ალექსანდრე ცაგარელი (დ. 27 ნოემბერი, 1844, კასპი — გ. 12 ნოემბერი, 1929, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი.

ალექსანდრე ცაგარელი
დაბ. თარიღი 27 ნოემბერი (9 დეკემბერი), 1844[1]
დაბ. ადგილი კასპი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 12 ნოემბერი, 1929(1929-11-12)[1] (84 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი[2] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი[3] და აღმოსავლეთმცოდნე[3]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს (ძველი სტილით). ყრმობის წლები მან დიღომში გაატარა. მამა ანტონ თომას ძე ცაგარელი მღვდელი იყო. დედა სალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი მეტად ჭკვიანი და ქართული ენის კარგად მცოდნე ყოფილა. მან უდიდესი როლი შეასრულა შვილის აღზრდაში. თავდაპირველად ალექსანდრე ცაგარელი თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს. 1859 წელს ალ. ცაგარელმა სემინარიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია და პედაგოგების ყურადღება მიიქცია. მან სემინარიის ხელმძღვანელებისაგან ჯილდოც კი მიიღო. ამ პერიოდში ალ. ცაგარელს ძალზედ იტაცებდა ხელოვნება. მისი ოცნება იყო სწავლა განეგრძო პეტერბურგის სემინარიაში და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა, რადგან ნოვგოროდისა და სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა ისიდორმა ბრძანა, რომ სივიწროვის გამო პროვინციელებს ვერ მიიღებდნენ. ალექსანდრე რჩება საქართველოში და საინტერესო ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობს. საქართველოში მას კარგ ლიტერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ. 1862 წელს „ცისკარში“ გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები.

1865 წელს დაამთავრა სემინარია. სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ.ცაგარელმა სწავლა განაგრძო გიმნაზიაში. კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ალ. ცაგარელი დავით სარაჯიშვილთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. 1867 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში, მალე ის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა უნივერსიტეტში მსმენელად. ალ. ცაგარელი გატაცებით ეუფლებოდა ევროპულ ენებს, გერმანულ წიგნებს ლექსიკონის გამოუყენებლად კითხულობდა. სავალდებულო საგნების გარდა, მთელ თავისუფალ დროს ენათმეცნიერული და ლექსიკოლოგიური ნაშრომების კითხვას უთმობდა.

1867 წელს ალექსანდრე დავით სარაჯიშვილთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე ალ. ცაგარელი გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მშობლებისა და ახლობლებისთვის გაგზავნილ წერილებში იგი კმაყოფილებით იგონებს უცხოეთში გატარებულ დღეებს. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა. ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს. საუნივერსიტეტო განათლების მიღების სურვილი მასში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმების რჩევა არ მიიღო და გადაწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ განეგრძო. 1868 წელს ალ. ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია. მიუნხენიდან ის თანამშრომლობდა „დროებასთან“, სადაც გამოაქვეყნდა წერილების ციკლი „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, სადაც განიხილავდა იმ პერიოდის ქართველ მწერლებს. 1869 წელს ალ. ცაგარელი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. შემდეგ სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში. 1872 წელს დაბრუნდა პეტერბურგში. ჯერ უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით ჩააბარა გამოცდები. მალე მან სადისერტაციო შრომა დაწერა „კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა". დისერტაცია სამეცნიერო საბჭომ დადებითად შეაფასა და ალ. ცაგარელი დაამტკიცეს ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად და უფლება მიიღო ლექციების წაკითხვის. მუშაობდა ქართული და მეგრული ენების შესწავლაზე.

1874 წლის 25 აპრილს არჩეულ იქნა ქართული სიტყვიერების კათედრის დოცენტად. 1874-1875 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში. 1875 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მოინახულა მშობლები, მეგობრები, ახლონათესავები. ალექსანდრე ცაგარელი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სპეციალსტად ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. პირველი მეცნიერი, რომელმაც 1883 წელს მოინახულა ბევრი სავანე. (ათონის ივერთა მონასტერი, ჯვრის მონასტერი, საბაწმინდის ლავრა), სარდაფებსა და სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების პირები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ. მიღებული შედეგები გამოაქვეყნა 1880-1894 წლებში „ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე" (რუსულ ენაზე სამ ნაკვეთად) და 1888 წელს „ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე“ (რუსულ ენაზე). 1886 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. ცაგარელმა პირველმა გამოაქვეყნა იოანე ზოსიმეს „ქებაი ქართულისა ენისაი“. ალ. ცაგარელმა პირველმა აღწერა სინური მრავალთავი და სხვა ქართული ხელნაწერები სინას მთაზე.

1890 წელს რომში, ვენეციასა და კრაკოვში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, სადაც იგი გაეცნო XII საუკუნის ქართულ სიძველეებს. 1894 წელს კვლავ ჩამოდის საქართველოში. მალე იგი მესამედ გაემგზავრა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო XII საუკუნის ქართულ ოთხთავს[4]. 1920 წელს ალ. ცაგარელი ბრუნდება საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობს თბილისის უნივერსიტეტში. 1922 წლიდან იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი.

ცაგარელის ნაშრომთა დიდი ნაწილი ეძღვნება ქართველურ ენათმეცნიერებას. მან ჩაუყარა საფუძველი ქართველურ ენათა შედარებით შესწავლას, იცავდა მოსაზრებას, რომ ეს ენები არ ენათესავებიან სხვა ენათა ოჯახებს, აკრიტიკებდა თეორიებს, რომლებიც ქართულ ენას აკუთვნებდნენ ინდოევროპულ და ურალურ-ალთაურ ენათა ოჯახებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარტიროსოვი, ა., სიდამონიძე, უ. ქავთარია, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 182.
  • კინწურაშვილი, კ. ალექსანდრე ცაგარელი, თბილისი, 1974
  • მეგრელიძე, ი. რუსთველოლოგები, 1970
  • ჭყონია, თ. ალექსანდრე ცაგარელი და ძველი ქართული ლიტერატურა», ლიტერატურული ძიებანი, IX, 1948
  • შანიძე, ა., პროფ. ალექსანდრე ცაგარელი, ლომისი, 1922.

რესურსები ინტერნეტი

რედაქტირება