საქართველო XI საუკუნეში

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XI საუკუნეშიXI საუკუნეში განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა ფეოდალური ურთიერთოები. ახალჩამოყალიბებულ საქართველოს სამეფოს გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი დიდაზნაურების, საქართველოს ეკლესიის რეაქციული ფრთის და მტრული სახელმწიფოების სახით. სამღვდელოებას და თავადაზნაურებს აწუხებდათ პრივილეგიების დაკარგვა, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს საქართველოს გაძლიერება. მიუხედავად შიდა წინააღმდეგობებისა, სამეფო კარის პოლიტიკის შედეგად სამეფოს ტერიტორია იზრდებოდა, ხოლო ბიზანტიის იმპერიის გავლენა საქართველოზე სუსტდებოდა.

1008 წელს გარდაიცვალა მეფეთ-მეფე გურგენი და მისი ტიტული და სამფლობელოები — შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი და ტაო — მიიღო მისმა ძემ, აფხაზთა და ქართველთა მეფემ, ბაგრატ III-მ. ამის შემდეგ ბაგრატმა დაიწყო ბრძოლა კახეთისა და ჰერეთის სამთავროების შემოერთებისთვის. მან დავით ქორეპისკოპოსს ქსნის ხეობის ციხეების გრუისა და წირქვალის ციხეების დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 1008 წელს ბაგრატმა დავითი ბრძოლაში დაამარცხა და კახეთი და ჰერეთი დაიკავა. თუმცა ბაგრატის უკან გაბრუნებისთანავე დავით ქორეპისკოპოსმა ხელახლა დაიკავა კახეთი. 1010 წელს ბაგრატმა ხელახლა დალაშქრა კახეთ-ჰერეთი, დანიშნა იქ ერისთავები და გახდა მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა. კახეთ-ჰრეთის შემოერთების შემდეგ საქართველოს სამეფო უშუალოდ დაუმეზობლდა შედადიანების სამფლობელოს. ამირა ფადლონმა რამდენჯერმე შეუტია კახეთ-ჰერეთის ერისთავებს. საპასუხოდ ბაგრატ III-მ ანისის მეფე გაგიკ I-თან ერთად ფადლონის წინააღმდეგ გაილაშქრა და სასტიკად დაამარცხა ის.

ბაგრატ III-ის დროს დაიწყო ახალი სვეტიცხოვლის შენება, აშენდა ბედიის მონასტერი, ნიკორწმინდა, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი. ბაგრატი გარდაიცვალა 1014 წლის 7 მაისს ფანასკერტის ციხეში. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში. ბაგრატ III-მ მემკვიდრეებს დაუტოვა საქართველოს ერთიანი სამეფო, რომელშიც არ შედიოდა მხოლოდ თბილისის საამირო და ტაშირ-ძორაგეტის სამეფო.

ბიზანტიასთან ურთიერთობები გამწვავდა ბაგრატ III-ის მემკვიდრეების მეფობის დროს. ბიზანტია ცდილობდა საქართველოს მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების მიმხრობას. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი I (1014-1027). მეფის მცირეწლოვნებით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და საქართველოს ჩამოაშორეს ეს კუთხეები. კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III გახდა. გიორგი I-მა გადაწყვიტა ებრძოლა დავით III კურაპალატის მემკვიდრეობისთვის. მან ისარგებლა ბიზანტიის ომით ბულგარეთთან და დაიკავა იმიერ ტაო. 1018 წელს ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ იმპერატორი ბასილი II საქართველოსკენ დაიძრა. გიორგი I შეეცადა შეექმნა კოალიცია ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. მისი მომხრეები იყვნენ სიმამრი, ვასპურაკანის მეფე სენექერიმ ჰოვანეს არწრუნი, ვანანდის მეფე გაგიკი, ანისის მეფე იოანე-სუმბატი, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III. საქართველოს მეფე დაუკავშირდა ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაკიმს, მაგრამ ალ-ჰაკიმი მოკლეს.

 
ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II ბულგართმუსვრელი. (იმპერატორის ფეხთით - დამარცხებული ბულგარელი მმართველები). მინიატურა

1021 წელს შირიმნის ბრძოლაში საქართველოს ჯარი დამარცხდა. ბიზანტიელებმა ააოხრეს თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი და უკან გაბრუნდნენ ტრაპიზონში. დაიწყო საზავო მოლაპარაკებები. ამასობაში ბიზანტიაში აჯანყება დაიწყო, აჯანყებულებთან კავშირი ჰქონდა გიორგი I-ს. ბასილმა დაამარცხა აჯანყებულები, მათი ერთ-ერთი მეთაურის მოკვეთილი თავი კი გიორგის გამოუგზავნა. გიორგი I იძულებული შეიქმნა 1023 წელს ზავი დაედო ბიზანტიელებთან. ზავის თანახმად იმიერ ტაო კვლავ ბიზანტიას დარჩა. ამასთან ერთად, კონსტანტინოპოლში მძევლად გაგზავნეს უფლისწული ბაგრატი სამი წლით. გიორგი I არ წყვეტდა ანტიბიზანტიურ საქმიანობას. 1025 წელს ის დაუკავშირდა ნიკიფორე კომნენოსს, რომელიც ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. გიორგი I-მა მოიყვანა მეორე ცოლი ოსთა მეფის ასული ალდე. სავარაუდოდ ის აპირებდა ოსების გამოყენებას ბიზანტიის წინააღმდეგ. ალდესთან მას შეეძინა ვაჟი დემეტრე. 1027 წელს გარდაიცვალა გიორგი I, სამეფო ტახტი დაიკავა ბაგრატ IV-მ.

 
ბაგრატ IV-ის დროინდელი მონეტები
 
მიხელი VII დუკა და მარიამ დედოფალი (ბაგრატ IV-ის დედა). ხახულის კარედის ფრაგმენტი XI საუკუნუნე.

ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში, 1028 წელს საქართველო-ბიზანტიის კიდევ ერთი ომი დაიწყო. ამჯერად საქართველოში ბიზანტიის დიდი ლაშქარი შეიჭრა. ბიზანტიელებს მიემხრო ზოგიერთი ფეოდალი და სასულიერო პირი: ბანელი ეპისკოპოსი იოანე, შავშეთის ერისთავი ჩანჩახი ფალელი, არჯევან პოლოლის ძე და სხვები. მათ კვლავ ააოხრეს ჯავახეთი, არტაანი და თრიალეთი. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება და შიდა ქართლში გადასვლა. კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა შეძლო ციხის დაცვა. შავშეთი ბიზანტიელებისგან დაიცვა საბა მტბევარმა ჩაუდგა. იმპერატორ კონსტანტინე VIII-ს გარდაცვალების შემდეგ ომი შეწყდა. კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ საქართველოს მეფის დედა მარიამი და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I. მელქისედეკი იყო პირველი კათოლიკოსი, რომელმაც პატრიარქის ტიტული მიიღო. 1031 წელს დაიდო ზავი. ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს კურაპალატობა უბოძა. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა ბიზანტიას დარჩა. ბაგრატს ცოლად შერთეს იმპერატორის ძმისშვილი ელენე. ელენე მალე გარდაიცვალა. ბაგრატმა ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა.

1032 წელს ქვეყნის უძლიერესმა ფეოდალმა ლიპარიტ IV ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ თბილისიდან გაიტყუეს და შეიპყრეს ამირა ჯაფარ III იბნ-ალი, დატყვევებული ამირა მეფეს მიგვარეს და თბილისის დაკავება შესთავაზეს. ლიპარიტის მოწინააღმდეგეებმა ბაგრატ IV-ს ამირა გაათავისუფლებინეს. 1037 წელს, კვლავ ლიპარიტის რჩევით და თანადგომით ბაგრატმა დაიკავა ორბეთის და ფარცხისის ციხეები და თბილისს ალყა შემოარტყა. მათ შეუერთდა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III. ალყა ორ წელს გაგრძელდა. ალყის დროს მოკლეს კვირიკე III. ქალაქის მცხოვრებნი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ, აღარ იშოვებოდა საკვები. ამირა მდინარე მტკვრით აპირებდა გაქცევას, ხოლო ქალაქი სულ მალე დანებებას აპირებდა, მაგრამ ბაგრატმა ლიპარიტის გარეშე თბილისს ალყა მოხსნა.

თბილისის შემოერთების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობები ბაგარტს და ლიპარიტს შორის. მალე კლდეკარის ერისთავი აუჯანყდა მეფეს, ბიზანტიიდან ჩამოიყვანა დემეტრე უფლისწული, შეიჭრა შიდა ქართლში და ატენის აღება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სამხრეთ საქართველოს ბევრი დიდი ფეოდალი მიემხრო დემეტრეს. დემეტრემ ბიზანტიას გადასცა უმნიშვნელოვანესი ციხე ანაკოფია. ბაგრატი ამ დროს კახეთის შემოერთებას ცდილობდა. მან დაატყვევა პანკისის, მაჭის, შტორის და ხორნაბუჯის ერისთავები, აიღო და გადაწვა ბოდოჯის სასახლე თიანეთში, მაგრამ ლიპარიტის გამო იძულებული გახდა თავი დაენებებინა კახეთისთვის. მან ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უბოძა.

1041 წელს გარდაიცვალა ანისის მეფე იოანე-სუმბატი. ბიზანტიამ ანისის სამეფოს დაპყრობისთვის დაიწყო ბრძოლა. ანისის სამეფოს დიდებულთა ნაწილმა დახმარებისთვის საქართველოს მიმართა და ანისი საქართველოს ეფეს გადასცა. ბაგრატ IV-მ ანისში გაგზავნა დედოფალი მარიამი, კლარჯეთის ერისთავი იოვანე აბუსერი, ოდიშის ერისთავი ივანე დადიანი, სვანთა ერისთავი ივანე ვარდანისძე და ბეჭისციხის პატრონი გუარამ გოდერძის ძე. 1046 წელს ბაგრატ IV-მ ალყა შემოარტყა ანაკოფიის ციხეს. ამ დროს მას ამცნეს, რომ თბილისის ამირა გარდაიცვალა და თბილისის მოსახლეობა მეფეს ქალაქის დაკავებას სთხოვდა. ბაგრატ IV-მ ანაკოფიაში დატოვა აფხაზთა ერისთავიოთაღო ქვაბულელი ჭაჭასძე თვითონ კი თბილისისკენ გამოემართა. დიღმის ვაკეზე მეფეს მქალაქის ოსახლეობა შეეგება ზარ-ზეიმით. ბაგრატი დიდი პატივით შეიყვანეს ქალაქში და ამირას დარბაზში დასვეს. მეფის ხელში გადავიდა მთელი თბილისი, გარდა ისნის ციხისა. ბაგრატთან გამოცხადდა კახეთ-ჰერეთის მეფე გაგიკი და ერთგულება აღუთქვა.

გაძლიერებული მეფის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო ლიპარიტ ბაღვაშმა. მან ანისიდან ქართველი დიდებულები გამოტყუა და დაატყვევა. ამან ბიზანტიას გაუადვილა ანისის სამეფოს დაკავება. ლიპარიტმა 1047 წელს სასირეთის ბრძოლაში დაამარცხა ბაგრატი, რომელიც იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა. მალე ბაგრატი კვლავ შეებრძოლა ლიპარტს არყისციხესთან და დამარცხდა. 1048 წელს ტყვედ ჩავარდა სელჩუკთა სახელმწიფო წინააღმდეგ ბიზანტიის მხარეს მებრძოლი ლიპარიტი. ამით ისარგებლა ბაგრატ IV-მ და თბილისი ხელახლა დაიკავა. მაგრამ სელჩუკებმა ლიპარიტი მალე გაათავისუფლეს და ბაგრატმა თბილისი მისი საქართველოში დაბრუნებისთანავე მიატოვა. 1054 წელს ბაგრატი ბიზანტიაში გაემგზავრა. მისი არყოფნისას ლიპარიტმა რუისის ტაძარში მეფედ აკურთხა ბაგრატის ძე გიორგი. სამეფოს რეალური მმართველი ლიპარიტი გახდა. ბიზანტიის იმპერატორმა ბაგრატ IV და ლიპარტიტ IV შეარიგა. მას სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ბაგრატმა ლიპარიტი მესხეთის მთავრად აღიარა. 1058 წელს მესხმა აზნაურმა სულა კალმახის ერისთავმა ლიპარიტი შეიპყრო ბაგრატ IV-ს მიჰგვარა. ლიპარიტი ბერად აღკვცეს და ბიზანტიაში გაგზავნეს. ბაგრატმა ბიზანტიიდან საქართველოში ჩაიყვანა ქართველი ბერი გიორგი მთაწმიდელი და მას ჭყონდიდის ეპისკოპოსობა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ლიპარიტის დამარცხების შემდეგ ბაგრატს საშუალება მიეცა დაეწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის. მეფემ პირველლად კახეთ ჰერეთს შეუტია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხე დიკავა. მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან თურქ-სელჩუკები უკვე უშუალოდ საქართველოს დაემუქრნენ.

 
სელჩუკთა სახელმწიფო მათი ძლიერების მწვერვალზე 1092

სელჩუკები პირველად საქართველოში 1064 წელს შეიჭრნენ. მათ პირადად სულთანი ალფ-არსლანი მეთაურობდა. ალფ-არსლანმა 1064 და 1068 წლებში დალაშქრა საქართველო. 1064 წელს სელჯუკები სამხრეთ საქართველოში შეიჭრნენ და ახალქალაქს მიადგნენ. ქალაქის გალავნის მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ იყო. მიუხედავად ამისა მესხებმა მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. ბრძოლა სამი დღე გრძელდებოდა. ისტორიკოსი წერს რომ მდინარე ახალქალაქისწყალი სისხლით შეიღება. მტერმა ქალაქი აიღო, სამხრეთ საქართველო ააოხრა და შემდეგ აიღო ქალაქი ანისი. 1068 წელს თურქ-სელჯუკები აღმოსავლეთ საქართველოს შეესივნენ. კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან I სულთანს ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. სელჩუკებმა ააოხრეს ჯერ ქართლი, შემდეგ გადავიდნენ არგვეთში და მკაცრი ზამთრის გამო დაბრუნდნენ უკან. ალფ-არსლნმა თბილისი და რუსთავი განძის ამირა ფადლონ იბნ შავურის გადასცა. თურქების წასვლის შემდეგ ბაგრატმა განძის ამირა სასტიკად დაამარცხა. ბრძოლისველზე ამირა ტყვედ ჩაუვარდა მესხ აზნაურ ისაკ ტოლობელის ძეს. მან ამირა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანს გადასცა. ნაგრატმა ამირა აღსართანს ბოჭორმისა და უჯარმის ციხეებში გაუცვალა. ბაგრატმა ფადლონს თბილისი ჩამოართვა, ქალაქის მმართველად ამირათა ერთ-ერთი შთამომავალი დასვა და ხარკი დაუწესა.

1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია სასტიკად დამარცხდა თურქ-სელჩუკებთან. იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე ტყვედ ჩავარდა. საქართველო სელჩუკთა წინააღმდეგ მარტო დარჩა. 1072 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა ბაგრატ IV. ის ჭყონდიდში დაკრძალეს. იმავე წელს სელჩუკთა ტახტზე ავიდა მელიქ-შაჰი, რომლის დროსაც სელჩუკთა სახელმწიფომ ძლიერების პიკს მიაღწია.

 
ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი

გიორგი II-ს უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქვეყანა თურქ-სელჯუკების შემოსევებისაგან აოხრებლი იყო. გამეფებიდან რამდნეიმე თვეში მას ურჩობა გამოუცხადეს დიდებულებმა ივანე ლიპარიტის ძემ, ვარდან სვანთა ერისთავმა და ნიანია ქუაბულისძემ. ამ უკანასკნელმა ქუთაისში სახელმწიფო საჭურჭლე გაძარცვა. მეფემ დაამარცხა ფეოდალები, მაგრამ არ დასაჯა. ვარდანს უბოძა ასკალანა, ივანე ბაღვაშს სამშვილდე, ხოლო ნიანიას თმოგვი.

1074 წელს საქართველოში შეიჭრა მელიქ-შაჰი, აიღო სამშვილდე, მოაოხრა მიმდებარე მხარეები და არანში გადავიდა. მელიქ-შაჰმა დაიპყრო განძის საამირო, მის მმართველად საკუთარი სარდალი დასვა და 48 ათასიანი ჯარი დაუტოვა. იმავე წელს მელიქ-შაჰის სარდალი ამ ჯარით საქართველოში შეიჭრა. ფარცხისის ბრძოლაში გიორგი II-მ კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან I-თან ერთად სასტიკად დაამრცხა თურქ-სელჯუკები. მალე გიორგი II-მ დაიბრუნა ანაკოფიის ციხე და შავშეთის, კლარჯეთის და ჯავახეთის ციხეები. უცნობია, გიორგიმ ბრძოლით აიღო ეს ციხეები, თუ ბიზანტიამ გადასცა მის მოკავშირეს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ საბრძოლველად. გიორგი II-მ ასევე დაიკავა ქალაქი კარი, ასევე ვანანდის და კარნიფორის სიმაგრეები. ეს ტერიტორიები 1065 წლიდან ბიზანტიას ეკუთვნოდა, თუმცა ამ დროისთვის თურქ-სელჩუკებს ჰქონდათ დაკავებული. სავარაუდოდ გრიგოლ ბაკურიანის ძის პირით ბიზანტიამ ეს ტერიტორიები გიორგი II-ს დაუმტკიცა. მელიქ-შაჰი კარის დაკარგვას არ შეეგუა და ჯარი გაგზავნა ამირა აჰმადის მეთაურობით. თურქ-სელჯუკებმა კარის ციხე დაიბრუნეს და ჯავახეთში შეიჭრნენ. გიორგი II დამარცხდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

განსაკუთრებით დამანგრეველი საქართველოსთვის აღმოჩნდა დიდი თურქობა, რომელიც 1080 წელს დიწყო. თურქები ადრიან გაზაფხულზე შემოდიოდნენ და გვიან შემოდგომაზე მიდიოდნენ. მომთაბარე სელჩუკები დაპყრობილ ტერიტორიებს საძოვრებად აქცევდნენ, ეს კი საქართველოს ფეოდალური მეურნეობის მოშლას იწვევდა, მას საფუძველს აცლიდა და გადაშენების საფრთხეს უქმნიდა. გიორგი II მელიქ-შაჰს ეახლა და ხარკის გადახდა იკისრა. სამაგეროდ თურქებს აღარ უნდა დაერბია საქართველო. მელიქ-შაჰმა გიორგი II-ს გამოაყლოა ჯარი, რომლითაც მას უნდა დაეპყრო კახეთი. გიორგიმ ვეჯინის ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ მოულოდნელად მიატოვა ალყა და დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა. კახეთის მეფე აღსართანი ეახლა მელიქ-შაჰს, მიიღო ისლამი და კახეთი დაიმტკიცა. ზავიდან არაფერი გამოვიდა, საქართველო ხარკს იხდიდა, თურქები კი ქვეყანას მაინც აოხრებდნენ, განსაკუთრებით კი სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, უმძიმესმა მიწისძვრამ რომელიც თითქმის ერთი-წლის განმავლობაში ხდებოდა.

საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. ასეთ დროს გიორგი II-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 1089 წელს საკუთარ ვაჟი 16 წლის დავითი მეფედ აკურთხა. გიორგი მეფე ფაქტობრივად ქვეყნის მართვას ჩამოსცილდა. მან ამის შემდეგ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ ქვეყნის მართვაში აღარ მონაწილეობდა, თუმცა მეფის ტიტულს ინარჩუნებდა.

დავითმა დაიწყო ლაშქრის ორგანიზებით. მან ჩამოაყალიბა ქრათული ლაშქრის ის სახე, რომლემაც შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში იარსება. 1092 წელს მელიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ სელჩუკთა სახელმწიფო დასუსტდა. ამით ისარგებლდა დავით IV-მ და დაიწყო თავდასხმები ქართლში მომთაბარე სელჩუკებზე ის მცირე რამზებით მოულოდნელად ესხმოდა თავს სელჩუკებს და ერეკებოდა მათ. მთაში გახიზნულ ქართულ მოსახლეობას ეძლეოდა საშუალება ბარში სოფლის მეურნეობას დაბრუნებოდა. დავითმა დაიწყო ასევე ბრძოლა დიდი ფეოდალების წინააღმდეგ. 1094 წელს მან შეიპყრო ლიპარიტ V და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა. 1103 წელს კი რატი ლიპარიტის ძის გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის საერისთავო საერთოდ გააუქმა. ქვეყნის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციამ და ხელსაყრელმა საგარეო პირობებმა დავით აღმაშენებელს საშუალება მისცა, რომ 1099 წელს სელჩუკებისთვის ხარჯის გადახდა შეეწყვიტა.

ლიტერატურა

რედაქტირება