ყლორტი
ყლორტი (ლათ. córmus) — უმაღლესი მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო. შედგება ღეროსა და მასზე განლაგებული ფოთლებისა და კვირტებისაგან. განასხვავებენ ვეგეტატიურ ყლორტებს, რომელთა ძირითადი ფუნქციაა საჰაერო კვება (მათ მეტამორფოზებს ახასიათებთ დაგროვების, განახლების, ვეგეტატიური გამრავლების, დაცვის, ცოცვის ფუნქციები), და სპორათმტარებელ ყლორტებს (მათ შორის ყვავილიც), რომლებიც რეპროდუქციული ორგანოებია.
ყლორტის წარმოშობა, ე. ი. ღეროფოთლიანობის წარმოქმნა დედამიწაზე მცენარეული სამყაროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. იგი ჩამოყალიბდა როგორც ხმელეთზე ცხოვრებასთან შეგუება. ხმელეთის პირველ მცენარეებს — ფსილოფიტებს ყლორტი და ფესვები არ გააჩნდათ, მათი სხეული ლიქოტომიურად იტოტებოდა და შედგებოდა ვეგეტატიური და სპორომატარებელი უფოთლო ტოტებისაგან — ტელომებისგან.
ყლორტი ჩამოყალიბდა ტელომების აგრეგაციის (შერწყმის) შედეგად, ხოლო ფოთლები წარმოიქმნენ ან როგორც ზედაპირული გამონაზარდები (ევოლუციური მიკროფილური ხაზი), ან ტელომთა გაბრტყელებისა და შეზრდის შედეგი (ევოლუციური მაკროფილური ხაზი). ფოთლების ბრტყელი ფორმის გამო მკვეთრად გაიზარდა მაფოტოსინთეზებელი ზედაპირი; ტრანსპირაციის გაძლიერებამ გამოიწვია ნამდვილი ფესვების განვითარება. ყოველივე ამის გამო ღეროფოთლიანი მცენარეები გაბატონდნენ დედამიწაზე ქვანახშირის პერიოდიდან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ღვინიაძე ზ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 657.