საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისაქართველოს ისტორიის ნაწილი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნეს მთლიანად და XX საუკუნის დასაწყისს. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველო იყო 1801-დან 1917 წლამდე[1]: 1801 წელს საქართველომ მიიღო გუბერნიის სტატუსი და შემდგომ რჩებოდა იმპერიის შემადგენლობაში მისი არსებობის ბოლომდე 1917 წელს.[2]საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ეტაპობრივად, ჯერ იმპერიამ მიიერთა ქართლ-კახეთის სამეფო ალექსანდრე I-ის მანიფესტით, ხოლო პროცესი დაასრულა 1877-1878 წლების ომში ოსმალეთისთვის სამხრეთ საქართველოს ისტორიული მხარეების წართმევით.

კავკასიის რეგიონი 1801-1813 წლებში

რუსეთის იმპერიაში ყოფნის დროს ფეოდალიზმი საქართველოში კაპიტალიზმით შეიცვალა[3], გაიზარდა მოსახლეობა, ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრება, ვითარდებოდა სკოლების ქსელი, შენდებოდა რკინიგზა.[4] 1783 წელს დაიწყო საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა, რომლის გასწვრივ აშენდა რამდენიმე სიმაგრე, მათ შორის ვლადიკავკაზის.[5] 1817 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია.[6] რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა სახელმწიფოს გაერთიანების ამოცანა, რასთან დაკავშირებითაც 1811 წელს გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რის შემდეგაც საქართველო გახდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსო.[7] 1861 წელს ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ალექსანდრე II აპირებდა მის საქართველოშიც გაუქმებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო ქართველი თავადაზნაურობის ახლად შეძენილი ლოიალობის დაკარგვის გარეშე, რომელთა კეთილდღეობა ყმების შრომაზე იყო დამოკიდებული. ბატონყმობა საქართველოში სრულიად მხოლოდ 1870-იან წლებში გაქრა.[8] საქართველო და მთლიანად, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობას ჩამოსცილდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.

ქართლ-კახეთის ანექსია რუსეთის მიერ

რედაქტირება
 
ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII

1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს მიღებული ჰქონდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ კავკასიის სამხედრო ხაზის უფროსმა გენერალმა კნორინგმა ტახტზე ასვლის უფლება არავის მისცა. 1801 წლის იანვარში ქართლ-კახეთში ათი ათასი რუსი სამხედრო იყო მობილიზებული.

 
რუსეთის იმპერატორი პავლე I
 
დავით ბატონიშვილი - ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე

1801 წლის 16 თებერვალს პავლე I-ის მანიფესტი კარლ კნორინგის დავალებით გენერალ-მაიორმა ივანე ლაზარევმა სიონის საკათედრო ტაძარში წაუკითხა საზოგადოებას. თავდაპირველად ის რუსულ და ქართულ ენებზე იკითხებოდა ხოლო შემდეგ სომხური და თათრულ ენაზეც გავრცელდა თბილისში. მანიფესტის წაკითხვისთანავე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონიმ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. მთელი დღე გაუჩერებლივ ირეკებოდა ეკლესიის ზარები. მეორე დღეს 17 თებერვალს კვირას, მანიფესტი სომხურად გამოცხადდა თბილისის ვანქის სომხურ საკათედრო ტაძარში, რომელსაც ესწრებოდა სრულიად სომხეთის პატრიარქი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი. ვანქში ასევე იმყოფებოდნენ როგორც სომხური ისე ქართული მაღალი წრის წარმომადგენლები. მანიფესტის შემდეგ ქადაგება წარმოსთქვა სომხეთის პატრიარქმა, რომელმაც უსურვა მთელ ერს რუსეთის იმპერიის ერთგული სამსახური.

იმისათვის რომ აღნიშნული მანიფესტი საზოგადოებას უმტკივნეულოდ მიეღო, კნორინგს დაევალა რომ თავადაზნაურობა დაეწინაურებინათ, ზოგი ხარისხით, ზოგი მედლით, ზოგი ანაზღაურებით. ლაზარევი თავის წერილებში ასევე წერდა, რომ იმდენად გახარებული იყო ქართული საზოგადოება მანიფესტის მიღებით და თავს ისე აღიქვამდნენ რუსებადო, რომ ქართველის დაძახება მათში გულისწყრომას იწვევდაო[9].

1801 წლის 6 მარტს რუსეთის იმპერიის სენატის გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოს გუბერნია, დამტკიცდა საგუბერნიო მმართველობის დებულება. გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა კარლ კნორინგი. 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა ალექსანდრე I-ის მანიფესტი. მანიფესტი ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას და ბაგრატიონთა სახლს გააცნეს 1802 წლის 12 აპრილს სიონის ტაძარში და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცი დაადებინეს.

მმართველობა პირველ წლებში

რედაქტირება

ახალი მანიფესტი გამოქვეყნდა 1802 წლის 12 აპრილს, ხოლო 8 მაისს ხელისუფლებამ დაიწყო ახალი მთავრობის ფორმირება. რუსეთის იმპერია არ აპირებდა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. 1801 წლის 6 მარტის დადგენილებით „საქართველოს მართვის შესახებ“ საქართველო ხდებოდა გუბერნია იმპერიის შემადგენლობაში.[10] ქართლ-კახეთში შეიქმნა ცენტრალური რუსეთის გუბერნიების მსგავსი მმართველობა.[11] საქართველოს უმაღლესი მთავრობა შეიქმნა 4 ექსპედიციით: 1. აღმასრულებლით 2. სახაზინო-ფინანსურით 3. სამოქალაქო სასამართლოთი და 4. სისხლის სამართლის სასამართლოთი. ექსპედიციებს რუსი მოხელეები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის იყვნენ ქართველი თავადები. ეს უკანასკნელნი ასევე ინიშნებოდნენ მოსამართლეებად იმ მაზრებში, სადაც უფროსები იყვნენ "კაპიტან-ისპრავნიკებად" წოდებული რუსი ოფიცრები.[12] ქართლ-კახეთის სამეფო ხუთ მაზრად გაიყო: გორის, ლორის, დუშეთის, თელავისა და სიღნახის. თითოეულ მაზრას ჰქონდა საკუთარი პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა. მაზრებს განაგებდნენ კაპიტან-ისპრავნიკები, ხოლო ქალაქებში დაინიშნენ პოლიციის კომენდანტები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ ქალაქის უფროსის ფუნქციები. მაზრებში შეიქმნა სამაზრო სასამართლოები და პოლიციის სამმართველოები, სადაც ხელმძღვანელებად რუსი მოხელეები იყვნენ.

1903 წელს შემოღებულ იქნა პროკურორის თანამდებობა. 1811 წელს შემოღებულ იქნა სამხედრო სასამართლოები. 1815 წელს შეიქმნა სამოქალაქო გუბერნატორის თანამდებობა, რომელსაც ასევე მინიჭებული ჰქონდა სამხედრო გუბერნატორის უფლებები. საქართველოში შეიქმნა რუსულთან ყველაზე მიახლოებული სასამართლო სისტემა.[13] თითოეულ მაზრაში დაწესდა მაზრის სასამართლო, რომელშიც შედიოდა მაზრის მოსამართლე და ორი მსაჯული. მოსამართლეები რუსი მოხელეებიდან ინიშნებოდნენ, მსაჯულები კი - ამ მაზრაში მცხოვრები დიდებულებიდან.[14] სასამართლო პროცესები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლოებში, მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. გარდა ამისა, საქართველოს ჰქონდა სასჯელთა მსგავსი სისტემა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, გადასახლებები და კატორღა.[15][16]

კავკასიის დაპყრობა რუსეთის მიერ

რედაქტირება
 
კარლ კნორინგი
 
პავლე ციციანოვი

1802 წლის 8 სექტემბერს საქართველოს მთავარსარდლად დაინიშნა პავლე ციციანოვი [17]. ციციანოვი იყო მეფის პოლიტიკის ერთგული მხარდამჭერი. ის 1803 წლის 1 თებერვალს ჩავიდა ტფილისში. ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს 70-მდე წარმომადგენელი, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ რუსეთთან შეერთებით, გადაასახლა რუსეთში. მისი აქტიურობის შედეგად 1803 წელს სამეგრელოს სამთავრო და ჭარ-ბელაქანი, ხოლო 1804 წელს იმერეთის სამეფო ელაზნაურის შეთანხმებით შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. ციციანოვმა აღკვეთა ლეკთა თარეში და შემოიერთა ჭარ-ბელაქანი. 1804 წლის 25 ივნისს ერევანთან დაამარცა სპარსელები, თუმცა ვერ მოახერხა ერევნის სახანოს დაპყრობა. სანაცვლოდ, მან მოახერხა და 1804 წელს აიღო განჯა, შეუერთა ის რუსეთის იმპერიას და უწოდა ელიზავეტოპოლი.

ახალი ხელისუფლებისგან გლეხობა ელოდა საბატონო ბალდებულებების შემცირებას, მაგრამ ცარიზმმა საქართველოში განამტკიცა ბატონყმობა. გლეხები აღმოჩდნენ როგორც ეროვნული, ასევე წოდებრივი ნიშნით დაჩაგრულები. კავკასიაში რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული ომები ხარჯად გლეხობას დააწვა. 1802 წელს მოხდა პირველი ანტირუსული საპროტესტო გამოსვლა კახელი თავადებისა, ხოლო 1804 წელს მოხდა გლეხთა აჯანყება მთიულეთში. აჯანყება გლეხების მიერ იყო წამწყებული და ანტიკოლონიურ და ანტიბატონყმურ ხასიათს ატარებდა. აჯანყება ციციანოვმა ჩაახშო. ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიისა და მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას. ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად გაუთანაბრდა რუსეთის თავადაზნაურობას. მათ მიიღეს უფლება, ჰყოლოდათ თავად-აზნაურთა საკრებულო. ჰქონდათ შეღავათები სწავლა-განათლების მისაღებად

1807 წელს გლეხებს აეკრძალათ თავადის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. 1830 წელს შემოღებულ იქნა საპასპორტო სისტემა. 1832 წელს ბატონებს მიეცათ უფლება, გლეხისთვის სასჯელად ჯარში გაწვევა დაეკისრებინა. მეფის ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო საეკლესიო მართვის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები. 1808 წელს სამღვდელოება გათავისუფლდა ბატონყმობისგან. 1811 წელს გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, გადააყენეს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II და რუსეთში გაიწვიეს, შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. პირველ ეგზარქოსად დაინიშნა ეროვნებით ქართველი ვარლამი. 1817 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია, რომელსაც უნდა მოემზადებინა მომავალი მღვდლები. 1818 წლიდან ეგზარქოსებად მხოლოდ ეროვნებით რუსები ინიშნებოდნენ. ქართლ-კახეთის 13 ეპარქიის ნაცვლად შეიქმნა ორი ეპარქია.

1810 წელს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გახდა გურიის სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო და სოხუმში რუსეთის ჯარი შევიდა. ამავე წელს რუსეთის იმპერიამ უშუალოდ მიიერთა იმერეთის სამეფო და გააუქმა იქ სამეფო ხელისუფლება. სოლომონ II შეეცადა სამეფოს დაბრუნებას და დახმარებისთვის ახალციხის ფაშას მიმართა. მის მიერ წამოწყებულ აჯანყებაში 12500 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ სოლომონი დამარცხა და ბოლოს ის ოსმალეთში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა. იმერეთის სამეფოს ნაცვლად რუსეთის იმპერიამ შექმნა იმერეთის ოლქი. 1806-1812 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. ომის დროს რუსეთის ჯარმა ქართველთა დახმარებით აიღო ფოთი, სოხუმი და ახალქალაქი, მაგრამ ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა ფოთი და ახალქალაქი ოსმალეთს დაუბრუნა. ოსმალეთის იმპერიამ აღიარა დასავლეთ საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოფნა.

1812 წელს დაიწყო კახეთის აჯანყება, რისი მიზეზიც გახდა სამხედრო ეგზეკუციის ჩაყენება გლეხებისგან პურის შესაგროვებლად უკიდურესად დაბალ ფასში. ამას თან დაერთო ორწლიანი მოუსავლიანობა. აჯანყება დაიწყო სოფელ ახმეტაში და მოედო კახეთსა და მეზობელ ანანურის მაზრას. აჯანყება თავიდან წარმატებული იყო, გლეხებმა მოკლეს 16 ოფიცერი, 300 სამხედრო, ხელთ იგდეს ტყვეები და სამხედრო ალაფი. გლეხებმა დაიკავეს თელავი, სიღნაღი, ფასანაური, დუშეთი, დაკეტეს საქართველოს სამხედრო გზა. აჯანყებას შეუერთდა ალექსანდრე ბატონიშვილი. აჯანყება ჩახშობილ იქნა 1813 წლის ზაფხულში.

 
საქართველოს გუბერნიის რუკა 1823 წ.

ციციანოვის შემდეგ ცარიზმის დაპყრობითი პოლიტიკის ყველაზე ერთგული გამგრძელებელი იყო ალექსი ერმოლოვი, რომელიც კავკასიას 1816-1827 წლებში განაგებდა. მან სასტიკად ჩაახშო 1819-1820 წლების დასავლეთ საქართველოს აჯანყება. ციციანოვმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. მის დროს ერევნის სახანოდან საქართველოში გადმოასახლეს 11 ათასი ოჯახი. მუშავდებოდა საკითხი სამეგრელოში შავიზღვისპირელ და დონელ კაზაკთა დასახლების შესახებ. საქართველოს მმართველ ლიტვინოვ ჰქონდა გეგმა მეაბრეშუმეობის გაუმჯობესებისთვის ჩეხების ჩამოსახლებისა. ერმოლოვის დროს დაიწყო რუსების დასახლება, ჯარისკაცებს ურიგებდნენ მიწებს და აძლევდნენ მეურნეობის მოწყობის უფლებას. ერმოლოვის დროსვე გაჩნდა გერმანელების შვიდი დასახლება საქართველოში.

