მუშკი (Moschus moschiferus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ, მასა 17 კგ აღწევს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. რქები არ გააჩნია. მამალს ზედა ყბაზე უვითარდება 7-9 სმ სიგრძის ეშვები, ხოლო მუცელზე — მუშკის დიდი (6×3 სმ) ჯირკვალი, რომელიც მძაფრ სუნიან ნივთიერებას გამოყოფს. მუშკი გავრცელებულია აზიაში, ბინადრობს მთიან ტაიგაში. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად — მცირე ჯგუფებად. იკვებება მცენარეულობით, უმთავრესად ლიქენებით. მუშკის ხორცი იჭმება, ტყავისაგან ნატს ამზადებენ, მუცლის ჯირკვლების სურნელოვან ნივთიერებას პარფიუმერიაში იყენებენ. რეწვა შეზღუდულია.