არყისციხე ― ციხე ისტორიულ სოფ. არყისციხეში (ახლანდელი ყულალისი, ახალციხის მუნიციპალიტეტი).

არყისციხე მდგარა ბორბოლისხევის მაღალ, კლდოვან ნაპირზე. ციხის აქ აშენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ გადადიოდა გზა ბორბოლისხევით ფოცხოვისა და არტაანისკენ. არყისციხე, როგორც ჩანს, ფეოდალურ ხანაში მუდამ მოქმედი იყო. „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს, რომ XI საუკუნეში ბაგრატ IV-ის ერთგულმა სულა კალმახის ერისთავმა და გრიგოლ არტანუჯის ერისთავმა მეფეს ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ მოუხმეს. მათ მიემხრნენ სხვა მესხი აზნაურებიც. ბაგრატმა გადმოიარა რკინის ჯვრის უღელტეხილი (ზეკარი) იმერეთ-სამცხის საზღვრებზე და არყისციხეში შეხვდა მოკავშირეებს. 1047 წელს კახელებისა და ბერძენ-სომეხთა დამხმარე ლაშქრით ლიპარიტი მოულოდნელად თავს დაესხა მეფეს და არყისციხესთან ბრძოლაში დაამარცხა იგი. სულა კალმახის ერისთავი და გრიგოლ აბუსერისძე ტყვედ ჩაცვივდნენ. ამ გამარჯვებით ლიპარიტმა ზემო ქართლის დაპატრონება შეძლო. XII-XIII საუკუნეებში ერთი ხელნაწერის ანდერძი გვამცნობს, რომ წიგნი, თქმული გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ, წარმოუგზავნია მესხ აზნაურს, არყისციხელ გაბას, რომელიც არყისციხის პატრონი უნდა ყოფილიყო ამ დროს. წიგნი აღუწერია გაბას მამის ბიძას, საფარის წინამძღვარს ეფრემს. სოფ. არყისციხე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, იხსენიება ახალციხის ლივის ჩილდირის რაიონში. ამ დროს ციხე აღარ ფუნქციონირებდა, ხოლო ბორბოლისხევის გზას ხევის ზედა წელში ჩადგმული ორალის ციხე აკონტროლებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 217-218.
  • სიხარულიძე ი., ყულალისი-არყისციხე, კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქიტექტურული ძეგლები, ნაწ., 1, ბათ., 1980

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება