკი შანიძე - ახალი ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებელი, გვ. 2-3— თბილისი, 2014, ISBN 978-9941-13-382-4
  52. ჯიბლაძე, გ, აკაკი შანიძე, აკაკი შანიძე- 100, საიუბილეო კრებული, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1987, გვ. 11.
  53. ძიძიგური, შ, აკაკი შანიძე, საქართველოს სსრ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1963, გვ. 89.
  54. გაწერელია, ა, აკაკი შანიძე, ორიონი, საიუბილეო კრებული - მიძღვნილი აკაკი შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967, გვ. 44-46.
  55. შანიძე, მ, მოგონება აკაკი შანიძეზე, აკაკი შანიძე - 120, პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 25-27 ივნისი, თბილისი, 2007, გვ. 13-14.
  56. გამსახურდია, კ, აკადემიკოსი აკაკი შანიძე, ორიონი, საიუბილეო კრებული - მიძღვნილი აკაკი შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967, გვ. 41
  57. თბილისის საპატიო მოქალაქეები დაარქივებული 2018-08-23 საიტზე Wayback Machine. , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, www.tbilisi.gov.ge.
  58. თბილისის საპატიო მოქალაქეები (1979-2006), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2006, გვ. 117.
  59. სამტრედიის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა დაარქივებული 2022-04-07 საიტზე Wayback Machine. , TopNews.com.ge, 31 ივლისი, 2016.
  60. ნოზაძე, ნ, სამტრედიის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელობის მთის სახელი მიენიჭა, 1 აგვისტო, 2016, www.ambioni.ge.
  61. ბეროშვილი, შ, შემდგარი საიუბილეო საღამო და აკაკი შანიძე სხვა რაკურსით, თბილისის უნივერსიტეტი, 30 მაისი, 2017.
  62. ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2016, ISBN 978-9941-13-504-0, გვ.66-67.
  63. - აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლა[მკვდარი ბმული], საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
  64. - აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 18 დეკემბერი, 2017.
  65. კაკულია, ნ, ნოღელები აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის აღდგენას ითხოვენ, თბილისის უნივერსიტეტი, 15 მარტი, 2017.