ხმელთაშუაზღვისპირეთი

ხმელთაშუაზღვისპირეთიბუნებრივი რეგიონი, რომელიც აერთიანებს ხმელთაშუა ზღვის აუზს თავის კუნძულებიანად და სამხრეთ ევროპის, დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმდებარე ტერიტორიას. ფართობი დაახლოებით 4 მლნ. კმ². ზოგჯერ ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან მდებარე ისტორიული ოლქის აღსანიშნავადაც იხმარება. ხმელთაშუაზღვისპირეთის ბუნებრივი პირობების თავისებურებას განსაზღვრავს სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. დამახასიათებელია ლანდშაფტის მრავალფეროვნება. რელიეფი უმთავრესად მთაგორიანია, ჭარბობს ნაოჭა და ნაოჭა-ლოდა კრისტალური, კირქვული და ფლიშური მთები, რომლებსაც ენაცვლება დენუდაციური ზეგნები და პლატოები, ბორცვიანი მაღლობები და მთისწინეთები.[1]

ფიზიკური და პოლიტიკური რუკა
რელიეფი
კუნძული კაფალონია

გაბატონებული სიმაღლეებია 1500 მ, მაქსიმალური 3000 მ-ზე მეტი. ფართოდაა გავრცელებული რელიეფის კარსტული ფორმები. ტექტონიკური თვალსაზრისით, ხმელთაშუაზღვისპირეთი ძირითადად განლაგებულია ალპურ-ჰიმალაური მოძრავი სარტყლის ფარგლებში, ბევრი რაიონი განირჩევა მნიშვნელოვანი ნეოტექტონიკური მოძრაობებით, მაღალი სეისმურობითა და თანამედროვე ვულკანიზმით. აღსანიშნავია ვულკანები ეტნა (3357 მ), ვეზუვი (1281 მ) და სტრომბოლი (926 მ). ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილს, აფრიკის კემბრიუმამდელი ბაქნის ფარგლებში ვაკე რელიეფი ახასიათებს.[1]

ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატისა და ლანდშაფტის ჩამოყალიბება დიდწილად განპირობებულია დიდი მთათა სისტემების ბარიერული როლითა და ხმელთაშუა ზღვის დათბუნებული გავლენით. სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის კლიმატი გამოირჩევა ცხელი, მშრალი და მზიანი ზაფხულით, გრილი და წვიმიანი ზამთრით (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ატმოსფერული ნალექების მაქსიუმი ინაცვლებს გაზაფხულზე). კონტინენტური და არიდული კლიმატი ძლიერდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. იანვრის საშუალო ტემპერატურა 7–14 °C, ივლისის 23–29 °C.[2]

რადიაციული ბალანსი დადებითია წელიწადის ყველა დროს, რაც განაპირობებს ხანგრძლივ ვეგეტაციურ პერიოდს. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში ვაკეებზე 300–400 მმ, მთებში 1000 მმ-მდეა. გამოხატულია სინოტივის დეფიციტი თბილ ნახევარწელში 1–6 თვის განმავლობაში. ზამთარში მდგრადი თოვლის საბურველი წარმოიქმნება მხოლოდ მაღალ მთებში. ბევრი რაიონისთვის დამახასიათებელია ადგილობრივი ცივი და მძაფრი ქარი, როგორიცაა მისტრალი, სიროკო და სხვა.[3][4]

ძირითადი მდინარეებია ებრო, ტიბრი, პო, რონისა და ნილოსის ქვემოთები, რომლებსაც უმეტესწილად ახასიათებთ წვიმის წყლით საზრდოობა და ჩამონადენის არათანაბარი წლიური რეჟიმი. მდინარეებისა და წყალსაცავების წყალი ფართოდ გამოიყენება სარწყავად. უეცარი თავსხმა წყალმოვარდნა ხშირად იწვევს წყალდიდობას. ზაფხულში მცირე მდინარეების დიდი ნაწილი შრება.[5]

მთისწინეთსა და ვაკეებზე დიდწილად ტიპურია ყავისფერი ნიადაგი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რუხ-ყავისფერი ნიადაგია, ადგილ-ადგილ გავრცელებულია ტერა-როსა. დაბალმთიანეთებსა და საშუალომთიანეთებში ჩამოყალიბებულია ყომრალი ნიადაგი. ფართოდაა გავრცელებული კორდიან-კარბონატული ნიადაგები. მცენარეული საფარი ძალზე შეცვლილია ადამიანის მიერ. ჭარბობს ბუჩქნარი და ხეშეში ბალახეულის მეორეული ფორმაციები. ალაგ-ალაგ შემორჩენილია ქვისა და კორპის მუხის, ალეპოს ფიჭვის ტყის უბნები. მთაში კარგად არის გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. მოჰყავთ ხორბალი, ქერი, სიმინდი, თამბაქო, ბამბა. განვითარებულია მევენახეობა. არის ზეთისხილისა და ციტრუსების პლანტაციები. შექმნილია ბევრი ნაკრძალი და ეროვნული პარკი. ხმელთაშუაზღვისპირეთისათვის დამახასიათებელია ბუნებრივ-ანთროპოგენური პროცესები, რომელსაც თან სდევს ნიადაგის დეგრადაცია — ეროზია, მეწყერი და კარსტი. დამახასიათებელია აგრეთვე ბუნებრივი ხანძარსაშიშროება.[6]

  1. 1.0 1.1 ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2014, გვ. 411.
  2. P. Birot, J. Dresch. La Méditerranée et le Moyen-Orient, Tome I–II. 1953–56.
  3. Encyclopedia Britannica | Sirocco
  4. Encyclopedia Britannica | Mistral
  5. Большая российская энциклопедия | Средиземноморье. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-22. ციტირების თარიღი: 2021-08-22.
  6. Wagner H. G. Mittelmeerraum. 2. Aufl. Darmstadt, 2011.