საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო IX-X საუკუნეებში — IX საუკუნეში დაიწყო ქართული სამეფო-სამთავროების ერთიან სამეფოდ ინტეგრაციის პროცესი, რაც X საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბებით და ბაგრატ III-ის გამეფებით დასრულდა.
სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება
რედაქტირებაVIII საუკუნის ბოლოს არაბთა სახალიფოს დასუსტების პროცესი დაემთხვა საქართველოში სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბების პროცესს. ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო, რომელიც ქართლის საერისმთავროს გამოეყო. კახეთის სამთავროს დაარსება წანარებს უკავშირდება. კახეთის სამტავროს ცენტრი იყო თიანეთი, ხოლო სამთავროს სათავეში ქორეპისკოპოსი ედგა. თავდაპირველად ქორესპიკოპოსი არჩევიტი იყო, შემდგომში ეს თანამდებობა ორი საგვარეულოს, დონაურების და არევმანელების საგვარეულოს ეკავა. VIII საუკუნის II ნახევარში კახეთის აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მთავარმა „რანთა მეფის“ ტიტული მიიღო. ჰერეთის სამთავრი ცდილობდა ძველი ალბანეთის ტერიტორიების დაკავებას.
VIII საუკუნის დასაწყისში დაიწყო აფხაზეთის საერისთავოს გაძლიერება. მურვან-ყრუმაც ვერ შეძლო ანაკოფიის აღება. აფხაზეთმა დაიწყო გაფართოება და დაიკავა აფშილეთი. VIII საუკუნის II ნახევარში ლეონ II-მ ისარგებლა ბიზანტიის დასუსტებით და ხაზარების დახმარებით საკუთარი ხელისუფლება მთელ ეგრისზე გაავრცელა და აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე გახდა. აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი. ის დაყოფილი იყო საერისთავოებად. აფხაზთა სამეფო ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო. მისი მეფეები იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის.
ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამეფო. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ბოლო ერისმთავარმა აშოტ I დიდმა ქართლი მიატოვა და ოჯახთან ერთად სამხრეთ საქართველოს შეაფარა თავი. მან აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული არტანუჯი და ის საკუთარ რეზიდენციად აქცია. აშოტამდე ამ მხარეში მოღვაწეობა დაწყებული ჰქონდა სასულიერო პირს გრიგოლ ხანძთელს. სამხრეთ საქართველოდან დაიწყო ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის. აშოტს ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატის ტიტული მიანიჭა. მიუხედავად ამისა, აშოტს დამოუკიდებლად, ბიზანტიის დახმარების გარეშე უწევდა სამთავროს გაძლიერებისთვის ბრძოლა. მის სამფლობელოში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, შიდა ქართლი. 826 წელს აშოტი ეკლესიის საკურთხეველში მოკლეს შეთქმულებმა. მისი მემკვიდრე გახდა შუათანა ძე ბაგრატ I. ბაგრატ I-ის შვილიშვილმა ადარნასე II-მ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. პავლე ინგოროყვას აზრით ეს ტიტული ჯერ კიდევ აშოტ დიდს ჰქონდა. ქართველთა სამეფო რამდნეიმე პატარა სამტავროსგან შედგებოდა და დეცენტრალიზებული სახელმწიფო იყო.
ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა თბილისის საამირო. არაბთა სახალიფოს დასუსტების პარალერულად მცირდებოდა მათი გავლენა თბილისის ამირებზეც. შიდა ქართლის დაკარგვის შემდეგ თბილისის ამირას მხოლოდ თბილისი და მისი შემოგარენი ემორჩილებოდა. აშოტ დიდის გარდაცვალების შემდეგ შიდა ქართლზე კონტროლი თბილისის ამირამ დაიბრუნა. ამირები ხალიფას აღარ ემორჩილებოდნენ. ამირა ისჰაკ იბნ-შუაბი 23 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად მართავდა თბილისს. 853 წელს თბილისი აიღო და ამირა მოკლა ბუღა თურქმა.
ერთიანი სამეფოს ჩამოყალიბება
რედაქტირებაქართული სამეფო-სამთავროები იბრძოდნენ პირველობისთვის. ქართული სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ერთვებოდა ანისის სამეფო. ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა შიდა ქართლს. 860-იან წლებში შიდა ქართლი დაიკავა აფხაზეთის მეფე გიორგი I-მა. მისი გარდაცვლების შემდეგ აფხაზთა სამეფოს ტახტი შავლიანებმა მიიტაცეს, შიდა არეულოს გამო აფხაზთა სამეფოს შიდა ქართლში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. შიდა ქართლის ხელახლა დაკავება აფხაზთა მეფეებმა X საუკუნის დასაწყისში სცადეს. შიდა ქართლი კონსტანტინე III-მ დაიკავა და იქ ერისთავად ივანე ტბელი დანიშნა. ამის შემდეგ აფხაზთა მეფეებს შიდა ქართლი აღარ დაუთმიათ.
914 წელს საქართველოში შეიჭრა სამხრეთ აზერბაიჯანის ამირა აბულ-კასიმი. ის ჯერ თბილისს მიადგა შემდეგ კახეთში აიღო უჯარმის და ბოჭორმის ციხეები აიღო. კახეთის ქორეპისკოპოსმა მას მორჩილება ღუთქვა. აბულ კასიმი სამცხეში გადავიდა და ყველისციხეს ალყა შემოარტყა, აიღო და აწამა მისი მცველი გობრონი. აბულ კასიმის ლაშრობა იყო არაბთა ბოლო ლაშქრობა საქართველოში.
აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-ის გარდაცვალების შემდეგ მის ძეებს, გიორგისა და ბაგრატს შორის ატყდა ბრძოლა ტახტისთვის, რომელშიც გიორგიმგაიმარჯვა. ის დიდად უწყობდა ხელს ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებას. გიორგიმ გაილაშქრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ და თითქმის მთელი კახეთი დაიკავა. როგორც კი ის დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, კვირიკე II-მ ქართლის აზნაურების დახმარებით დაიბრუნა კახეთის სამთავრო. ქართლის აზნაურებს არ სურდათ გიორგი II-ის მტკიცე მმართველობა და მას ქართლის ერისთავად დანიშნული მისი ძე კონსტანტინე აუჯანყეს. გიორგიმ ქართლი დაიმორჩილა, ხოლო კახეთის დასამორჩილებლად მეორე ვაჟი, ლეონი გაგზავნა, მაგრამ 957 წელს გიორგის გარდაცვალების გამო ლეონი იძულებული გახდა ქუთაისში დაბრუნებულიყო. აფხაზთა მეფე გიორგი II პრაქტიკულად იყო პირველი ქართველი მმართველი, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო გააერთიანა. მის სამეფოში შედიოდა დასავლეთ საქართველო, შიდა ქართლი, კახეთი. მისმა ძემ, ლეონმა გააფართოვა სამეფო და მას ჯავახეთიც ემორჩილებოდა. ლეონის გარდაცვალების შემდეგ, 967 წელს, აფხაზეთში გამეფდა დემეტრე III. მა უაჯანყდა უმცროსი ძმა თეოდოსი, რომელსაც მხარს კახეთის ქორეპისკოპოსი უჭერდა. დემეტრემ თეოდოსს თვალები დასთხარა, თუმცა დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, 97 წელს, თეოდოსი მაინც ავიდა ტახტზე, რადგან სხვა კანონიერი მემკვიდრე აღარ იყო. უსინათლო პირის გამეფებით ისარგებლა კახეთის ქორეპისკოპოსმა და ქართლის დაკავებას უფლისციხის აღებით შეეცადა.