რუსეთის შესვლას კავკასიაში მტრულად შეხვდნენ ოსმალეთის იმპერია და ირანი. 1826-1828 წლებში რუსეთ-სპარსეთის ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. მან შეიერთა ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები. 1828-1829 წლებში რუსეთ ოსმალეთის მორიგი ომი დასრულდა ადრიანოპოლის ზავით, რომლის მიხედვით რუსეთმა მიიღო ფოთი და შავი ზღვის სანაპირო მდინარე ყუბანიდან მდინარე ჩოლოქამდე, ასევე ახალციხის საფაშოს ნაწილი: ახალციხის, ახალქალაქის და აწყურის ციხეები. 1828-1829 წლების ომის შემდეგ ახალციხისა და წალკის მიდამოებში დაასახლეს ოსმალეთიდან დევნილი 7300 ოჯახი ბერძნებისა და სომხებისა. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო რუსი სეტანტების დასახლება. ამავე ომის განმავლობაში რუსეთის იმპერიამ გააუქმა გურიის სამთავრო, სადაც შემოიღო დროებითი სამხედრო მმართველობა. 1833-1834 წლებში რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა სვანეთის სამთავრო.

თბილისს ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა რუსეთისთვის ამ ომებში, რადგან თბილისში მდებარეობდა სამხედრო შტაბი, იქ იგეგმებოდა სამხედრო ოპერაციები, იქ მდებარეობდა იარაღის და საბრძოლო მასალების საწყობები, თბილისიდან ხდებოდა ჯარისა და მარაგების ტრანსპორტირება. ომები მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობას, რომელიც ვალდებული იყო გაეღო ხარები, ურმები, ცხენები ფრონტის საჭიროებისთვის, შეეკეთებინა გზები, ჯარისთვის სახელმწიფო ფასებში მიეწოდებინა სურსათ-სანოვაგე, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა ბრძოლებში. XIX საუკუნის 30-იანი წლებისთვის კავკასიის დაპყრობა ძირითადად დასრულებული იყო და რუსეთის იმპერიას გამტკიცებული ჰქონდა საკუთარი მდოგომარეობა სტრატეგიულად ხელსაყრელ სასაზღვრო ზოლზე სპარსეთსა და ოსმალეთთან. რუსეთთან შეერთების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დამყარდა მშვიდობიანობა, დაიწყო აღორძინება მრეწველობამ და ვაჭრობამ, ფულად-სასაქონლო ურთიერთობებმა.

1832 წელს ხელისუფლებამ აღმოაჩინა შეთქმულება, რომელშიც უმთავრესად ქართველი წარჩინებული თავად-აზნაურები მონაწილეობდნენ. შეთქმულებს გამარჯვების შემთხვევაში განზრახული ჰქონდათ სამეფო ტახტის აღდგენა და ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულების იდეური მეთაურები იყვნენ ფილადელფოს კიკნაძე და სოლომონ დოდაშვილი. შეთქმულებაში 145 ადამიანამდე მონაწილეობდა. ისინი განიხილავდნენ აღდგენას მონარქიისა, რომელიც შეზღუდული იქნებოდა თავად-აზნაურთა ორპალატიანი წარმომადგენლობითი ორგანოთი. შეთქმულება 1827-1829 წლებში ჩაისახა. მას ბიძგი 1825 წლის დეკაბრისტთა აჯანყებამ და 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებამ მისცა. აჯანყების თარიღად დათქმული იყო 1832 წლის 20 დეკემბერი, მაგრამ შეთქმულება გასცა იესე ფალავანდიშვილმა. შეთქმულები დააპატიმრეს და სამართალში მისცეს. მისი მონაწილეები გადაასახლეს რუსეთის სხვადასხვა ნაწილში.

შეთქმულების გარდა, ხდებოდა გლეხთა შეიარაღებული გამოსვლები, რომლებიც ატარებდა როგორც ანტირუსულ, ასევე ბატონყმობის საწინააღმდეგო ხასიათს. 1830 წელს აჯანყდნენ კოდორის ხეობის გლეხები, 1832 წელს იმერეთში გლეხები გამოვიდნენ თავადი წერეთლების წინააღმდეგ. 1833 წლის თებერვალში მოხდა გლეხების შეაიარაღებული გამოსვლა გურიაში, ხოლო იმავე წლის აპრილში — ქართლში. ამ პერიოდში ხშირი იყო გლეხების ტყეში გავარდნები. ერთ-ერთი ასეთი ტყეში გავარდნილი გლეხი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, იყო არსენა ოძელაშვილი. 1840 წელს აჯანყდნენ კოდორის, დალის და წებელდის ხეობების მცხოვრები აფხაზი გლეხები. აჯანყება აფხაზმა ფეოდალებმა ჩაახშეს მთავრობის დახმარებით. აჯანყებას მოჰყვა რეპრესიები და აფხაზეთიდან 18 ათასამდე გლეხის გადასახლება. ორგანიზებულობით გამორჩეული იყო გურიის აჯანყება. აჯანყება დაიწყო 1841 წლის მაისში და აგვისტოსთვის მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. აჯანყებულები აკონტროლებდნენ მთელ გურიას და ალყა ჰქონდათ შემორტყმული ოზურგეთისთვის. აჯანყების დასამარცხებლად იმპერიის მთავრობამ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები გაგზავნა. სექტემბერში ჩაახშო იგი.

 
საქართველო ამიერკავკასიის მხარის რუკაზე 1833 წ.
 
საქართველოს ტერიტორია რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფაში XIX საუკუნის ბოლოს

საქართველოში არსებული მდგომარეობა იმპერიის ხელმძღვანელობისთვის დასაფიქრებელი იყო. ამიტომ 1829-1838 წლებში რამდენიმე პროექტი მომზადდა კავკასიაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის. საბოლოოდ, 1840 წელს მიღებულ იქნა მართვა-გამგეობის ახალი დებულება. 1835 წელს დაიხურა ზარაფხანა, რომელიც დამოუკიდებლობის მეხსიერების მქონე ერთადერთი უწყება იყო. 1841 წლის 1 იანვარს შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომელიც იყოფოდა 11 მაზრად. მაზრის სათავეში დააყენეს მაზრების უფროსები. საბოლოოდ ოფიციალურად გაუქმდა ვახტანგ VI-ის სამართალი, დაწესდა სულადობრივი ფულადი გადასახადი. კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა მიხეილ ვორონცოვი, განათლებული და ენერგიული ადმინისტრატორი, რომელიც, ამავდროულად იყო მოხერხებული დიპლომატი. ვორონცოვი განსაკუთრებით ზრუნავდა თბილისის კეთილმოწყობისთვის. 1837 წელს თბილისში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1840 წელს შემოღებულ იქნა თბილისის სათათბირო ექვსი ადამიანის შემადგენლობით, რომელსაც ქონებრივი ცენზით ირჩევდნენ. სხვა ქალაქების მმართველობა კვლავ პოლიციის ხელში რჩებოდა.

საგლეხო და სასოფლო რეფორმები

რედაქტირება

1850-იან წლებში რუსეთის იმპერიამ მოახერხა კავკასიელ მთიელთა საბოლოო დამორჩილება, რასაც მოჰყვა დასავლეთ საქართველოს საბოლოო ინკორპორაცია რუსეთის იმპერიაში. 1850-იანი წლების შუაში ყირიმის ომის დროს ოსმალეთის ჯარმა სამეგრელოსა და აფხაზეთის ტერიტორია დაიკავა და მოსახლეობა ააწიოკა. ომის შემდეგ ზარალის ანაზღაურება დამატებითი ბეგარა-გადასახადების სახით გლეხებს დაეკისრათ. ამან გამოიწვია სამეგრელოს გლეხთა აჯანყება. მას ხელმძღვანელობდნენ გლეხები უტუ მიქავა, უტუ თოდუა და კოჩა თოდუა. გლეხები ათავისუფლებდნენ შინაყმებს და სჯიდნენ თავადებს. სამეგრელოს მთავარმა რუსეთის ჯარის დახმარებით ჩააქრო აჯანყება. აჯანყებამ დააჩქარა დასავლეთ საქართველოს სამთავროების ლიკვიდაცია და ბატონყმობის გაუქმება. იმპერიამ აჯანყების დაწყება საბაბად გამოიყენა და 1857 წელს გააუქმა სამეგრელოს სამთავრო, 1858 წელს სვანეთის სამთავრო, ხოლო 1862 წელს — აფხაზეთის სამთავრო.

1861 წელს რუსეთში გაუქმდა ბატონყმობა. 1862-1863 წლებში გლეხთა გამოსვლები იყო გურიასა და სამეგრელოში (თამაკონი). გლეხები ითხოვდნენ ბატონყმობის გაუქმებას საქართველოშიც. თავადაზნაურობა ცდილობდა, დაემტკიცებინა იმპერიის ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოში ბატონყმობის გაუქმება საჭირო არ იყო. 1859 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ბატონყმობის დამცველად გამოვიდა გრიგოლ ორბელიანი. ბატონყმობის გაუქმება საქართველოში მოხდა ეტაპობრივად. 1864 წლის 8 ნოემბერს ის გაუქმდა ტფილისის გუბერნიაში, 1865 წლის 13 ოქტომბერს იმერეთსა და გურიაში, 1866 წლის 1 დეკემბერს სამეგრელოსა და ლეჩხუმში, 1870 წელს აფხაზეთში, 1871 წელს სვანეთში. რეფორმა არ შეხებია სახელმწიფო გლეხებს და ხიზნებს. ამ უკანასკნელთა მდგომარეობა მხოლოდ 1891 წელს შემსუბუქდა. ბატონყმობის გაუქმებას არ მოჰყოლია მიწის რეფორმა, შედეგად 28 ათასზე მეტი გლეხი უმიწაწყლოდ დარჩა და იძულებული იყო, ნაბატონარისგან აეღო მიწა იჯარით და პრაქტიკულად ეკონომიკურად კვლავ ბატონზე დამოკიდებული დარჩენილიყო. გლეხებმა ვერ მიიღეს ვერც ტყე და საძოვრები. დროებითვლადებული გლეხებისთვის მიწების გამოსასყიდად დადგინდა გადასახადები, რომლებიც რეფორმამდელ ბეგარებს აღემატებოდა. მიწების 78% დარჩ თავადაზნაურობას, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოს, ეკლესიასა და გლეხებს. რეფორმის პროგრესული ნაწილი იყო გლეხების პირადი თავისუფლება. ბატონს აღარ შეეძლო გლეხის გაყიდვა, გაჩუქება, ვეღარ ჩაერეოდა მის პირად ცხოვრებაში. გლეხს მიეცა გარიგების თავისუფლება.

მიწის საკუთხს ამწვავებდა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცირე რაოდენობით მიწა იყო გამოსადეგი სოფლის მეურნეობისთვის, იმპერიის ხელისუფლება აქ ასახლებდა სხვადასხვა წარმომადვლობის ხალხს, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა სხვაგან გადაჰყავდა. იმპერიის ხელისუფლება განსაკუთრებით ცდილობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აფხაზეთის კოლონიზაციას. 1866 წელს აფხაზეთში მოხდა ბზიფის ხეობის გლეხთა აჯანყება. 5 ათასამდე აჯანყებულმა სოხუმის აღება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, მაგრამ ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო. 1876 წელს სამეგრელოში ლიასა და ფახულანში მოხდა გლეხების შეიარაღებული გამოსვლა. 1867 წლიდან დაიწყო მუჰაჯირობა, დაახლოებით 20 ათასმა აფხაზმა დატოვა სამშობლო. დაიცალა წებელდას და დალის ხეობები.

1865 წლის 14 ოქტომბრის კანონით განხორციელდა სასოფლო რეფორმა. სოფლები გაერთიანდნენ სასოფლო საზოგადოებებში, რომლებსაც გააჩნდათ სოფლის ყრილობა და მამასახლისი და მწერალი. რეალურად მამასახლისები და მწერლები ემორჩილებოდნენ ბოქაულებს, რომლებიც საპოლიციო უბნის უფროსები იყვნენ. ბოქაულები აზრის უფროსის მიერ ინიშნებოდნენ. ცენტრალურ რუსეთში საგლეხო რეფორმასთან ერთად განხორციელდა საერობო, სამოსამართლო და სხვა რეფორმები, რომლებიც საქართველოს არ შეეხო, ან შეეხო მხოლოდ ნაწილობრივ, მცირე სახით. 1868 წელს განხორციელდა სასამართლოს რეფორმა, მაგრამ საქართველოში მოეწყო მხოლოდ ე.წ. მთავრობის სასამართლო, სადაც მოსამართლეებად მთავრობის მიერ დანიშNული მოხლეები ინიშნებოდნენ. საქართველოში იმპერიას არ დაუშვია არჩევითი ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა. საქმისწარმოება კვლავ მოსახლეობისთვის არამშობლიურ რუსულ ენაზე გრძელდებოდა. 1870 წლიდან შეკვეცილი ფორმით გატარდა საქალაქო რეფორმა. თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი ქუთაისში, ფოთში, ბათუმში (1888), სოხუმში (1892) და სხვა ქალაქებში შემოღებულ იქნა შეზღუდული თვითმმართველობა.

კაპიტალიზმის განვითარება

რედაქტირება

XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობების გაჩენა. პირველი ასეთი ჯგუფი იყო თერგდალეულები — ახალგაზრდა ქართველები, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს და გაეცნენ რუსი დემოკრატების, ბელინსკის, ჩერნიშევსკის და დობროლიუბოვის შეხედულებებს. თერგდალეულების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელმაც 1863 წელს დააარსა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, სადაც ბეჭდავდა საკუთარ მოთხრობებსა და სტატიებს. ცენზურამ ჟურნალი ერთ წელიწადში დახურა. ილია ჭავჭავაძე იქცა მეთაურად პირველი დასისა, რომელიც დღის წესრიგში აყენებდა დემოკრატიული რეფორმების, თვითმმართველობის, ბატონყმობის მოსპობის, კულტურული ავტონომიის და სხვა საკითხებს. 1866 წლიდან ჩამოყალიბდა მეორე დასი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და სხვა მოღვაწეები. პირველი დასისგან განსხვავებით, ისინი უფრო რადიკალურად აყენებდნენ დემოკრატიული რეფორმების საჭიროების საკითხს. „მეორე დასის“ ბეჭდვითი ორგანოები იყო გაზეთი „დროშა“ (1866-1885), ჟურნალები „მნათობი“ და „კრებული“. 1872-1873 წლებში საქართველოში გაჩნდა ნაროდნიკულ ორგანიზაციები. ხალხოსნური ორგანიზაციები ხელისუფლებამ საქართველოში გაანადგურა 1876 წელს. 1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. საზოგადოებამ შექმნა სასოფლო სკოლების და ბიბლიოთეკების ფართო ქსელი, ხელი შეუწყო წერა-კითხვის გავრცელებასა და ერთიანი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას.

ამავდროულად გრძელდებოდა მოსახლეობის საპროტესტო შეიარაღებული გამოსვლები და აჯანყებები. 1865 წელს თბილისში მოხდა ამქართა აჯანყება. 1875-1876 წლებში მოხდა სვანეთის აჯანყება, ხოლო 1878 წელს — ქიზიყის გლეხთა აჯანყება. 1880-იანი წლების პირველ ნახევარში ოზურგეთის მაზრაში იფეთქა ფირალობამ.

XIX საუკუნის 60-იანი წლების რეორმებმა ხელი შეუწყო კაპიტალისტური უერთიერთობების განვითარებას. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებამ. 1850-იანი წლების ბოლოდან დაიწყო რეგულარული მიმოსვლა რედუტ-კალეს, ფოთ, ოდესას და სხვა ქალაქებს შორის. 1873 წელს გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით. რუსეთის იმპერიაში შევიდა არტაანი, ყარსი, ართვინი, აჭარა და ლაზეთი. ახლადშეერთებულ ტერიტორიებზე შეიქმნა ბათუმისა და ყარსის ოლქები. ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა ბათუმის განვითარებისთვის. აჭარის ზღვისპირა ზოლის საუკეთესო მიწები ჩაქვში გადაეცა საუფლისწულო უწყებას. 1883 წელს რკინიგზამ დააკავშირა ბათუმი, თბილისი და ბაქო. თბილისში, რკინიგზის მათავარ სახელოსნოებში 3500-ზე მეტმა მუშამ მოიყარა თავი. სწრაფად იზრდებოდა ქალაქების მოსახლეობა, საწარმოების რაოდენობა. 1874-1884 წლებში ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობა 521-დან 1160-მდე გაიზარდა. გაჩნდა პროლეტარიატი.

1882 წელს გაუქმდა კავკასიის სამეფისნაცვლო და დაწესდა მთავარმართებლის თანამდებობდა. ამით მოისპო ის მცირე დამოუკიდებლობა, რაც სამეფისნაცვლოს გააჩნდა. პირველი მთავარმართებელი იყო ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი. მისი მიზანი იყო კავკასიის საბოლოო რუსიფიკაცია. მისი მმართველობის დროს ეგზარქოსმა პავლემ ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ხალხი.

პოლიტიკური ჯგუფების გაჩენა

რედაქტირება

1892 წელს ჩამოყალიბდა პირველი მარქსისტული პოლიტიკური ორგანიზაცია მესამე დასი, რომლის ლიდერი იყო ნოე ჟორდანია. მასში გაერთიანებული იყვნენ ეგნატე ნინოშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, ფილიპე მახარაძე და სხვები. მესამე დასი შეკრებილი იყო გაზეთ „კვალის“ გარშემო, რომელიც 1898 წლიდან მესამედასელთა ხელში გადავიდა. 1898 წლიდან რუსეთში დაარსდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. პარტია ხელმძღვანელობდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მუშათა გამოსვლებს. საქართველოში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების ლიდერად პრაქტიკულად იქცა სილიბისტრო ჯიბლაძე. 1899-1901 წლებში გახშირდა მუშათა გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები, დაიწყო საპირველმაისო მიტინგები. მუშათა მოძრაობის აღმავლობას ხელი შეუწყო XX საუკუნის დასაწყისის სამრეწველო კრიზისმა და უმუშევრობის ზრდამ, ასევე სოფლად მოუსავლიანობამ 1901 წელს. 1901 წლიდან ცალკე ჩამოყალიბდა რუსული სოციალ-დემოკრატიის მიმდევარი ჯგუფი სტალინი, ლადო კეცხოველის, აბელ ენუქიძის შემადგენლობით. ისინი გაზეთ „ბრძოლის“ გარშემო იყვნენ გაერთიანებულნი. 1901 წლიდან ასპარეზზე გამოვიდნენ სოციალისტ-ფედერალისტები. მათი წინამძღოლი იყო არჩილ ჯორჯაძე. სოციალისტ-ფედერალისტების მთავარი გამოცემა იყო „ცნობის ფურცელი“.

1905 წლის რევოლუციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. აქ მას სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ. საწყის ეტაპზე მუშათა მოძრაობებმა მცირედ წარმატებებსაც მიაღწიეს, დაარსდა ნახალოვკის, გორის, ჭიათურის, ზუგდიდის, ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკები. განსაკუთრებით ძლიერი იყო რევოლუციური მოძრაობა გურიაში, სადაც გლეხებმა გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს, რომელი თითქმის ერთი წლის განმავლობაში გასული იყო ხელისუფლების კონტროლისგან. მარტში ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა 1906 წლის იანვრამდე რეალურად ვერ აღადგინა კონტროლი რეგიონზე. ძლიერი იყო რევოლუციის ტალღა აფხაზეთშიც. მთავრობამ შემოიღო სამხედრო წესები აჯანყებულ მხარეებში და სასტიკად ჩაახშო რევოლუცია. რევოლუციის შემდეგ წლებში გაძლიერდა რეაქცია და რეპრესიები. საქართველოზე არ გავრცელდა სტოლიპინის აგრარული რეფორმა.

1906 წელს შემოღებულ იქნა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა, რომელიც 1916-1917 წლებში ოთხჯერ იქნა მოწვეული. დუმის არჩევნებში საქართველოდან უმეტესად რსდმპ-ის წევრი მენშევიკები იმარჯვებდნენ. 1906 წლის დუმაში არჩეული იყვნენ ივანე გომართელი, სერგი ჯაფარიძე, ისიდორე რამიშვილი (ქუთაისის გუბერნიიდან), ნოე ჟორდანია, არტემ აივაზოვი, იოსებ ბარათაშვილი, სიმონ წერეთელი (ტფილისის გუბერნიიდან) პროკოფი შერვაშიძე (ბათუმისა და სოხუმის ოლქებიდან). 1907 წელს II მოწვევის დუმის დეპუტატები იყვნენ ჭოლა ლომთათიძე, გერასიმე მახარაძე, ირაკლი წერეთელი (ქუთაისის გუბერნიიდან), არშაკ ზურაბოვი, არჩილ ჯაფარიძე, ნიკოლოზ კაციაშვილი, სევერიან ჯუღელი (ტფილისის გუბერნიიდან), კონსტანტინე კანდელაკი (ბათუმისა და სოხუმის ოლქებიდან). 1907-1912 წლებში III მოწვევის დეპუტატები იყვნენ ევგენი გეგეჭკორი (ქუთაისის გუბერნიიდან), ნიკოლოზ ჩხეიძე (ტფილისის გუბერნიიდან), პროკოფი შერვაშიძე (ბათუმისა და სოხუმის ოლქებიდან). 1912-1917 წლებში ბოლო, მეოთხე მოწვევის სათათბიოს დეპუტატები იყვნენ ვარლამ გელოვანი (ქუთაისის გუბერნიიდან), ნიკოლოზ ჩხეიძე (ტფილისის გუბერნიიდან) და აკაკი ჩხენკელი (ბათუმისა და სოხუმის ოლქებიდან). დუმაში 1906 წელს იოსებ ბარათაშვილმა და 1912 წელს აკაკი ჩხენკელმა და ვარლამ გელოვანმა მოითხოვეს ეროვნულ-კულტურული ავტონომია საქართველოსთვის.

საქართველო და პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა კავკასიის ფრონტის ბრძოლების გამო. საქართველოდან ფრონტზე გაიწვიეს დაახლოებით 200 ათასი ადამიანი. დაეცა მრეწველობა, ერთი მესამედით შემცირდა აბრეშუმის წარმოება, დაიხურა ღვინისა და კონიაკის ქარხნები, დარდანელის სრუტის ჩაკეტვის გამო შეჩერდა საგარეო ვაჭრობა. რკინიგზა ემსახურებოდა მხოლოდ ფრონტს და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქების სურსათით მომარაგება. ქართველებს რუსეთის იმპერიის მხარეს უწევდათ ბრძოლა, თუმცა ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი მხარს უჭერდა გერმანიის იმპერიას და ანტირუსული აჯნყების იდეას. ასეთები იყვნენ, მაგალითად მიხეილ წერეთელი და გიორგი მაჩაბელი, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს მართავდნენ. 1914 წლის ნოემბერში შეიქმნა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ უკან დაახევინა ოსმალეთის არმიას, აჯანყების მოწყობა სარისკო გახდა და იდეამ მიმზიდველობა დაკარგა,

ომმა და გაღარიბებამ დააჩქარა თებერვლის რევოლუცია.

ეკონომიკა

რედაქტირება

რუსეთის იმპერიას არ დაუთმია დიდი ყურადღება საქართველოში მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. XIX საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში სრულებით არ არსებობდა ფაბრიკები. ციციანოვმა სცადა სელის წარმოების განვითარება, თუმცა წამოწყება უშედეგოდ დასრულდა. განვითარებული იყო მხოლოდ ადგილობრივ საშენ მასალათა (აგური, კრამიტი, ხე-ტყე) პირველადი წარმოება. საქართველოში განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა. აბრეშუმი იგზავნებოდა რუსეთის ქარხნებში, მთავრობა ცდილობდა დასამზადებელი აბრეშუმის ოდენობის და ხარისხის გაზრდას ნარგავი ფართობების გაზრდის და გლეხებისთვის ხარისხიანი თესლის მიწოდების გზით. საქართველოდან წლიურად 3000 ფუთამდე აბრეშუმი გაჰქონდათ. 1823 წელს თბილისში გაიხსნა აბრეშუმის სახვევი ფაბრიკა, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება და 1835 წელს გადაკეთდა აბრეშუმსახვევ სასწავლებლად. რუსეთის იმპერია კავკასიას უყურებდა, როგორც ერთი მხრივ ნედლეულის მიმწოდებელს, მეორეს მხრივ — რუსეთში წარმოებული საქონლის გასაღების ბაზარს. ეს გამორიცხავდა ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ გატარებულა მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში მრეწველობის განვითარებისთვის. წარუმატებლად დასრულდა თბილისის მაუდის ფაბრიკის გახსნის მცდლეობა, მცირე ხნით იარსება მინის ქარხნებმა ატენისა და ბორჯომის ხეობებში.

შედარებით ხელსაყრელი პირობები იყო ვაჭრობის განვითარებისთვის. მხოლოდ არმია წელიწადში მილიონ მანეთს ხარჯავდა სურსათისა და ტანსაცმლის შესაძენად. ვაჭრობის განვითარებას ხელი შუწყო ერმოლოვის მიერ დაწესებულმა შეღავათებმა. რუსეთიდან საქონელი შემოდიოდა საქართველოს სამხედრო გზითა და შავი ზღვით. საქართველოდან ნედლეულის სახით გადიოდა ძვირფასი ხე-ტყე (ბზა, კაკალი), აბრეშუმი. ვაჭრობამ განაპირობა ქალაქების ზრდა. მათ შორის თბილისი, რედუტ-კალე და სხვები.

პასკევიჩის დროს დაიწყო ღონისძიებები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის. იყო მცდელობები ბამბის, ინდიგოს, შაქრის ლერწმის გაშენებისა. მცდელობები გაძლიერდა მიხეილ ვორონცოვის დროს. დასავლეთ საქართველოში შეიტანეს სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლე ამერიკული ვაზის საძირე „იზაბელა“, სიმინდის ამერიკული ჯიშები, იყო ჩაის კულტურის გაშენების პირველი ცდები გურიაში. დაიწყო თამბაქოს გაშენება. ვორონცოვის მცდელობები ხელს უწყობდა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. თუ პასკევიჩის დროს არმიის მოსამარაგებლად რუსეთიდან შემოჰქონდათ 13,5 ტონა ფქვილი და ბურღული, ვორონცოვის დროს მარცვლეულის შმეოტანა უკვე აღარ იყო საჭირო. თუმცა ფეოდალური ბატონყმობის პირობებში გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ იყო და გლეხური მეურნეობა კვლავ სიღარიბეში რჩებოდა. კვლავ პრიმიტიული იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ნიადაგის დამუშავება, გლეხები მამა-პაპისეული წესებით მუშაობდნენ წვრილ ნაკვეთებად დაქუცმაცებულ მეურნეობებში. იმპერიამ ვერ მოახერხა საქართველოს გადაქცევა ნედლეულის ბაზად, ამის მიზეზი გარდა ბატონყმობისა და საქართველოს მეურნეობის სისუსტისა, იყო თავად რუსეთის იმპერიის ჩამორჩენილობა. 1860-იან წლებში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობაში კაპიტალის შესვლა, გლეხობის დაყოფა ფენებად. გაღარიბებული გლეხები მიდიოდნენ მუშებად თბილისის, ბათუმისა და ბაქოს ქარხნებში, ხდებოდა პროლეტარიატის ფორმირება.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შედარებით სწრაფად დაიწყო განვითარება მრეწველობამ. ვითარდებოდა სამთო მოპოვება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გზების განვითარებას. 1857-1861 წლებში მოხდა საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქცია, დაიწყო რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და კავკასიის სხვა ქალაქებს შორის. 1858 წლიდან მოეწყო ნავსადგური ფოთში. 1860-1862 წლებში გაყვანილ იქნა ტელეგრაფი. 1865 წელს დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა, რაც დასრულდა 1871 წელს თბილისი-ფოთის ხაზის გახსნით, მას მოჰყვა 1873 წელს თბილისი-ბათუმის და 1883 წელს თბილისი-ბაქოს ხაზები. 1887 წელს გაყვანილ იქნა ტყიბულის შტო, 1894 წელს ჭიათურის და ბორჯომის შტოები, 1899 წელს გაყვანილ იქნა ყარსი-თბილისის რკინიგზა. რკინიგზამ ხელი შეუწყო სამთამადნო მრეწველობის განვითარებას. 1871 წლიდან დაიწყო ჭითურის მანგანუმის და ტყიბულის ქვანახშირის ექსპორტი ევროპაში. ბაქოსთან სარკინიგზო ხაზით დაკავშირების შემდეგ დაიწყო ნავთობმრეწველობის განვითარება ბათუმში. რკინიგზამ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას. გაიზარდა საქართველოს ქალაქების ბიუჯეტი. გაიზარდა მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში. 1894 წელს ექსპორტზე გატანილ იქნა 7 მილიონი ფუთი სიმინდი. სოხუმის ოლქი იქცა მეთამბაქოეობის ცენტრად, დასავლეთ საქართველოში გაიზარდა აბრეშუმის წარმოება, კახეთში კი ღვინისა.

1867 წელს თბილისში გაიხსნა რუსეთის სახელმწიფო ბანკის განყოფილება. 1871 წელს თბილისში გაიხსნა კომერციული ბანკი. 1874 წელს ასეთივე ბანკი გაიხსნა ქუთაისში. 1897 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობამ 2 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

სოციალური წყობა

რედაქტირება

წარჩინებულ წოდებას შეადგენდა თავადაზნაურობა, რომელიც მოსახლეობის 4-5%-ს არ აღემატებოდა. მიწების უდიდესი ნაწილი დიდგვაროვანთა საკუთრება იყო. უმსხვილესი მიწათმფლობელები იყვნენ ფალავანდიშვილები (ახალქალაქის მაზრაში), ორბელიანები (ბორჩალოს მაზრაში), მაჩაბლები (დუშეთის მაზრაში), ამირაჯიბები (გორის მაზრაში) და სხვა. თავადების პოლიტიკურ სიძლიერეს ძირს უთხრიდა სათავადო სახლების ოჯახებად გაყრა-დანაწევრება, რაც საერთო საგვარეულო მიწისმფლობელობას შლიდა და ინდივიდუალურ მესაკუთრეებს წარმოქმნიდა. ეს მოვლენა განაპირობებდა ქართველი თავადების დამცრობას და საფუძველს უყრიდა სოფლად კაპიტალიზმის განვითარებას. უფრო მრავალრიცხოვანი იყო აზნაურთა ფენა, რომელსაც უფრო მოკრძალებული შემოსავლები გააჩნდა. იმპერიის ხელისუფლება ცდილობდა თავადები და აზნაურები ერთიან კონსოლიდირებულ წრედ ჩამოეყალიბებინა და თავის პოლიტიკურ დასაყრდენად ექცია. XIX საუკუნის 40-იან წლებამდე თავადაზნაურობის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში, ვორონცოვის პერიოდიდან ეს მაჩვენებელი გაიზარდა და ასეულობით ქართველი გახდა იმპერიის არმიის ოფიცერი.

დაბალ წოდებაში XIX საუკუნის დასაწყისში ჭარბობდნენ საბატონო გლეხები. ასევე არსებობდნენ სახაზინო გლეხები, მოჯამაგირეები და შინაყმები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბატონყმობის გაუქმების შედეგად გლეხმა მიიღო პირადი თავისუფლება, მაგრამ მისი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გლეხები იძულებულნი გახდნენ გამოესყიდათ ნადელი, მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი საქართველოში დაახლოებით 3,4 დესეტინას შეადგენდა. ბევრმა საბატონო გლეხმა მოახერხა მესაკუთრე გამხდარიყო და დაქირავებული შრომის გამოეყენებით ქონება დაეგროვებინა, მაგრამ გლეხთა უმრავლესობა მცირემიწიანი ან უმამულო იყო, რომელიც იძულებული იყო სხვისი ნაკვეთი დაემუშავებინა. XIX საუკუნის 60-იან წლებში 8570 კომლი ხიზანი იყო აღირხული. საგლეხო რეფორმას მათთვის დადებითი ცვლილება არ მოუტანია. კაპიტალიზმის განვითარების კვალდაკვალ გლეხობა ტოვებდა სოფელს და სამუშაოს ეძებდა სამრეწველო ქალაქებში თბილისში, ბათუმში, ჭიათურაში, ოდესაში, ბაქოში. 1890-იანი წლებიდან ფართო ხასიათი მიიღო გურულების მოჯირეეთეებად მიგრაციამ აშშ-ში. წარმოიქმნა პროლეტარიატი, თუმცა ქართველი მუშები არ იყვნენ მოწყვეტილი სოფელს. ქართველი მუშების ძირითადი დასაქმების ადგილი საქართველოს რკინიგზა იყო. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოქალაქეთა ფენა ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა.

