იური მოსეს ძე სიხარულიძე (დ. 24 მაისი, 1927, გოგოლესუბანი[1] — გ. 30 მაისი, 2022) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იური სიხარულიძე
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1927(1927-05-24)
გარდ. თარიღი 30 მაისი, 2022(2022-05-30) (95 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოფელ გოგოლესუბნის დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის საბაზო-სანიმუშო სკოლაში, საიდანაც 1940 წელს სასწავლებლად გადაიყვანეს ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის სკოლაში, რომელიც 1944 წელს დაამთავრა, იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტის ბათუმის სასწავლო პუნქტში. 1945 წელს საქართველოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით პარალელურად სწავლობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი) და პარალელურად დაინიშნა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1953 წელს იური სიხარულიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „გურიის 1841 წლის აჯანყება“. 1954 წელს იგი აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტად. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII-XIV საუკუნეებში“[2]. 1974 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე. 1979 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ბათუმის სამუზეუმო კვლევითი მუზეუმის ისტორიის განყოფილებას. 1983 წელს იური სიხარულიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში წარადგინეს, ხოლო 1987 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში, თუმცა ორივე შემთხვევაში დამოუკიდებელ მიზეზთა გამო არ მოხდა არჩევა.

მოღვაწეობა

რედაქტირება

იურის სიხარულიძის ისტორიით დაინტერესება ექვთიმე თაყაიშვილთან შეხვედრამ გამოიწვია, რომლის რჩევით ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა და მისი მითითებითა თუ რჩევებით ამ სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. იური სიხარულიძემ ჯერ კიდევ სტუდენტობისას პროფესორ სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით რამდენიმე ისეთი ნაშრომიც შექმნა, რომელმაც სამეცნიერო წრეების ყურადღება მიიპყრო. ბათუმელი სტუდენტის წარმატებას მისი ძველ ენებში დახელოვნებაც განაპირობებდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მეცნიერი შეუდგა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სისტემურ ტოპონიმიკურ აღწერას და მართებულად დაიმსახურა "საქართველოს სისტემური ტოპონიმიკური კვლევის პიონერის" სახელი, მის ნაშრომებს ისტორიულ გეოგრაფიაში მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკადემიკოსები: აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სერგი ჯიქია, გიორგი მელიქიშვილი და ა.შ. თუმცა იური სიხარულიძის მოღვაწეობა მხოლოდ ისტორიული გეოგრაფიით როდი შემოიფარგლა, მან მრავალი საინტერესო სტატია უძღვნა ქართული ლიტერატურიის ისტორიას, ქართულ მედიცინის ისტორიას, ფოლკლორს, სამართლის ისტორიას, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას, ბიზნესის ისტორიას, სხვადასხვა მოღვაწეთა ბიოგრაფიებს და ა.შ. მონაწილეობდა თუ ხელმძღვანელობდა არაერთ არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას.

აღსანიშნავია იური სიხარულიძის პედაგოგიური მოღვაწეობა, ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში (ბათუმის პედაგოგიური ინსტ-ი, თელავის პედაგოგიური ინსტი-ი და ა.შ.) კითხულობდა პალეოგრაფიის კურსს, არქეოლოგიას, სამართლის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, მუსიკალურ ფოლკლორს და სხვ. მან პედაგოგიურ სარბიელზე ასისტენტიდან პროფესორობამდე უკლებლივ ყველა საფეხური გაიარა, არჩეული იყო კათედრის გამგედაც.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ღვაწლი, რაც მან დასდო ქართულ ხალხურ მუსიკალურ ფოლკლორს. ის ბავშვობიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახალხო ანსამბლებთან, თავადაც შესანიშნავი კრიმანჭულის ოსტატი, არამარტო მღეროდა, არამედ ლექციებსაც ატარებდა და მეცნიერულადაც იკვლევდა ხალხური სიმღერებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე.

იური სიხარულიძის შრომებიდან 25 ცალკე წიგნადაა გამოცემული, ამას გარდა 800-ზე მეტი საჟურნალო და საგაზეთო წერილიც აქვს გამოქვეყნებული. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიული რუკების შექმნაში. იური სიხარულიძის მოღვაწეობის სფერო მეტად ფართეა და მოიცავს მრავალ საკითხს, თუმცა უპირველესად უნდა აღინიშნოს მისი შრომები საისტორიო გეოგრაფიაში, მან ფეხდაფეხ, სოფელ-სოფელ შემოიარა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და შეაგროვა უმდიდრესი ტოპონიმიკური მასალა. 1958-59 წლებში გამოქვეყნდა მისი ორტომიანი ნაშრომი "სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში. ხოლო 1977-79 წლებში კი „ჭანეთი (ლაზეთი)“ (აღნიშნული ნაშრომის მესამე ტომის გამოქვეყნება ავტორმა ვერ შეძლო გარკვეულ მიზეზთა გამო). 1985 წელს "ნიგალი (ლივანა)", 1987 წელს "შავშეთ-იმერხევი" და ა.შ. „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებულებში" პერიოდულად ქვეყნდებოდა მისი სამცხის, შუა და ზემო გურიის ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერილობა. ი. სიხარულიძემ დიდი შრომა გასწია ფერსათის, ოდიშის, ქუთაისის სამოქალაქოს, სვანეთის, სამურზაყანოს და სხვა გეოგრაფიული ადგილების ისტორიულ-ტოპონიმიკური კვლევისათვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იური სიხარულიძის საველე ისტორიულ-გეოგრაფიული ძიებანი შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე (სოჭის, ტუაფსეს, ნიკოფსიის მიდამოები) და აფხაზეთში. იური სიხარულიძის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო ასევე საქართველოს ყოფილი სამხრეთ რეგიონები: ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, სპერი, ბასიანი, კარნიფორი, ყაიყული, აბოცი და ა.შ. ასეულობით ნაშრომი თუ ცალკეული სტატია უძღვნა აღნიშნულ საკითხებს, რომელთა ნაწილი გამოქვეყნდა, ნაწილი კი ხელნაწერისა თუ ხელნაბეჭდის სახითაა შემორჩენილი.

იური სიხარულიძის ინტერესის სფეროში ქართული ფოლკლორიც შედის, 1974 წელს გამოიცა მისი "ქართული ხალხური პოეზია". ფოლკლორთან დაკავშირებული ავტორის ცალკეული სტატიები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებშია გაბნეული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია იური სიხარულიძის ღვაწლი ტბელ აბუსერიძის ბიოგრაფიის, აბუსერიძეთა გენეალოგიის და ტბელის მემკვიდრეობის საკითხის კვლევაში. ი. სიხარულიძემ პირველად უჩვენა დასაბუთებულად ტბელის ვინაობა. 1963 წელს ტბელს ცალკე წიგნი უძღვნა, 1979 წელს ასევე გამოიცა ტბელისადმი მიძღვნილი წიგნი "ნათელი დაუღამებელი". ხოლო ცოტა ხანში ვრცელი კომენტარებით გამოსცა ტბელის აგიოგრაფიული თხზულება "სასწაულნი წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისანი", რომელშიც შეჯამებულია ავტორის 30 წლიანი ძიება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე, ლაურა - ღვაწლი : იური სიხარულიძე - 70 (ბიბლიოგრაფია), წიგნი 1, 1996
  • გიორგაძე, ლაურა - ღვაწლი წიგნი 2, (ბიბლიოგრაფია 1980-1997 წლები) 1997
  • გიორგაძე, ლაურა - ღვაწლი წიგნი 3 (ბიბლიოგრაფია 1998-1999 წლები] 1999
  • გიორგაძე, ლაურა - პროფესორ იური სიხარულიძის ნაწერები (2000 წელი) 2001.
  • კომახიძე, თეიმურაზ - იური სიხარულიძე , 1998.
  • კუკულავა, ქეთევან - იური სიხარულიძე-70, 1997.
  • კომახიძე, დავით - იური სიხარულიძე- 80, 2010
  • იური სიხარულიძე : დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნ. სესიის მასალების კრებული, ბათუმი, 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება