ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტი“[4] (ს/ნ. 224101317; რეგ. თარიღი — 29 ნოემბერი, 2006) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ახალციხე.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ახალციხის მუნიციპალიტეტი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ახალციხე | ||||
კოორდინატები | 41°38′20″ ჩ. გ. 42°59′10″ ა. გ. / 41.638889° ჩ. გ. 42.986111° ა. გ. | ||||
მერი | ირაკლი ლაზარაშვილი | ||||
დაარსდა | 1935 | ||||
ფართობი | 1010.3 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა |
![]() | ||||
სიმჭიდროვე | 38,51 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 68 % სომხები 30,92 % რუსები 0,37 % ბერძნები 0,18 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 60,25 % კათოლიკეები 21,01 % გრიგორიანები 17,15 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.akhaltsikhe.ge/ | ||||
| |||||
ისტორიარედაქტირება
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 2014 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გამოეყო ქალაქი ახალციხე.[5]
გეოგრაფიარედაქტირება
მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვისწყლის ხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია — 1010 კვ.კმ-ა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 410 კვ.კმ. ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან - ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან - ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან: სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები. მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალები ს 8 და ს 11; აგრეთვე ახალციხე - ბათუმის გზა, ასევე ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი.
რელიეფირედაქტირება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-დან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ეროზიული მთა-ხეობათა რელიეფია. მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეულით. მოიპოვება მურა ნახშირი, დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა.
ჰავარედაქტირება
ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ-ს არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ-ს არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ) მინიმუმი ზამთრის თვეებში (იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ).
შიგა წყლებირედაქტირება
მთავარი მდინარეებია; მტკვარი, ფოცხოვისწყალი და მისი შენაკადები ქვაბლიანი და ურაველი. პატარა მდინარეებია; წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.
მცენარეული საფარირედაქტირება
მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა; გარდამავალი ტყესტეპისა, მთის ტყისა და მდელოსი. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან-რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.
ცხოველთა სამყარორედაქტირება
მუნიციპალიტეტში აქა იქ გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო, მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი, მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა.
სასარგებლო წიაღისეულირედაქტირება
ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა საბადოებით. სოფელ მუსხის მიდამოებში არის დიატომიტის საბადო, სოფელ ბოგასა და გიორგიწმინდაში - ახალციხის აქატის საბადოები, ხოლო ვალესა და ნაოხრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ახალციხის მურა ნახშირის საბადო.
მოსახლეობარედაქტირება
მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია (68 %), ეთნიკური სომხები კი 30,9 %-ს შეადგენენ.
აღწერის მონაცემებირედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 54 747 |
2002 | 45 741 |
2014 | 38 895 |
2021[6] | 39 500 |
ადგილობრივი თვითმმართველობარედაქტირება
ადმინისტრაციული ერთეულებირედაქტირება
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირია გამგებელი. ტერიტორიული ერთეულებია:
- ქალაქი — 1: ვალე;
- თემი — 14: აგარა, ანდრიაწმინდა, აწყური, ელიაწმინდა, კლდე, მინაძე, პამაჯი, საძელი, სვირი, სხვილისი, ურაველი, ფერსა, წყალთბილა, წყრუთი.
საკრებულორედაქტირება
პარტია | 2017[7] | 2021[8] | ამჟამინდელი საკრებულო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 28 | 27 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 8 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 3 | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი * | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 33 | 39 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
* გამოეყო „ქართულ ოცნებას“[9] |
ეკონომიკარედაქტირება
ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.
განათლება და კულტურარედაქტირება
მუნიციპალიტეტში არის 9 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო სკოლა და ვალეს სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტში არის 42 ბიბლიოთეკა.
ღირსშესანიშნაობანირედაქტირება
- საფარის მონასტერი (X-XIV სს.)
- აწყურის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია
- სლესის (მოქცევის) ციხე
- ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
- თისელის ციხე და ეკლესია
- საყუნეთის ეკლესია (XV-XVI სს.)
- ჯვრის ციხე სოფელ ჭვინთაში
- ეკლესია სოფელ ელიაწმინდაში (XIII-XVI სს.)
- ბიეთი
- ბაიები
- არყისციხე
- საკანაფე
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ახალციხის მუნიციპალიტეტი
- ↑ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
- ↑ "ქართულ ოცნებას" რეგიონული ჩინოვნიკებიც ტოვებენ და კელი დეგნანს აკრიტიკებენ ka (2022-07-11). ციტირების თარიღი: 2022-07-11