ღვია
ღვია[1] (ლათ. Juniperus) — მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. ერთ- ან ორსახლიანი მარადმწვანე ხეები ან ბუჩქებია; სინათლის მოყვარული, სიმშრალის ამტანი, ყინვაგამძლე და ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი. ხემაგვარი ღვიები ქმნიან ნათელ ტყეებს ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე და ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რაიონებსა და მექსიკაში. ამას გარდა გავრცელებული არიან ყირიმის, კავკასიის, შუა აზიისა (სადაც „არჩა“ ეწოდება) და შორეული აღმოსავლეთის ტყის ზონაში, ტყე-ტუნდრასა და მთიან რაიონებში.[2]
ღვია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითელი ღვია (J. oxycedrus) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Juniperus L., 1753 | ||||||||||||||
|
ფოთლები ნემსისებრი და მჩხვლეტიაა, განლაგებულია რგოლებში სამ-სამად, ზოგჯერ კი ქერცლისებრი, ყლორტებზე მიკრული და ჯვარედინ-წყვილად განლაგებული. მამრობითი გირჩები განლაგებულია წინა წლის ყლორტების ფოთლის უბეებში და შედგება ქერცლისებრი სპოროფილებისაგან. მდედრობითი გირჩები ბურთისებრია, კენკრისმაგვარი (ე.წ. გირჩანაყოფი), ხორციანი შეზრდილი ქერცლებით, არ იხსნება.[3]
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 70-მდე სახეობაა, მათგან რამდენიმე — საქართველოში. მთის შუა სარტყლის ტყეებში ფართოდ (ყოფ. გრძელწიწვიანი ღვია, J. oblonga[4]) და აჭარაში სუბალპურ და ალპურ სარტყლებში კლდეებზე (ყოფ. ქონდარა ღვია, J. pygmaea[5]) გავრცელებულია ჩვეულებრივი ღვიის ვარიაცია J. communis var. saxatilis (ზოგიერთი წყაროთი ეს სახეობები არ წარმოადგენს J. communis var. saxatilis-ის სინონიმებს და დამოუკიდებელი სახეობებია). იგი ორსახლიანი ბუჩქი ან ხეა, რომლის სიმაღლე 10 მ აღწევს. ტყის ზედა საზღვარზე სუბალპურ და ალპურ სარტყელში ნაშალებზე, ქვიან, კლდოვან ფერდობებზე გვხვდება კაზაკური ღვია (J. sabina), რომელიც ხშირად ქმნის რაყას; დაბალია, 1,5 მ-მდე სიმაღლის გართხმული ბუჩქია, უსიამოვნო სუნიანი. ნორჩი მწვანე ტოტები და გირჩები შეიცავს C ვიტამინს, ეთეროვან ზეთს, რომელსაც მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ. ორივე სახეობას ფერდობების გასამაგრებლად და გასამწვანებლად იყენებენ. შავი ანუ მყრალი ღვია (J. foetidissima) და მრავალნაყოფა ანუ დედალი ღვია (J. polycarpos) მეჩხერი ტყეების კომპონენტებია.[2] აღმოსავლეთ აშშ-ში იზრდება ვირჯინიული ღვია (J. virginiana) — 15–30 მ სიმაღლის ტყეწარმომქმნელი ხე; მისი ვარდისფერბირთვიანი მერქანი გამოიყენება ფანქრების დასამზადებლად, მისგან იღებენ ზეთს, რომელსაც იყენებენ ინსექტიციდად, და იმერსიულ ზეთს მიკროსკოპიისათვის. ჩვეულებრივი ღვია (J. communis) 8–12 მ სიმაღლის ორსახლიანი ბუჩქი ან ხეა, აქვს ნემსისებრი ფოთლები. შავ-ლურჯი გირჩანაყოფი ხშირად ვეჟანი ნაფიფქითაა, მწიფდება მე-2 წელს; შეიცავს 0,5–1,5% ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ღვინისა და ლიქიორის არომატიზაციისათვის, ჯინის წარმოებაში.[3]
ღვიის მრავალი სახეობა დეკორატიულია, ხშირად ბაღ-პარკებში ამრავლებენ გასამწვანებლად. მწიფე გამხმარი ნაყოფის ნაყენს მედიცინაში შარდმდენ საშუალებად იყენებენ.[2]
ქართლურად (მცხეთა, საგურამო) ეწოდება ტუია; ქიზიყურად — ღვიო; ინგილოურად — არჩან; აჭარულად — ოდაღაჯი; სვანურად — ჭყერი, ჭყერუ.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ღვია // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ივანიშვილი მ., ღვია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 587.
- ↑ 3.0 3.1 Баландин С. А. Можжевельник // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 602.
- ↑ Juniperus oblonga M.Bieb. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2021
- ↑ Juniperus pygmaea K.Koch. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2021