ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. სანადირო და სარეწაო ცხოველებია, თუმცა, მცირე რაოდენობის გამო, ნადირობა უმთავრესად აკრძალულია (მაგ., საქართველოში — კეთილშობილ ირემზე),[1] აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.