ახალციხის მაზრა (რუს. Ахалцихский уезд) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. მოიცავდა დღევანდელ ახალციხის, ადიგენის და ნაწილობრივ ასპინძის რაიონების ტერიტორიას. შეიქმნა 1840 წელს, როდესაც ყოფილი ახალციხის საფაშო ადრიანოპოლის 1829 საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ახალციხე. 1840 წელს ახალციხის მაზრა საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა, ხოლო 1846 ხერთვისისა და აბასთუმნის საპოლიციო უბნებით — ახლად შექმნილ ქუთაისის გუბერნიაში. 1849 წელს შეუერთეს ახალქალაქის საპოლიციო უბანი. 1867 წელს თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა 1874 წელს გამოეყო ახალქალაქის მაზრა.

1918 წელს ახალციხის მაზრა დაკავა ოსმალეთის იმპერიამ. 1918 წლის დეკემბერში ახალციხის მაზრაში გავრცელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქცია. 1919 წლის 10 იანვარს ახალციხე აიღო ყარსის რესპუბლიკამ, თუმცა მასზე მალე კონტროლი აღადგინა საქართველომ.

ახალციხის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება

1905 წელს მაზრა 2635 კმ² ეკავა. დასახლებული პუნქტი — 193; მოსახლეობა — 58879 კაცი. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა. რუსეთის იმპერიის პოლიტიკის შედეგად მუსლიმ ქართველთა უდიდესი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები, ბერძნები და სხვა.

1917 წელს მაზრის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 72 ათას ადამიანს, მათ შორის უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები – 66 ათასი ადამიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება