ირმისებრნი (ლათ. Cervidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. მოზრდილი ცხოველებია, აქვთ გრძელი, წვრილი და ძლიერი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და მოძრავი ყურები, ხარირემებს (გარდა წყლის ირმისა და მუშკისა) რქები აქვთ, ზოგჯერ ფურიც რქიანია (ჩრდილოეთი ირემი). რქებს ყოველწლიურად იცვლიან. ირმისებრთა 17 გვარში გაერთიანებულია 40-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა (კეთილშობილი ირემი და შველი). ბინადრობენ ტყეებში, ტყე-ტუნდრასა და ტუნდრაში, გვხვდებიან მთებშიც.
ქმნიან მცირერიცხოვან ჯოგებს (ჩრდილოეთი ირმების ჯოგი მრავალი ათასი სულისაგან შედგება). იკვებებიან ფოთლებით, ყლორტებით, ბალახით, ხავსით, ნეკერით და სხვა. „მყვირალობა“ ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე იწყება. იგებენ 1-2 ნუკრს. 1,5 წლისა სქესობრივად უკვე მომწიფებულია. ირმისებრნს განეკუთვნება 5 ქვეოჯახი: მუნჯაკები, წყლის ირმები, ნამდვილი ირმები, ამერიკული ირმები და მუშკები. სარეწაო და სანადირო ცხოველებია (იყენებენ ხორცს, ტყავს, რქას), მაგრამ მათი რიცხვის მკვეთრად შემცირების გამო ზოგიერთ სახეობაზე ნადირობა ნაწილობრივ ან სრულიად აკრძალულია. ჩრდილოეთი ირემი მოშინაურებულია.