წყვილჩლიქოსნები (Artiodactyla), ძუძუმწოვრების რიგი. თითოეულ ფეხზე 2 ან 4 თითი აქვთ. თითების ბოლო ფალანგები დაფარულია ჩლიქებით. ლავიწი არ გააჩნიათ. წყვილჩლიქოსნების ძირითადი კბილები შეგუებულია უხეში მცენარეული საკვების ღეჭვას. კუჭი უმრავლესობას რთული აქვს (ირემი, ძროხა), იშვიათად — მარტივი (ღორი). გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა (ავსტრალიაში წყვილჩლიქოსნები ადამიანმა შეიყვანა). იკვებებიან მცენარეულობით, გარდა ღორებისა, რომლებიც ყოვლისმჭამელები არიან. რიგში გაერთიანებულია 3 ქვერიგი: არამცოხნელები (Nonruminantia), მცოხნელები (Ruminantia) და კორძფეხიანები[1] (Tylopoda). პირველში შედის 3 ოჯახის 12 სახეობა, მეორეში — 6 ოჯახის 180-მდე სახეობა, ხოლო მესამეში — ერთი ოჯახის 6 სახეობა. საქართველოში გვხვდება წყვილჩლიქოსნების 3 ოჯახის 7 სახეობა. წყვილჩლიქოსნებს განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების უმრავლესობა: ღორი, აქლემი, მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა.