რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მოიცავს ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთს შორის XV საუკუნიდან დღემდე.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Russia and Georgia

რუსეთი

საქართველო

XV-XVIII საუკუნეებში ქართული სამეფო – სამთავროები ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ რუსეთს, რომელიც მიაჩნდათ ძლევამოსილ მართლმადიდებელ სახელმწიფოდ, მიეღოთ მისი მფარველობა და მხარდაჭერა მეზობელი აგრესიული მუსლიმური სახელმწიფოების, ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. XVIII საუკუნიდან რუსეთის იმპერია დაინტერესდა კავკასიაში ტერიტორიული ექსპანსიით, ცდილობდა გამოეყენებინა ქართული სამეფო-სამთავროები ოსმალეთის წინააღმდეგ და გაეფართოვებინა საკუთარი ტერიტორიები. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ცალ-ცალკე გააფორმა მფარველობითი ხელშეკრულებები ქართულ სამეფო სამთავროებთან, ხოლო XIX საუკუნის პირველ ნახევარში ეტაპობრივად მოახდინა მათი ანექსია.

რუსეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელი სახელმწიფოა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები, რომლებიც თავად აქვს ოკუპირებული. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყო აგვისტოს ომი. რუსეთსა და საქართველოს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები.

ურთიერთობები XV-XVIII საუკუნეებში

რედაქტირება
 
კახეთის სამეფოს დროშა (1466-1762) წ.წ.

ქართულ სამეფო-სამთავროებსა და მოსკოვის სამთავროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პირველად დამყარდა XV საუკუნეში, კერძოდ 1483 წელს, როდესაც კახეთისს მეფე ალექსანდრე I-მა მოსკოვის მთავარს ივანე III-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ივანე III-მ მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მეორე ცდა ისევ კახეთის სამეფოდან წამოვიდა. 1550-ან წლებში კახეთის მეფე ლევანმა რუსეთის მეფე ივანე IV-ს მიმართა დახმარების თხოვნით, რის საპასუხოთაც რუსეთის მეფემ 1564 წელს 500-კაციანი კაზაკთა მეციხოვნე რაზმი კახეთში გაგზავნა. მეციხოვნეები განთავსდნენ დაღესტანთან მოსაზღვრე ციხე-სიმაგრეებში. 1567 წელს რუსეთმა საქართველოს სიახოვეს, მდინარეების სუნჯისა და თერგის შესართავთან ციხეც ააგო. 1571 წელს ოსმალეთის იმპერიისა და ყირიმის სახანოს პროტესტის გამო რუსეთმა რაზმიც უკან გაიწვია და ციხეც მოშალა.

1586-1589 წლებში კაზაკთა შენაერთები კვლავ იმყოფებოდნენ საქართველოში, ამჯერად ქართლის სამეფოშო და ეხმარებოდნენ სიმონ I-ს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1588 წელს რუსეთმა თერგზე ახალი ციხე ააგო, რომელიც შემდგომში რუსეთის კავკასიური ექსპანსიის დასაყრდენად გადაიქცა. 1587-1589 წლებში გაფორმდა პოლიტიკური კავშირი კახეთის და რუსეთის სამეფოებს შორის. კახეთის მეფე ალექსანდრემ შვილებით და დარბაისლებით ფიცი დადო რუსეთის მეფის ერთგულებაზე. ამ აქტის მიუხედავად კახეთს რუსეთისგან რეალური სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა არ მიუღია.

დიპლომატიურ ურთიერთობებამდე 1653 წ. შეიქმნა პირველი ქართული კოლონია მოსკოვში კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილიშვილის, ათი წლის ირაკლის (ნიკოლოზის) ჩამოსვლის შემდეგ, რომელსაც თან ჩამოყვა დედა და მრავალრიცხოვანი ამალა[1]). ეს სათვისტომო უფრო იზრდება 1684 წ. ემიგრაციის მეორე ტალღის შემდეგ - იმერეთის მეფის არჩილისა და მისი შვილების ალექსანდრე, მამუკა და დარეჯანის (დარია) ჩამოსვლის შემდეგ. მოგვიანებით არჩილი ბრუნდება საქართველოში, მაგრამ „ბასურმანებთან“ დამარცხების შემდეგ, 1699 წ. სამუდამოდ სახლდება მოსკოვში 150 კაცის თანხლებით.

კახეთის მეფის პრორუსული განწყობების შესახებ იცოდნენ სპარსეთში, რომლის ვასალიც იყო ალექსანდრე II, ამიტომ შაჰ-აბას I-მა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეეცვალა ხელისუფლება კახეთში და პრორუსული ალექსანდრეს ნაცვლად მისი სპარსეთში გაზრდილი შვილი გაემეფებინა, რომელიც შაჰის ერთგულებით გამოირჩეოდა. 1605 წელს სპარსელების დახმარებით კონსტანტინემ მოკლა თავისი მამა და ძმა გიორგი, თვითონ კი თავი მეფედ გამოაცხადა კონსტანტინე I-ის სახელით. მან მაშინვე გაწყვიტა ურთიერთობები რუსეთთან, რითაც დაასრულა კახეთის ნახევარსაუკონავანი პრორუსული პოლიტიკა.

XVII საუკუნის განმავლობაში საქართველოში რუსეთის მიმართ ინტერესი გაიზარდა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, კახეთის გარდა იმერეთის და სამეგრელოს მეფე-მთავრებიც შეეცადნენ. თუმცა ეს ურთიერთობები არ იყო მყარი და იცვლებოდა ამ სამეფო-სამთავროებში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. ასე მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ კახეთის მეფე თეიმურაზ I, იმერეთის მეფე ალექსანდრე III, სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი. ყველა მათგანი რუსეთს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვდნენ, რუსეთი ისე როგორც ადრე აიმედებდა მათ, პირდებოდა სამხედრო დახმარებას და სანაცვლოდ მათგან ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვდა. თუმცა არცერთ მათგანს რეალურად არანაირი სამხედრო დახმარება არ გაუწია, მეტიც ამ მეფე-მთავრების პრორუსული პოლიტიკა გაღიზიანებას იწვევდა სტამბოლში და ისპაჰანში, რაც ხშირ შემთხვევაში მათი სამხედრო კამპანიებით ან გადატრიალებებით სრულდებოდა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მათთვის მისაღები კანდიდატები მოჰყავდათ.

იმის გამო, რომ რუსეთი არანაირ რეალურ სამხედრო დახმარებას არ უწევდა საქართველოს, მეფე-მთავრების მეორე ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და მასთან ყოველგვარი ურთიერთობებისგან თავს იკავებდა. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ქართლის მეფეები როსტომი და ვახტანგ V, რომლებიც სპარსეთთან ვასალური ურთიერთობების დამყარებას ამჯობინებდნენ, რაც მათ ქართლის სამეფოსთვის ომების აცილების და მშვიდად განვითარების საშუალებას აძლევდა. სხვა მეფეები კი, მაგალითად ისეთები, როგორც გიორგი XI იყო, მართალია ეომებოდნენ სპარსეთს, მაგრამ რუსეთიდან დახმარების მიღების იდეა უტოპიად ეჩვენებოდათ და შესაბამისად არც მიმართავდნენ მოსკოვს დახმარების თხოვნით.

 
ქართლის მეფე ვახტანგ VI (1716-1724) წ.წ.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს საფრანგეთის იმედი უფრო ჰქონდა და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ, რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები, ამ დროს ვახტანგ VI გზავნის თავის სანდო პირს პეტერბურგში ბაადურ თურქესტანისვილს, რომლის სახელიც ხშირად მოიხსენიება პეტრე I-ის სპარსეთის ლაშქრობასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბაადურ (ბორის) თურქესტანიშვილს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პეტრე I-ის ძმიშვილთან მეფისასულ ეკატერინე იოანეს ასულთან. ამავე მიზნით პეტერბურგში გაგზავილი იყვნენ ზურაბ ხერხეულიძე და გივი ამილახვარი.[2]) რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს, რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად. პეტრესთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ძმები პეტრე და მოსე ამბერსაძეები, მოსკოვის არჩილის ემიგრაციის წევრები. ([3]).

 
რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ

1722 წელს ვახტანგმა გამოიყვანა 20 ათას-კაციანი ჯარი განჯაში, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. პეტრე I-მა არ შეასრულა დანაპირები და გაწირა ვახტანგი, რომელიც პირისპირ დარჩა გადამტერებულ სპარსეთთან და ოსმალეთთან. ვახტანგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, ხოლო ქართლში ჯერ ოსმალობა, ხოლო შემდეგ ყიზილბაშობა დამყარდა.

ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო, ქართლის, კახეთის და იმერეთის მეფეები თეიმურაზ I, ერეკლე II და სოლომონ I ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ. 1754 წელს მოსკოვიდან საქართველოში გამოგზავნეს ქართველ ჰუსართა პოლკის კაპიტანი ოთარ თუმანოვი, მას დაევალა შეესწავლა საქართველოში არსებული მდგომარეობა, ქართული სამეფო-სამთავროების პოზიციები და ურთიერთობები ირანთან და ოსმალეთთან.

1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები და გურიის სამთავრო რუსეთის მოკავშირედ გამოვიდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. 1770 წელს საქართველოში შევიდა ეკატერინე II-ს გაგზავნილი კორპუსი, 4000-მდე კაცი, გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის მეთაურობით. რუსეთი იმედოვნებდა, რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ, მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ოსმალეთის პროვინციებში, და აიძულებდნენ ოსმალეთს უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიაში საზღვრების დასაცავად. ტოტლებენს ჰქონდა მკაცრი ინსტრუქცია არ ჩართულიყო ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა ამის საშუალება არც ერეკლე II-სთვის და არც სოლომონ I-სთვის. ქართლ-კახეთში და იმერეთში კი იმედოვნებდნენ, რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა მესხეთის გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან ოსმალეთს ჰქონდათ დაპყრობილი.

 
რუსეთის იმპერიის მცირე გერბი (XIX-XX) ს.ს.

ტოტლებენი არ დაეხმარა ერეკლე II-ს აწყურის ალყასადა ასპინძის ბრძოლაში[4] სანაცვლოდ მან დაიწყო მოქმედებები ერეკლეს წინააღმდეგ გადატრიალების მოსახდენად. ერეკლეს პროტესტის გამო რუსეთმა ტოტლებენი ქართლ-კახეთიდან იმერეთში გადაიყვანა. იმერეთში ტოტლებენმა მონაწილეობა მიიღო ბაღდათის აღებაში, მაგრამ სოლომონ I-თანაც გაიფუჭა ურთიერთობა, რადგან სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან ოსმალთა გარნიზონი, რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან. ასევე სოლომონთან შეუთანხმებლად დაიწყო ფოთის ალყა. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი, ხოლო მის ნაცვლად ალექსეი სუხოტინი გამოეგზავნა. თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1772 წელს რუსეთის ხელისუფლებამ, 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი უკან გაიწვია.

1774 წელს საზავო ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო აგრეთვე იმერეთიც. ზავის მიხედვით რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უზენაესობას იმერეთის სამეფოზე და მთელ დასავლეთ საქართველოზე, ასევე უბრუნებდა ოსმალებს იმ ციხე-სიმაგრეებს რომლებიც რუსეთის და იმერეთის ლაშქრებმა ერთობლივად აიღეს (თუმცა თურქებმა ამ ციხეების დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან ისინი სოლომონ I-ის ბრძანებით დაანგრიეს). სამაგიეროდ სტამბოლი ამიერიდან აღარ შეავიწროებდა ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე უარს ამბობდა ყოველგვარ ხარკზე. ეს მნიშვნელოვანი წარმატებები იმერეთის სამეფომ მოიპოვა, უპირველეს ყოვლისა, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის გამბედავი პოლიტიკის და ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირვის შედეგად. საზავო ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი მესხეთზე, რომლის გათავისუფლებისთვის ასე თავგანწირვით იბრძოდნენ როგორც იმერეთის ასევე ქართლ-კახეთის სამეფოები. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს 1770-იან წლებში საქართველოს სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, რამდენიმე ციხის ერთობლივად აღების გარდა, ხოლო ყველა გადამწყვეტ მომენტში (მაგ. ასპინძის ბრძოლა) უღალატა საქართველოს, რაც მთავარია საერთოდ არ დახმარებია საქართველოს მეფე-მთავრებს ძირითადი მიზნის მიღწევაში, მესხეთის გათავისუფლებაში.

ერეკლე მეორემ სცადა ევროპის ქვეყნებთან დაემყარებია ურთიერთობები, კერძოდ 1782 წ. მან მიმართა ავსტრიის იმპერატორს, საფრანგეთის მეფეს, სარდინიის, ნეაპოლის და ვენეციის მმართველებს დახმარებისათვის, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.[5]

ქართული სამეფო სამთავროების რუსეთის მფარველობაში შესვლა

რედაქტირება

ქართლ-კახეთის შესვლა რუსეთის მფარველობაში

რედაქტირება
 
კახეთის (1744-1762) წ.წ. და ქართლ-კახეთის (1762-1798) წ.წ. მეფე ერეკლე II

1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ აღდგა, ამჯერად ურთიერთობების აღდგენის ინიციატორად რუსეთი გამოვიდა. 1774 წელს ოსმალეთის დამარცხების შემდეგ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა დაიწყო, რუსეთი შორეული სახელმწიფოდან საქართველოს მოსაზღვრედ გადაიქცა. იმპერიის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერესების სფერო, რომელშიც საქართველოც მოექცა. 1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოში ჩამოსული რუსი ელჩები, ჩინოვნიკები თუ მოგზაურები ურჩევდნენ ერეკლე II-ს მიემართა იმპერატორისთვის ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში აყვანის თხოვნით და არწმუნებდნენ, რომ ამჯერად რუსეთი აუცილებლად დაეხმარებოდა საქართველოს. 1782 წელს ერეკლემ მიმართა რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში აყვანის თხოვნით. ეკატერინე II მაშინვე დათანხმდა ქართლ-კახეთის მეფის თხოვნას და შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება პავლე პოტიომკინს დაავალა.

 
რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II (1762-1796) წ.წ.

1783 წლის 24 ივლისს რუსეთში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი რუსეთის იმპერიას და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც ისტორიაში გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით შევიდა. ტრაქტატს ქართლ-კახეთის მხრიდან იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა და გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერეს ხელი, ხოლო რუსეთის მხრიდან პავლე პოტიომკინმა.

ტრაქტატის მიხედვით ერეკლე II აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას, ქართლ-კახეთის ყოველ მომდევნო მეფეს დაამტკიცებდა და სამეფო რეგალიებს გამოუგზავნიდა რუსეთის იმპერატორი. ასევე ქართლ-კახეთს ეზღუდებოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება, იგი უნდა ეწარმოებინა ან უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას, ან ქართლ-კახეთის ხელისუფლებას უნდა ეცნობებინა რუსეთის წარმომადგენლებისთვის თუკი იგი რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხო სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინა პირობები. საქართველო ვალდებულებას ღებულულობდა, რომ თუკი რუსეთს ომი ექნებოდა სპარსეთთან, ოსმალეთთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან თუ ამას საჭიროება მოითხოვდა თავის ტერიტორიაზე განელაგებინა რუსეთის არმიის ნაწილები, მიეცა მისთვის საშუალება აქედან ეწარმოებინა ომი და თვითონაც ყველაფრით დახმარებოდა.

თავის მხრივ რუსეთი ცნობდა ერეკლე II-ის და მის შთამომავლების უფლებებს ქართლ-კახეთის სამეფოზე და ეკრძალებოდა სამეფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა, ასევე რუსეთი ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში (სამეფოს მართვა, გადასახადების აკრეფა და ა.შ.) სასამართლოს წარმოებაც გაგრძელდებოდა არა რუსული არამედ ქართული სამართლის მიხედვით. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო პირებს ეკრძალებოდათ რაიმე განკარგულების გაცემა ქართლ-კახეთში. ტრაქტატის პირობების მიხედვით რუსეთი ვალდებულებას იღებდა დაეცვა სამეფო ნებისმიერი უცხოური აგრესიისგან და საჭიროების შემთხვევაში გამოეცხადებინა ომი თავდამსხმელისთვის. რუსეთი ვალდებული იყო საქართველოში განეთავსებინა ორი ქვეითი ბატალიონი ოთხი ქვემეხით, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა გამოეგზავნა დამატებითი ძალები. ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის თავად-აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთისას, ხოლო ქართველ ვაჭრებს ენიჭებოდათ ის უფლებები, პრივილეგიები თუ შეღავათები, რომლებითაც რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ტრაქტატი გაფორმებული იყო საუკუნოდ და მასში ცვლილებების შეტანა უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ, გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც. რუსეთის ჯარი ქართლ-კახეთში 1783 წლის ნოემბერში შემოვიდა პოლკოვნიკ სტეფანე ბურნაშოვის მეთაურობით. ერეკლე II ეფექტურად იყენებდა რუსეთის კორპუსს. 1784 წელს დალაშქრა ჭარ-ბელაქანი და განჯის სახანო, 1785 წელს სურამთან დაამარცხა ლეკები, მაგრამ რუსეთის კორპუსი მაინც არ იყო საკმარისი ქართლ-კახეთის სამეფოს დასაცავად. 1785 წელს ქართლ-კახეთმა ვერ დაიცვა თავი ავარიელი ომარ-ხანის წინააღმდეგ. ერეკლე II ითხოვდა დამატებითი სამხედრო ძალების გამოგზავნას, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. მეტიც, 1787 წელს ეკატერინე II-მ რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომის წინ ქართლ-კახეთიდან გაიტავან ბურნაშოვის კორპუსი და ერეკლე II მარტო დატოვა ოსმალეთის პირისპირ. ერეკლე II-მ ოსმალეთთან დაზავებით გადაარჩინა ქვეყანა ახალ ომს. რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა 1792 წელს, მაგრამ რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია საქართველოში ტრაქტატით გათვალისწინებული სამხედრო კონტინგენტი.

 
ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII (1798-1800) წ.წ.

1795 წელს ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II-ს გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი სპარსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტინგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა. ამით მან აგრძნობინა ირანს, რომ შეეძლო თავისუფლად ემოქმედა, რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.

 
რუსეთის იმპერატორი პავლე I (1796-1801) წ.წ.

1795 წელს 8-11 სექტემბერს გამართულ კრწანისის ბრძოლაში ქართული ჯარი დამარცხდა და თითქმის მთლიანად განადგურდა. აღა-მაჰმად ხანმა თბილისი აიღო, გაძარცვა და გადაწვა. რუსეთის ორი ბატალიონი ქართლ-კახეთში მხოლოდ ამის შემდეგ, 1795 წლის დეკემბერში შევიდა.

1796 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ომი გამოუცხადა სპარსეთს, ქართველების და კავკასიის სხვა ხალხების დახმარებით ლაშქრობა წამოიწყო და აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქი აიღო, მაგრამ ეკატერინე II-ის გარდაცვალების გამო ეს ლაშქრობა შეწყდა, ახალმა იმპერატორმა პავლე I-მა არმია უკან გაიწვია. რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ქართლ-კახეთი დატოვეს.

იმერეთის შესვლა რუსეთის მფარველობაში

რედაქტირება

იმერეთის მეფე სოლომონ II, განსხვავებით ქართლ-კახეთის მეფეებისგან, სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით ანტირუსული პოზიცია დაიკავა მას შემდეგ, რაც რუსებმა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინეს, სოლომონ II ღიად ეხმარებოდა ქართლ-კახეთიდან გამოქცეულ უფლისწულებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმერეთის საზღვართან მობილიზიებული იყვნენ რუსეთის არმიის ნაწილები. სოლომონ II და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშკარად მტრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. XIX საუკუნის დასაწყისში მეფე სოლომონ II აქტიურად იბრძოდა მთელი დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად, იგი ეომებოდა სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანს და მხარს უჭერდა გრიგოლის ძმებს მანუჩარს და ტარიელს სამეგრელოს მთავრობისთვის ბრძოლაში, გრიგოლი რამდენიმეჯერ დამარცხდა სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლაში და მთავრობის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ მან დახმარების თხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და 1803 წელს რუსეთის ქვეშევრდომი გახდა, ამან მას მთავრის ტიტული შეუნარჩუნა, ხოლო სოლომონს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესა, რადგან იმერეთის საზღვართან რუსები ახლა უკვე ორი მხრიდან იყვნენ მობილიზებული, რამაც მათ გაუმარტივა მომავალში იმერეთის დაპყრობის პერსპექტივა და ასევე უფრო აგრესიული გახადა რუსეთი იმერეთის მიმართ.

რუსეთის აგრესიულობის გამო სოლომონ II იძულებული გახდა დათანხმებულიყო მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთის ხელისუფლებასთან. 1804 წელს სოფელ ელაზნაურში შეხვდნენ სოლომონ II და გენერალი პავლე ციციანოვი, საქართველოს მთავარსარდალი. მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო რუსების აგრესიულობის გამო. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ რუსეთის არმიის ნაწილები შეიჭრნენ იმერეთში და მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყეს, შექმნილი მდგომარეობის გამო სოლომონ II იძულებული გახდა გაეფორმებინა რუსეთთან „ელაზნაურის ტრაქტატი“. ტრაქტატის პირობების მიხედვით: სოლომონ II-ს და მის შთამომავლებს სამუდამოდ უნარჩუნდებოდათ იმერეთის მეფობა, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება უნარჩუნდებოდა სოლომონ II-ს, სამართალწარმოება განხორციელდებოდა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იმერეთში განლაგდებოდნენ რუსეთის არმიის ნაწილები, რომლების დაბინავება და კვება იმერეთის მეფეს უნდა აეღო საკუთარ თავზე. ამ ტრაქტატმა ჩამოართვა სოლომონ II-ს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების საშუალება, მაგრამ შეუნარჩუნა მეფობა და საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა.

ოდიშის და გურიის შესვლა რუსეთის მფარველობაში

რედაქტირება

ქართული სამეფო-სამთავროების ანექსია რუსეთის მიერ (1801-1867)

რედაქტირება
 
კარლ ფიოდორის ძე კნორინგი საქართველოს მთავარსარდალი (1801-1802) წ.წ.

ქართლ-კახეთის ანექსია

რედაქტირება
 
ქართლ-კახეთის დროებითი მმართველი დავით XII (1800-1801) წ.წ.

1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II გარდაიცვალა და მისი ადგილი გიორგი XII-მ დაიკავა. მისის სისუსტით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ და დაიწყო მზადება ქართლ-კახეთის ანექსიისთვის. 1799 წლის ნოემბერში ქართ-კახეთში რუსეთის ეგერთა 46-ე პოლკი შეიყვანა გენერალ ლაზარევის მეთაურობით. 1800 წლის ნოემბერში ქართველების და რუსეთის გაერთიანებულმა ჯარმა სოფელ კაკაბეთთან დაამარცხა ომარ-ხანი.

1800 წელს რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა, იმპერატორმა პავლე I-მა გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი რთული მდგომარეობით ქართლ-კახეთის სამეფოში და მოეხდინა მისი ანექსია, მით უმეტეს, რომ მეფე გიორგი XII-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. 23 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა რუსეთის არმიის კიდევ ერთი პოლკი. 1800 წლის 18 დეკემბერს იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს, რითაც უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მოახდინა ქართლ-კახეთის ანექსია. ამ დროს მძიმედ ავადმყოფი მეფე გიორგი XII ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რუსეთის იმპერია მანიფესტს საიდუმლოდ ინახავდა, ის სანქტ-პეტერბურგში ოფიციალურად 1801 წლის იანვარში გამოქვეყნდა, ქართლ-კახეთში კი ის მხოლოდ 16-17 თებერვალს გამოაცხადეს, როცა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII, უკვე გარდაცვლილი იყო. კავკასიის სამხედრო ხაზის უფროსმა კარლ კნორინგმა ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილს მეფედ კურთხევის უფლება არ მისცა და დროებით მმართველად დანიშნა. 1801 წლის [მაისში დავითი ჩამოაშორეს ხელისუფლებას, მოგვიანებით კი დააკავეს და სანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს. ქართლ-კახეთის დროებით მმართველად გენერალი ლაზარევი გამოცხადდა.

 
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (1801-1825) წ.წ.

1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ახალი მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ, რითაც მან გაიმეორა მისი წინამორბედის მსგავსი მანიფესტი. ქართლ-კახეთის საელჩომ გამოაცხადა პროტესტი და გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის ხელისუფლებას, ანექსია გააპროტესტეს ასევე დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, თუმცა ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია. 1802 წლის 12 აპრილს გენერალმა კნორინგმა სიონის საკათედრო ტაძარში საჯაროდ გამოაცხადა მანიფესტი და ქართლ-კახეთის თავადებს რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცის დადება აიძულა.

რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ ქართლ-კახეთის დაპყრობით და ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყო დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად.

იმერეთის ანექსია

რედაქტირება
 
იმერეთის სამეფოს დროშა (1462-1810) წ.წ.

1809 წელს რუსები შეიჭრნენ იმერეთში, დაიკავეს დედაქალაქი ქუთაისი, სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და მეფობა გააუქმეს. სოლომონ II-მ დატოვა ქუთაისი და ვარციხეში გამაგრდა, სადაც მტერთან ომისთვის მზადება დაიწყო. 1810 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენერალი ტორმასოვი ქუთაისში ჩავიდა და სამეფოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა. თუმცა იმერეთში არავინ, არც მეფე, არც თავადაზნაურები, არც სამღვდელოება და არც გლეხები არ შეეგუვნენ დამოუკიდებლობის დაკარგვას და დაიწყეს ბრძოლა მომხდურის წინააღმდეგ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების ცენტრი ვარციხე იყო, სადაც მეფე სოლომონი იყო გამაგრებული და საითკენაც რუსები ბრძოლით მიიწევდნენ. საბოლოოდ ერთთვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა დაამარცხეს იმერეთის მეფე, ხოლო შემდეგ მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში, კერძო ბინაში გამოკეტეს.

სოლომონ II-ის დაპატიმრების შემდეგ რუსებმა მისი საქართველოდან გადასახლება გადაწყვიტეს, მაგრამ მათთვის მოულოდნელად მეფემ გაქცევა მოახერხა, დაბრუნდა იმერეთში და ახალი ძალით განაახლა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. მალე მთელი სამეფო კვლავ სოლომონის ხელში მოექცა, ტორმასოვს მოუწია დამატებითი ძალები გაეგზავნა იმერეთის ხელახლა დასაპყრობად, რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ქართველების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად იმერეთი კვლავ რუსეთმა დაიპყრო, ხოლო მეფე სოლომონ II იძულებული გახდა ოსმალეთში გაქცეულიყო 1810 წელს, თავის გადარჩენილ მომხრებთან ერთად. უკანასკნელი მეფე საქართველოს ისტორიაში გარდაიცვალა 1815 წელს ტრაპიზონში, 1990 წელს იგი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

გურიის ანექსია

რედაქტირება
 
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I (1825-1855) წ.წ.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ მიზნად დაისახა სრულად დაეპყრო დასავლეთ საქართველო და ამით დაესრულებინა ანექსიის პროცესი. რუსეთის აგრესიის მომდევნო მსხვერპლი გურიის სამთავრო გახდა. 1804 წელს როცა იმერეთის სამეფო რუსეთმა ძალადობრივად შეიყვანა პროტექტორატში, ელაზნაურის ტრაქტატის პირობები გავრცელდა გურიაზეც, რადგან გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს ვასალი იყო. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია ელაზნაურის ტრაქტატი და დაიპყრო იმერეთის სამეფო გურიის მთავარმა მამია V-მ, რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა, მთავრის ლოიალობის და ერთგულების სანაცვლოდ რუსეთი დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას. 1810 წელს გურიის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ტრაქტატის მიხედვით, გურია რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, მთავარს ეზღუდებოდა საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება, ასევე მას უნდა გაეწია ყოველგვარი დახმარება რუსეთისთვის, რასაც რუსები მოითხოვდნენ, უნდა განეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილები და უზრუნველეყო ისინი ბინით და საკვებით, ასევე რუს მაღალჩინოსნებს გარკვეულ შემთხვევებში ეძლეოდათ უფლება ჩარეულიყვნენ სამთავროს საშინაო საქმეებშიც. სანაცვლოდ გურიის მთავარი და მისი შთამომავლები იღებდნენ გარანტიას, რომ მათ სამუდამოდ შეუნარჩუნდებოდათ მთავრის ტიტული, სამთავრო ინარჩუნებდა უაღრესად შეზღუდულ დამოუკიდებლობას და იღებდა დაცვის გარანტიას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ადმინისტრაციულ პოლიტიკას კვლავაც მთავარი განაგებდა და საშინაო პოლიტიკასაც გარკვეული გამონაკლისების გარდა იგი წარმართავდა.

თუმცა რუსეთს გურიის სამთავროს გაუქმება გადაწყეტილი ჰქონდა და სამთავროს ანექსია მხოლოდ დროის საკითხი იყო. 1826 წელს 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი, მისი ადგილი მცირეწლოვანმა დავითმა დაიკავა, რომლის რეგენტად დედოფალი სოფიო გურიელი დაინიშნა, 1828 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა გურიაშიც, იმის მიუხედავად, რომ გურიის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა ომში ოსმალეთის წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ხელსაყრელი მომენტი, 1828 წელს რუსეთის არმიის ნაწილები გურიაში შეიჭრნენ და სამთავრო გაუქმებულად გამოაცხადეს, რითაც დაარღვიეს 1810 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულება. დედოფალი სოფიო თავის ოჯახთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ამრიგად გურია გახდა მესამე პოლიტიკური ერთეული ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოების შემდეგ, რომელიც რუსეთის აგრესიულ, იმპერიალისტურ პოლიტიკას ემსხვერპლა.

სვანეთის ანექსია

რედაქტირება
 
სვანეთის სამთავროს დროშა (XVII-XIX) ს.ს.

სვანეთის დაპყრობა რუსეთის იმპერიამ ყველაზე გვიან დაიწყო საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის, ამის მიზეზი იყო სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობა და იქ ეფექტიანი კონტროლის დამყარების სირთულე, ამიტომ იმპერიამ საქართველოს ამ მხარეს ყურადღება მხოლოდ 1830-ან წლებში მიაპყრო, XIX საუკუნეში სვანეთში შემდეგი ვითარება იყო შექმნილი: სვანეთის ნაწილი თავისუფალ თემს წარმოადგენდა და ფეოდალებს არ ემორჩილობადა, მას თავისუფალი სვანეთი ეწოდებოდა, ხოლო უშუალოდ სვანეთის სამთავრო მოიცავდა ზემო სვანეთის დასავლეთ ნაწილს ე. წ. ბალის ქედიდან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე, შედგებოდა ბეჩოს, ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან და დადეშქელიანების ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელოს წარმოადგენდა. XIX საუკუნის 20-30-ან წლებში ძმებს თათარხან და ციოყ დადეშქელიანებს შორის მთავრობისთვის ბრძოლა დაიწყო, ამით ისრაგებლეს რუსებმა და ურჩიეს ძმებს მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობა, რაც თავისთავად ნიშნავდა ხელისუფლების შენარჩუნებას, 1832 წელს თათარხან დადეშელიანმა მიმართა რუსეთს ქვეშევრდომობის თხოვნით. ასევე მოიქცა მისი ძმა-ციოყიც, 1833 წელს სვანეთი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. რუსეთმა ორივე ძმა დაამტკიცა სვანეთის მთავრად, რათა ესარგებლა ძმებს შორის არსებული უთანხმოებით, თუმცა იმპერიის ხელისფულებას სვანეთში მისი გეოგრაფიული მდებარეობის და ნაკლებად სტატეგიული მნიშვნელობის გამო სამხედრო ნაწილები არ შეუყვანია, ამიტომ სვანეთი 1840-იანი წლების ბოლომდე დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა, მაგრამ 1840-იანი წლების ბოლოდან იმპერიამ დაიწყო სვანეთის მთავრების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. სვანეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევა საბოლოოდ გადაწყდა ყირიმის ომის დასრულების შემდეგ. 1858 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა წერტილი დაესვა სვანეთის დამოუკიდებლობისთვის და მიიღო სამთავროს გაუქმების გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია 1833 წელს დადებული ხელშეკრულება სვანეთის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის. 1858 წელს სვანეთის სამთავრო გაუქმდა და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი, სვანეთი იქცა საქართველოს მეოთხე პოლიტიკურ ერთეულად, რომლის ანექსირებაც რუსეთმა მოახდინა. ხოლო მმართველი დინასტიის წევრებს ყველა პრვილეგია ჩამოართვეს, ნაწილი კი რუსეთში გაასახლეს, ასევე 1857 წელს წინააღმდეგობის გაწევის გამო კონსტანტინე დადეშქელიანი დახვრიტეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო და კარგად წარმოაჩინა რუსეთის იმპერიის ბრუტალური სახე.

აფხაზეთის ანექსია

რედაქტირება

რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთის დაპყრობას უთმობდა. მოსახლეობაშიც და სამთავრო კარზეც პროთურქული და პრორუსული ორიენტაციის მიმდევრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. თვით მთავარი - ქელეშ-ბეგ შარვაშიძე - პრორუსულ ორიენტაციას ადგა. მაგრამ მისმა შვილმა, ასლანმა, მამა და ძმები დახოცა და თავი მთავრად გამოაცხადა. მან სოხუმი თურქული გარნიზონით გაამაგრა და სამეგრელოზე გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა. ამასობაში რუსეთის ჯარებმა სოხუმი აიღეს. ასლან-ბეგი მთებში გაიხიზნა. 1810 წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავრად გამოცხადდა გაქრისტიანებული საფარ-ბეგ (აგიორგი) შარვაშიძე, რომელიც ქართულ-რუსულ ორიენტაციას ემხრობოდა. სამეგრელოსა და გურიის მსგავსად, აფხაზეთსაც თვითმმართველობის სტატუსი მიენიჭა.

სამეგრელოს ანექსია

რედაქტირება
 
სამეგრელოს მთავარი ნიკო დადიანი (1853-1866) წ.წ.

როგორც ზემოთ აღინიშნა სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის მფარველობაში 1803 წელს შევიდა კერძოდ 1803 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც მთავარმა გრიგოლმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შესვლას, ამ ხელშეკრულების მომზადება დაიწყო 1803 წლის ივლისში, როგორც კი მთავარმა გრიგოლმა გამოთქვა სურვილი შესულიყო რუსეთის მფარველობაში (რაც თავის მხრივ განპირობებული იყო იმით, რომ იმერეთის მეფე სოლომონ II ცდილობდა მისთვის სასურველი კანდიდატურა, გრიგოლის უმცროსი ძმა ტარიელი გაემთავრებინა და მოეხდინა იმერეთის სამეფოს ქვეშ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ბოლო მოეღო ფეოდალური პარტიკულარიზმისთვის. სოლომონმა მიზანს მიაღწია 1802 წელს, გრიგოლმა მთავრობა დაკარგა, მისი ადგილი ტარიელმა დაიკავა, რომელიც იმერეთის მეფის უზენაესობას აღიარებდა). ამდენად გრიგოლ დადიანის ვიწრო პოლიტკურმა მიზნებმა საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი გადაწყვიტა და ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდგომში იმერეთის სამეფოს რუსეთის მიერ დაპყრობაში. ალექსანდრე I ხელშეკრულება 1804 წლის ივლისში დაამტკიცა, ხოლო რუსეთის იმპერიისთვის სამეგრელოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მირთმევისთვის გრიგოლ დადიანი წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა. 1803 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულებით სამეგრელოს სამთავრო კარგავდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას, მას მთლიანად რუსეთი წარმართავდა, სამაგიეროდ მთავარი ინარჩუნებდა საშინაო საქმეების დამოუკიდებლად წარმოების უფლებას (თუმცა რუსეთს გარკვეულ შემთხვევებში საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება ეძლეოდა, ხოლო სამეგრელოს მთავარი ოფიციალურად ემორჩილებოდა კავკასიის მთავარსარდალს). სამეგრელოს ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო რუსეთის სამხედრო ნაწილები, რომლების დაბინავება და საკვებით მომარაგება მთავარს უნდა უზრუნველეყო და ასევე სამეგრელოს მთავრებად სამუდამოდ დადიანების საგვარეულო უნდა დარჩენილიყო, ხოლო მისი დანარჩენ იმპერიასთან შეერთება და სამთავროს გაუქმება იკრძალებოდა. 1804 წელს რუსეთის სამხედრო ნაწილები სამეგრელოში განლაგდნენ, ხოლო თავად გრიგოლ დადიანი 1804 წელს გარდაიცვალა, მისი ადგილი მისმა ძემ ლევან V-მ დაიკავა.

ლევან V დადიანი სრულად იყო დამოკიდებული რუსეთზე და იმპერიის მითითებებს მორჩილად ასრულებდა, თუმცა რუსეთს აგრესიული ქმედებები მაინც არ შეუწყვეტია. 1840 წელს სამეგრელოს სამთავროს ჩამოერთვა მნიშვნელოვანი ტერიტორია, სამურზაყანო (ტერიტორია მდ. ენგურიდან მდ. ღალიძგამდე, რომელიც მოიცავს დღევანდელი გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სრულად, ასევე ოჩამჩირის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ნაწილს), მთავარმა კომპენსაციის სახით 25 000 ვერცხლის რუბლი მიიღო. 1846 წელს გარდაიცვალა ლევან V, მისი ადგილი დავით I დაიკავა, 1853 წელს დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ, მცირეწლოვანი მთავრის ნიკოლოზის რეგენტად და სამთავროს მმართველად დედოფალი ეკატერინე დადიანი დაინიშნა. 1853 წელს დაიწყო ყირიმის ომი, რომელიც უკვე 1854 წელს სამეგრელოსაც შეეხო, ოსმალებმა ყულევის პორტი დაიკავეს, ხოლო 1855 წელს მთელი სამეგრელო დაიპყრეს, მოსახლეობა აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა დამპყრობლებს და სერიოზულ ზიანს აყენებდა მას. 1856 წელს, ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოსმალებმა სამთავრო დატოვეს, თუმცა მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ომმა გააჩანაგა სამეგრელო, რამაც 1856 წელს სამეგრელოს გლეხების აჯანყება გამოიწვია. სამთავროს ხელისუფლება საკუთარი ძალებით აჯანყების ჩახშობა ვერ მოახერხა და რუსეთს მიმართა დახმარების თხოვნით. იმპერიამ ჩაახშო აჯანყება, თუმცა შექმნილი ვითარება მათ სარგებლობის საუკეთესო საშუალებას აძლევდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ სამეგრელოს შეზღუდული დამოუკიდებლობისთვის. 1857 წლის 8 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით სამეგრელოს სამთავროში იმპერიის პირდაპირი მმართველობა დამყარდა, ხოლო მცირეწლოვანი მთავარი დედასთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გაიწვიეს, რაც ფაქტობრივად სამთავროს გაუქმებას ნიშნავდა. 1867 წლის 4 იანვარს იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით, სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა, რაც 1803 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულების დარღვევა იყო. სამეგრელოს ანექსიით იმპერიამ დაასრულა საქართველოს სამეფო-სამთავროების დაპყრობა.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917)

რედაქტირება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები 1918-1921 წლებში

რედაქტირება

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ზავით საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები, კერძოდ ბათუმის ოლქი და არტაანის ოკრუგი ოსმალეთს დაუთმო საქართველოს დაუკითხავად. 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უწევდა თავი დაეცვა რუსეთის სამოქალაქო ომის ორივე მხარისგან, როგორც „თეთრი“ ასევე „წითელი“ არმიებისგან აფხაზეთის ფრონტზე. საქართველომ ამ ომში მოახერხა აფხაზეთის შენარჩუნება საკუთარ შემადგენლობაში.

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის არმია შეეცადა საქართველოს დაპყრობასაც, მაგრამ საქართველოს ჯარმა იგი უკუაქცია.

1921 წლის ოქტომბერში დადებულ იქნა ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე, საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში

რედაქტირება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები 1991 წლიდან

რედაქტირება

1992 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და დაიწყო კომპრომისული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. 1993 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო მეგობრობის ხელშეკრულება, 1994 წელს საქართველო შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, 1995 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების განთავსებას აფხაზეთში და ჩეჩნეთში შეჭრას.

2004-2005 წლებში წარმატებით დასრულდა რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან. 2006 წელს საქართველოში რუსეთის აგენტური ქსელის გაშიფვრა მოხდა. ამ ფაქტს მოჰყვა რუსეთის მიერ ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან[6], ემბარგოს დაწესება რუსეთში ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე, ღვინოსა და ხილზე, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საქართველოში რუსეთის საელჩომ შეწყვიტა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიწვია რუსეთის ელჩი თბილისში ვიაჩესლავ კოვალენკო და ევაკუირებული რუსული დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯახები.[7] რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შეაჩერა საქართველოსთან ყველა სატრანსპორტო კავშირი, ხოლო რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტრომ შეაჩერა საფოსტო კომუნიკაციები.[8]

აგვისტოს ომი

რედაქტირება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ფაქტობრივი ოკუპაციის პირობებში მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. სტატუსი. 2008 წლის შემდეგ რუსეთი უკვე აღარ არის ფორმალურად მედიატორი, არამედ ოკუპანტია. შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის.[9] რუსეთის ჯარი განლაგდა სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 2 საათის სავალ მანძილზე. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები.[10]

2019 წელს რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა.[11] რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო ქართველებმა რუსეთის ფედერაციაში გასამგზავრებლად უნდა გააფორმონ ვიზა.[12]

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

რედაქტირება

2023 წლის 10 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით რუსეთში უვიზო მიმოსვლა აღდგენილად გამოცხადდა იმავე წლის 15 მაისიდან[13].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვ. ტატიშვილი. ქართველები მოსკოვში, 1959, გვ. 105, 106, 193.
  2. პ. გ. ბუტკოვი „1772-1803 წ.წ. კავკასიის ახალი ისტორიის მასალეებისათვის“, სპბ., 1869, I, გვ. 19. ჟურნალი „რუსული სიძველეები“, ტ. VIII, სპბ., 1873, გვ. 51
  3. ვ. ტატიშვილი. ქართველები მოსკოვში, 1653-1722, თბ., 1959, გვ. 206.
  4. ვ. სილოგავა, კ. შენგელია, საქართველოს ისტორია 2008, გვ. 200, 358
  5. ა. ა. ცაგარელი. XVIII საუკუნის ისტორიული საბუთები საქართველოს შესახებ, სპბ., 1891, ტ. I, გვ. 3, 4, 29.
  6. За три квартала 2006 года из России депортированы 100 тысяч нелегалов. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  7. Russia recalls Georgia envoy over spy battle. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  8. Russia Severs Transport Links With Georgia. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  9. Грузия официально разорвала дипломатические отношения с Россией. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  10. Russia Recognizes Abkhazia, South Ossetia. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  11. Putin bans Russian airlines from flying to Georgia. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  12. Visa Free Countries for Georgians. ციტირების თარიღი: 2022-11-07
  13. Указ Президента Российской Федерации от 10.05.2023 № 335 "О порядке въезда в Российскую Федерацию и выезда из Российской Федерации граждан Грузии". დაარქივებულია ორიგინალიდან — 10.05.2023. ციტირების თარიღი: 10.05.2023.