განათლება და კულტურა

რედაქტირება

იმპერიის ხელსუფლებამ დახურა 1801 წლამდე არსებული სკოლები, სანაცვლოდ გახსნა თბილისში დაარსდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი თავად-აზნაურთა შვილებისთვის, მათთვისვე დაწესდა სტიპენდიები რუსეთის სასწავლებლებში. სასწავლებლებში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ დაწესებულებების მიზანი იყო არა იმდენად განათლების მიცემა ახალგაზრდებისთვის, რამდენადაც რუსიფიკაცია და იმპერიისთვის საჯარო მოხელეების მომზადება. 1830-იანი წლებიდან დაიწყო სამაზრო სასწავლებლების გახსნა მაზრებში. 1840-იან წლებში დაისვა საქართველოში უნივერსიტეტის გახსნის საკითხი, თუმცა იმპერიის ხელისუფლება ამ იდეას წინააღმდეგობით შეხვდა. 1849 წელს გაიხსნა კავკასიის სასწავლო ოლქი. 1859 წელს თბილისში გაიხსნა პირველი კომერციული სასწავლებელი. 1860-იანი წლების რეფორმების შემდეგ პერმანენტულად იზრდებოდა სკოლების რაოდენობა, მიუხედავად ამისა, 1897 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კვლავ დაბალი იყო წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა. განათლებაში არსებითი როლი ჰქონდა 1879 წელს დაარსებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 1907 წელს დაფუძნდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც მუშაობდა ისტორიული წარსულის კვლევაზე, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს.

1819 წელს დაიწყო პირველი ქართულენოვანი გაზეთის „საქართველოს გაზეთის“ გამოცემა. ის გამოდიოდა 1821 წლამდე. 1829-1832 წლებში გამოდიოდა „თბილისის უწყებები“, რომლის რედაქტორი იყო სოლომონ დოდაშვილი. გაზეთი დაიხურა დოდაშვილის დაპატიმრების გამო. 1838-1856 წლებში გამოდიოდა „ზაკავკაზსკი ვესტნიკი“. მისი სალიტერატურო ნაწილის რედაქტორი იყო პლატონ იოსელიანი. 1846-1918 წლებში გამოდიოდა გაზეთი „კავკაზ“. ის 1856 წლიდან იქცა კავკასიის სამეფისნაცვლოს ოფიციალურ ორგანოდ. 1852-1853 და 1857-1875 წლებში გამოდიოდა ჟურნალი „ცისკარი“. პირველი ყოველდღიური ქართულენოვანი გაზეთი იყო „დროება“, რომელმაც დიდი როლს ასრულებდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ამიტომ ცენზურამ 1885 წელს გაზეთი დახურა.

1846 წელს თბილსში დაარსდა მუდმივი რუსული თეატრი. 1850 წელს პირველად დაიდგა ქართული სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“. ჩამოყალიბდა პირველი ქართული დასი. 1851 წელს კერძო მეწარმე თამამშევმა ააშენა თეატრის შენობა ერევნის მოედანზე, რომელმაც 1874 წლამდე იარსება. 1879 წელს შეიქმნა ქართული დრამატული საზოგადოება, რომელიც სათეატრო საქმის განვითარებას ემსახურებოდა. ქართულ თეატრში გაჩნდნენ ახალი თაობის კადრები, მათ შორის აღსანიშნავი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1910-1920 წლებში ოპერის სცენაზე მოღვაწეობდა ვანო სარაჯიშვილი.

XIX საუკუნის I ნახევრის ქართულ ლიტერატურაში მოღვაწეობდნენ რომანტიკოსები ალექსანდრე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი, მაგრამ ამ პერიოდის ყველაზე გამოჩენილი პოეტია ნიკოლოზ ბარათაშვილი. რეალიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო დრამატურგი გიორგი ერისთავი. ამ პერიოდის მწერალთაგან ასევე აღსანიშნავია გლეხთა წრიდან გამოსული დანიელ ჭონქაძე და მისი ბატონყმობის საწინააღმდეგო „სურამის ციხე“, ლავრენტი არდაზიანი და მისი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“. ახალი ქართული სალიტერატურო ენის შემქმნელი იყო ილია ჭავჭავაძე, პოეზიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა აკაკი წერეთელმა. 1880-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდნენ ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი. მუშათა მოძრაობის ზრდა დაეტყო ლიტერატურსაც. ამ მიმდინარეობის მწერლები იყვნენ ეგნატე ნინოშვილი, იროდიონ ევდოშვილი და ჭოლა ლომთათიძე. 1860-იანი წლების ტრადიციებს აგრძელებდა დავით კლდიაშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 75-81.
  • აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 423-555, ISBN 978-9941-0-5498-3.
  • ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბ., 2014 [2012], ISBN 978-9941-427-76-3.
  • მუსხელიშვილი დ., სამსონაძე მ., დაუშვილი ა., „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე“, თბილისი, 2012. — გვ. 393-441, ISBN 978-99410-4195-2.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 4-5, თბილისი, 1970-1973
  • გოზალიშვილი გ., „1832 წლის შეთქმულება“ ტ 1-3, თბილისი, 1935-1976
  • ჩანტლაძე ვ., „ფინანსები რეფორმამდელ აღმოსავლეთ საქართველოში (1801-1864 წწ)“, თბილისი, 1975
  • დუმბაძე მ., „დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში“, თბილისი, 1957
  • ალექსიშვილი მ., „რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხისთვის“, თბილისი, 1956
  • კიკვიძე ა., „საქართველოს ისტორია (XIX ს)“, თბილისი, 1954
  • ხაჭაპურიძე გ., „საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია“, თბილისი: სახელგამი, 1940.
  • ბერძენიშვილი ნ., „საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობა“, „მნათობი“ N6, 1954
  • ხაჭაპურიძე, გ., „გლეხთა რევოლუციური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“, ტფილისი, 1932
  • ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906], ISBN 978-9941-13-503-3.
  1. Beginning of the Russian Occupation of Georgia. ციტირების თარიღი: 2023-03-30.
  2. Beginning of the Russian Occupation of Georgia – С.1-2. ციტირების თარიღი: 2023-03-30.
  3. DID RUSSIAN EMPIRE BRING ANY ECONOMIC AND DEMOGRAPHIC BENEFITS TO GEORGIA?. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  4. Development of Capitalism in Georgia. Periods after national and social liberating actions (the middle of the XIX c. - 1917). ციტირების თარიღი: 2023-03-30
  5. საქართველოს სამხედრო გზის ისტორია. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  6. История Тбилисской Духовной академии и семинарии. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  7. ელდარ ბუბულაშვილი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ისტორიიდან. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  8. იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი). ციტირების თარიღი: 2023-03-30
  9. Акты Кавказской археологической коммисии, т. I, 516
  10. Beginning of the Russian Occupation of Georgia. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  11. Beginning of the Russian Occupation of Georgia. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  12. Unlocking the Caucasus for Empire: Roots, causes and consequences of the Russian annexation of the East Georgian kingdom of Kartli-Kakheti, 1801. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  13. Организация правосудия в Закавказье в XIX В.: судебные реформы. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  14. Грузия в составе России. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  15. Criminal Justice in Early Modern Russia. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  16. Russian Punishments in the European Mirror. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  17. Кавказский календарь на 1845 годъ