ქართლის მომავალი ბედი გადაწყიტა მისმა ერისთავმა ივანე მარუშისძემ. მან ქართლის დასაკავებლად დავით III მოიწვია. დავით III ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების შტოს ეკუთვნოდა და X საუკუნის ქართველ მეფე-მთავართა შორის ყველაზე ძლიერი, ენერგიული და გავლენიანი მოღვაწე იყო. დავით III-მ ქართლი 975 წელს დაიკავა. კახელები იძულებული გახდნენ უფლისციხე დაეთმოთ და ქართლი დაეტოვებინათ. დავით III-მ ქართლის აზნაურებს ქართველთა მეფის გურგენის შვილი და აფხაზთა მეფე თეოდოსის დისშვილი ბაგრატი წარუდგინა. ბაგრატი ერთდროულად ორი სამეფოს მემკვიდრე იყო. ქართლის აზნაურებმა კავშირი შეკრეს კახეთის სამთავროსთან და წაახალისეს ისინი, რომ დაეკავებინათ უფლისციხე და დაეტყვევებინათ გურგენი, ბაგრატი და გურანდუხტი. დავით III-მ საპასუხოდ გაილაშქრა ქართლში და კახეთის სამთავროს ტყვეთა გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცა გრუის და წირქვალის ციხეები. კახეთის სამთავროს საზღვარმა დასავლეთით ქსანზე გადაიწია.
დავით III, რომელიც ფორმალურად არც იყო უზენაესი მმართველი, რეალურად ყველაზე ძლიერი იყო ქართველ მეფე-მთავართა შორის. ის ატარებდა კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს და აქტიურად მონაწილეობდა ბიზანტიის შიდა საქმეებში. წელს დავით კურაპალატმა გადამწყვეტი დახმარება აღმოუჩინა იმპერატორ ბასილი II-ს მის წინააღმდეგ აჯანყების დამარცხებაში. დავით კურაპალატმა 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნა 12 ათასიანი ლაშქარი თორნიკე ერისთავის სარდლობით. გაწეული დახმარებისთვის დავით III-მ იმპერატორისგან საჩუქრად მიიღო თეოდოსიოპოლი, ხალტოარიჭი, ჩორმაირი, სევუკი, ჰარქი და აპანიუქი (მხარეები ჭოროხისა და არაქსის სათავეებთან, ევფრატის ზემო წელზე). ეს მიწები დავითს მხოლოდ სიცოცხლის განმავლობაში ფლობისთვის გადაეცა. 989 წელს დავით III-მ მხარი დაუჭირა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, რომელიც დამარცხდა. დავით III იძულებული გახდა დაეწერა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელ თავის სამფლობელოს ბიზანტიის იმპერატორს უანდერძებდა. 990 წელს მან მანაზკერტიც შეუერთა საკუთარ სამფლობელოს. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოსა და ბიზანტიას შორის ომის მიზეზი გახდა.
ბაგრატ III
რედაქტირება978 წელს ივანე მარუშისძის ინიციატივით ბაგრატ III ქუთაისში ეკურთხა აფხაზთა მეფედ. მისი სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი. ქართლის მმართველად ითვლებოდა მეფის დედა გურანდუხტი, თუმცა ძლიერი აზნაურები – ტბელები ფავნელები, ძამელები, კორინთელები – არ აპირებდნენ მეფის ხელისუფლებასთან შეგუებას. 980 წელს ბაგრატ III შეებრძოლა ქართლის აზნაურებს, რომლებსაც ქავთარ II ტბელი მეთაურობდა და დაამარცხა ისინი მოღრისის ბრძოლაში. 989 წელს მან დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი რატი I. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III. ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ მაშნვე დაიკავა დავით III-ის სამფლობელო, ბაგრატ III-ს კი კურაპალატის ტიტული მიანიჭა. ბაგრატ III-მ დავითის გარდაცვალების შემდეგ მიიღო ასევე „ქართველთა მეფის“ ტიტული, რომელსაც დავით III 994 წლიდან ატარებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 105-120, ISBN 978-9941-0-5498-3.